ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.03.2012
არნოლდ სტეპანიანის ანტირუსულ და ანტიირანულ განცხადებასთან დაკავშირებით

ინფორმაცია: მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ახალი კონფლიქტები მზადდება, რომელშიც რუსეთთან ერთად ირანიც მონაწილეობს. როგორც მოძრაობის ხელმძღვანელმა, არნოლდ სტეფანიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირანს საქართველოს "განეიტრალება" სურს, რათა ისრაელთან ომის განახლების შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტში თბილისი ვერ ჩაერთოს.

"იძაბება ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობა. ჩვენ ამაში არა მარტო რუსეთის ხელს ვხედავთ, არამედ, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ირანმაც სერიოზული თამაში დაიწყო. ირანში ე.წ. ასიმეტრიული ომის შესახებ სტრატეგია შემუშავდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გეოგრაფიული ტერიტორიის "განეიტრალება" უნდა მოხდეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანში მორიგი ომი დაიწყება. საქართველოს "განეიტრალება" კი შეიძლება ქვეყანაში ახალი კონფლიქტების დაწყებით", - აღნიშნა არნოლდ სტეფანიანმა.

მისივე განმარტებით, თუ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ახალი კონფლიქტი დაიწყება, რუსებს საბაბი მიეცემათ საქართველოში ისევ შემოვიდნენ.

კომენტარი: გაუგებარია, საიდან უნდა ფლობდეს ”მრავალეროვანი საქართველოს” თავკაცი ან რომელიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია რაიმე ინფორმაციას რუსეთიდან და ირანიდან, ამ სახელმწიფოთა ფარული ზრახვების შესახებ. როდესაც რომელიმე ორგანიზაცია ან ცალკე აღებული ექსპერტი ღია ინფორმაციების, არსებული ფაქტებისა და ტენდენციების საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს, ნორმალური მოვლენაა, მაგრამ გადაჭრით რაიმის მტკიცება და მით უმეტეს, იმის განცხადება, რომ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია - სპეცსამსახურების პრეროგატივაა.

შესაბამისად, ან ”მრავალეროვანი საქართველოა” სპეცსამსახური, ან გარკვეულ პროპაგანდისტულ ნაბიჯთან გვაქვს საქმე, კერძოდ, რომელიმე დაინტერესებული მხარის, მაგალითად, აშშ ან ისრაელის საელჩოს დაკვეთასთან. საზოგადოება უკვე მიეჩვია რუსულ ”საფრთხეზე” და რუსეთისგან მომდინარე სხვა ”ბოროტებებზე” ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების განუწყვეტელ საუბარს და შესაბამისად, არნოლდ სტეპანიანის მხრიდან ისედაც გადაღეჭილი და მობეზრებული თემის წინა პლანზე წამოწევა არაფერს ნიშნავს. ამიტომ ბ-ნ სტეპანიანს, როგორც ჩანს, ირანული ”საფრთხის” შემოგდება დაევალა. პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ არნოლდ სტეპანიანი გამოცდილი ”ენჯეოშნიკია”, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფართო კავშირებითა და დასავლური დაფინანსებით. ალბათ უნდა გამოირიცხოს სტეპანიანის მხრიდან იმპროვიზაცია - მისი განცხადება გაკეთდა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე და არა ვიწრო წრეში ან ერთ რომელიმე ჟურნალისტთან საუბარის ფარგლებში.

შეიძლება გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადება პოლიტიკურად აქტიურმა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა პირმა გააკეთა. არნოლდ სტეპანიანი არა მხოლოდ უბრალოდ სომხურ გვარს ატარებს და საქართველოში დაბადებული ეთნიკური სომეხია, არამედ აქტიურად მუშაობს ჯავახეთის სომეხ მოსახლეობასთან, კონტაქტები აქვს უშუალოდ სომხეთშიც. ცალსახად ძნელი სათქმელია, რატომ შეირჩა სწორედ არნოლდ სტეპანიანი ასეთი განცხადების გასაკეთებლად, ვინ მიაწოდა მას შესაბამისი ”ინფორმაცია”, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უფრო მომგებიანია ანტიირანულად განწყობილ სახელმწიფოთა საელჩოებისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც - ირანს ბრალდებებს უყენებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და შესაძლო გართულებებს ქვეყანაში წინასწარ აბრალებს მესამე მხარეს, ანუ ირანის ისლამურ რესპუბლიკას.

ბევრი მტკიცება იმას არ სჭირდება, რომ საკუთრივ თეორია იმის შესახებ, რომ ირანი საქართველოში არეულობის დათესვას ცდილობს, რათა ისრაელის შეტევის შემთხვევაში საქართველო ”გამოთიშოს”, აბსურდულია. საქართველო არ არის ის ძალა, რომლის დაშლა-დანაწევრებაზეც ირანის ისლამური რესპუბლიკა ენერგიას დახარჯავს. პირიქით, აქტიური დიპლომატიით ირანმა თავის უშუალო მეზობლების უმეტესობასთან სავსებით ნორმალური ურთიერთობები ააწყო, ირანი საქართველოსთანაც თანამშრომლობს კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში, ხოლო პოლიტიკურად ხაზგასმით საქართველოს ტერიტორიული ურღვევობის მომხრეა. ირანზე ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს ფიზიკური მონაწილეობა სააკოიდური ხელისუფლების დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია - საქართველო ვერც ისრაელს დაეხმარება და ვერც ირანს ავნებს.

ყოველივე ამის გამო ა. სტეპანიანის პრესკონფერენცია, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ და რა დგას აღნიშნული მოვლენის უკან, პროვოკაციად უნდა შეფასდეს. ევრაზიის ინსტიტუტი ახლო მომავალში ექსპერტთა მრგვალ მაგიდას მოაწყობს საქართველოს საგარეო უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ჩვენ ბატონ სტეპანიანსაც მოვიწვევთ და თუ მობრძანდება, შესაძლებლობა ექნება, რომ ახსნას თავისი პოზიცია და გადაგვარწმუნოს ჩვენს დაეჭვებაში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"