ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.03.2012
რამდენად რეალურია აშშ ადმინისტრაციასთან მისივე სააკოიდური ხელქვეითების დაპირისპირება?

აშშ ელჩის ჯონ ბასის მიერ ”ფეისბუკზე” ხელისუფლების მისამართით გაკეთებულმა კრიტიკულმა განცხადებამ აღაფრთოვანა ”ქართული ოცნების” პროამერიკელი პოლიტიკოსები, ხოლო ”ნაცებში” გაღიზიანებული რეაქცია გამოიწვია.

ღიმილის მომგვრელია, რომ ”ნაცი” დეპუტატები და ”ექსპერტები” ახლა ალაპარაკდნენ საქართველოს სუვერენიტეტზე, რაც თურმე არა მარტო რუსეთისგან, არამედ შეერთებული შტატებისგანაც დამოუკიდებლობას გულისხმობს. ”ნაცები” გარეგნულად გათამამდნენ და აშშ-ს ელჩზე ამბობენ, რომ იგი ისეთივე მნიშვნელობის ფიგურაა საქართველოსთვის, როგორც მაგალითად, რუმინეთის ელჩი. არც სააკაშვილი ყოფილა ამერიკის დანიშნული პრეზიდენტი და ჯონ ბასიც თურმე ზედმეტად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში... მეტიც, ”თვით” მ.სააკაშვილმა ირიბად უპასუხა ბასს, თუმცა ცოტა სხვა ”სიბრტყეში”, როდესაც ”აღმოაჩინა”, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურმე მართლაც უღირსად ექცევიან დასავლური სახელმწიფოების საკონსულოებში - უზარმაზარ რიგებში აცდევინებენ, ზემოდან უყურებენ მათ და სხვ.

ნუთუ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და აშშ-მ შეწყვიტა რეჟიმის მხარდაჭერა? ნუთუ აქამდე ამერიკის მონურად მორჩილი, ”სტრატეგიული პარტნიორობის” განმადიდებელი სააკოიდური ხელისუფლება პატრონს აუჯანყდა?

რა თქმა უნდა, არა. ერთის მხრივ, ”ნაცებს” მეტი სითამამის საფუძველი აქვთ - მათი გაღიზიანებული განცხადებები ეხება კონკრეტულ პიროვნებას, ელჩ ჯონ ბასს, რომელიც საქართველოს როტაციის წესის გამო მალე დატოვებს, მას საქართველოში ელჩად მოღვაწეობის 3-წლიანი ვადა რამდენიმე კვირაში გასდის. მისი შემცვლელის ვინაობაც დასახელდა. ამიტომ ”აჯანყება” ლოკალური ხასიათისაა.

უფრო საინტერესო თავად ბასის განცხადებაა, მაგრამ არც ეს განცხადება ნიშნავს აშშ კურსის რადიკალურ ცვლილებას. ევრაზიის ინსტიტუტს არაერთხელ აღუნიშნავს ხაზგასმით, რომ აშშ საქართველოში ვითარებას აკვირდება, იგი იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც კონკრეტულ ვითარებაში უფრო პერსპექტიული და აშშ ინტერესების უკეთესი გამტარებელი აღმოჩნდება. განსხვავება ისაა, რომ ამ მომენტამდე სააკოიდები მიჩვეულნი იყვნენ აშშ ელჩების მხრიდან უპირობო მხარდაჭერას, ეს სიტუაცია კი ნამდვილად შეიცვალა, ახლა მათ მეტი მოეთხოვებათ და ”მამა-შვილური” კრიტიკის მოსმენაც მოუწევთ. მაგრამ მთლიანობაში გადაწყვეტილი არაფერია, აშშ, რა თქმა უნდა, არსებულ ხელისუფლებაზე უდიდეს გავლენას ახდენს და ეს ასეც იქნება. ივანიშვილის ”გუნდი” ცდილობს, რომ აშშ დაარწმუნოს საკუთარ პერსპექტიულობაში, რომ სწორედ ის იქნება ვაშინგტონის ინტერესების საუკეთესო გამტარებელი. მაგრამ ბასის ერთი განცხადება ”ფეისბუკზე” ისევე არ ცვლის მთლიან სურათს, როგორც ერთი მერცხლის გამოჩენას არ მოჰყავს გაზაფხული. ამიტომაა პოლიტიკური ძალისთვის უფრო მომგებიანი ხალხში მეტი პოპულარობა და გარე ძალებზე ნაკლები დამოკიდებულება, მორალსა და ქვეყნის ერთგულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თუმცა ”ქართულმა ოცნებამ” აშკარად სხვა გზა აირჩია - მისი ქმედებების უდიდესი ნაწილი გათვლილია აშშ ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებაზე, ამ ვითარებაში კი ხალხთან მუშაობას ნაკლები ყურადღება ექცევა. ასეთი მიდგომა დიდი რისკის შემცველია. ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ახალი ელჩი ”ფეისბუკზე” საერთოდ არ აქტიურობს და ხელისუფლების ქმედებებზე კომენტარებს არ გააკეთებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"