ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
07.03.2012
ჟურნალისტებზე თავდასხმა – ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადება
ჩემს მეგობარსა და კოლეგაზე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორ არნო ხიდირბეგიშვილზე თავდასხმა მოხდა მის სამუშაო კაბინეტში რაღაც გაურკვეველი არსებების მხრიდან – საპატრულო პოლიციის თანდასწრებით.

სურათზე: არნო ხიდირბეგიშვილი. ტუაპსე, 2010წ.

საქმე შემდეგშია: სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივმა რუსეთის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა, თანაც ამ მილოცვის არგუმენტირება მოახდინა. გასაგებია, რომ საქართველოს მმართველი ზედაფენისათვის, რომელმაც ხელისუფლება „ვარდების რევოლუციის“ გზით მიიტაცა, პუტინი მტერია. მაგრამ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, რომლის აზრი შეიძლება, რომ არ ემთხვეოდეს „ზედაფენის“ აზრს. ხოლო თავად ხალხი, როგორც ცნობილია შედგება ინდივიდუუმებისგან, პიროვნებებისგან, რომელთა შორისაც ასევე შეიძლება, არსებობდეს სხვაობები შეფასებებში. ასე და ამრიგად, „საქინფორმში“ მომუშავე პიროვნებებმა საქართველოსთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიიჩნიეს, გულითადად მიელოცათ რუსეთის კვლავ არჩეული პრეზიდენტ პუტინისათვის, რომელსაც საქართველოსთვის ომი არ გამოუცხადებია, ყოველთვის პატივისცემით და თბილად იხსენიებს ქართველ ხალხს და არ ამბობს უარს მომავალ პოსტსააკოიდურ ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობაზე.

ამ მილოცვის შემდეგ „საქინფორმის“ დირექტორის ტელეფონზე წამოვიდა ლანძღვითა და მუქარებით აღსავსე ზარების და შეტყობინებების ნიაღვარი, პირადად მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით. არნო ხიდირბეგიშვილმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც დააფიქსირა ეს სისხლის სამართლის დარღვევის ფაქტი და შესაბამისი აქტის შედგენის პროცესში იყო, როდესაც დირექტორის კაბინეტში ვიღაც გაურკვეველი სააკოიდური ეროვნების პირი შემოვარდა, ყვირილითა და მუქარებით, რომელიც არ ელოდა პოლიციის იქ ყოფნას. ოფისის შესასვლელში მას სხვა ასეთივე არსებები ელოდნენ. პოლიციელების მიერ საქმეში გარკვევისა და გადარეკვების შემდეგ, ეს პირი გაშვებულ იქნა, პოლიცია კი მისი მისამართით სიტყვიერი „გაფრთხილებით“ შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარა, მით უმეტეს ჟურნალისტის მიმართ, სისხლის სამართლით ისჯება. აშკარაა დანაშაულის ფაქტი – განხორციელებული სატელეფონო მუქარები და ჟურნალისტურ სააგენტოზე თავდასხმა, რის მოწმეც გახდა თავად პოლიცია. საქართველოში ხალხს გაცილებით უფრო ნაკლები დარღვევებისთვის სვამენ ციხეში, მაგრამ ეს დანაშაული დაუსჯელი დარჩა. იყო შემთხვევა, როდესაც „საზოგადოებრივი არხის“ დირექტორმა ელექტრონული ფოსტით მიიღო მუქარის წერილი. პოლიციამ წერილის გამგზავნი იპოვნა და სასამართლომ განაჩენიც გამოუტანა ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც განრისხებული იყო კანონით საზოგადოების კუთვნილი ტელევიზიის ტენდენციურობითა და უპრინციპობით. გამოდის, რომ ქართულ რეალობაში „იმეილი“ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ჟურნალისტური ოფისზე თავდასხმისა და ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი რამ უშუალოდ „კომპეტენტური სტრუქტურების“ ინიციატივით ხდება.

ევრაზიის ინსტიტუტის სახელით საქართველოს ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ, სოლიდარობა გამოუცხადოს სააგენტო „საქინფორმს“ იმისგან დამოუკიდებლად, ეთანხმებიან ისინი მის სარედაქციო პოლიტიკას თუ არა. მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატონ აგრეთვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ეს ცალსახაა.

მე არ მივმართავ არც საქართველოს ხელისუფლებას, ანუ დამნაშავეებს, არც „დიპლომატიურ კორპუსს“. დროა, თავად ვისწავლოთ საკუთარი უფლებების და ჭეშმარიტი სიტყვის თავისუფლების დაცვა.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"