ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.03.2012
სირიის ნამდვილი მეგობრები უნდა გააქტიურდნენ

ტუნისში სირიის ტერორისტთა მეგობრების მიერ, რომლებიც თავს „სირიის მეგობრებს“ უწოდებენ, გამართული კონსულტაციების შემდეგ საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ დასავლეთს განზრახული აქვს, დაამხოს ამ არაბული რესპუბლიკის კანონიერი მთავრობა.

ლიბიის სცენართან პარალელები აშკარაა, ამაზე უკვე მოასწრო განცხადების გავრცელება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დასავლეთი, როდესაც ნაწილობრივ დაკარგა ეგვიპტეზე კონტროლი ამერიკული მარიონეტი მუბარაქის დამხობის შემდეგ, ციებ-ცხელებით შეუდგა არაბულ სამყაროში იმ რეჟიმების დესტაბილიზაციას, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ. ასეთი იყო მუამარ კადაფი ლიბიაში (რომელიც თუმცაღა დაუმეგობრდა დასავლელ ლიდერებს და ქვეყანაში დასავლური კაპიტალიც შემოუშვა, მაგრამ მაინც არ იყო „მათი“ და მით უმეტეს, პარალელურად რუსეთის ხელისუფლებასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ენერგეტიკულ სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით), ასეთია ბაშარ ასადი სირიაში. დესტაბილიზაცია, შემდეგ კი სირიის დამორჩილება დასავლეთს იმისთვისაც სჭირდება, რათა რეგიონში ირანის იზოლირება მოახდინოს, პრევენცია გაუკეთოს მომავალ მჭიდრო თანამშრომლობას, ირანს, ერაყს, ლიბანსა და სირიას შორის, რაც აშშ და მისი მოკავშირეების გეოსტრატეგიული ინტერესებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნებოდა. თუკი დაეცემა სირია, შესაძლებელი გახდება უშუალოდ ირანის საკითხით „დაკავება“, და საბოლოო ჯამში რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ფეხის ამოკვეთა. გარდა ამისა, როდესაც დასავლეთი და მისი მოკავშირეები, განსაკუთრებით არაბეთის ნახევარკუნძულის დიქტატორული რეჟიმების სახით, ასადის რეჟიმს „ადამიანის უფლებათა დარღვევაში“ ადანაშაულებენ, ამით ცდილობენ უცხოური ჯარებით ბაჰრეინში მშვიდობიანი დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობის გადაფარვას, სადაც შიიტური უმრავლესობა მმართველი სუნიტური უმცირესობის კლანის მიერ იჩაგრება.

ხსენებული მოტივებიდან გამომდინარე, დასავლეთი, რომელმაც მსოფლიოს ნეიტრალურ ქვეყანათა ნაწილის შეცდომაში შეყვანა მოახერხა, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ყატარის დახმარებით ემზადება ტერორისტებისა და მოჯანყეების აშკარად შესაიარაღებლად და დამასკოში ასადის კანონიერი ხელისუფლების დასამხობად. გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს ოფიციალური შეიარაღებული ძალების მიერ შეპყრობილ იქნენ თურქი და ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს დასავლეთის გეგმებთან დაკავშირებით. მოცემულ ვითარებაში რუსულ-ჩინური ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში საქმეს ვეღარ უშველის, თუკი აგრესორებს თავიანთი გეგმების განხორციელების საშუალება მიეცემათ. ამიტომ აუცილებელია ყველა იმ ძალის კოორდინირებული მოქმედება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო სამართლის ურღვევობაში და ესმით სირიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ასეთ ძალებად, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, რუსეთი და ჩინეთი გვევლინებიან რეგიონულ მოთამაშე ირანთან ერთად. აუცილებელია მათ შორის ქმედებათა კოორდინაცია, სირიის კანონიერი ხელისუფლებისათვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენის ჩათვლით, რაშიც სათანამშრომლოდ მოწვეულ უნდა იქნან პოტენციური თანამოაზრეები ლიბანიდან, ერაყიდან, ალჟირიდან, ვენესუელადან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და სხვ.

მოვლენების პასიური დაკვირვება, დასავლეთის და მისი დამქაშების ჩარევისა და აგრესიის ფაქტის კონსტატაცია არაფერს მოიტანს, დგება აქტიური ქმედებების დრო. კარგია, რომ სირიის ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის თაობაზე, ხალხის ენთუზიაზმი, მიუხედავად არც თუ ისე უსაფრთხო სიტუაციისა, მაღალი იყო.

რუსეთში ისეთი ხმებიც გაისმის, რომ რა საჭიროა ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, არამედ საჭიროა საპირისპიროს გაკეთება და შემდეგ გააქტიურება საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. მაგრამ იგივე ხმები რუსეთის ხელისუფლებას ურჩევდნენ, არ დახმარებოდა ყადაფის ლიბიაში. მოსკოვმა ყადაფის მხარი არ დაუჭირა, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, მან აქედან აშკარად არაფერი მოიგო. იგივე განმეორდება სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"