ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
22.02.2012
ალექსანდრე ებრალიძე და „მესამე პოლიტიკური ძალა“ საქართველოში

მიმდინარე წლის 8 და 9 თებერვალს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის, ალექსანდრე ებრალიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით უკვე მესამეჯერ გაიმართა წმ. დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის მინიჭება ქართველი მწერლებისათვის. ამ პატრიოტული საქმის გაგრძელება ალექსანდრე ებრალიძეს მომავალშიც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ინტერნეტის საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ებრალიძეს ჟურნალისტებმა პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებიც დაუსვეს. როგორც ცნობილია, ებრალიძემ აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და პირველ ყოვლისა, წინ აღდგომოდა ქვეყნის დეზინტეგრაციის გაღრმავებას, შემდეგ კი ხელი შეეწყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენისათვის. ებრალიძე პრაქტიკულად ერთადერთი პერსპექტიული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, ვინც განაცხადა, რომ დაუშვებელია საქართველოს გაწევრიანება დასავლეთის სამხედრო სტრუქტურებში, მათ შორის, ნატოში, ეს ხელს შეუშლის ქვეყნის ერთიანობასა და სამეზობლო პოლიტიკას. საქართველო, ებრალიძის თქმით, ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს, რომელსაც მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობები ექნება მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, რაც საწინდარია საქართველოს ტერიტორიული ურღვევობისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმი რადიკალურად პროდასავლურ პოზიციებზე დგას, ხოლო პოლიტიკაში ახლახანს გამოჩენილი ივანიშვილი აღნიშნულ რეჟიმს უფრო მეტ პროდასავლურობაში ეჯიბრება, ალექსანდრე ებრალიძის პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში ე. წ. „მესამე ძალის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თუკი ებრალიძე გააქტიურდება ამ მიმართულებით, მაშინ როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი ბევრ ხმას დაკარგავენ, რადგან ხალხის დიდ ნაწილში აშკარაა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მოთხოვნილება, რასაც როგორც წმინდა პრაგმატული, ეკონომიკური საფუძველი აქვს, ისე რელიგიური, კულტურული, ისტორიული, და მენტალური ფაქტორები განაპირობებს.

ამიტომ საინტერესოა, რა პოზიციაზე დგას დღესდღეობით ალექსანდრე ებრალიძე – აპირებს თუ არა იგი, უფრო მეტად გააქტიურდეს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არ აჰყვნენ ანტირუსულ ისტერიას და თავს არ მოიაზრებენ „პროდასავლურად“, არამედ საქართველოს ინტერესების პოზიციებზე დგანან. ასეთ ძალად დღესდღეობით კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ წარმოჩნდება.

ჟურნალისტის შეკითხვას ალექსანდრე ებრალიძემ ჩვეული ლაკონურობით უპასუხა: უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალების გარკვეული „კრისტალიზაცია“, ამიტომ ჯერ იგი არ ერევა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, თუმცა ამავე დროს, ცალსახად გამოხატავს სიმპათიას კახა კუკავასადმი, მისი პოლიტიკური პლატფორმის გამო. როგორც ჩანს, ებრალიძე გარკვეული ხნით აპირებს პაუზის შენარჩუნებას, ვიდრე ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობა საბოლოო სახეს არ მიიღებს და მისი ურთიერთობები „ნაციონალებთან“ საბოლოოდ არ გაირკვევა. სწორედ ამის შემდგომ ეტაპზე არის მოსალოდნელი ებრალიძის გააქტიურება, მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციით, რათა საქართველო არ დარჩეს ამერიკა–ნატოში „შეყვარებული“ პოლიტიკოსების ამარა, და არ გაგრძელდეს დამანგრეველი კურსი, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა და უპერსპექტივობის მდგომარეობამდე მიიყვანა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"