ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.02.2012
“ახისკას“ თურქები და თურქულ-ქართული ურთიერთობები დღეს

როდესაც საქართველო წევრიანდებოდა ევროპის საბჭოში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზ. ჟვანიამ ვალდებულება აიღო, 1944 წელს დეპორტირებული ე.წ. თურქი მესხების დაბრუნების შესახებ, თავიანთ ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში. 2012 წლის 9-15 იანვარს „ახისკას თურქების მსოფლიო საბჭოს“ ეგიდით, ანკარაში გაიმართა ფოტოგამოფენა თემაზე: „დეპორტაციის უხმო მოწმენი: ახისკას თურქები 1944“. ამ ღონისძიების გამართვა მიეძღვნა მრავალრიცხოვანი საზოგადოებების, ფონდების და კავშირების გააქტიურებას, რომლებიც მუშაობენ „ახისკას თურქების“ დაბრუნების თემაზე.

„თურქი-მესხების“ რეპატრიაციის საკითხი, და მით უფრო, მისი განხორციელების ვადები (12 წელი) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის მრავალ ასპექტში.

ტერმინი „თურქი-მესხები“ (შემდგომში მათ ვუწოდებთ „ახისკას თურქებს“, რადგან თავად ასე უწოდებენ თავის თავს) საბჭოთა პროპაგანდის დანატოვარია და არ გააჩნია რაიმე სამეცნიერო ან ეთნოგენეტიკური მნიშვნელობა. ამავე ლოგიკით შეგვეძლო გვეხმარა ტერმინი „რუსი-აფხაზები“ ან „რუსი-ოსები“. ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად, როგორც ეს მოხდა მესხეთის შემთხვევაში 1578 წელს, საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ხალხის ასიმილაცია პოლიტიკურ-სოციალურ და რელიგიურ ასპექტებში, რის შედეგადაც მეზობელმა ქვეყანამ მიიღო მოხერხებული გეოპოლიტიკური ზონა საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად. თურქეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული „ახისკას“ თურქების დროულად დაბრუნებით მათ ისტორიულ სამშობლოში, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონი მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ ზონას წარმოადგენს სწრაფად განვითარებადი თურქეთისთვის, რომელიც ცდილობს აღიდგინოს უწინდელი ძლიერება.

ახისკას თურქების რეპატრიაციის ვადის მოახლოებასთან ერთად, რაც განსაზღვრულია ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებით, თურქეთში დაიწყო სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების შექმნა ერთმორწმუნე ძმების დასახმარებლად. ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ, - „ახისკას თურქების საგანმანათლებლო-კულტურული და სოციალური დახმარების ფონდი“, 2001 წლიდან დაიწყო ყოველკვარტალური ჟურნალის «Ahıska» გამოცემა, რომელსაც 2007 წლიდან ეწოდება «Bizim Ahıska» („ჩვენი ახისკა“). ჟურნალის რედაქტორია უნივერსიტეტის მასწავლებელი იუნუს ზეირეკი, რომელიც ამ ჟურნალის და ცალკე გამოცემული წიგნების ფურცლებზე, სამწუხაროდ, ამახინჯებს ქართული რეგიონების ისტორიულ წარსულს. ამგვარი ცრუმეცნიერული გამოკვლევები მიზნად ისახავენ თავს მოახვიონ თურქ მკითხველს საკუთარი სუბიექტური აზრი ქართული ისტორიული მიწების წარსულზე, რაც იწვევს თურქული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამასთან, „ახისკა თურქებს“ წარმოადგენენ, როგორც საკუთარი ქვეყნიდან გამოძევებულ ხალხს და სტალინის რეჟიმის მსხვერპლთ. იუნუს ზეირეკი, რომელიც წარმოშობით ფოცხოვიდან არის, თავის წიგნებში სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ გეოგრაფიული ტერმინი „ახისკა“ მოიცავს მთელ სამცხე-ჯავახეთს (თურქეთში გამოცემულ რუკებზე ახისკაში შედის ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონები), და რომ ამ ადგილებში ეთნიკური თურქები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. ისტორიულად დაუსაბუთებელი არგუმენტებით არის აჭრელებული ი. ზეირეკის წიგნები:

„ახისკის თურქიზმი გუშინდლიდან დღევანდელ დღემდე“ (თურქულად - “Dünden bugüne Ahıska Türklüğü”) - ფრანკფურტი, 1995.საქართველოს, აჭარა და თურქეთი (“Gürcistan, Acarıstan ve Türkiye”) – ტრაბზონი, 1999„აჭარა და აჭარლები“ (“Acarıstan ve acarlar”) – ანკარა, 2001„ახისკას რეგიონი და ახისკელი თურქები“ (“Ahıska bölgesi ve Ahıska türkleri”) – ანკარა, 2001„საოცარი განშორება: ახისკა“ (“Yaman ayrılık: Ahıska”) – ანკარა, 2006

გარდა ზემოთაღნიშნული გამოცემებისა, „ახისკელი თურქების კულტურის და სოლიდარობის საზოგადოებამ“ (თავმჯდომარე ყიას ასლანი), 2004 წელს გამოსცა წიგნი „ახისკელი თურქები“, რის შემდეგაც, თურქეთის მაჯლისმა გამოსცა მეორე წიგნი ასეთივე სათაურით. სწორედ ერთ-ერთ ამ წიგნში იყო ის რუკა, რომელზეც მთელ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწოდება „ახისკა“. დღეისათვის ახისკელი თურქების ყველა ორგანიზაცია თურქეთში გაერთიანებულია ერთ სტრუქტურაში სახელწოდებით „ახისკელი თურქების ორგანიზაციების საერთაშირისო ფედერაცია“, რომლის თავმჯდომარეა უკვე ნახსენები იუნუს ზეირეკი.

თურქეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახისკას თურქების რეპატრიაციას თავიანთ ისტორიულ სამშობლოში და მხარს უჭერს მათ მოთხოვნას, რომ ისინი დასახლდენ სწორედ სამცხე-ჯავახეთში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა რეპატრიანტებს სთავაზობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსახლებას. ამ საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება იგრძნობა თურქეთის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში, სადაც სპეციალური საკოორდინაციო კომიტეტიც კი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში არიან პრემიერ-მინისტრის კანცელარიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახლახან „ფედერაციის“ წარმომადგენელთა დელეგაცია მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა, რომელმაც აღუთქვა მათ არსებითი დახმარება მათი რეპატრიაციის საქმეში.

„ახისკას თურქების“ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც ისტორიული სამშობლოს ტერიტორიაზე ჩაასახლონ, შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. საქმე ისაა, რომ ამ რეგიონის მოსახლეობაში სჭარბობენ ეთნიკური სომხები და თურქების ჩასახლების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია წარმოიქმნას არასტაბილურობის ფეთქებადსაშიში კერა.

„ახისკას თურქების“ მიერ წამოყენებულ პირობებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის, რომ ყველა დასახლებულ პუნქტებში მათ უნდა გაუხსნან თურქული სკოლა და მეჩეთი. ამგვარი მოთხოვნები თავისთავად გამართლებულია. ჯერ ერთი, ბავშვებმა არ იციან ქართული და ახალგაზრდების მხოლოდ ნაწილმა იცის მცირეოდენი რუსული. მეორეც, რეპატრიანტები მუსლიმები არიან და სამართლიანია მათი სურვილი, რომ განსახლების ადგილებში თავიანთი რჯულის მიხედვით ილოცონ.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ქართულმა მხარემ უნდა ჩაატაროს დიდი სამუშაო, რათა მომზადდეს ნიადაგი ჩამოსული ადამიანების უმტკივნეულო ინტეგრაციისთვის ადგილობრივ გარემოში. ამ საკითხებით ბოლო დროს აქტიურად არის დაკავებული თურქეთის მთავრობა. „ახისკა თურქების“ დაბრუნების პროცესის შესამსუბუქებლად თურქეთის მთავრობაში დანიშნულია სახელმწიფო მინისტრი მუსტაფა საიდ იაზიჯიოღლუ, რომელიც კურირებს აღნიშნულ საკითხს. ამავე მიზნით განზრახულია ახალციხეში გაიხსნას ოფისი, კულტურული ცენტრი. „ახისკელი თურქების“ კეთილმოწყობა ეკისრება საქართველოში მოქმედ თურქულ სააგენტო «TİKA»-ს.

„ახისკას თურქების“ თითქმის ყველა ორგანიზაციის წარმომადგენლები, თავიანთ საჯარო გამოსვლებში (და პირად საუბრებშიც) აცხადებენ, რომ თურქები არიან და მათი მშობლიური ენა თურქულია. მათ შორის არავინ არის, რომელიც ქართულს მიიჩნევს მშობლიურ ენად. ზემოთაღნიშნული ფონდები, ფედერაციები, მათი გამოცემები და პრესა ეწევიან აქტიურ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ მესხეთის და სამცხე-ჯავახეთის ისტორიული კუთვნილება თურქ-ოღუზებს უკავშირდება. ხოლო ტერმინი „ახისკა“ თურქული პროპაგანდისთვის საკმაოდ მოსახერხებელი ფორმულირებაა, მსგავსად კონიის თურქებისა, არზრუმის თურქებისა, სივასის თურქებისა და ა.შ.

თურქეთი სტრატეგიულად დაინტერესებულია დაასახლოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი თურქული და ისლამური მოსახლეობით. თურქეთისთვის სტრატეგიული მარშრუტები: ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰდენიზის გაზსადენი და მშენებარე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სწორედ ამ რეგიონზე გადის და საჭიროა ამ მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოულოდნელი საფრთხეებისგან. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, როცა რუსეთმა მოახდინა ნავთობსადენის დაბომბვა (ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარე ამას აცხადებდა), გახდა თურქეთის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი საბაბი, რომ გაეაქტიურებინა ქმედებები თავისი ინტერესების დასაცავად საქართველოში. ამიტომ ახლა თურქეთისთვის განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნულ რეგიონში ბუფერული ზონის შექმნა, რომელიც დასახლებული იქნება თურქული ეთნოსით. ახისკას თურქებისგან, გარდა საშუალო სკოლების შექმნისა, ისმის მოთხოვნები, რომ ახალციხეში გაიხსნას უნივერსიტეტი, უზრუნველყოფილი იქნას კულტურული ავტონომია, რაც არ გამორიცხავს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნას მომავალში.

იმის გამო, რომ ენერგომატარებლები მიედინება ამ რეგიონის გავლით, ის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს როგორც თურქეთისთვის, ისე რუსეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, რაც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ამ ზონაში.

მთლიანობაში, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად მზად არის საქართველო მზად, მიიღოს 40 ათასი (პირველი ნაკადი) ადამიანი, რომლებიც უცხონი არიან თავიანთი მენტალიტეტით, ტრადიციებით, რწმენით, ენით და ა.შ. საჭიროა მათთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ყოფა-ცხოვრების მოწესრიგება, სამუშაოთი უზრუნველყოფა, საზოგადოებაში ინტეგრაცია.

მიუხედავად პოლიტიკური გარღვევისა უკანასკნელ წლებში, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს უამრავი პრობლემა ქვეყნის შიგნით (უმუშევრობა, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის დაბალი დონე და სხვა). გარდა ამისა, საქართველოში 300 ათასამდე ლტოლვილია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

აი, როგორი მონაცემები უნდა წარვადგინოთ ევროპის საბჭოში და დავიცვათ სახელმწიფოს და ნაციის პრესტიჟი. ამ საკითხის გადაწყვეტა ფრთხილ და ტაქტიან მიდგომას მოითხოვს.

2012 წლის 13 იანვარს, სააკაშვილის და ერდოღანის პრეს-კონფერენციაზე სტამბულის აეროპორტში, თურქეთის პრემიერმა თქვა, რომ „ჩვენი საუბრის დროს შევეხეთ ახისკას თურქების საკითხს. ბატონი სააკაშვილი დადებითად არის განწყობილი ამ საკითხის მიმართ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ახისკელი თურქები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაშორებული იყვნენ სამშობლოს, ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდებიან საკუთარ კერებს“.

ამავე პრეს-კონფერენციაზე რეჯებ ტაიპ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სტტატეგიული რკინიგზა თბილისი-ახალქალაქი-ყარსი მწყობრში შევა 2013 წელს, და დასძინა: „ახლა მიდის მუშაობა მტკვარზე ასაშენებელი კაშხლის დაგეგმვის ირგვლივ“. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მწვავედ დგას საქართველოსთვის - გაითვალისწინებენ თუ არა ჩვენს ინტერესებს, თუ ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება. იმის გამორიცხვა, რომ კულუარებში თურქული მხარე შეეცდება ერთმანეთს დაუკავშიროს თურქების რეპატრიაციის პრობლემა და კაშხლის საკითხი, არ შეიძლება.

კოტე მესხი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"