ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
07.02.2012
„წარმატებული“ ვოიაჟი

სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტი, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის, სხვა კაბინეტების ვიდეო და ფოტოკადრები ჭრის საქართველოს ტელემაყურებლის თვალს, თან არწმუნებს იმაში, რომ საქართველო და ამერიკა განუყოფელია. ვიზუალურ მასალას ერთვის პოლიტიკოსთა, პოლიტოლოგთა, ჟურნალისტთა აღფრთოვანებული კომენტარები, რაც კიდევ უფრო არწმუნებს მოსახლეობას მეგობრობის სიმტკიცეში.

ხელისუფლება და ოპოზიცია ერთსულოვნად აღნიშნავს ვიზიტის წარმატებულობას, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციით. ხელისუფლება წინა პლანზე წევს საკუთარი ლიდერის როლს, მის ღვაწლს ამ საქმეში, ოპოზიცია კი –განსაკუთრებით ჯერ-ჯერობით კულისებში მყოფი, პრეზიდენტის დამსახურებას აფუჩეჩებს და წინა პლანზე ქვეყანას სწევს.

მისი აზრით, რომ არა სააკაშვილი, საქართველოს უფრო მეტი პატივით მოეპყრობოდნენ. საინტერესოა, მეტ რაღა ხელგაშლილ მასპინძლობას გაუწევდნენ სააკაშვილის გარეშე საქართველოს? განსხვავებული სასმისით ამერიკელები ღვინოს არ მიირთმევენ, არც პირველი ლედის ან ამ შემთხვევაში ქალი სახელმწიფო მდივნის ფეხსაცმელით, სხვა მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ?!

სააკაშვილისთვის გამართული შეხვედრა-საუბრები სცდება დიპლომატიურ პროტოკოლს და უფრო აღმატებულ სახეს იღებს. პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, სენატორები, კონგრესმენები, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები, ნიშნავს „რაღაცას“, რის დანახვაც არაფრით არ სურს „დამალულ“ ოპოზიციას.

სწორია ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ შეხვედრები იყო სააკაშვილთან, „ვარდების რევოლუციის“ გმირთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკული ფერადი რევოლუციების პროექტის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსთან და არა საქართველოსთან. საქართველო ამ შემთხვევაში „გარნირია“, მთავარი - სააკაშვილია.

შეხვედრების დროს ცხადია იყო საქართველოს ხსენება იმდენად, რამდენადაც უნდა ეხსენებინათ. ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი ხომ რომელიმე ქვეყნიდან უნდა იყოს? სხვა მხრივ არც სტუმარს და მითუმეტეს არც მასპინძელს საქართველო და ქართველი ხალხი ისე აინტერესებს, როგორც გუშინდელი თოვლი.

მასპინძელი, რომ საფუძვლიანად იცნობდეს სტუმარი პრეზიდენტის ქვეყნის ნეგატიურ ამბებს, მისი გამოისობით გამოწვეულს, სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო. მაგრამ იცის მასპინძელმა ის, რაც სააკაშვილის ქვეყანაში ხდება? ოპოზიცია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იცის და ამ ინფორმაციას არა მარტო თვით აწვდის ამერიკულ „კრემლს“, არამედ თბილისში არსებული აშშ-ს საელჩოც.

ოპოზიციისა რა მოგახსენოთ, ვიცით მისი ტყუილების ამბავი. ნაცვლად არსებული მძიმე ვითარებისა, თავის სამრეკვლოდან უხატავს ოკეანისგადაღმელ საკუთარ „ბოსებს“ საქართველოს პრობლემებს. საელჩოც „დიპლომატიური“ ენით ატყობინებს ცენტრს ქართული ცხოვრების სიმძაფრეს და ეს შერბილებული შეტყობინება, როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწის უჯრაში ილექება, ისიც საუკეთესო შემთხვევაში.

ასეა თუ ისე, მსგავსი მასპინძლობა, განსაკუთრებით მასპინძლობის დროს ჩანჩქერივით გადმოღვრილი საქებარი სიტყვები, სწორი ინფორმაციის სიმწირეზე მიგვანიშნებს და თუ არა, მაშინ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რასაც ქართული უწმაწური გამოთქმის მსგავსი შინაარსი აქვს - ეს ხის ტოტი კიტრია და უნდა ჭამოო.

ამერიკულად თან ანტისააკაშვილისტურად განწყობილი მავანი, ასეთები ჭარბად არიან, შემედავება - ობამამ კი აქო სააკაშვილი დემოკრატიისათვის, წარმატებული რეფორმების გატარებისათვის, კორუფციის დამარცხებისათვის, ავღანეთში ჯარის გაგზავნისათვის, მაგრამ ისიც უთხრა, რომ ყოველივე ამის გვირგვინი ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა უნდა იყოსო.

თითქოს ამაში არის სინამდვილის რაღაც მარცვალი და ის წააგავს ვითარებას, ისეთს დამსახურებულ ადამიანს, პენსიაზე გაშვების წინ ორდენით რომ აჯილდოვებენ, მაგრამ რა ასეთი „დამსახურება“ მიუძღვნის სააკაშვილს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ დიდი ამერიკის, დიდმა პრეზიდენტმა, უფრო სწორად, მაღალმა, ესოდენ მაღალფარდოვანი სიტყვები დახარჯოს, თანაც ესოდენ შეუფერებელი ადრესატისთვის?

ობამას მიერ სააკაშვილის მისამართით ნათქვამი სიტყვები, განსაკუთრებით დემოკრატიასთან დაკავშირებით, არც არასდროს გაკარებია საქართველოს დამოუკიდებლობის, მითუმეტეს სააკაშვილის მმართველობის რვაწლიან პერიოდს. თუ რამე დამსახურება მიუძღვის სააკაშვილს, უპირველეს ყოვლისა აშშ-ს წინაშე.

სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მოხდა საქართველოს სიგრძე-სიგანისეული ამერიკანიზაცია, ისეთი, ტერიტორიულ-გეოგრაფიულად ახლო რომ ვყოფილიყავით ამერიკასთან, კარგახანია მის შტატად გამოვაცხადებდით თავს. თუმცა გაგანია გლობალიზაციის პერიოდში, მანძილს სულაც არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ სულითა და ხორცით შორეულისა ვართ.

დამოუკიდებლობის დღიდან დაწყებული, განსაკუთრებით ბოლო რვა წლით დამთავრებული, უდიდეს ლტოლვას აქვს ადგილი ოკეანისგადაღმელი ქვეყნისაკენ. ეს ლტოლვა მოჭარბებულად აქვს ხელისუფლებას, ოპოზიციას, მათ ნათესავებს და გულშემატკივრებს, ნაკლებად ხალხს.

ეს უკანასკნელი სხვაგვარად ფიქრობს, განიცდის, აღიქვამს პოლიტიკოსთა ბედოვლათობას და გამყიდველობას. მისი აზრით, რაც საქართველოში ხდება არა მარტო სააკაშვილის ბრალია, არამედ ვაშინგტონისაც და უფრო მეტად ამ უკანასკნელის. ხალხის რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდა სააკაშვილის ამერიკული ვოიაჟით, აშშ-ს პრეზიდენტის დაუფიქრებლად ნათქვამი საქებარი სიტყვებით. მაგრამ ხალხის აზრი არც არასდროს გაუზიარებიათ და არც მომავალში გაიზიარებენ, ვიდრე თვით ხალხი არ აიძულებს ამას ისე, როგორც ეგვიპტეში, სხვაგან.

დიახ! ოფიციალურმა ვაშინგტონმა ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყო სააკაშვილს, როგორც საკუთარ პროექტს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცესა და რეგიონში ამერიკული ინტერესების გამტარებელს, სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მაგალითს, როგორც ამერიკელზე მეტ ამერიკელს, ესოდენ ხშირად, რომ იყენებს ვაშინგტონი უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, ყირგიზეთის, სხვა ქვეყნების შიდა ცხოვრების „მოსაწესრიგებლად“.

ეს რომ ასე არ იყოს, რომელი დემოკრატიული ქვეყანა გაიკარებდა სხვა ქვეყანაში არჩევნების „დასაბალანსებლად“ ათასობით ზონდერის გამგზავნს? გაიხსენეთ თუნდაც უკრაინის მაგალითი.

სააკაშვილი ვაშინგტონის ღვიძლ შვილადაა მიჩნეული და ასე იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თეთრ სახლში. მასთან ამერიკელობაში პაექრობა წყლის ნაყვაა, ვინაიდან ამერიკის გულის კუნჭული სააკაშვილითა და სააკაშვილებითაა დაკავებული.

ამერიკას, ცხადია, უხარია ახალი თაყვანისმცემლის გამოჩენა, მაგრამ მხოლოდ და მეტი არაფერი. დიდი-დიდი სათადარიგო სკამზე მიუჩინოს ადგილი, იმ გრძელ, სათადარიგო სკამზე, რომელზეც რახანია სხედან თარგამაძე, გამყრელიძე, საპარლამენტო „ოპოზიციური“ პარტიები, რომ აღარაფერი ვთქვათ ივანიშვილის ფრთებქვეშ შეყუჟულ ალასანია-უსუფაშვილზე, ივანიშვილს რომ თავისი ჰგონია.

დამოუკიდებლობის წლებმა გვაჩვენა, რომ ქართულ პოლიტიკას არც უნარი და არც ნიჭი არ აქვს დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ქვეყანა. და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან პირდაპირი შედეგია 70-წლიანი საბჭოური მმართველობის.

მაგრამ თუ შევხედავთ ყოფილ საბჭოელებს, უმალ გაგვიბათილდება ეს მოსაზრება. ყოფილმა საბჭოელებმა დედის რძესავით შეირგეს დამოუკიდებლობა, რაღა ჩვენ გამოვდექით საბჭოური მენტალიტეტის ყველაზე მტკიცე დამცველები?

20 წელია ყელგამოწვდილი ვეხვეწებით ამერიკა-ევროპას - ჩაგვიხუტეთ, მიგვიღეთ ნატოსა და ევროკავშირში და ნახეთ, როგორი დამჯერები ვიქნებითო. და ამ ოცწლიანი ხვეწნის გარდა არაფერი გაგვიკეთებია. სხვებმა გააკეთეს, თანაც დიდთა უკანალში შეძრომის გარეშე, დაუმწვარი მწვადისა და შამფურის პრინციპით.

დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში ერთი რაც გავაკეთეთ - „ბოსის“ შეცვლაა, ანუ მეზობელი „ნაჩალნიკის“ ნაცვლად ცხრა მთას იქით მყოფის „გაბოსება“. და ვართ ერთ ამბავში - ამერიკული ცხოვრების წესის კოპირებით, თანაც მახინჯურად.

ისიც გვაქებს და გვადიდებს. მისგან რა მიდის. მას აწყობს საკუთარდაკარგული, გაამერიკელებული, გადაგვარებული ქართველი, ისეთი, როგორიც სააკაშვილი და სააკაშვილებია, მოსწონს სააკაშვილის ამერიკულ-ინგლისურით ენის ქნევა, სააკაშვილის მსგავსი მენტალიტეტი.

ის უდავოდ მოიწონებს კულისებში მყოფი ახალი ოპოზიციის ამ სიტყვებს: „საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მე და ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სრულად განვახორციელებთ საქართველოს მიერ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს“.

კაცმა რომ თქვას, საქართველოს მიერ მიღებულ რომელ დეკლარირებულ საგარეო კურსზეა ლაპარაკი, საქართველოსთვის რომ არავის უკითხავს? იქნებ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელოვნურად შეტანილი საკითხი (ნატოში შესვლა) ითვლება საქართველოს დეკლარაციად?

ყველამ კარგად იცის იმ არჩევნების ლეგიტიმურობა. „ჩვენ ვარწმუნებთ აშშ-ს და მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ…“, - აღნიშნულია ობამასადმი გაგზავნილ ივანიშვილის წერილში. ვაშა!!!

ოცწლიანმა „დამოუკიდებლობამ“ იმდენად დაგვცალა საღი აზრისგან, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აშშ-ს ვეხვეწებით. ისიც ვერ გაგვიგია, რა პასუხს გაგვცემს „ბაბაია“. პასუხი კი პრიმიტიული იქნება - არჩევნები თქვენია და დემოკრატიულად უნდა ჩაატაროთო. ალბათ ისეთ „დემოკრატიულად“, ვაშინგტონს რომ მოაწყობს.

პალესტინაშიც ითხოვდა ამერიკა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და როცა ეს მოხდა, გამარჯვებული (ჰამასი) აღარ მოეწონა და დღემდე ებრძვის მას. აშშ-ი დემოკრატიულად მიიჩნევს საქართველოს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც, უფრო მეტიც ხმის დათვლაც არ იყო დამთავრებული, ბუშმა რომ გამარჯვება მიულოცა სააკაშვილს. ასე რომ, ვიცით ამერიკული დემოკრატია. ისიც ვიცით, რომ არადემოკრატის მისაბაძ დემოკრატად აღიარება, უფრო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაა, ვიდრე დემოკრატიის.

20-წლიანმა უკომპასო ხეტიალმა, სხვათა მოიმედეობამ ერთი რამ გვასწავლა - დიდის ფრთებს ქვეშ შეძრომა, იქ მოკალათება, თუნდაც ამით საკუთარი „მეს“ დაკარგვა მოგვიხდეს. საკუთარმედაკარგული ადამიანი, რომ არაფერთავშია და სხვათა თვალში პატივისცემას არ იმსახურებს, ცნობილი ფაქტია. მაგრამ ერი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"