ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.01.2012
მიშა ურდოში

გუშინ დიდი დღე იყო. 31 იანვრის ღამით, სადეზინფორმაციო პროგრამა „კურიერი“ სპეციალური გამოშვებით მოევლინა ჯერ კიდევ შემორჩენილ ქართველ მაყურებელს და „ისტორიული მოვლენის“ შესახებ აუწყა: სამწლიანი მცდელობის, დერეფნებში ჩასაფრებების და წუთნახევრიანი ეპიზოდური გასაუბრებების შემდეგ, „ობამა ყაენმა“, როგორც იქნა, თვით ოვალურ კაბინეტში მიიღო „დემოკრატიის შუქურა“ კავკასიიდან.

ამის შემდეგ, მიუხედავად გვიანი ღამისა, საქართველო აჩოჩქოლდა და გამოცოცხლდა. სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-საიტებზე გაჩაღდა გარჩევა იმისა, თუ რას გულისხმობდა „ყაენი“ „ხელისუფლების ფორმალურ გადაცემაში“ - იყო ეს ფორმულირება მომგებიანი „მიშისტებისთვის“, თუ „ბიძინისტებისთვის“.

პირველნი (ანუ მიშისტები) აღტაცებით იმეორებდნენ ჰუსეინის ძის (წინათ იტყოდნენ - ჰუსეინოვიჩის) სიტყვებს იმის შესახებ, რომ ჩვენი პრეზიდენტი კვლავ რჩება რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ და „მაღალ შუქურად“. მეორენი (ბიძინისტები) აქცენტს ისევ და ისევ „ძალაუფლების ფორმალურ გადაცემაზე“ აკეთებდნენ და ოპონენტებს ინგლისური ენის არცოდნაში სდებდნენ ბრალს (მძიმე ცოდვაა). საბოლოოდ, როგორც შევატყეთ, კმაყოფილები, უფრო სწორად, დაკმაყოფილებულები, უფრო მიშისტები დარჩნენ, ხოლო ბიძინისტთა რიგებში ალაგ-ალაგ პანიკის ელემენტებმა იჩინა თავი.

დღეისათვის ასეთი სიტუაციაა: მიშიკო აცხადებს, რომ „ყაენის იარლიყი“ (იგივე „შაჰის ფირმანი“) ჩამოიტანა, ამიტომ ე.წ. არჩევნებში იმდენს ჩაყრის და ისეთ ციფრებს დახატავს, როგორიც მოეპრიანება (რომელიმე რესტორანში მოლხენის შემდეგ). მეორე მხარეს კი მაინც ბოლომდე არ სჯერა იმის, რომ „ყაენმა“ „მიშა-ულუ“ ერთპიროვნულად დაამტკიცა ტახტზე და სულ მცირე, „ნარინობის“ პერსპექტივას ეპოტინება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა, სევდის მომგვრელი რომ არ იყოს. აშკარაა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მონური დამოკიდებულება „პატრონის“ მიმართ, რაც გამოიხატება „დიდი ყაენის“ სიტყვებში ათასგვარი ქვეტექსტების ძიებაში, რომლის მიხედვითაც ქვეშევრდომები ცდილობენ დაასკვნან, თუ რომელ პრეტენდენტს გადმოხედეს წყალობის თვალით ყარაყორუმიდან (ვაშინგტონიდან).

რაც შეეხება ამ შეხვედრის რაიმე არსებით შედეგს, სასაცილოა აღტაცებით საუბარი იმაზე, რომ თურმე აშშ და საქართველო (ოდესმე) დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იმ დროს, როცა ქვეყანაში არ შექმნილა არანაირი წინაპირობა ეკონომიკის და კერძოდ, წარმოების განვითარებისთვის, და არც ამის პოლიტიკური ნება არსებობს, აშშ-თან „თავისუფალი ვაჭრობა“ ისევე დაეტყობა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს, როგორც ავსტრალიის აბორიგენების მიერ ნიანგების რეწვის გაზრდა. თუმცა, რა ვიცით, შესაძლოა, მინისტრი ქობალია აპირებდეს წაახალისოს თონის და ლავაში პურების ექსპორტი ამერიკაში.

კიდევ უფრო ტრაგიკომიკურია მორიგი ბუნდოვანი დაპირებები „სამხედრო თანამშრომლობის“ გაგრძელების შესახებ. ყველამ იცის, რაც მოუტანა სააკაშვილის და მისი „არწივების“ მხრიდან იარაღის ჟღარუნმა საქართველოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლა უკვე ამერიკული იარაღის ჟღარუნით განსხვავებული შედეგი დადგება, ძალიან სცდება. ერთადერთი რეალური შედეგი „სტრატეგიულ პარტნიორებს“ შორის „სამხედრო თანამშრომლობისა“ კვლავ იქნება დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში, სადაც აშშ ომებს აწარმოებს. ხოლო ყბადაღებული „ნატო“ და მისი „მაპი“ ისევ კომუნიზმის მსგავს „ნათელ მომავლად“ დარჩება.

„ყარაყორუმებიდან“ მართული, დამონებული ან გასულელებული ერების ხვედრი მუდამ ასეთია: დამპყრობლის უაზრო ომებში თავის შეკვლა და ამქვეყნიური ცხოვრების ფუჭად გატარება. თუმცა, თუ ძველად ქართველი მეომრები მხედრული სიმამაცის გამოვლენას მაინც ახერხებდნენ და ამით თავის ცხოვრებას რაღაც აზრს აძლევდნენ, ამერიკელების სამსახურში გაგზავნილი ჯარისკაცების ხვედრი, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაღმებზე აფეთქებაა.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"