ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.01.2012
რატომ გახდა ნანა დევდარიანი საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის და პოლიციური ტელეარხის აგრესიის ობიექტი?

სავალალოდ ცნობილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ასევე სავალალოდ ცნობილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვ.მერაბიშვილს, შაბათს საღამოს, საინფორმაციო გადაცემაში, ნამდვილი სიურპრიზი მოამზადა.

ნანა დევდარიანი – ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ომბუდსმენად მუშაობდა, ხოლო ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა (სხვათა შორის, იგი ხშირად წერს სტატიებსა და კომენტარებს ევრაზიის ინსტიტუტის საიტისთვის), მოულოდნელად იქცა შსს-ს ტელეარხის აგრესიის ობიექტად. საამისო საბაბად გამოყენებულ იქნა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნებული მისი სტატია (სიტყვამ მოიტანა და, „რუსთავი2“-მა ბეჯითად დამალა ეს ფაქტი, არ დაასახელა სტატიის პირველწყარო, რათა ამ კრიტიკულად განწყობილი გაზეთისთვის რეკლამა არ გაეწია). ნანა დევდარიანი თავის სტატიაში არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ხსნის მიზეზებს, რომელთა გამოც მან დატოვა ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართული ოცნება“. დევდარიანის მხრიდან წამოსული კრიტიკა ძალზე კეთილგანწყობილია ივანიშვილის მოძრაობის მიმართ, ამასთან – საქმიანი, რომლის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი, სულ ცოტა, სერიოზულად დაფიქრდება.

პრინციპში გასაკვირი არ არის, რომ ტელეკომპანიამ, რომელმაც თავის პროფესიად აქცია შავი პიარი და ვანოიდური პოლიცაების კონტროლს ქვეშ იმყოფება, ხელებს იფშვნეტს იმის გამო, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ ორგანიზაციაში „რაღაც ისე არ არის“. მაგრამ საინტერესოა ის, რომ საინფორმაციო გამოშვების იმ სიუჟეტში, რომელიც ნანა დევდარიანის სტატიას მიეძღვნა, დროის დაახლოებით ¾ ეთმობა სტატიის ავტორის „გაშავებას“ – ნანა დევდარიანი თითქოს 2003 წლის არჩევნების გაყალბებით იყო დაკავებული, ტელეკომპანიის ვერსიით – „საქართველოს ისტორიაში ყველაზე გაყალბებული არჩევნები“. ცხადია, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა ამ შემთხვევაში დევდარიანის წინააღმდეგ ამუშავდა და არა მათ წინააღმდეგ, ვინც მან გააკრიტიკა თავის სტატიაში (მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები). ასევე საინტერესოა, რომ ეს სიუჟეტი „რუსთავი2“-მა მეორე ნომრად გაუშვა, რუსეთში სიტუაციის „მიმოხილვის“ შემდეგვე, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნები ასევე გაყალბდა.

ჩვენმა წყარომ სამთავრობო სტრუქტურებში ევრაზიის ინსტიტუტს განუცხადა, რომ ამგვარი სიტუაცია იმით აიხსნება, რომ ხელისუფლებაში ესმით – ნანა დევდარიანმა გაზეთის საშუალებით ივანიშვილს სწორედ ის აცნობა, რაც მან უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს და რა ვითარებაა რეალურად მის სახელთან ასოცირებულ მოძრაობაში. ამიტომ საჭირო გახდა, კიდევ ერთხელ ეცადათ ნანა დევდარიანის დისკრედიტირება, არა იმდენად ქართული საზოგადოებრიობის თვალში, არამედ პირველ ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის თვალში.

ეს მართლაც სწორი ახსნა ჩანს, რადგან გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო დევდარიანის წინააღმდეგ ცილისწამება მაშინ, როდესაც მან დატოვა ივანიშვილის მოძრაობა? პროპაგანდის თვალსაზრისით უფრო სწორი იქნებოდა, დევდარიანი წარმოეჩინათ დადებით ფონზე, ხოლო დისკრედიტაციის ობიექტად ისინი ექციათ, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩა. მოცემულ შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი წყაროს ინფორმაცია გონივრულად და სწორად მიგვაჩნია – ნანა დევდარიანი უნდა გახდეს ივანიშვილისთვის მიუღებელი ფიგურა, რომლის სიტყვები უგულებელყოფილი უნდა იქნას, ხოლო თავად იგი – დავიწყებული.

მაგრამ ყველაზე საინტერესო (და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვერსიის სისწორეს) ფაქტობრივი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის განცხადებებია, „რუსთავი2“-ის სიუჟეტამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებული, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე „დემოკრატიულ არჩევნებზე ლაპარაკობს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება არჩევნებს აყალბებდა“. ვის გულისხმობდა სააკაშვილი, შეიძლება თავად მას ვკითხოთ, მაგრამ პრინციპში ისედაც გასაგებია, ასე უცებ რატომ ალაპარაკდა იგი ამგვარად.

ვნახოთ, რამდენად ძლიერ პოლიტიკურ ინტუიციას გამოავლენს თავად ბიძინა ივანიშვილი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"