ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
21.02.2012
აშშ არც ერთი პროექტისთვის ფულს არ იშურებს

საქართველოს ხელისუფალთა ცინცხალი განცხადებები აშკარა დამადასტურებელია იმ ვარაუდისა, რომ ობამა-სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანი იყო. როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ბარამიძის სახით და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქუთელია დაბეჯითებით გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ირანის ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით - აშშ-სათვის უყოყმანო მხარდაჭერის თაობაზე, ყველაფერს ნათელი ეფინება. ორივეს მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება გამოხატავს მთავრობის პოზიციას და არა მათ პირად შეხედულებას.

საქართველო ისე, როგორც ამ რამდენიმე წლის წინათ, თავით ეშვება იმ სხვის ომში, რომელშიც მას არაფერი ესაქმება. მართალია, ავღანეთში ჯარის გაგზავნის საკითხი შევარდნაძის დროს გადაწყდა, მაგრამ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილებას სულ სხვა დინამიზმი შესძინა.

როდესაც ომის წამომწყები, აშშ საჯაროდ აცხადებს, რომ 2013 წელს ავღანეთიდან გამოიყვანს თავის ჯარს, როდესაც ამ სამხედრო ავანტიურაში, რომელსაც თავის გასამართლებლად ტერორიზმის წინააღმდეგ ომი დაერქვა, ჩართული ქვეყნების ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ჯარის გამოყვანის თაობაზე, ჩვენ პირიქით ვზრდით კონტიგენტს.

სამხედრო კონტიგენტის გაზრდას აშშ დიდის კმაყოფილებით შეხვდა. ვინმე მოელოდა ამ გადაწყვეტილების გამო ვაშინგტონის უკმაყოფილებას? ცხადია, არა. ვაშინგტონს გაუმართლა სააკაშვილისა და ნაციონალური ხელისუფლების სახით. აქებს და აქებს მას. ქება გაცილებით ხშირი იქნებოდა, სააკაშვილს საქართველოში შემთხვევით შემორჩენილი მოსახლეობისათვის, დიდიან-პატარიანად რომ იარაღი შეესხა და თავი ავღანეთში ეკრა.

დიდ ამერიკას უყვარს საკუთარი იდეებისთვის ბრძოლაში, ამ შემთხვევაში ომში, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების ჩართვა. რა ჯობია სხვისი ხელით, შენი საქმის კეთებას?! „ამერიკის საქმეს კი არა, კაცობრიობის საქმეს ვაკეთებთ ტერორიზმთან ბრძოლით, ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოს მშვიდობის განმტკიცებაშიო“, - აცხადებს სააკაშვილი.

გაივლის წლები და შევარდნაძესავით პენსიაში მყოფი, შევარდნაძესავით იტყვის, რომ საქართველოს ჯარს ავღანეთში არაფერი ესაქმებოდა.

დღეს, სხვა ვითარებაა და თავგასაპნული სააკაშვილი რას არ აკეთებს საკუთარი მმართველობის გახანგრძლივებისთვის. სააკაშვილი მარტო არ არის, მის ავღანურ ვექტორს ომახიანად უბამს მხარს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის „ოცნებაც“, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან საგარეო პოლიტიკაში ისე, როგორც უმრავლეს შიდა საკითხში, ოპოზიცია-ხელისუფლების მოსაზრება ემთხვევა ერთმანეთს.

სახელისუფლებო „პოლიტოლოგიის“ არ იყოს, ოპოზიციაც თვლის, რომ ავღანეთში ყოფნით იწვრთნება ჯარი. საინტერესოა, ამ საკითხში ემთხვევა თუ არა მათ მოსაზრებას ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების მოსაზრება?

პოლიტოლოგთა აზრით, ავღანეთში ყოფნით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნატოში შესვლისათვის. როგორც ჩანს, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ ხვდება (იქნებ არ ხვდება?), რომ საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, თუნდაც ნახევარი საქართველო ომობდეს ავღანეთში.

ამერიკას უყვარს საკუთარ პროგრამებში სხვათა ჩართვა. ამით ის ახდენს მსოფლიოს თვალში ცუდი პროექტის გალეგიტიმურებას. ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მოკავშირე ქვეყნებიდან ვინ, რამდენ ჯარისკაცს გააგზავნიდა ავღანეთში, მაგრამ რაოდენობაზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა მონაწილეობას. ანუ იმის დაფიქსირებას, რომ მაგალითად გერმანია იღებს მონაწილეობას ავღანეთის ომში. თუ როგორ იღებს ან არის თუ არა გერმანელი ჯარისკაცი უშუალოდ ჩართული საბრძოლო ოპერაციებში, სხვა საკითხია.

ცნობისათვის, კოალიციაში შემავალი ბევრი ქვეყანა საბრძოლო ოპერაციაში არ იღებს მონაწილეობას, საქართველო იღებს. ავღანეთში ყოფნასა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას შორის დიდი განსხვავებაა, რაც თვით ამერიკელთა განცხადებიდანაც ჩანს.

როდესაც ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჯარს გამოიყვანს ავღანეთიდან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ ერთი ჯარისკაციც არ დარჩება. პროექტის მიხედვით, რამდენიმე ათასი ჯარისკაცი მართლაც დასტოვებს ავღანეთს, მაგრამ 80 ათასი დარჩება იმ სავარაუდო 4 სამხედრო ბაზაზე სამსახურის გასაგრძელებლად, რომელთა შექმნაც პროექტით არის გათვალისწინებული.

ამერიკელი სამხედროების მთავარი დანიშნულება იქნება ავღანელთა გაწვრთნა და არა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება. სხვისი ხელით ამერიკული საქმის კეთება - ძალაშია. მავანი შემედავება - ავღანელთა მიერ, ავღანური საქმის კეთება ავღანური საქმეა და არა ამერიკულიო. ეს მართლაც ასე იქნებოდა ავღანელებს, რომ ამერიკული დიქტატის გარეშე ეკეთებინათ თავიანთი საქმე.

ამერიკული გავლენის საწინააღმდეგო ელფერი დაჰკრავდა პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებას, რომელშიც მონაწილეობდნენ მასპინძელი პაკისტანი, ირანი და ავღანეთი. პაკისტან-ამერიკას, პაკისტან-ავღანეთს, ამერიკა-ირანს შორის არსებული უაღრესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე ამ შეხვედრას ერთობ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამივემ ერთად გამოხატეს პოზიცია, რომლის მთავარი არსი არის იმაში, რომ წერტილი დაესვას რეგიონში აშშ-ს დიქტატს.

ისე, როგორც ყოველთვის, კატეგორიული იყო ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჟადის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო დროს, მეგობრების ძებნასა და ირგვლივ შემოკრების საქმეში, ირანის დიპლომატიამ საგრძნობ წარმატებებს მიაღწია. პრეზიდენტის ვიზიტები ლათინურ ამერიკასა და პაკისტანში შედეგიანი გამოდგა. პაკისტანის ვიზიტმა ირანს, ვაჭრობის თვალსაზრისით, წარმატება მოუტანა. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივ აირს მიჰყიდოს ირანი პაკისტანს.

ხელშეკრულებამ თუ ვინმე დაამწუხრა - აშშ-ია. ვერა და ვერ ახერხებს ოფიციალური ვაშინგტონი ირანის ეკონომიკურ ალყაში მოქცევას. ამ თვალსაზრისით, მან დაიყოლია ევროკავშირი, სხვა ქვეყნები. როგორც ჩანს, საქართველოც. მაგრამ ვერაფერს გახდა ჩინეთთან, ინდოეთთან, ახლა კი პაკისტანთან, სხვებთან.

ირანთან დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა გრძელდება. მართალია, მან დაკარგა სიმწვავე, მაგრამ არც ისე, რომ მივიწყებას მიეცეს. აშშ-ა, თავის მოკავშირე ისრაელთან ერთად, აწონ-დაწონა რა ირანის მიმართ სამხედრო ოპერაციის ჩატარების დადებითი და უარყოფითი მომენტები, მიზანშეწონილად ჩათვალა მუქარის რეალობად გადაქცევის ვადის გადაწევა. ამის მომასწავებელია კლინტონის საჯარო განცხადებაც საერთაშორისო ბირთვული ენერგიის საკითხებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელის ჯალილის წერილთან დაკავშირებით. წერილში ჯალილი გამოხატავს ირანის მზადყოფნას გაეროს 5 მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების აღდგენის თაობაზე.

ჯალილის წერილმა და ვაშინგტონის პოზიციამ დროებით მაინც შეაჩერა ვაშინგტონის პროექტი, რომელსაც ფართომასშტაბიანი, გლობალური რევოლუციები ჰქვია და რომელიც ხან ნარინჯის, ხან ვარდის, ხან ამა თუ იმ ყვავილის, ხან წლის სეზონის, ხან პირდაპირი წერტილოვანი საჰაერო თავდასხმის სახით ევლინება მსოფლიოს.

მანამდე კი, ტენდენციური იდეოლოგიურ-ინფორმაციული აბები პერმანენტულად მიეწოდება მსოფლიო საზოგადოებას. დასავლური მედიასაშუალებები რახანია გვეუბნებიან აუტანელი ირანული ყოფის შესახებ, აჰმადინეჟადის გაჰიტლერებაზე, ირანის კლერიკალური ხელისუფლების აგრესიულობაზე, ირანის მეგობარი სირიის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის სისასტიკეზე.

სირიაში მიმდინარე პროცესების გაშუქება არაფრით განსხვავდება ლიბიაში, კადაფის დროინდელი გაშუქებიდან. ვითარების აღწერისას იქაც ხომ ორ ფერს იყენებდა დასავლეთი - შავს და თეთრს. შავად - კადაფის ხატავდა, თეთრად - აჯანყებულებისა და ნატოს ავიაციის მიერ მშვიდობიანი ქალაქების ბომბვას.

აშშ-ს დირიჟორობით თითქმის მთელი მსოფლიო დაირაზმა ბაშარ ასადის წინააღმდეგ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციაც მიიღო ბაშარ ასადის საწინააღმდეგოდ. არც ერთი სიტყვა სირიაში ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული მეამბოხეების საწინააღმდეგოდ. არც ერთი სიტყვა ყატარის, თურქეთის, საუდის არაბეთის, აშშ-ს სხვა მოკავშირე არაბული ქვეყნების მიერ სირიელ მეამბოხეთათვის იარაღის მიწოდებასთან, უფრო მეტიც, მებრძოლებით დახმარებასთან დაკავშირებით.

აშშ-ს მიერ შემუშავებული სტრატეგიით - პროპაგანდისტული მანქანა, ცხადია ინტერნეტის გამოყენებით, იწყებს სერიოზულ ზეწოლას ამა თუ იმ ქვეყნის (ამჯერად სირიის) მოსახლეობაზე, იწვევს მასში რევოლუციური სულისკვეთების გაღვივებას, შემდეგ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკული ინსტიტუტების უშუალო ჩარევით, დაფინანსებით ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ვაშინგტონისათვის არასასურველი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებას.

ამას წინათ ეგვიპტის ახალმა პარლამენტმა, სადაც თავი მოიყარეს ისლამისტურმა ძალებმა, დაგმო ამერიკული დემოკრატიული და რესპუბლიკური ინსტიტუტების ფილიალების მოქმედება და მოითხოვა მათი დახურვა.

პარლამენტმა დაადანაშაულა ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებაში. ეგვიპტის ხელისუფალთა ნაბიჯმა მკვეთრი რეაქცია გამოიწვია ვაშინგტონში, რომელიც დაემუქრა ქაიროს, გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაში დაპირებული მილიარდ სამასი მილიონის სამხედრო დახმარების შეწყვეტას.

იდეოლოგიური ნიადაგის შემზადების შემდეგ იწყება მასების ანტისახელისუფლებო გამოსვლები, მიტინგები, დემონსტრაციები - ერთადერთი მოთხოვნით - ხელისუფლების გადადგომა.

ზოგ შემთხვევაში - უკრაინა, საქართველო, ტუნისი, ეგვიპტე - პირველ ეტაპს მოაქვს წარმატება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში არა, მაგალითად ლიბია, სირია. ასეთ დროს იწყება მოხალისეთა შეიარაღება, ნატოელი სპეციალისტების მიერ მათი წვრთნა, შეიარაღებული ამბოხება.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემთხვევაში, უმალ ხორციელდება სამხედრო აგრესია, საჰაერო იერიშების სახით, რასაც ადგილი ჰქონდა ლიბიის შემთხვევაში და რასაც ადგილი ექნებოდა სირიაში, რუსეთსა და ჩინეთს თვალი რომ დაეხუჭათ.

სამხედრო ჩარევამდე აშშ-ი გარდა პროპაგანდისტული მანქანისა იყენებს ეკონომიკურ სანქციებს.

პროპაგანდა, ეკონომიკური სანქციები, ამბოხებული ხალხი და ამბოხებულთა იარაღით მომარაგება, + რელიგიური ფაქტორი ნაყოფიერ საფუძველს ქმნის სამოქალაქო ომის საწარმოებლად და გარედან სამხედრო ჩარევისათვის. და იწყება უკონტაქტო ომი - ანუ სამხედრო ქვეითთა გარეშე, საჰაერო თავდასხმა.

დასავლეთის სამხედრო ქვეითთა გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ მათი სამხედრო სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი ადგილობრივი „ბოევიკები“ და რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები, რასაც ადგილი აქვს სირიაში.

სირიაში - სახეზეა რევოლუციის მთელი ბუკეტი, ერთის გამოკლებით - დასავლეთის, კერძოდ ნატოს პირდაპირი სამხედრო აგრესიის გარეშე. პირდაპირ აგრესიას წერტილი დაუსვა რუსეთ-ჩინეთმა.

ბუნებრივად იბადება კითხვა - რატომ მოაწყო აშშ-მა თავის მოკავშირე სახელმწიფოებში, ისეთებში, როგორებიცაა ტუნისი, ეგვიპტე, იემენი - რევოლუციები? ამ ქვეყნების სათავეში ხომ ვაშინგტონის ლოიალური დიქტატორები ისხდნენ? ერთ-ერთი მთავარი მოტივი დიქტატორთა ხანდაზმული ასაკი და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნაა.

ანალოგიურს ჰქონდა ადგილი საქართველოში - ხანში შესული შევარდნაძის სახით. ლოიალური, მაგრამ დაბერებული ხელისუფალი ისე ვერ ასრულებს ვაშინგტონის დავალებას, როგორც ახალგაზრდა. ამ თვალსაზრისით თუ სადმე გაუმართლა ვაშინგტონს, საქართველოა. სააკაშვილის სახით მას ისეთი მოკავშირე ჰყავს, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი.

ვაშინგტონს არ გაუმართლა უკრაინაში - ნარინჯის რევოლუციის ერთი გმირი პოლიტიკურ სანაგვეზეა, მეორე კი - შვიდწლიან ციხეს იხდის, თუმცა „ნარინჯის“ ბაცილები გამჯდარია უკრაინულ საზოგადოებაში და როდის წამოყოფს თავს, არავინ იცის.

ძნელია იმის დადგენაც - რა შედეგით დასრულდება ერთი წლის წინათ დაწყებული არაბული რევოლუციები, მაგრამ მიძინებული საზოგადოება გამოფხიზლდა და დღეს თუ არა ხვალ, მას შეუძლია ისე იმოქმედოს, რაც გაახარებს ამერიკულ გულს. ამის იმედი აქვს ამერიკას. ეს ქვეყანა არა მარტო მოკლევადიან შედეგზე მუშაობს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზეც. და არც ერთისათვის ფულს არ იშურებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"