ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.12.2011
2011 წლის ზოგიერთი შედეგი

სრულდება მიმდინარე 2011 წელი და შესაძლებელია მოკლედ მიმოვიხილოთ ამ წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ქართულ პოლიტიკაში.

მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების გადაწყვეტილება იყო. მინიშნება ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში გაკეთდა, „სახალხო კრების“ აქციების მიმდინარეობის დროს, და საბოლოოდ ამა წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა.

ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში შოკის მომგვრელი იყო, განსაკუთრებით მისი პირველი განცხადების გამო, რომელიც გაზეთებში გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში ხელისუფლების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი პოზიცია დაფიქსირდა, ისევე როგორც მთელი რიგი პარტიების მიმართ. მაგრამ შემდგომში ეს შემტევი მუხტი ბ-ნი ივანიშვილის გამოსვლებში ნელ-ნელა შესუსტდა და ფსიქოანალიზზე და ბავშვთა ფსიქოლოგიაზე აბსტრაქტულ საუბრებში გადაიზარდა.

სამაგიეროდ, პოლიტიკური პარტიების მიმართ ივანიშვილი აგრძელებს შერჩევით დამოკიდებულებას და რატომღაც მხოლოდ 4 მათგანი ამოარჩია, დანარჩენებს კი ან სათოფეზე არ იკარებს, ან ცალყბად ესაუბრება. გაუგებარია, რის საფუძველზე შეირჩა ეს 4 პარტია, რომელთა მდგომარეობაც „ივანიშვილის კარზე“ ასევე ბუნდოვანია, რადგან საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ 2 მათგანი იქნება საარჩევნო ბლოკში, დანარჩენი ორი კი რაღაც სხვა სტატუსით მოიაზრება. ყოველ შემთხვევაში, ეს პარტიები მაღალი რეიტინგით არ გამოირჩევიან.

დღეისათვის, ივანიშვილთან და მის პოლიტიკურ ძალასთან ბრძოლის საბაბით, ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი დრაკონული კანონებისა, რომლებიც ფაქტიურად აღარ ტოვებენ არჩევნების ოდნავ მაინც სამართლიანად ჩატარების ილუზიასაც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლება აპირებს ივანიშვილის მიერ მისი მოკავშირე პარტიებისთვის გადარიცხული ფულის ამოღებას კანონის საფუძველზე, რომელსაც პრაქტიკულად უკუძალა ექნება. ამგვარი რამ თითქმის უნიკალურია მსოფლიო კანონმდებლობის პრაქტიკაში და ალბათ აფრიკის ქვეყნებშიც კი იშვიათად გვხდება.

ამგვარად, ერთი მხრივ, ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკაში მოიტანა ის, რომ ხელისუფლებამ მთლიანად ჩამოიხსნა „დემოკრატიის“ ნიღაბი. მაგრამ საკითხავია, ახლა მაინც დაინახავენ ნაცრეჟიმის დიქტატორულ სახეს „ევროპელი პარტნიორები“ თუ, ჩვეულებისამებრ, გაურკვეველი ზმუილით და მცირეოდენი „შეშფოთების“ გამოხატვით შემოიფარგლებიან, საქართველოს „ევროატლანტიკურ“ პერსპექტივებზე საუბრების გაგრძელებასთან ერთად? კიდევ გაგრძელდება მოლაპარაკებები „თავისუფალ ვაჭრობაზე“ და დაპირებები ნატო-ს მორიგ სამიტზე ყბადაღებული „მაპ-ის“ მინიჭების შესახებ?

თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნაცრეჟიმი უპრობლემოდ ჩაატარებს არჩევნებს აბსოლუტურად არაკონკურენტულ გარემოში. ამ შემთხვევაში, ყველა ოპოზიციური პარტიის ვალია, თუ ის მართლაც ოპოზიციურია, გაემიჯნოს ამგვარ „არჩევნებს“ და მოუწოდოს სხვა პარტიებს, არ მიიღონ მათში მონაწილეობა. ეს იქნებოდა, ალბათ, ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი საარჩევნო ფარსის სააშკარაოზე გამოტანისთვის.

რაც შეეხება წლის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს პოლიტიკურ ასპარეზზე, შეიძლება გავიხსენოთ "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული გამოსვლები და მათი დარბევა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მმართველი ნაცრეჟიმი. წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით მრავლდებიან პოლიციის პომპეზური, აწ უკვე მრავალსართულიანი შუშის შენობები, თბილისის და სხვა ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე. არაა გამორიცხული, ნახევრად დანგრეული სასტუმროების ნაცვლადაც, რომლებსაც ინვესტორები არ გამოუჩნდნენ, ასევე „პოლიციის სასახლეები“ წამოჭიმონ. დრაკონულ საარჩევნო კანონმდებლობასთან ერთად, ნაცპარლამენტი დაჩქარებული წესით ამზადებს მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის გასამარტივებელი კანონპროექტების მიღებას. საქართველო საბოლოოდ ხდება ექსპერიმენტული პოლიგონი, ერთგვარი ლაბორატორია, თანამედროვე კაპიტალისტური ტოტალიტარიზმის და მოქალაქეთა დამონება-კონტროლის უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოსაცდელად.

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების სფეროში, 2011 წელი არაფრის მომტანი აღმოჩნდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ნაცრეჟიმის პირობებში. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც სკანდალურად დასრულდა. რუსეთის სახელისუფლებო წრეების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამარცხდა ოპოზიციის კანდიდატთან ბრძოლაში, რასაც შედეგად მოჰყვა არჩევნების შედეგების საერთოდ გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა მომავალი წლის მარტისთვის. საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი ტელეარხები შეეცადნენ ცხინვალში განვითარებული მოვლენების წარმოჩენას ისე, თითქოს რუსეთის პოლიტიკა კრახს განიცდის ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ჩნდება პერსპექტივა ამ კუთხის მოსახლეობის საქართელოსკენ შემოტრიალებისა, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან, თბილისში არსებული ხელისუფლების პირობებში, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამავე დროს, აფხაზეთშიც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ა. ანქვაბმა. ცხინვალის 2011 წლის და აფხაზეთის 2004 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ეს არჩევნები შედარებით მშვიდად ჩატარდა და დამარცხებულმა კანდიდატებმა აღიარეს წაგება. დიდი ალბათობით, ა.ანქვაბის პოლიტიკა მისი წინამორბედის ხაზისგან ბევრად განსხვავებული არ იქნება. რაიმე გარღვევას ამ მიმართულებით უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ.

მთლიანობაში, 2011 წელი საკმაოდ უღიმღამოდ სრულდება. ნაცრეჟიმის ლიდერი უკვე აწარმოებს „წინასაარჩევნო“ კამპანიას და პრაქტიკულად არ ჩამოდის ტელეეკრანებიდან, თავისი „ფსიქოთერაპიული სეანსებით“. ივანიშვილი ფსიქოანალიზზე საუბრობს, საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა კი „ჩამოუშლელად“ განაგრძობს აღთქმული მაპისკენ ცურვას.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"