ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
24.12.2011
“ქართული ოცნების” პრეზენტაციის შემდეგ დამახსოვრებული ყვითელ-წითელი ბარათები

ალბათ ყველას გვინახავს საფეხბურთო მატჩისას ისეთი მომენტი, როდესაც მატჩის გონიერი არბიტრი, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს წესების აშკარა დარღვევას, როგორც წესი, თამაშს არ აჩერებს. ანუ, როგორც იტყვიან, ჯარიმას არ დებს, თუ იმ დროს ბურთი დაზარალებულ გუნდს რჩება და რეფერის სასტვენი მხოლოდ სათამაშო ეპიზოდის დასრულების შემდეგ გაისმის ხოლმე. რასაც ხშირად მოჰყოლია ყვითელ-წითალი ბარათების ფრიალი და სწორედ ამას ეძახიან ფეხბურთში, დამახსოვრებულ ბარათებს.

აი, ასეთი არბიტრის როლში აღმოვჩნდი უნებურად 11 დეკემბრის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის შემდეგ და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულ გონიერებაზე მაქვს პრეტენზია. არამედ იმიტომ, რომ, ისევ ფეხბურთთან დაკავშირებული, ვახტანგ ნინუას კინოგმირის არ იყოს, მეც „რადიკულიტი შემომაფრინდა“ და ამიტომაც მოკლებული ვიყავი მყისიერად სტატია-წერილებით რეაგირების უნარს, ჩემის აზრით „წესების დარღვევებზე, ანუ, იმ გამონათქვამებზე, რაც მავანთაგან მოჰყვა „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავ პრეზენტაციას. ანუ, მეც ისღა დამრჩენოდა რომ, „ამოსაღები“ ყვითელ-წითელი ბარათები დამემახსოვრებინა და წინამდებარე წერილიც ერთ ასეთ „დამახსოვრებულ-ამოღებულად“ მინდა მივართვა მავანს და მავანს...

ჯერ ხეირიანად დაწყებულიც არ იყო ფილარმონიის მიმდებარე, ხალხით გავსებული ტერიტორიის ფონზე, გადაჭედილ დარბაზში შეხვედრა, რომ ე.წ. ნაციონალურმა ტელევიზიებმა ისეთ რაღაცეებზე დაიწყეს ნადირობა, რაც მათი უბადრუკი აზრით, ამ შეკრების რუსული შეფერილობის დასტურად გამოადგებოდათ. და აბა „იმედი“ რის "იმედი" იქნებოდ,ა თუ იგავმიუწვდომელი სისულელით ვინმეს პირველობას დაუთმობდა? ჰოდა, არც მეტი, არც ნაკლები: კახა კალაძე რუს ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ესწრება „ქართული ოცნების“ პრეზენტაციასო! – დაახეთქეს...

ნეტა როდიდან გახდა უკრაინის ნაკრების კაპიტანი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ანდრეი შევჩენკო რუსი? ეგეც არ იყოს, ის მაინც როგორ ვერ გაიხსენეს ერთ დროს მართლაც ხალხის იმედად მოვლენილ, ხაზგასმულად ქართულ ტელევიზიაში და დღეს გარყვნილების ბუდედ ქცეულ „ტელე-იმედში“, რომ სულ ახლახანს დიდი ზარზეიმით გახსნეს მიშნაცებმა თბილისში, უკრაინელების რუსთაველის, ანუ, უკრაინის ყველა დროის უდიდესი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი? რომელიც დღესაც, ყოველგვარი კონტექსტის მიღმა წამოპლაკულა ვარაზისხევში, ქართული „ალმამატერის“, თბილისის უნივერსიტეტის წინ!

რა, ანდრეი შევჩენკო თუ რუსია, ტარასამ რაღა „დააშავა“ როო?

ამის შემდეგ, მიშავიზიების მგრძნობიარე კამერებმა, ამ შეკრების პრორუსულობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, უფრო წონადი „არგუმენტებიც“ მოიძიეს დარბაზში ვალერი კვარაცხელიას და განსაკუთრებით ვაჟა ლორთქიფანიძის სახით. რომელთა პერსონებსაც თავად ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი მკვეთრი გამონათქვამი მიაბეს „ოსტატურად“, რაც ასე, ფორმულასავით ჟღერდა: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ წარსული, რათა ავაშენოთ მომავალი“! რაც, ისე მოგვაწოდეს საზოგადოებას, როგორც ბიძინას მიმართ გამოტანილი საბოლოო ვერდიქტი, რომელიც გასაჩივრება-კასაციას აღარ ექვემდებარება. რაც ასევე ფორმულის სახით გააჟღერეს მიშავიზიებმა: აი, ნახეთ, ბიძინას „ქართული ოცნება“, საქართველოს უგაზ-უშუქო, შევარდნაძის წარსულში დაბრუნებააო!

კიდევ კარგი, რომ „ვერ შენიშნეს“ იმავე დარბაზში ერთმანეთის გვერდში მსხდომი სამი მეგობარი და თანამოაზრე: თამაზ წივწივაძე, რობიკო სტურუა და რეზო ამაშუკელი, თორემ პრორუსულობის და წარსულის ნოსტალგიის ბრალდებების დამძიმება მერე გენახათ...

მერე რა, რომ „წარსულში“ და „წარსულის“ დაბრუნებას შორის, როგორც რუსთაველი იტყოდა, „შუა უზის დიდი მზღვარი“. ეს „პარაშა“ ხომ გათვითცნობიერებული, ყველაფრის საქმისყურში მყოფი ხალხისთვის კი არა, ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი, ე.წ. ნაციონალური მაუწყებლების პროპაგანდით დაქლიავებული ხალხისთვის იყო განკუთვნილი. როგორებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი ეგულებათ პროვინციებში!

არადა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ე.წ. „ჩარეცხილების“ თემა. რადგანაც მათი (რომელთა რიგებს, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, საკუთარ თავსაც მივათვლი) ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ ვარდების რევოლუციამდე გაცილებით ადრე, კომუნისტური რეჟიმის პირობებში დაიბადნენ და იცხოვრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც შეეძლოთ, ქართული საქმის კეთებას მაინც ახერხებდნენ...

აი, სწორედ ამაში ხედავს ყველა ნორმალური ადამიანი წარსულის დაბრუნებას, რის გაეშედაც „ქართული ოცნების“ ახდენა შეუძლებელია!!!

დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია კახი კალაძის ღირსეულმა გამოსვლამ და მისმა განცხადებამ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ. რომელსაც დამსწრე საზოგადოება ოვაციებით მიესალმა!

თუმცა კაპიტნის ამ მოულოდნელ ნაბიჯს, სავსებით მოსალოდნელი და მყისიერი რეაქცია მოჰყვა მეორე დღესვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან, რომელიც დიდი ხანია, ძმები არველაძეების („თურქი“ შოთიკოს ჩათვლით) „თამადობით“, ნაცების ხელისუფლების გაგრძელებად ითვლება! ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. რადგან ეს ის კაცია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის მზგავსად, გაყალბებული არჩევნების გზით ზის ქართული ფეხბურთის მთავარი უსტაბაშის სავარძელში!

ჰოდა, ფედერაციამ, თავის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც, ვიმეორებ, მეორე დღესვე, ანუ, შესაშური ოპერატიულობით გამოაცხვეს, ერთმნიშვნელოვნად დაგმეს კახი კალაძის საქციელი. ისე რომ ერთი სამადლობელი სიტყვა არ დასცდენიათ კახის 15 წლიანი სანაკრებო კარიერის მიმართ.

ამ ყველაფერს უნისონში ხმა შეუწყვეს სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ძალოსანმა, ყოფილმა შტანგისტმა და არაკაცობაში ცნობილმა, მუდმივმა ჩემპიონ-რეკორდსმენმა, გიორგი ასანიძემ! პირველმა, ანუ, ნაცების ერთერთმა ინტელექტუალურმა სახემ, ლადოია მინისტრმა, ფერბურთი ნოღაიდელის პარტია არ არის (თავისი მოკლე ჭკუით „მაგრად იოსტრა“ ამ არარაობამ), საიდანაც შეიძლება წახვიდე, ფეხბურთიდან აცილებენო და მეორემ, შტანგისტმა, ნაკრების მწვრთნელისთვის მაინც უნდა ეთქვა წინასწარ, თუ პოლიტიკაში აპირებდა წასვლასო...

არადა ეს ის ლადოა, ვინც აგვისტოს ომის დროს შიდა ქართლის გუბერნატორი იყო და პირველმა „მოხია“ გორიდან და შემდეგ ლამის ექსკურსიამძღოლად მუშაობდა გენერალ ბორისოვის შტაბში, რესტორნებისკენ გზამკვლევად!

ასანიძე კი ის ნაკაცარია, ვინც თავის პოლიტიკაში მოსვლით ხომ გაგვაბედნიერა და „პახოდუ“ , უფრო სწორედ მანამდე, ზურგში დანა ჩასცა მაშინდელი ქართული სპორტის მამა-მარჩენალ, ბადრი პატარკაციშვილს! თანაც ისე, რომ ბადრისთვის 400 ათასი ლარის დაბრუნება არც უფიქრია. რაც მან ოლიმპიური ოქროს გამო აიღო და დღესაც იმ მაყუთს „კუკნიან“ ის და მისი ცოლშვილი!

რა უნდა ვუთხრა ასეთ კაცუნებს? იმის გარდა, რომ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც მიშნაცებს „გავაცილებთ“ ხელისუფლებიდან! რის შემდეგაც კახი კალაძის ფეხბურთიდან ღირსეული გაცილებისთვისაც მოიცლის საქართველო.

რაც შეეხება კალაძის მიერ ნაკრების მწვრთნელის საქმის არსში არ ჩაყენებას, ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი და მისი სახით უმეტეს-უკეთესი საქართველო იყო იმ დღეს კახის მწვრთნელიც და გამზრდელიც. რომლის წინაშეც გააკეთა ნაკრების კაპიტანმა ის განცხადება, რასაც მისგან დიდი ხანია ელოდა ქართველი ხალხი!

დიახ, დიდი ხანი, რადგანაც ეს მხოლოდ ასანიძე-ვარძელაშვილის მსგავს „ინტელექტუალებს“ ჰგონიათ, რომ კახი კალაძე იმ დღეს, 11 დეკემბერს მოვიდა პოლიტიკაში. სინამდვილეში კი მისი პოლიტიკაში მოსვლის დღედ ის უნდა ჩაითვალოს, როდესაც კახიმ ხმამაღლა და ცალსახად გამოუცხადა სოლიდარობა მეგობარსა და თანაგუნდელ გიორგი დემატრაძეს!

და კახი დღემდე ერთადერთია ამ საქმეში: არც ერთს, მათ შორის თემურ ქეცბაიასაც, არ აღმოაჩნდათ იმის ვაჟკაცობა, რომ კალაძის პროტესტი გაეზიარებინათ! თუმცა გაზიარებას ვინღა დაეძებს, ძმებმა არველაძეებმა, თითო წიხლიც მიაზილეს მაესტროს პირდაპირ ეთერში – ერთმა ყუპისცალმა იქვე სტუდიაში და მეორემ, თურქეთიდან, სპეციალურად ჩართვისას _ რა, ხომ ყველამ ვიცოდით რომ „დემე“ ტოტალიზატორში „ყომარობდაო“! თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოს ოფიციალური განაჩენი, ეს „წიხლზე“ უარესი, უბრალოდ ჩაშვება იყო...

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი სპორტი და მით უმეტეს, დიდი ფეხბურთი, დიდი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს და ამის დასტურ-მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. თუნდაც მადრიდის "რეალის" მეგავარსკვლავის, სერბი პრედრაგ მიატოვიჩის მაგალითი რად ღირს _ როდესაც ნატო „დემოკრატიულად“ ბომბავდა მის სამშობლოს, "რეალის" ფორმის ნაცვლად, სერბეთის დროშაშემოხვეული დადიოდა ევროპის დედაქალაქებში და ამ გზით აპროტესტებდა ამერიკელების მიერ „დემოკრატიის“ ექსპორტს სერბეთში.

თუმცა რაღა შორს მივდივართ, დათო ყიფიანის მაგალითები აქ არა გცაქვს? ყიფო, რომელიც ასე გვხიბლავდა თავისი განუმეორებელი საფეხბურთო ოსტატობით, თავისი დიდი კაცობით და აქედან გამომდინარე პროტესტანტობითაც იყო ცნობილი. მარტო ის რად ღირს, რომ, როდესაც ამ 20 წლის წინ, საქართველოს ფეხბურთი აშკარად პოლიტიკური პოპულიზმის გამო გამოეყო, როგორც მაშინ ამბობდნენ ზვიადისტი ურაპატრიოტები, „იმპერიულ ფეხბურთს“, ყიფო იმ მცირერიცხოვან საღად მოაზროვნეთა შორის აღმოჩნდა, ვინც ამ გამოყოფის წინააღმდეგი იყო!

აღარაფერს ვიტყვი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ფედერაციის წიაღში ყიფოს წინააღმდეგ ბრძოლის აშკარა თუ შეფარულ ფაქტებზე.

ეს ისე, ცნობისათვის და პირველ რიგში, ნაკრების თავკაცის, თემურ ქაცბაიას საყურადღებოდ: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დემეს სკანდალის დროს, ყიფო ნაკრების მწვრთნელი კი არა, უბრალოდ ცოცხალი ყოფილიყო, ვინმე დაასწრებდა პროტესტის გამოხატვას?..

ვგრძნობ, რომ ეს საფეხბურთო პასაჟი მეტად გამიგრძელდა და ამიტომ სხვა „დამახსოვრებულებზეც“ მინდა ვთქვა, კერძოდ მწერალ დათო ტურაშვილზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის მეორე დღეს ვიხილეთ, თუ არ ვცდები, "რუსთავი-2" გადაცემა „შუადღე“-ს პირდაპირ (!!!) ეთერში. და თუ რატომ 3 ძახილის ნიშანი, ამაზე ქვემოთ და ცოტა შორიდან...

შორიდან, რადგანაც ამას წინათ, იგმავე დათო ტურაშვილმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში ისეთები დაახვავა, რომ თურმე ნუ იტყვით და, თბილისიდან პარლამენტის გადატანა ხომ არის და არის ნაცების ბრძნული ნაბიჯი, უფრო მეტიც, კიდევ უფრო დიდი სიბრძნე „ჯინსების თაობის“ მწერალმა შემოგვთავაზა – პარლამენტთან ერთად, საერთოდ დედაქალაქიც ქუთაისში უნდა გადავიტანოთო. და ამას ამბობს კაცი, რომელსაც მწერლობაზე აქვს პრეტენზია. უფრო მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ, დავით აღმაშენებელზე გადასაღები ფილმის სცენარისტადაც მოიაზრებოდა. იმ აღმაშენებლის, რომელმაც სიცოცხლის ბოლოს მოახერხა და პირიქით, ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა საქართველოს დედაქალაქი!!!

რა, ბატონო დავით ტურაშვილო! ჩვენს დიდ სეხნიას შეეშალა ეგ ამბავი თუ როგორ იყო? იქნება არც ის გსმენია, რომ სწორედ საქართველოს შეფარული მტრების მოთხოვნა იყო და არის აგერ 2 საუკუნეა სწორედ ის, რაც "მაესტროში" იქადაგე – დედაქალაქის თბილისიდან ქუთაისში გადატანა, რადგან იმ ჩვენი მოყვარე მტრების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თბილისი ქართველების კი არა, სწორედ მათი დედაქალაქი იყო ყოველთვის და არასოდეს „გიჟვრაცუების“...

ახლა იმ „შუადღის“ შესახებ: მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაცემა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის მეორე დღეს გადიოდა, თამარ ჩორგოლეიშვილის, დავით დარჩიაშვილის (რა „სასტავია“?) და კომპანიის მონაწილეობით, სადაც დათო ტურაშვილი, როგორც იტყვიან, არც თუ „ღარიბი ნათესავის“ სტატუსით იმყოფებოდა, მთავარი განსახლიველი თემა, რუსეთში მიმდინარე თუ მოსალოდნელი საპროტესტო აქციები და აქედან გამომდინარე ინტერაქტივის კითხვა იყო _ დაიშლება თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთის იმპერია?

რასაც, რა თქმა უნდა დადებითი პასუხი მოჰყვა ტელემაყურებელთა მხრიდან. ანუ, ვირტუალურად რუსეთის იმპერია ეს მერამდენედ დავშალეთ მარტივ მამრავლებად, მაგრამ სინამდვილეში რომ პირიქით ხდება?

თუმცა ეგეც იქით იყოს და თქვენი მონა–მორჩილი ამ სისულელეზე ტურაშვილის თავისკანტურზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ მწერალს არ ეყო იმის ვაჟკაცობა, ან უფრო უარესი, სურვილი არ ჰქონდა, რომ მარტივი რამ ეთქვა: რუსეთის იმპერიის დაშლა ღმერთმა ნუ ქნას, რადგან ასეთი რამ არა მგონია, საქართველოს ინტერესებში იყოს, რადგანაც აბა მერე ვნახავთ საქართველოს ახლო-მახლო მტერ-მოყვარეთაგან ჩვენი ტერიტორიების წეწვა-გლეჯას! და ეგეც არ იყოს, თავში ქვა უხლიათ რუსებს, რა ჩვენი, ქართველების დიპლიპიტო თავის საქმეა რუსების დაშლა-არმოშლა?

აი, სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა ზემოთ, პირდაპირი ეთერის შემდეგ 3 ძახილის, ანუ აღშფოთების ნიშანი დავსვი, რადგან პირდაპირ ეთერში სულ ადვილი იყო დათო ტურაშვილისგან, ჩორგოლეიშვილ-დარჩიაშვილის ურაპატრიოტული აღტკინებისთვის „ცივი წყლის გადასხმა“ ერთი მარტივი ფრაზით – რა, „ქართულ ოცნებაზე“ აქტუალური ამ პრეზენტაციის მეორე დღეს ჩვენთვის რუსეთის დაშლაა? მაგრამ ამისთვის ვიმეორებ, „მცირე“ რამ იყო საჭირო – დიდი სურვილი და პატარა გამბედაობა!

და ბოლოს, მინდა ყოველგვარი წითელ-ყვითელი ბარათების გარეშე დავამთავრო: ბერა ივანიშვილი იყო ის ახალი სახე, გნებავთ ახალი სიტყვა, რასაც ასე ელოდა ბიძინასგან ქართველი საზოგადოება!

ბერამ, ამ ნიჭიერმა ყმაწვილმა, არავინ დასტოვა გულგრილი დარბაზში! პირველ რიგში გულწრფელობის გამო. რადგან რასაც ეს ბავშვი წერს, იმ სიტყვებს, როგორც იტყვიან, ვერ მოიგონებ, უფრო სწორედ, ვერ ითამაშებ, რადგანაც ამისთვის სულით ხორცამდე ქართველი უნდა იყო. და სწორედ ამის გამო სჯერა მსმენელს მისი _ „მე დავიბადე პარიზში, თავიდან ფეხებამდე ქართველი“! რაშიც ბიძინას, მისი მეუღლის ქართველობა იგულისხმება უპირველესად...

და კიდევ, აშკარაა ისიც, რომ მიუხედავად უზრუნველი ცხოვრებისა, ბერა ივანიშვილი არ ტოვებს ფულით გარყვნილი ბავშვის შთაბეჭდილებას. ერთი სიტყვით, ეს ბიჭი არაფრით ჰგავს ბევრ მის თანატოლს, რომლებიც სამწუხაროდ, ლიბერასტულ ღრუბლებში დაფრინავენ. არამედ ბერა მიწაზე მყარად დგას ორივე ფეხით, ქართულ მიწაზე. საიდანაც, როგორც ხე ნიადაგიდან, ისე საზრდოობს წინაპართა მძლავრი, ქართული ენერგეტიკით და ამიტომაც არ იწვევს პირადად ჩემში, როგორც უფროსი თაობის კონსერვატორში, მისი ერთი შეხედვით გამომწვევი გარეგნული იერსახე გაღიზიანებას!

დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ბერა ივანიშვილი იქნება ის ფაქტორი, რაც მის თანატოლებს, ზოგადაგ ახალგაზრდობას გამოიყვანს „მიშას ბუჩქებიდან“, ანუ ტაშფანდურის გარდა, სხვა, უფრო მაღალზე და მარადიულზე, სამშობლოზედაც დააფიქრეს ჩვენს შვილებს.

„ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდობის მონაწილეობის გაერშე ასრულება არ უწერია!!!

დავით მხეიძე
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"