ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
23.12.2011
ხელისუფლების ექსკლუზივი „ევროატლანტიკურ ფასეულობებზე“

ევროატლანტიკური ფასეულობების გულშემატკივარი და საქართველოში ამ ფასეულობების შემოტანის თავდავიწყებული მებრძოლი, ნაციონალების მარცხენა, მარჯვენა ხელი, ფეხი და სხვა ორგანოები ბატონი პადოშა სულ ახლახანს გამართულ ექსკლუზიურ პრეს-კონფერენციაზე ერის ხსნის ინიციატივით გამოვიდა.

ერის შავი ჭირისგან გადარჩენის თემა არახალია. ნაციონალების და პადოშების მამა, პოლიტიკური პარტია - „მოქალაქეთა კავშირი“, „ბრძენი“ ლიდერითურთ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, საგანგებო სატელევიზიო გამოსვლის დროს, ქართულ საზოგადოებას მოუწოდებდა ხმა არ მიეცათ ისეთი „შავი ძალისთვის“, როგორიც მოქებს „აღორძინება“ ესახებოდათ.

რა ტერმინებით არ შეამკო „დიდმა ედუარდმა“ საკუთარი რეგიონის წიაღში შექმნილი პარტია და მისი ლიდერი ასლან აბაშიძე. მაშინდელი პრეზიდენტის განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ მარტივ კითხვას სვამდა - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიხვდა შევარდნაძე, რომ აბაშიძე და „აღორძინება“ სვასტიკას ეტრფოდა?

რომ იტყვიან, ყოველივე ახალი, განახლებული ძველიაო. ეს ძველ-ახალი, შესაბამისი დრამატიზმით, ამჯერად პადოშამ გაგვანდო. იმედია არჩევნებამდე პრეზიდენტიც გაგვაფრთხილებს.

იმ გაფრთხილებასა და ამ გაფრთხილებას შორის 12 წელია, შესაბამისი პოლიტიკური ვნებათა ღელვებით, რევოლუციით, „რეფორმებით“ და რაც მთავარია - გამოკვეთილი ლტოლვით ევროატლანტიკური ფასეულობებისკენ. მაგრამ მთავარი საფრთხე მაშინაც და დღესაც მეზობელი რუსეთია, იქედან შემოდინებული ფული „პრორუსული“ პარტიის დასაფინანსებლად.

ბატონმა თორთლაძემ საზოგადოებას გაანდო, რომ ივანიშვილის ირგვლივ შემოკრებილი, უპერსპექტივო პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის დიდი რაოდენობის რუსული ფული დარიგდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის.

კიდევ კარგი გაგვაფრთხილა, თორემ ხომ შეიძლება შევმცდარვიყავით? როგორც ჩანს, ხალხზე ზრუნვის თვალსაზრისით, მსგავსი სახის გაფრთხილება არაერთხელ იქნება. ხელისუფლებაც ამას ჰქვია - ფიქრობს ხალხზე, თუმცა ერთია - მსგავსი ფიქრი, მითუმეტეს ორალური გაფრთხილება, უსაფუძვლო ცილისწამება, როგორ ჯდება ევროატლანტიკურ ფასეულობებში? გარდა ამისა, როდესაც საკუთარ ფასეულობებს არაფრად აგდებ, შეძლებ სხვა ფასეულობების გაზიარებას?

ფასეულობა ფართო ცნებაა. ის ყველაფერს მოიცავს - ხელოვნებას, კულტურას, ადამიანის ცხოვრებას, პიროვნების პატივისცემას, დემოკრატიას და ა.შ. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ფასეულობაა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომელ ეპოქაშია შექმნილი.

თვალი შევავლოთ საბჭოთა პერიოდში აშენებულ უნიკალურ ძეგლებს, გამორჩეულს არა მარტო არქიტექტურით, არამედ სოლიდურობით, დარბაისლობით, მონუმენტურობით. ნებისმიერი ქალაქი ინატრებდა მსგავსს.

ევროატლანტიკური ფასეულობების მოტრფიალეებმა, რა დღეში ჩააგდეს ისინი? დანგრეული და გაპარტახებული „იმელის“, სოფლის მეურნეობის, ცენტრალური ტელეგრაფის, „ზაკვოს შტაბის“, ფიზიკის ინსტიტუტის, ფინანსთა სამინისტროს, „ცეკავშირის“ შენობების და სხვათა სახით.

მიწასთან გასწორდა „დეზერტირის“ საკოლმეურნეო ბაზარი, სხვა არქიტექტურის ძეგლები. იმავე გზას გაუყენებენ პარლამენტის უნიკალურ შენობას.

უმოწყალოდ გაყიდული არქიტექტურის ძეგლები ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა სარფიან ლუკმად იქცა. შეიძინეს, ღობე შემოარტყეს, ძონძები ჩამოაფარეს და დიდი ფულის მოლოდინში დააკონსერვეს - რუსთაველის პროსპექტზე მდებარე უნივერმაღის არ იყოს.

წლები კი გადის. არც არავინ კითხულობს, რატომ ნადგურდება ეს ძეგლები. სააკაშვილი დაოთხილი დარბის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, დღეში საშუალოდ 2-3 ახალ შენობას ხსნის - ორ თვეში „აშენებულს“, დასანგრევად განწირულს, მაშინ, როდესაც მისი მხედველობის არეალს მიღმა რჩება წარსულის შედევრები.

ფასეულობებისადმი პატივისცემას ვერაფრით უწოდებთ თბილისის ქუჩებიდან წიგნების სტენდების განდევნას, წიგნის წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას. ამ საშვილიშვილო უმეცრებას ახალი ემატება - ჟურნალ-გაზეთების ჯიხურების აკრძალვა.

როგორც ჩანს, ნაცებისთვის და მასზე აყოლილ ე.წ. ოპოზიციური პარტიებისთვის, ფასეულობა შორს არის ხუროთმოძღვრებიდან, წიგნებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, საოპერო ხელოვნებიდან - ოპერის თეატრს, რომ კეზერაშვილს გააკარებ, ყველას აჩვენებ, რა ფასეულობების მატარებელი ხარ.

ისე, კაცმა რომ თქვას, არც ერთ მტერს, მათ შორის რუსეთს, იმდენი ვნება არ მიუყენებია, როგორც სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა მიაყენეს საკუთარ თავს.

სააკაშვილის ხუმრობის ფანტაზიას, რომ საზღვარი არ აქვს, სულ ახლახანს დავრწმუნდით - ახალი ქალაქის, ლაზიკის აშენების სახით.

ვერავინ წარმოიდგენდა, ამაზე მეტი „შაყირი“ რა უნდა ყოფილიყო. შევცდით, ვინაიდან ჩვენი ფანტაზია ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება, ისე, როგორც მიხეილის - კეზერაშვილ-უგულავას „გაოპერება“ ამის დასტურია. უვიცი, ხელმრუდე ყმაწვილების საოპერო ხელოვნებაში ბინძური ხელის ფათური, წირვას გამოუტანს ამ დარგს, ეროვნულ ფასეულობას და თუ ეროვნული ფასეულობა არ გაქვს, ევროატლანტიკურს შეითვისებ?

თავი დავანებოთ ხელისუფლებას. ის, რაც არის, ცნობილია, მაგრამ რა ვუყოთ ოპოზიციას? როგორც ჩანს, მასაც აღელვებს ევროატლანტიკური ფასეულობანი, რის შესახებაც ესოდენ დაბეჯითებით განაცხადეს მორიგე ამერიკელ დამრიგებელთან ლაპარაკის შემდეგ.

ერთად შეყრილ „რვიანს“ რომ ესოდენი ყურადღება მიექცია ზემოთ მოყვანილი მაგალითებისთვის, ეს ხელისუფლება ვერ ინავარდებდა. დაგროვდა ისეთი საკითხები, რომლებიც ერთიან ხმას საჭიროებენ, ერთიან განცხადებას, ერთიან კატეგორიულ ქმედებას.

ამ ჩამონათვალშია ლაზიკაც და კეზერაშვილ-ოპერაც, განადგურებული ხუროთმოძღვრების ძეგლებიც და ქუთაისში პარლამენტის გადატანაც, არსებული პარლამენტის შენობის მოსალოდნელი გაყიდვაც და საზოგადოებისთვის წიგნების, ჟურნალ-გაზეთების კითხვის აკრძალვაც (სხვა მეტი არაფერია კიოსკების გაუქმება), ადამიანის უფლებების სისტემატური ხელყოფა და მოქალაქეობის უპრაგონო ჩამორთმევა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის, ხელისუფლების მიერ დანიშნული ბიზნესმენების აღვირახსნილობა, მათ მიერ ხალხის ძარცვა და სხვა მრავალი.

როდესაც ზემოთმოყვანილ ფასეულობებს ხელისუფლებასავით ეპყრობი, როდესაც ამ უსამართლობაზე გაერთიანებულ ხმას და ქმედებას არ აგებებ ხელისუფლებას, საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენ ანუ შენც ისეთივე ხარ, როგორც ხელისუფლება - ცრუ ფასეულობებზე დაფუძნებული და რაც არ უნდა დაბეჯითებით ილაპარაკოთ დასავლურ ფასეულობებზე, თქვენთვის ერთი ფასეულობაა - საკუთარი კუჭის.

„აუცილებელია ნატოს წევრი ქვეყნების ხალხებს შეხსენდეთ, რომ ნატო იცავს მათ ინტერესებს და მთავარს, უსაფრთხოებას“. ეს ამონარიდი არა მარტო ნატოს წევრებს ეხებათ, არამედ სხვასაც, ვინც ნატოსთან თანამშრომლობს.

დოკუმენტი, რომელიც აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა და სხვა ექსპერტებმა შეიმუშავეს, ნატოს ლისაბონის სამიტზე დამტკიცდა. დოკუმენტის მიღების ძირითადი საბაბი იყო ნატოს წევრი ქვეყნების ხალხთა სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი და იმისადმი, რომ ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს მშვიდობას.

სკეპტიციზმის გასაქარწლებლად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა პროპაგანდას. მთელ მსოფლიოშია ნატოს წარმომადგენლობის ქსელი, რომელიც საინფორმაციო-პროპაგანდისტულ საქმიანობას აწარმოებს. მსგავსი არსებობს საქართველოშიც. ნატოს ინფორმაცია არ არის ერთჯერადი აქცია, ეს საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და საინფორმაციო არხების ერთობლივი მუშაობის მუდმივმოქმედი სისტემაა.

ის შეიცავს აგრეთვე ყველა საჭირო ღონისძიებას - ვიზიტებს, შეხვედრებს ნატოს გენერალური მდივნის, ორგანიზაციის სამხედრო და პოლიტიკური ჩინოსნების, პრეს-კონფერენციებს, ლექციებს, ინტერვიუებს. აგრეთვე სამხედრო სწავლებას, სამხედრო მანევრებს, სხვა ღონისძიებებს.

მიზანი ერთია - საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ნატო ეფექტური, მტკიცედ შეკრული, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანიზაციაა, რომლის გარეშე ევროატლანტიკური მშვიდობა მიუღწეველი იქნება.

ნატოსადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა ავღანეთის ომით. ნატოს წევრი სახელმწიფოების ხალხებს ვერ გაუგიათ, რატომ იბრძვიან მათი შვილები, მამები, ძმები ავღანეთში. პოზიტიური განწყობის შექმნისთვის ნატო ორგანიზებას უკეთებს ჟურნალისტთა ტურებს ავღანეთში, სხვადასხვა სახის დისკუსიების, პრეს-კონფერენციების, ავღანელი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო კურსების მოწყობას.

ანალოგიურს აქვს ადგილი ევროპა-ამერიკის და სხვა პარტნიორი თუ არაპარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდებში. სისტემატური ხასიათი აქვს მათ მიწვევას ნატოში, სხვადასხვა სახის დისკუსიების მოწყობას, ნატოს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას და სხვა.

იმ ღონისძიებების უბრალო ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, რასაც ახორციელებს ნატო საკუთარი თავის არა მარტო გადარჩენის, არამედ სამარადისო არსებობისთვის.

„ცივი ომის“ შედარებითი დათბობის პერიოდში, ნატოს მასპინძლობით არაერთი საბჭოელი ახალგაზრდა, მათ შორის საბჭოთა რესპუბლიკებიდან, იყო მოხიბლული, ბევრი მათგანი დასავლური ფასეულობების სერიოზული მოტრფიალეც გახდა. დღეს ისინი დიდ პოლიტიკაში არიან - ნატოს ლექციებიდან გამომდინარე სულისკვეთებით.

ნატოს „სითბოს“ დაჩვეული ხელისუფლება-ოპოზიცია ვერ შეეგუება მის დაკარგვას და თუ ვინმე გაბედავს ნატოს წინააღმდეგ ხმის ამოღებას, უმალ შეეცდებიან მოღალატედ გამოცხადებას.

ივანიშვილს ნატოს წინააღმდეგ არაფერი უთქვამს. პირიქით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროატლანტიკას უკავშირდება. მაგრამ ხელისუფალთათვის, ისეთი ოპოზიციიდან, როგორიც ივანიშვილია, ევროატლანტიკური ტრფიალი მიუღებელია. ასეთის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ხელისუფლების და მისი სატელიტი პარტიების პრეროგატივაა.

ივანიშვილი ყოველთვის იქნება „პრორუსად“შერაცხული, ვინაიდან ასე სურს ხელისუფლებას. და ამას ვერ უშველის ივანიშვილის რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა ან რუსეთში არსებული ბიზნესის გასხვისება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"