ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.12.2011
როცა 30 ათასი მეტია, ვიდრე ნახევარი მილიონი

ვინც 10 დეკემბერს „პირველი კავკასიურის“ გადაცემებს უყურა, უთუოდ დეჟავიუს შეგრძნება დაეუფლებოდა; ეს 2003 წლის „რუსთავი 2“ იყო, ოღონდ რუსულ ენაზე ამეტყველებული. რიტორიკაც ზუსტად 8 წლის წინანდელი იყო და ხბოს აღტყინებაც.

30 ათასი მომიტინგისათვის ნებართვა აქციის ჩატარებაზე რევოლუციის მოედნის ნაცვლად „ბალოტნი“ (ანუ ჭაობის) მოედანზე გაიცა. ცხადია, ამ არცთუ მიმზიდველ სახელზე „გასამარჯვებელი რუსი ხალხის“ ქართული ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას ხმაც არ ამოუღია. მთავარი აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ მიტინგზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. დასახელდა სხვადასხვა ციფრები – 30 ათასიდან 80 ათასამდე, მაგრამ შეფასება ყველა შემთხვევაში „ძალიან ბევრის“ შესაფერისი იყო.

ესეც ერთგვარი „რევოლუციური“ არითმეტიკაა, როცა 15–მილიონიან მეგაპოლისში გამოსული თუნდაც 80 ათასი (ტვიტერში გავრცელებული მონაცემი) უფრო ბევრია, ვიდრე ზუსტად ათჯერ ნაკლები მოსახლეობის თბილისში გამოსული 500 ათასი მომიტინგე. თუმცა, არც ამ შემთხვევაში ხდება რაიმე ახალი. 2008 წელს აშშ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯერ კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. ახლა, რუსეთის სათათბიროს 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქვეყნოდ ბრძანა, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.

ისმის კითხვა: სამართლიანი და თავისუფალი იყო 2003 წლის შემდეგ ჩატარებული რომელიმე არჩევნები საქართველოში? ცხადია არა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის მხოლოდ ის არჩევნებია „სამართლიანი და თავისუფალი“, რომელსაც სხვა ქვეყნის სათავეში ამერიკისთვის სასურველი რეჟიმი მოჰყავს, ან ტოვებს. პუტინი, რომლის თვალებში ჯორჯ ბუშმა „მონათესავე სული“ დაინახა, ჰილარი კლინტონისთვის კგბ–ს ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც არ შეიძლება სული ჰქონდეს. არ შეიძლება იმიტომ, რომ პუტინმა ელცინის მეშვეობით ამერიკული ინტერესების წინაშე დაჩოქილი რუსეთი წამოაყენა და დასავლეთს აგრძნობინა, რომ მისი გეოპოლიტიკური ინტერესების მონურად გამტარებელი აღარ იქნება.

არ არის სადავო, რომ მოსახლეობა მეტ–ნაკლებად, ყველა ხელისუფალით არის ხოლმე უკმაყოფილო, მაგრამ შეერთებული შტატები, რომელსაც წესად ექცა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ღია ჩარევა, ამ შემთხვევაშიც იმ გზას მიჰყვება, რომლითაც ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ექსპორტი საქართველოსა და უკრაინაში მოახერხა. თუმცა არის განსხვავებაც. რა შედეგები უნდა მოჰყვეს რევოლუციას რუსეთში? მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა გასული, მას მართლაც აქვს მხარდაჭერა. მესამე–მეოთხე ადგილებზე – ჟირინოვსკის „ლიბერალ–დემოკრატები“ და მირონოვის „სამართლიანი რუსეთი“. ის ძალები, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა ამერიკელებს ასე სწადიათ, ჩვენი რესპუბლიკელებისა არ იყოს, ხალხში უკიდურესად არაპოპულარულნი არიან. „იაბლოკო“ და „მემარჯვენე ძალთა კავშირი“, როგორი სამართლიანი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, ერთად 3%–საც ვერ მიიღებენ.

მაშ, რისთვისაა ეს ყველაფერი მოწოდებული?

ყველაზე დიდ მიღწევად 10 დეკემბრის მიტინგზე ის ჩაითვალა, რომ ექსცესები არ ყოფილა, პოლიცია კორექტულად იქცეოდა და რომ „ისევ შეიკრიბებიან“. ჰილარი კლინტონს ისევე აწუხებს რუსეთის სათათბიროში მანდატების განაწილება, როგორც მის ქმარს – პრეზიდენტ ბილ კლინტონს აწუხებდა ელცინის მიერ 1993 წელს დახვრეტილი პარლამენტის შენობა.

აქციის წინა დღეებში სოციალურ ქსელებში ინსტრუქციები ვრცელდებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მომიტინგეები (შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჰილარი კლინტონმა „დემოკრატიის გავრცელებისთვის“ სოციალური ქსელების მრავალმილიონიან დაფინანსებაზე გააკეთა განცხადება), სხვა მრავალს შორის, ხაზგასმით იყო მითითებული, რომ აქციის მონაწილეებს თეთრი ლენტები უნდა ჰკეთებოდათ და ყვავილები სჭეროდათ. წინსწრებით ზოგიერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა (ნათია ზამბახიძის 2003 წლის აღმოჩენის – „ეს ნამდვილი „ვარდების რევოლუციაა“ – წაბაძვით) უკვე ახსენა აქა–იქ ტერმინი „თეთრი რევოლუციაც“, მაგრამ ბედის ირონიით ამ წინასწარ მომზადებულმა ტერმინმა ვერ „ითამაშა“. მოსკოვში დეკემბერში თოვლი არ იყო! სინამდვილეში ეს ლენტები და აქციაც სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი დათვალიერება. ეს არის ტესტი, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანა შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ.

თავად ეს ტესტი კი არა სათათბიროს არჩევნების, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაა, რომელიც 2012 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. ამერიკული ლოგიკით, პუტინის დაბრუნება ხელისუფლებაში არ შეიძლება, სააკაშვილის პრემიერმინისტრის მანტიით დატოვება კი – სრულიად ბუნებრივი. და ამ შემთხვევაშიც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ აძლევს ხმას ამომრჩეველი. მის ნაცვლად არჩევანს მსოფლიოს ჰეგემონი – ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს.

საკმარისია, რუსეთის ხელისუფლებამ ხმა ამოიღოს მის საშინაო საქმეებში ჩარევაზე, რომ მას ნაციონალისტობაში სდებენ ბრალს. უცნაურია, მაგრამ საკუთარი „სტრატეგიული პარტნიორის“ – საქრთველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებისთვის ასე მძაფრად არც პუტინი გაუკრიტიკებია კლინტონს და არც მედვედევი. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ისე, ცალყბად დაუჭირა მხარი. ბუშზე აღარაფერი ითქმის – სარკოზისაც ურჩევდა 2008 წელს, ნუ ჩაერევი მაგ საქმეშიო!

პუტინის მომხრეებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან ხელისუფლების მხარდასაჭერად მილიონი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ სისხლიან სცენარზეც. ამერიკელები ამ შემთხვევაშიც მოგებული იქნებიან: საშინელი „რუსული ბუნტის“ შემთხვევაში ქვეყანაში ქაოსი დაისადგურებს და მის დაშლას დიდი ძალისხმევა სულაც არ დასჭირდება. თუმცა ეს ამერიკული გეგმაა და არა ევროპული, რომელსაც საკუთარი პრობლემები აქვს, ხოლო ამერიკელები ამ პრობლემებზე ხელის მოთბობით არიან დაკავებული.

ლაპარაკი არ არის რუსეთის მიმართ ევროპის ენერგოდამოკიდებულებაზე, თუმცა ზამთარში ეს სერიოზული ფაქტორია. აქ უფრო ის არის მნიშვნელოვანი, რომ ქაოსში ჩაძირული რუსეთი ყველაზე მეტად სწორედ ევროპას არ აძლევს ხელს. ქაოსი გადამდებია, მით უფრო, როცა ევროპაში კრიზისის გამო „ბირთვის“ ქვეყნებს არაორდინარულ ზომებზე უწევთ წასვლა. რუსეთის ფაქტორი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია ამ თვალსაზრისითაც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროპის ლიდერები ჰილარი კლინტონის მოწოდებას აჰყვნენ. ეს ჩვენმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც იცის. აკი ბრძანა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი (გივი) თარგამაძემ: „ჩვენ უნდა გავუძლოთ პუტინის პერიოდსო“!

თარგამაძის დარად, ჩვენი ექსპერტები უფრო იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ პუტინი პირველ (მესამე) ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს. სინამდვილეში ეს ყველაფერი ყავაზე მკითხაობაა. საქართველოს ხელისუფლებამაც და მისმა ამერიკელმა მეგობრებმაც ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გააოცნობიერონ: რუსეთს კი არ უნდა უთხრიდნენ ძირს (ნათქვამია,სხვისთვის გათხრილ ორმოში ბევრი თვითონ ჩავარდნილა), არამედ იმ ხელისუფალთან უნდა ეცადონ ურთიერთობის მოგვარებას, რომელსაც რუსი ხალხი აირჩევს. თუმცა, როდის იყო ან ჩვენი ხელისუფლება, ან ამერიკის ადმინისტრაცია ხალხის არჩევანს დაგიდევდათ?

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"