ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
06.12.2011
ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ ყურადღების ცენტრშია

ირანის თემა ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ერთობ აქტუალურია. დასავლური მედია და პოლიტიკა დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს, რაც სერიოზული ფიქრის საგანია. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს, უმალ შევამჩნევთ, რომ ესოდენ ჭარბი ინტერესი, თანაც აგრესული, ცუდის მომასწავებელია.

გასახსენებელი ნეგატიური მაგალითები მრავალია. რად ღირს თუნდაც ავღანეთისა და ერაყის ომების წინა პერიოდის აგრესიული პოლიტიკურ-მედიური განცხადებები - მძაფრი ტელესიუჟეტებით ფართო საზოგადოების ანტიერაყული, ანტიავღანური განწყობის შექმნისთვის. არანაკლები სიმძაფრით გამოირჩეოდა იუგოსლავური დაპირისპირება, მილოშევიჩის პოლიტიკური ფიგურიდან, სისხლისმსმელ ტირანად გადასაქცევად.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მათ შორის კადაფის ლიბიის. ამერიკა-ევროპას ამ ქვეყანასთან და მის ლიდერთან მოამარ კადაფისთან საკმაოდ პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდათ - გადასული მეგობრობაში. კადაფის ლიბიის ფინანსები ევროპის ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლო ელექსირის როლს ასრულებდა. ერთ დროს მათდამი მტრულად განწყობილი, ხოლო შემდეგ მეგობრად შებრუნებული კადაფი, ძნელად წარმოიდგენდა ახალი მოკავშირეების მუხანათობას. ვერ წარმოიდგენდა იმასაც, რომ სასიკვდილოდ დაუწყებდნენ დევნას.

მჭიდრო ფინანსური, მათ შორის საიდუმლო თუ ღია კავშირი წარმატებული, უზრუნველი არსებობის გარანტიად ითვლებოდა, როგორც ერაყის, ისე ლიბიის ლიდერებისთვის, ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნევდნენ ისინი. ასე მიიჩნევს ნებისმიერი არა ბოროტად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ დასავლეთს სხვა საზომი აქვს, სხვაგვარი მიდგომა ქვეყნებს შორის ურთიერთობისადმი, რაც არაერთხელ დამტკიცდა ახალი ისტორიის განმავლობაში.

მეორე მსოფლიო ომის მჭიდრო თანამებრძოლები - დიდი სამეულის სახით, ომის დამთავრების შემდეგ სასტიკ მოწინააღმდეგეებად იქცევიან. ინიციატივა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან მოდიოდა. უინსტონ ჩერჩილის ფულტონის სიტყვა საგანგაშო ზარების შემოკვრას გავდა - შესაბამისი შედეგით - ცივი ომით. რომ არა სტალინის შორსმჭვრეტელობა, სრული შესაძლებელი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომს სულ მალე მესამეც მოჰყოლოდა.

პოტსდამის კონფერენციის წინ და მისი მსვლელობის დროს სამი მოკავშირიდან, ორი გამოკვეთილად განსხვავებულად იქცეოდა. თავის მემუარებში აშშ-ს სამხედრო მინისტრი წერდა: „ვაშინგტონი აუცილებლად თვლიდა, ტრუმენის ხელში მძლავრი კოზირის გაჩენამდე, ევროპისა და სხვა საკითხების განხილვის გადაწევას. კოზირი - ატომური ბომბის გამოცდა იყო. პოტსდამის კონფერენციის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 1945 წლის 16 ივლისს, აშშ-ა განახორციელეს ბირთვული ბომბის გამოცდა, რამაც ერთი-ორად განუმტკიცა მოლაპარაკებაში მონაწილე ტრუმენსა და მის თანმხლებ პირების პოზიციები.

ასე თვლიდნენ ისინი. ამით იყო გამოწვეული კრიტიკული განცხადებები საბჭოეთის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა ამერიკელთა მხრიდან მოლაპარაკების მსვლელობისას. არაფერი გამოვიდა. საბჭოთა დელეგაციამ არ დათმო პოზიციები.

ვითარების გადასარჩენად, სხდომის დამთავრების შემდეგ, ტრუმენი წამოეწია სტალინს და კონფიდენციალურად გაანდო ატომური ბომბის გამოცდის თაობაზე. „აშშ-ა შექმნა დიდი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი, რომლის გამოყენებას ვგეგმავთ იაპონიის წინააღმდეგ“, - თქვა ტრუმენმა. სტალინმა უემოციოდ მოისმინა ნათქვამი, რამაც ხასიათი გაუფუჭა აშშ-ს პრეზიდენტს. „როგორი იყო სტალინის რეაქცია თქვენს ნათქვამზე“, - ჰკითხა ჩერჩილმა ტრუმენს. „მან არც ერთი შეკითხვა არ დამისვა, შემოიფარგლა მხოლოდ მადლობით ინფორმაციისათვის“, - მიუგო ტრუმენმა.

ტრუმენის შემდგომი განცხადებიდან გამომდინარე, სტალინის მხრიდან რეაქციის არქონა გამოწვეული იყო ახალი იარაღის ძალის არცოდნით. ანდრია გრომიკოს მიხედვით, რომელიც ახლდა სტალინს პოტსდამის კონფერენციაზე, ვითარება სხვაგვარი იყო. ტრუმენის ინფორმაციის მიღების შემდეგ, თავის ოთახში დაბრუნებულმა, სტალინმა სასწრაფოდ დაურეკა აკადემიკოს კურჩატოვს მითითებით, დაეჩქარებინათ ბირთვულ ბომბზე მუშაობა.

ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ გამოცდილმა ატომურმა ბომბმა შექმნა ის უცილებელი პარიტეტი, რომელმაც იხსნა მსოფლიო მესამე ომისგან.

იქედან დაწყებული დღემდე ბირთვული იარაღი ასრულებს დიდ სახელმწიფოებს შორის ომის მთავარი შემაფერხებლის ფუნქციას. რომ არა ბირთვული იარაღი, მსოფლიოს არაერთი ომი ექნებოდა გადატანილი.

ბირთვული იარაღი სწორედ ისაა, რასაც მორიდებით ეპყრობიან. ბირთვულიარაღიან ქვეყანას მეტი წონა და დაფასება აქვს საერთაშორისო არენაზე. სწორედ ეს არის სტიმული ამ იარაღის შესაქმნელად. ბირთვულიარაღიან ქვეყანას აგდებულად არ ელაპარაკებიან.

ძნელად წარმოსადგენია ბირთვულიარაღიანი ირანისთვის იმ რაოდენობის ეკონომიკური სანქციების დაწესება, რასაც დღეს მიმართავს ამერიკა-ევროპა უბირთვო ირანის მიმართ. სამი დღეა, რაც ევროკავშირმა ამერიკელთა მიბაძვით, მკაცრი სანქციები დააწესა ირანის წინააღმდეგ - ისეთ დარგშიც, როგორიცაა ნავთობქიმია.

მსგავსი რამ გააკეთა აშშ-ს ადმინისტრაციამ ათი დღით ადრე. მან აუკრძალა ამერიკელებს და ამერიკულ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი ირანის ნავთობქიმიური მრეწველობის წარმომადგენლებთან. ბარაკ ობამას განკარგულებით, ირანის ნავთობქიმიური კომპანიები შავ სიაში შეიყვანეს. ასეთი რამ პირველია ნავთობქიმიური კომპანიების წინააღმდეგ.

იკრძალება მასთან კონტაქტები, ტექნოლოგიის გაცვლა, მისთვის სავაჭრო საქონლის მიწოდება და სხვა. ვინც არ დაემორჩილება განკარგულებას, მკაცრად დაისჯება.

პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ ამცნეს საზოგადოებას ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ფინანსთა მინისტრმა ტიმოთი გაიტნერმა. „ახლახანს მივიღეთ ცნობა, რომ ირანი სწრაფი ტემპით ამზადებს ბირთვულ ბომბს, გარდა ამისა არღვევს ადამიანის უფლებებს, სწორედ ამიტომაც შემოგვაქვს ახალი სანქციები“, - განაცხადა კლინტონმა. გაიტნერმა კი განმარტა, რომ ახალი სანქციებით ირანის ეკონომიკას მიადგება დიდი ზარალი. მან მოუწოდა ამერიკულ ბანკებს, არ იქონიონ ურთიერთობა ირანის ბანკებთან.

ვაშინგტონთან ერთად სანქციები დააწესეს კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა. მათ აუკრძალეს თავიანთ კომპანიებს ირანის ნავთობქიმიის კომპანიებისთვის ტექნოლოგიების მიწოდება. ლონდონმა კი ირანის ბანკებთან გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ამასთანავე ფინანსთა მინისტრმა თქვა: „ირანის რეჟიმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბრიტანეთს და მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას“.

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი ანტიირანული ტალღა საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტომ ააგორა, ამერიკა-ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით. სააგენტომ თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2003 წლიდან დაწყებული ირანი ინტენსიურად მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.

დასავლურ ანტიირანულ ისტერიას არ იზიარებს რუსეთი, რომელიც თვლის, რომ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია არა სანქციები, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სანქციები ვერ დასვამს ირანს მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. საჭიროა დიპლომატია. სამწუხაროდ დიპლომატია არ ჩანს - პირიქით, ის, რაც არის ძალისმიერი პოლიტიკაა და არა დიპლომატია.

დიდი ბრიტანეთის განცხადებამ ერთობ დაძაბა ვითარება ირანში. ასეულობით სტუდენტმა ალყა შემოარტყა დიდი ბრიტანეთის საელჩოს თეირანში, შეიჭრა შენობაში, ჩაამსხვრია მინები და სხვა. პასუხად დიდმა ბრიტანეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან და უბრძანა ამ ქვეყნის ელჩს დატოვოს ინგლისი. ინგლისის მაგალითს მიბაძეს ევროპის ქვეყნებმაც. ზოგიერთმა კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაიწვიეს თავიანთი ელჩები.

დასავლეთის პრესაში სისტემატურად იბეჭდება სტატიები, თუ როგორ ემზადება ირანი ომისთვის. თითქოს ირანი გეგმავს გერმანიაში დისლოცირებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმას, აგრეთვე ისრაელზე სარაკეტო იერიშს.

იძაბება ირანის მოკავშირე სირიის მიმართ ვითარება. ლიბიის სამხედრო ოპერაციის წარმატებამ თავისებური სტიმული შემატა დასავლელ პოლიტიკოსებს სირიის წინააღმდეგ გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმაში.

სირიის ხელისუფლება, ბაშარ ასადის მეთაურობით, დიდი ხანია ვაშინგტონის შავ სიაშია შეყვანილი, მეტადრე იმიტომ, რომ ის ირანის უახლოესი მოკავშირეა და ჰესბოლა-ჰამასთან ერთად ეწინააღმდეგება ამერიკა-ისრაელის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკას.

თითქმის ერთი წელია მძიმე ვითარებაა სირიაში, ანტისამთავრობო გამოსვლები არ ცხრება, პირიქით ის ახალი ენერგიით მოქმედებს. დასავლური მედიის მიხედვით, სულ უფრო მეტი სამხედრო გადადის მეამბოხეთა მხარეზე, რაც იმის მომასწავებელია, რომ შორს არ არის სამოქალაქო ომი და თუ მას ექნა ადგილი, სირიის საშინაო საქმეებში უდავოდ განხორციელდება დასავლელთა სამხედრო ჩარევა.

სირიაში შეჭრა ახლო აღმოსავლეთის ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. დასავლური პრესის მიხედვით, თითქოს სირიაში შესაჭრელად მზად არის ნატოს წევრი თურქეთი, რაც არ არის გამორიცხული, სირიის ხელისუფლების მიმართ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერდოღანის მკაცრი განცხადებიდან გამომდინარე.

სირიის მოთავების შემდეგ, ჯერი ირანზე მიდგება.. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოება რახანია შემზადებულია დასავლური მედიის მიერ.

დასავლეთის აზრით, ბირთვული იარაღის საბაბით, ირანზე იერიშის მიტანა, მთელ რიგ საკითხებს გადაჭრის - ბირთვულ იარაღზე მუშაობას რამდენიმე წლით გადაავადებს, დაასუსტებს ირანის კავშირებს ჰესბოლასა და ჰამასთან, სირიის ხელისუფლებასთან, დასწევს ირანის ავტორიტეტს არაბულ ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთში, შეამცირებს ირანის გავლენას კასპიის ზღვის აუზში, ცენტრალურ აზიაში და სხვა.

გარდა ამისა ირანის ხელისუფლებას თვით ირანში შეუქმნის მიუღებლის იმიჯს, გამოაფხიზლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ანტისახელისუფლებო ძალებს და დარაზმავს მათ კლერიკალური მართველობის დასამხობად.

როდესაც ესოდენ მსუყე ცდუნება დევს მაგიდაზე, შეიკავებს დასავლეთი თავს შეტევისგან?

და თუ მართლაც განახორციელა ის, რასაც დასავლური მედია დიდი ხანია წინასწარმეტყველებს, მსოფლიო ურთულეს განსაცდელში აღმოჩნდება. შეტევას უდავოდ მოჰყვება ირანის პასუხი, როგორც ისრაელის მიმართ, ისე აშშ-ს სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, კატასტროფულად გაიზრდება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები და ა.შ.

ირანზე თავდასხმა ლოკალური არ იქნება, მას უდავოდ მოჰყვება სხვა ქვეყნების ჩართვა ომში. ღირს ყოველივე ამად?

სპეციალისტების აზრით, ის, რაც ირანს სურს - არის ურანის 90%-ე გამდიდრება, რაც ცხადია არ ნიშნავს ბომბს, მაგრამ ნიშნავს კოზირს ამერიკელებთან მოლაპარაკებისას.

ბირთვული ენერგეტიკისათვის საჭიროა ურანი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თეირანის განცხადებით ისპაჰანთან არსებულ გაჩინის საბადოში არის ასეთი, სპეციალისტების აზრით, ის არ არის საკმარისი. ურანის მისაღებად ირანელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ ვენესუელასა და ბოლივიაში. მოისინჯა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც, მაგრამ მთავარი აქცენტი გაკეთდა ტაჯიკეთზე, ვინაიდან პამირის და ტიან-შანის მთები, როგორც ამბობენ, მდიდარია ურანის მადანით.

ცნობისათვის. სწორედ ტაჯიკეთში მოხდა ურანის მოპოვება და დამუშავება პირველი საბჭოთა ატომური ბომბისთვის. ზუსტად 60 წლის წინათ, ტაჯიკური ურანის წყალობით, განხორციელდა პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მშვიდობას მთელს მსოფლიოში.

პრეზიდენტ რაჰმონს ხშირად უყვარს განცხადება, რომ ტაჯიკეთი მდიდარია წიაღისეულით, უმთავრესად ისეთით, როგორიცაა ოქრო, ძვირფასი ქვები, ურანი. ტაჯიკ სპეციალისტთა მიხედვით, სწორედ ურანით არიან დაინტერესებული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ირანი. სხვადასხვა მონაცემებით, ტაჯიკეთში ურანის მადანის რაოდენობა მსოფლიო მარაგის 14%-დან 40%-მდე მერყეობს.

როგორც ამბობენ თეირან და დუშანბეს შორის სხვანაირი ურთიერთობები არსებობს, გამომდინარე 1998 წლის ამბებიდან, მაშინ ირანმა პრეზიდენტ რაჰმონს ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ამბოხებული პოლკოვნიკის ხუდაიბერდიევის წინააღმდეგ.

იმ დღიდან მოყოლებული ირანი ღრმად შევიდა ტაჯიკეთში. სკოლებსა და უნივერსიტეტში მეორე ენად სპარსული შემოიღეს. სპარსულ ენაზე გამოიცემა გაზეთები, მოქმედებს სპარსულენოვანი ტელევიზია. ირანული საქონელი უხვადაა ტაჯიკეთში და სხვა. გარდა ეკონომიკურ-კულტურული კავშირისა არსებობს მთავარი - ირანის ინტერესი ტაჯიკეთის ურანთან მიმართებაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ირანის ბირთვული პროგრამა კულმინაციას აღწევს, რაც თავისთავად სვამს კითხვას - შეძლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის შეჩერებას, თუ მას მართლაც გადაწყვეტილი აქვს იარაღის შექმნა? შეძლებს აშშ-ი და მისი სატელიტები სანქციებით ირანის ისე დასუსტებას, რომ თვით მან აიღოს ხელი ურანის გამდიდრებაზე? და თუ არა ძალისმიერი გადაწყვეტილება შეაფერხებს ირანს?

ეს კითხვები პასუხს ელოდება. ველოდებით ჩვენც - ირანის მეზობლად მყოფი ქვეყანა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"