ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.12.2011
არეულობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში - ფერადი რევოლუციის მცდელობა?

როგორც ცნობილია, 27 ნოემბერს ჩატარდა „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ა. ჯიოევა და ა. ბიბილოვი. პირველი მათგანი ოპოზიციის კანდიდატად ითვლებოდა, ხოლო მეორე - ადგილობრივი ხელისუფლების და რუსეთის ფავორიტად.

რუსი ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებდა ბიბილოვი, რადგან მას აშკარად უჭერდა მხარს რუსული მხარე, კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მედვედევი ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ შეხვდა კიდეც ბიბილოვს, ასევე ცხინვალში ჩამოსული იყო რუსული დელეგაციები სხვადასხვა მაღალჩინოსნის მეთაურობით, რომლებიც ბიბილოვის მხარდასაჭერად გარკვეულ აგიტაციას ეწეოდნენ.

ამგვარ პოზიციას, თითქოს, უნდა გადაეწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტი მთლიანად რუსეთიდან გადმორიცხული ფულით ივსება. თუმცა, მოულოდნელად, „კრემლის კანდიდატს“ მოსახლეობამ ხმა არ მისცა და არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა მოიპოვა.

საიდუმლო არაა, რომ ა. ჯიოევას უკან ოსური გავლენიანი კლანების წარმომადგენლები დგანან, კერძოდ, რუსი სპორტსმენი და მწვრთნელი ჯ. თედეევი, რომლის ძმა რამდენიმე წლის წინ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ვლადიკავკაზში. თედეევის კიდევ ერთი ძმა უკრაინის პარლამენტის დეპუტატია. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ოსური წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტის, სავლოხოვის აღზრდილად ითვლება (როგორც ჯ. თედეევი, ისიც სპორტსმენი იყო). ამავე დროს, ა. ბიბილოვს წარსულში ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სავლოხოვის კრიმინალურ დაჯგუფებასთან უკრაინაში. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაციით, სწორედ ბიბილოვმა შეუწყო ხელი საბოლოო ჯამში ამ დაჯგუფების დაშლას და მისი ლიდერის დაპატიმრებას.

ასეა თუ ისე, „სახელისუფლებო კანდიდატი“, როგორადაც ითვლებოდა ბიბილოვი, მეორე ტურში დამარცხდა. ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი გახდა მოსახლეობის უკმაყოფილება ომის შედეგად დანგრეული ქალაქების და სოფლების საქმეში არსებული კორუფციის და უთავბოლობის გამო, რასაც კოკოითს რეჟიმს უკავშირებენ. ეს უკმაყოფილება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ იგი ვერ გაანეიტრალა ვერც ოპოზიციური კანდიდატის გარკვეულმა სისუსტეებმა (თუნდაც იმან, რომ ის ქალია, კავკასიაში კი ქალის არჩევა პრეზიდენტად, მით უმეტეს, კონფლიქტის ზონაში, მეტად უჩვეულოა).

ამავე დროს, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ჯიოევა, რომელიც საპენსიო ასაკს უახლოვდება, თუ არის კიდეც, რეალურად შეძლებდა ამ ტერიტორიის მართვას. ცხადია, რომ ფაქტიური პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო ან თავად ჯ. თედეევი, ან მისი გარემოცვიდან სხვა ვინმე. როგორც ჩანს, ამის დაშვება მოსკოვმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეულებლად მიიჩნიეს და არჩევნების შედეგები „სამხრეთ ოსეთის“ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. განმეორებითი არჩევნები დაინიშნა 2012 წლის მარტში.

ამის შედეგად, საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა ქალაქ ცხინვალში. ჯიოევას მომხრე რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი უკვე მეორე დღეა, საპროტესტო აქციებს ატარებს. მათ სცადეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა, თუმცა შენობის დაცვამ აღკვეთა ეს მცდელობა. ასევე ადგილი ჰქონდა მცირეოდენ შეხლა-შემოხლას ქალაქის სხვა ადგილებში, რის შედეგადაც სახელმწიფო დაწესებულებების დაცვამ რამდენჯერმე გახსნა გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში.

ა. ჯიოევამ თავი გამოაცხადა კანონიერ პრეზიდენტად და ჩამოაყალიბა ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“ (სახელწოდება ემთხვევა ზ. გამსახურდიას დამხობის შემდეგ შექმნილ ორგანოს). მან ულტიმატუმი წაუყენა კოკოითს, რომ ერთი დღის ვადაში აღიაროს არჩევნების შედეგები და გადადგეს, სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა. თუმცა, კოკოითი არ აპირებს ამ ულტიმატუმის შესრულებას. ეს ნიშნავს, რომ დაძაბული სიტუაცია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კვლავ შენარჩუნდება და შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს.

ამ პირობებში, საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა შანსი, მღვრიე წყალში თევზის ჭერა სცადოს. თუ ის შესძლებს კონტაქტი დაამყაროს კოკოითის მოწინააღმდეგეებთან, მაშინ, შესაძლოა, თბილისში არსებულმა ხელისუფლებამ მოახერხოს „ალტერნატიული მთავრობის“ სცენარის რაღაც ფორმით განმეორება. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო ომის პერსპექტივა ცხინვალის რეგიონში, და ქართული საჯარისო ფორმირებების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა ამ პროცესებში, გარკვეულ რეალურ პერსპექტივას შეიძენს. ძირითადი მოვლენები, როგორც ჩანს, მომავალი წლის გაზაფხულზე განვითარდება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"