ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.11.2011
მესამე „ცენტრის“ არარსებობის პრობლემა საქართველოში

დღეისათვის, როგორც ცნობილია, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარეობს ე.წ. მეორე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო იქმნება. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის ლეიბორისტებს, არ შესწევთ ძალა სახელისუფლებო მონსტრს და ივანიშვილის მილიარდებით ზურგგამაგრებულ ახალ ცენტრს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.

ამიტომ, წვრილი პარტიები ან ერთი, ან მეორე ძალის სატელიტობას ცდილობენ. მათ არ გააჩნიათ არც ფინანსური და არც იდეოლოგიური რესურსი იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი კურსი აირჩიონ. შედეგად, ქართული პოლიტიკა ისევ ორი ბანაკის ირგვლივ ტრიალებს.

ეს შეიძლებოდა მისაღებიც ყოფილიყო, რომ ამ ორ დაპირისპირებულ (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად დაპირისპირებული) მხარეებს განსხვავებული იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი და საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციები ჰქონოდათ. სამწუხაროდ, როგორც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან გასული რამდენიმე კვირა გვარწმუნებს, მისი პოლიტიკური „ცენტრი“ პრაქტიკულად იგივე პოლიტიკის გამგრძელებლად გვევლინება, როგორც დღეს არსებული ხელისუფლება.

მართალია, არის გარკვეული განსხვავებებიც, მაგრამ ისინი ძირითადად ეხება ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ საკითხებს. ეს ნიშნავს, რომ კურსი მთლიანობაში იგივეა, მაგრამ მისი განხორციელების მეთოდები ოდნავ განსხვავებული. კერძოდ, ეს ეხება რუსეთთან მიმართებაში ხაზგასმულად კონფრონტაციული პოლიტიკის (ძირითადად, რიტორიკის) შერბილებას ისე, რომ მთავარი პოლიტიკური ხაზი არ შეიცვალოს.

რაში მდგომარეობს ეს მაგისტრალური ხაზი? მისი მთავარი მიზანია საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და გამორიცხვა ნებისმიერი სახის ევრაზიულ სტრუქტურებთან დაახლოებისა.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა (ი. ალასანიამ და რესპუბლიკელებმა) ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს, რომ მათთვის, ისევე როგორც არსებული ხელისუფლებისთვის, სტრატეგიულ მიზნად რჩება ე.წ. „დასავლური არჩევანის“ რეალიზაცია. აქ იგულისხმება ევროკავშირთან დაახლოება და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი წევრობა, ასევე ნატო-სთან დაახლოება, როგორც მინიმუმ, ე.წ. მაპის მიღების სახით.

ბ. ივანიშვილმა პირველივე ინტერვიუში, რომელიც მან მისცა სააგენტო „როიტერს“, გამორიცხა საქართველოს ნეიტრალიტეტის თემაზე საუბარი. ეს ნიშნავს, რომ ის არც კი განიხილავს ე.წ. ევრაზიულ სტრუქტურებთან სერიოზულ თანამშრომლობას, რომლებიც დღეს, ასე თუ ისე, ფორმირების პროცესში არიან (საბაჟო კავშირი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და ა.შ.).

ამავე დროს, ივანიშვილისგან, და ასევე ალასანიასგან, გაისმა ორაზროვანი „მესიჯები“, რომ თითქოს ნატო-ს წევრობა გრძელვადიანი პერსპექტივაა, ახლანდელი ხელისუფლების შეცდომების გამო. მაგრამ გაუგებარი დარჩა, რას ემსახურებოდა ეს გზავნილები: ანუ, იტყვის თუ არა ეს ძალა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უარს ნატო-ში შემდგომ ინტერგაციაზე, როგორც ეს გააკეთა უკრაინაში ვ. იანუკოვიჩის ხელისუფლებამ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის და ალასანიას განცხადებები შიდა პოლიტიკურ არენაზე გარკვეულ პიარ-სვლების განხორციელებას ისახავდა მიზნად. შემდგომში, ალასანიამ, ფაქტიურად, საკუთარი სიტყვების დეზავუირება მოახდინა და ხაზი გაუსვა ნატო-სკენ აღებული კურსის უალტერნატივობას.

ამრიგად, დღეისთვის იქმნება სიტუაცია, როცა ქართული პოლიტიკა კვლავ მომწყვდეულია ორ პროდასავლურ ბანაკს შორის, რომლებიც მხოლოდ ტაქტიკურ განსხვავებებზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ამავე დროს, სიტუაცია ამ ორ ბანაკს შორის მთლად „სიმეტრიული“ არ არის.

საქმე ისაა, რომ არსებული ხელისუფლება ეყრდნობა მხოლოდ ძალას და სატელევიზო-საინფორმაციო ზომბირებას. მას ნაკლებად აქვს პოპულარობა ხალში, თუმცა არჩევნების მოგებას სხვადასხვა ხერხების და მანიპულაციების საშუალებით მაინც ახერხებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას მოსახლეობაში გაცილებით მეტი პოპულარობა აქვს, ვიდრე არსებულ პრეზიდენტს და მის გარემოცვას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ავტომატურად მოიგებს არჩევნებს. მისი პოლიტიკური პარტნიორები, განსაკუთრებით რესპუბლიკელები, და ნაწილობრივ ალასანია, არ სარგებლობენ მაღალი რეიტინგებით. მათ მიმართ ანტიპათიაც არსებობს. ამავე დროს, ამ ბანაკს არ გააჩნია ის მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც აქვს ხელისუფლებას, და რომლებიც მას ნებისმიერი არჩევნების მოგების საშუალებას აძლევს.

ამგვარი „არასიმეტრიულობა“ აჩენს კითხვას: შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ, რომ გარე მოთამაშეები (პირველ რიგში, აშშ), რომლებსაც სერიოზული გავლენა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეალურად მხარს დაუჭერენ ხელისუფლების ცვლას საქართველოში და ივანიშვილის ბანაკის გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებზე? ეს პერსპექტივა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება, რადგან დღევანდელი ხელისუფლების სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ მისთვის დამარცხება წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩამოინგრეს მთელი სახელისუფლებო „ვერტიკალი“ და ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, ნაწილებად დაიშალოს. ანუ, ადვილად არ გამოდის ისე, რომ არსებულმა ორმა ბანაკმა ადგილები გაცვალონ და ოპოზიციაში მყოფი წყნარად გადავიდეს ხელისუფლებაში, ხოლო მმართველი პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა გახდეს.

ამის გამო, პოლიტიკური სისტემა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ფაქტიურად, თავიდან იქნება ასაწყობი, უკვე ივანიშვილის გარშემო. ძნელი სათქმელია, წავლენ თუ არა გარე მოთამაშეები (ამერიკელები) ამაზე და შეძლებს კი ბიძინა ივანიშვილი სტაბილური სისტემის აწყობას ამ რთულ დროში. ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ძალზე სჭირდებათ საქართველოში იმ პრეცენდენტის შექმნა, როცა ერთ პროდასავლურ ძალას არჩევნების გზით ჩაანაცვლებს მეორე პროდასავლური ძალა, ისინი მაინც არ დაუშვებენ ამ საარჩევნო ციკლის დროს ხელისუფლების კარდინალურ ცვლილებას, რადგან ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მოხდება მხოლოდ ივანიშვილის „ცენტრის“ საკმაოდ სოლიდური სახით შეყვანა ახლადარჩეულ პარლამენტში და არსებული რეჟიმისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნა.

თუ დავუბრუნდებით სტატიის სათაურში გამოტანილ საკითხს, ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველაზე დიდი პრობლემა არის იმ პოლიტიკური ძალების არსებობა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად იქნებოდნენ ორიენტირებული არა ევროატლანტიკური სივრცისკენ, არამედ ევრაზიული და სხვა არადასავლური გაერთიანებებისკენ. უბედურება ის არის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თუ პიროვნება, რომელიც ამგვარ პრიორიტეტებს გამოაცხადებს, მომენტალურად ხდება მარგინალიზებული ე.წ. ექსპერტების, მას-მედიის, სახელისუფლებო წრეების და ინტელიგენციის მიერ. იგივე ლეიბორისტები, რომლებიც, თითქოს, ყველაზე რეალური კანდიდატები არიან ამგვარი პოლიტიკური ნიშის დაკავებაზე, ერთი მხრივ, არასერიოზული იმიჯით სარგებლობენ ქართული საზოგადოების ელიტაში, ხოლო მეორე მხრივ, თავადაც ვერ ბედავენ მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი ორიენტაცია და მუდმივად ცვლიან საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას.

ჩვენი აზრით, ამგვარი მდგომარეობის მთავარი მიზეზი არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, და საერთოდ, რუსეთის მმართველი ელიტის მიერ საკუთარი ქვეყნის როლის გააზრება თანამედროვე სამყაროში. ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ყოფნის ფანტაზია, სააკაშვილის მიერ განხორციელებული ცალკეული „რეფორმების“ კოპირების გარდა, სხვა რამე შესთავაზოს საკუთარ მოსახლეობას, ქმნის იმ სიტუაციას, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებული და მოტივირებული ძალები, რომლებიც საზოგადოებას ევროატლანტიკური პერსპექტივის (საკმაოდ ბუნდოვანის) ალტერნატივას შესთავაზებდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თავად რუსეთში არ მოხდა თვისებრივი გარდატეხა პოლიტიკურ ელიტაში და არ შეიცვალა ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საქართველოს კიდევ კარგა ხანს მოუწევს დასავლური სტუქტურების კართან ატუზული, მომლოდინე „ღარიბი ნათესავის“ როლში ყოფნა.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"