ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.11.2011
შავრაზმელები ივანიშვილის წინააღმდეგ
ინტერნეტ-გამოცემა georgiatimes.info ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან ერთად კომენტარს უკეთებს რეჟიმის მიერ „ნებაყოფლობითი რეზერვის“ შექმნის ინიცირებას.

georgiatimes.info: საქართველოს მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არის მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებაში დაეჭვებული, რომ დაიწყო სპეციალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნაზე ზრუნვა, რომლებიც საჭროების შემთხვევაში ოპოზიციას დაუპირისპირდებიან. შეძლებს თუ არა სააკაშვილი, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა ხალხის ქუჩებში გამოყვანით ოპოზიციის შემართების განელებას თუ ამგვარი ზომები კიდევ უფრო გაამძაფრებს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას მმართველი ზედაფენის მიმართ?

სულ მოკლე ხნის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეთა სპეცმომზადების პროგრამის დაწყების შესახებ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს ღონისძიებები მიმართულია მხოლოდდამხოლოდ შეიარაღებული ძალების „ნებაყოფლობითი რეზერვის“ შესაქმნელად. მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული შენაერთები საპროტესტო გამოსვლებთან საბრძოლველად იქმნება. მართლაც, მოსალოდნელი არ არის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტების დაწყება, რისთვისაც შეიძლება, საჭირო გამხდარიყო საქართველოს ათობით ათასობით მოქალაქის გაწვევა. ქვეყნისთვის გარე საფრთხე არ არსებობს. თბილისში ასევე მშვენივრად ესმით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალადობრივი დაბრუნების უპერსპექტიობა. მაშასადამე, ადგილობრივი ჯარის სამოქალაქო პირებით შევსება საშინაო მტერთან ბრძოლით უნდა იყოს განპირობებული.

ეს მტერი კი სქართველოს ხელისუფლებას ამჟამად ერთი ჰყავს – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, დაიწყოს პოლიტიკური კარიერა, მმართველი ზედაფენის წარმომადგენლები ისე აწრიალდნენ, როგორც მინდვრის თაგვები მოშიებული ყორნის გამოჩენისას. ოპოზიციას კი, პირიქით, ახალი ძალა მიეცა. მ.სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს დიდი ხანია, სჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, რომელსაც უწინ შეურიგებელი კონკურენტების მორიგება შეუძლია. მაისის ბოლოს მიტინგების დარბევა საპროტესტო მოძრაობისათვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გამოჩენა კი მოსახლეობას ახალი აქციებისას ფრთებს შეასხამს.

ივანიშვილის გავლენას ხელისუფლება უპირისპირებს უხეშ ძალას, „შავი რაზმების“ ერთგვარი ანალოგების სახით, რომლებიც ოპოზიციის დაშლით იქნებიან დაკავებულნი. მსგავსი შენაერთების ორგანიზების მდიდარი გამოცდილება წინა პრეზიდენტებს – ზვიად გამსახურდიასაც და ედუარდ შევარდნაძესაც აქვთ, როდესაც თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს დაქირავებული ბანდების საშუალებით უსწორდებოდნენ. წინამორბედთა მეთოდები, როგორც ჩანს, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც აითვისა.

ცნობილი ქართველი ექსპერტი გულბაათ რცხილაძე დამაჯერებლად მიიჩნევს იმის შესახებ ცნობებს, რომ თავდაცვის სამინისტრო რეალურად არა ჯარის შევსებას, არამედ ანტიოპოზიციური რაზმების შექმნას აპირებს. „ეს ინფორმაცია უნდა განვიხილოთ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის კონტექსტში. ეს ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან არარსებული რუსული მუქარით აიხსნება, თუმცა რეალობაში საქმე სულ სხვაგვარადაა. ოპოზიცია იხატება რეალურ მუქარად, რომელსაც ხელისუფლება ასევე მოსკოვს უკავშირებს. ხელისუფლება სერიოზულად არის შეშინებული იმით, რომ პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილისნაირი ძლიერი ფიგურა და განზრახ ეწევა საზოგადოების გამიჯვნას სხვადასხვა პოლუსზე. ასე რომ, სააკაშვილი და მისი მომხრეები ყველაფერზე, მათ შორის სისხლისღვრაზეც წავლენ, ოღონდ კი არ დაუშვან ახალი ძალის გამარჯვება“ – აღნიშნა ექსპერტმა GeorgiaTimes-თან ინტერვიუში.

ჩვენი თანამოსაუბრის აზრით, ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხოს მმართველი რეჟიმის პროვოკაციებს ანალოგიური შეიარაღებული წინააღმდეგობით. „საჭიროა ლეგალური და ძალიან ორგანიზებული მუშაობა. ივანიშვილმა სერიოზული ტალღა ააგორა საზოგადოებაში. დიახ, მას უკვე ჰქონდა შეცდომები, მაგრამ რამდენიმე ძალიან ძლიერი ნაბიჯიც გადადგა. ამას გარდა, ხალხი იმდენად არის უკმაყოფილო თავისი მდგომარეობით, ყველას იმდენად მობეზრდა სააკაშვილი, რომ ამ გარემოებამ ოპოზიციას მოსახლეობასთან მუშაობა უნდა გაუადვილოს“ – ხაზგასმით აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

„საჭიროა მუშაობის ორგანიზება ადგილებზე, საქართველოს რეგიონებში ახალი მოძრაობის უჯრედების შექმნა. ხელისუფლება კანონის მუდმივ დარღვევაზე წავა, მაგრამ ტოტალიტარულ მანქანას ჯერ მაინც არ შეუძლია მთელი ძალით ამოქმედება – ეს მომენტი უნდა იქნას გამოყენებული. გარდატეხა შეიძლება ახალი წლის შემდეგ დადგეს, როდესაც სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. ამ დროისათვის მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ხელმოწერების შეგროვების დასრულება, ეს კი ძალიან დიდი დარტყმა იქნება ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის. როდესაც ხალხის ამგვარი კონსოლიდირება მოხდება, მაშინ ხელისუფლების მიერ დაქირავებული ‘რაზმელებიც’ დაეჭვდებიან, ღირს კი იმ პირთა ბრძანებების შესრულება, რომელთა წინააღმდეგ მთელი ქვეყანა ამხედრდა“ – დაასკვნის ექსპერტი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"