ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.11.2011
გ.ტროფიმჩუკი: „დასავლეთს ობიექტურად აწყობს ‘რუსეთის ხელებით’ საქართველოს დაქსაქსულობა“

ბოლო დროს აქტიურად განიხილება „ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის კვლავ გაერთიანების“ თემა, ისევე როგორც რიტორიკული კითხვა – ვინ ვის დაუთმო, რუსეთმა საქართველოს თუ პირიქით, რუსეთის მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით. რუსი ექსპერტის გრიგორი ტროფიმჩუკის, როგორც ყოველთვის, ლაკონური და არასტანდარტული კომენტარები.

1) მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთში უნდა ხდებოდეს რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისკენ სწრაფვის დეკლარირება?

2) როგორ აფასებთ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საარჩევნო კამპანიას?

3) როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საქართველო დათმობაზე წავიდა და დათანხმდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე რუსული სავაჭრო ოპერაციების ელექტრონულ მონიტორინგს რუსეთის მხრიდან ამ ოპერაციების რუსულ-ქართულ ოპერაციებად აღიარების გარეშე, ანუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ნაწილად ფორმალური აღიარების გარეშე?

4) როგორ გესახებათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განვითარების შემდგომი პერსპექტივები?

გრიგორი ტროფიმჩუკი:

1) სამხრეთ ოსეთის რუსულ ჩრდილო-ოსურ ნაწილთან შემოერთების თემა მოუმზადებელ ნიადაგზე გაჩნდა, ეს კი ყველასათვის სახიფათოა: სამხრეთ ოსეთისთვის, რეგიონისთვის მთლიანად და საკუთრივ რუსეთისთვისაც. ახალი, დემოკრატიული რუსეთის ფედერაცია არ არის ავტორიტარული სახელმწიფო მობილიზებული არმიით, რომელსაც შეეძლო ასეთი ნაბიჯი საკმაოდ იოლად გადაედგა. რუსეთი ასობით კაბელით არის მიერთებული ლიბერალურ დასავლეთთან, რომელიც, ამა თუ იმ გზით არათუ არ მისცემს რუსეთს ამის გაკეთების საშუალებას, არამედ ამ საბაბის გამოყენებით შეეცდება მის დამხობას. რა თქმა უნდა, ლაპარაკადაც არ ღირს, რომ დავუშვათ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან სამხრეთ ოსეთის აღარება მოცემულ ეტაპზე. დღესდღეობით ქუჩებში გაერთიანების გამო იყვირებს მხოლოდ ის, ვინც არ იცის ისტორია და ვერ ერკვევა „ანშლუსების“ ბუნებაში. თვით ჰიტლერიც კი უფრთხოდა ასეთ ფეთქებადსაშიშ პრობლემატიკასთან შეხებას იქამდე, სანამ სიტუაცია არ იქნებოდა მომწიფებული (გავიხსენოთ მომენტი, როდესაც მან ერთადერთმა თქვა უარი რეინის ზონის დესტაბილიზაციაზე პატრიოტული ძალების ერთიან ფრონტში და ამის გამო მას დაუნდობელი ობსტრუქცია მოუწყეს). არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს დღეს ხელს აძლევს, რეგიონში ამგვარი ვითარება შექმნას, მათ ხომ ბრალდებად პატრიოტულ გრძნობებს და გაერთიანებისკენ მოწოდებებს ვერ წავუყენებთ.

2) სამხრეთ ოსეთში საარჩევნო კამპანია დაახლოებით იმავე ჩვეული კანცელარული მეთოდებით ჩატარდა, როგორც ეს რუსეთის ფედერაციაში ხდება ხოლმე, ამ რესპუბლიკის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სამხრეთ ოსეთი ჯერ კიდევ არ არის რუსეთის ნაწილი, ამიტომ მოსახლეობის სიყვარულს ესა თუ ის კანდიდატი ვერ მიიღებს ადმინისტრაციული გზებით, ამგვარი სიყვარულის შედეგები ძალზე არაპროგნოზირებადი შეიძლება, რომ აღმოჩნდეს. ახლა უკვე გვიანია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ სიყვარულზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს ჩინოვნიკი. კოკოითი მუშაობდა საომარ ვითარებაში, ამიტომ მისმა მემკვიდრემ უნდა გამოაცხადოს არა მუდმივი დაპირისპირების შესახებ, არამედ საზოგადოების სწრაფვა დასვენებისკენ, აღმშენებლობისა და კეთილდღეობისკენ. მხოლოდ ასეთ კურსს შეუძლია ელექტორატის ერთად შეკვრა, რომელსაც უკვე ფსიქოლოგიურად აღარ შეუძლია მუდმივი ბრძოლა და ინტუიციის დონეზე ეძებს მშვიდობას. ამისთანა სამუშაოს გასატარებლად ჩინოვნიკი არ გამოდგება, საჭიროა გარკვეულწილად არტისტი, რომელსაც, ბუნებრივია, არავინ არ ეძებდა და არ ამზადებდა. თავად პრეზიდენტ-ჩინოვნიკის არსებობის ფაქტი მოახდენს რესპუბლიკაში საზოგადოებრივი კლიმატის პროვოცირებას, რითაც აუცილებლად ისარგებლებს ოპოზიცია.

3) საქართველო არასოდეს იტყვის უარს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. მსო-ს ფარგლებში სავაჭრო ოპერაციების ელექტრონული მონიტორინგი ამგვარ უარს არ მოწმობს, უბრალოდ მოსკოვი ამ ფაქტს იყენებს პროპაგანდისტულად და პოლიტიკურად, აცხადებს, რომ საქართველო სტრატეგიულ დათმობებზე წავიდა. მეორეს მხრივ, საქართველო ამ ნაბიჯს არასოდეს გადადგამდა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე. ეს კი ოფიციალური თბილისისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, მან უნდა გაიგოს, რომ თუკი დასავლეთი მცირედში თანხმდება ასეთ რამეს, იგი უფრო მასშტაბურ საკითხებშიც გაიმეორებს იმავე ქმედებებს. დასავლეთს შეუძლია, ‘გადააგდოს’ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართულ ტერიტორიებად აღიარების საკითხშიც. დასავლეთისთვის ობიექტურად არის მომგებიანი, გააძლიეროს საქართველოს დაქსაქსულობა ‘რუსეთის ხელებით’, უცნაურია, რომ თავად საქართველოს არ სურს ამ ფაქტის გაცნობიერება. ამიტომ მსო-ს შემთხვევაში დასავლეთი ისახავს მხოლოდდამხოლოდ საკუთარ პრაგმატულ მიზნებს.

4) აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი განსხვავებული გზებით წავლენ. ეს უკვე პრაქტიკაში დასტურდება: არავინ საუბრობს რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის შეერთების შესახებ მაშინ, როდესაც სამხრეთელი ოსები თავად ააქტიურებენ ამგვარ პერსპექტივას. აფხაზეთი ზღვის სანაპიროა, რომლის გარშემო უფრო სერიოზული ჭიდილი გველის წინ, ვიდრე სამხრეთ ოსეთის გამო. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთისგან განსხვავებით, დღემდე საკუთარი დასახელებაც კი არ გააჩნია, რასაც ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტი გულისხმობს. სამხრეთ სუდანის მსგავსად სამხრეთ ოსეთიც მხოლოდ გეოგრაფიული ორიენტირია. ასეთი ბოლომდე გაურკვეველი ვითარება სამწუხაროდ ტოვებს ბევრი ურთიერთგანსხვავებული ვარიანტის განხორციელების საშუალებას – როგორც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლას, ისე თბილისთან რეინტეგრაციას.

წყარო: CMSR.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"