ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.11.2011
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში ირანის ბირთვული ობიექტების თაობაზე

ირანის ბირთვული პროგრამის თემა ზომაზე მეტად გააქტიურდა. ანტიირანულ განცხადებებს, რასაც ადგილი აქვს დასავლურ პრესაში, ემატება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დასაბამიდან დღემდე უკავშირდება იარაღის შექმნას.

სააგენტოს ინფორმაციამ ახალი სტიმული მისცა ყველა იმათ, ვინც წლების განმავლობაში დაბეჯითებით მოითხოვს ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვას. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ისრაელის პოლიტიკოსები. ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების საჰაერო იერიშებით განადგურების ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი, ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესიც არ გამორიცხავს ამგვარს.

ოპოზიციური პარტია „კადიმას“ ლიდერი ციპი ლივნი აცხადებს, რომ ბირთვულიარაღიანი ირანი არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არის სახიფათო.

ატომური სააგენტოს ანგარიშამდე ინგლისურმა „გარდიანმა“ გაავრცელა ცნობა ირანზე ამ ქვეყნის სავარაუდო თავდასხმის თაობაზე. უფრო ზუსტად, თუ დასავლეთის მხრიდან მსგავს ოპერაციას ექნება ადგილი, ინგლისიც მიიღებს მასში მონაწილეობას. აშშ-მა თავი შეიკავა დასკვნებისგან, ვიდრე დეტალურად არ განიხილავს ატომური სააგენტოს ანგარიშს.

ვაშინგტონის ნეგატიური დამოკიდებულება ირანისადმი ცნობილია. სულ ახლახანს ვაშინგტონის პოლიტიკურმა ელიტამ, პრეზიდენტ ობამას ჩათვლით, დაგმო ირანი, აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩზე „ტერორისტული თავდასხმის მცდელობისათვის“.

ახალი ანტიირანული განცხადებების სერიოზულობამ აიძულა გერმანიაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი გაეკეთებინა მკაცრი განცხადება. მან აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმა გამოიწვევს ფართომასშტაბიან ომს და მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ.

ოფიციალურმა მოსკოვმა საყვედური გამოთქვა ატომური სააგენტოს მიმართაც - აღნიშნა რა, რომ სააგენტოს მიერ ანგარიშის საბჭოზე განხილვამდე გამოქვეყნებამ ნაადრევად დაძაბა ვითარება.

ატომური ენერგიის სააგენტოს ანგარიში უყურადღებოდ არ დაუტოვებია ოფიციალურ თეირანს. ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მკაცრად გააკრიტიკა ეს ორგანო, ვინაიდან ის დაუზუსტებელ მონაცემებს ავრცელებს, რითაც ასრულებს აშშ-ს დავალებას. მან ურჩია სააგენტოს, შეისწავლოს აშშ-ს და მისი მოკავშირეების ბირთვული საქმიანობა.

პრეზიდენტს აშშ-ს მოკავშირეებში უპირველესად ისრაელი ჰყავდა მხედველობაში. ცნობილი ფაქტია, რომ ისრაელს აქვს ბირთვული ბომბი, რაც კარგად იციან როგორც შეერთებულმა შტატებმა, ისე მისმა მოკავშირეებმა, თუმცა ისრაელს ამისთვის არავინ კიცხავს, არავინ ამზადებს მასზე საჰაერო თავდასხმას.

ირანის მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი რამდენად სახიფათოა ან მოჰყვება თუ არა მას მუქარის რეალიზაცია, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ დასავლეთში შექმნილი ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისი თავისთავად მოითხოვს რაღაც ისეთ ქმედებას, რომელიც მოსახლეობის ყურადღებას გადაიტანს სხვა მოვლენაზე. ასეთად ირანის ბირთვული კვლევა, საშური გამოგონებაა, მითუმეტეს, როდესაც დასავლეთის მასმედიის წყალობით ირანისგან კარგა ხანია შექმნილია მტრის ხატი.

ირანის ბირთვული კვლევის ობიექტებზე საჰაერო თავდასხმა უდავოდ გამოიწვევს ბირთვული კვლევის რამდენიმე წლით შეფერხებას, ხელს შეუწყობს ირანის ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებას, მთელი რიგი პროგრამების, მათ შორის სამხედროს, დროებით შეწყვეტას, ხელისუფლების ყურადღების გადატანას საჰაერო დარტყმის შედეგების ლიკვიდაციაზე, გაამწვავებს შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ნოყიერ ნიადაგს შექმნის ოპოზიციური ძალების მოქმედების აღორძინებაში, გააუარესებს სოციალურ ვითარებას, რასაც დასავლელთა ვარაუდით, შეიძლება მოჰყვეს ანტისამთავრობო გამოსვლები და კლერიკალური მმართველობის დამხობა.

დასავლელთა აზრით, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში შესუსტდება ირან-სირიის, ირან-ჰამასის, ირან-ჰესბოლას კავშირები, რაც თავისთავად ღრმა ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ისრაელს, ახლო აღმოსავლეთში ირანის დაუძინებელ მტერს.

არანაკლები შეღავათი ექნება საუდის არაბეთს - რეგიონში აშშ-ს მარჯვენა ხელს. ეს ქვეყანა დროებით მაინც ჩამოიშორებს რეგიონულ კონკურენტს - ირანის სახით. ეს ის ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს აფრთხილებს - თუ ირანი დაამზადებს ბირთვულ ბომბს, მაშინ საუდის არაბეთიც გააკეთებს იგივეს.

დასავლეთი ვარაუდობს, რომ ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვით არაბულ და ისლამურ სამყაროში მკვეთრად შემცირდება ირანის როლი და ავტორიტეტი. გარდა ამისა შეიზღუდება მისი ამბიციები კასპიის ზღვის აუზში ენერგომატარებლებთან დაკავშირებით.

ირანი ვეღარ გაუწევს წინააღმდეგობას დასავლეთს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას. აშშ-ს და ევროკავშირის ძალისხმევით კასპიის ზღვის აუზი, თავისი მნიშვნელობით გაუთანაბრდა სპარსეთის ყურესა და ხმელთაშუა ზღვას.

ევროკავშირის გეგმით, ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობაში თურქმენეთ-აზერბაიჯანია ჩართული. ვაშინგტონი დაინტერესებულია ამ მარშრუტით, ვინაიდან ამით ზღუდავს კასპიის ზღვის ენერგომატარებლებისთვის რუსეთის სატრანზიტო მნიშვნელობას.

გარდა ამისა, კასპიის ზღვაზე გამოჩნდება მესამე მოთამაშე ევროკავშირის სახით, რომელიც შეეცდება კასპიის ზღვის ხუთ ქვეყანას შორის არსებული არცთუ საამური და უღრუბლო ურთიერთობის დაძაბვას, ხელს კრავს რეგიონს პროვოკაციისა და ომისკენ.

კასპიის ზღვის ქვეყნები რახანია ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მძლავრი სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნას. ამ თვალსაზრისით, საგრძნობი პროგრესიც არის მიღწეული.

კასპიის ზღვის აუზში სავარაუდო დაძაბულობა მიმართულია, როგორც რუსეთის, ისე ირანის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთი და ირანი. მათი განცხადებით, არავითარ მშენებლობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ვიდრე ზღვა სექტორებად არ დაიყოფა. მოლაპარაკება ამ დარგში დაწყებულია, მაგრამ დასასრული ჯერ არ ჩანს.

აშშ-ს და ევროკავშირს მიიჩნიათ, რომ კასპიის ზღვის სამართლებრივი საკითხის მოუგვარებლობა ხელს არ უშლის ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას, ვინაიდან ის განხორციელდება თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებში.

ამ ქვეყნების წაქეზების მომასწავებელია აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის მეთიუ ბრაიზას განცხადება, რომლის შინაარსი ასეთია - თურქმენეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყნებია და მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი საკითხები, ყოველგვარი გარედან ჩარევის გარეშე. კასპიის ზღვის აუზში „დიდი ძმობის“ თემას წერტილი უნდა დაესვას. ბრაიზა „დიდ ძმაში“, ცხადია, რუსეთს გულისხმობს.

ირანზე თავდასხმა ყურადღებას გადაიტანს აღნიშნული საკითხიდან საშინაო პრობლემებზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს აშშ-სა და ევროკავშირს, ხელი აფათურონ არა მარტო კასპიის ზღვაში, არამედ მთლიანად კავკასიაში.

ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვა ხელს შეუწყობს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების პროცესის დამშვიდებულად და არა ფაცი-ფუცით წარმართვას. ამ საკითხში სერიოზული წინააღმდეგობაა რუსეთ-ამერიკას შორის. შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება ჩიხშია შესული. პრეზიდენტ ობამას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს ორთა პოზიციები, მოხდეს შეთანხმება და ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას.

პრეზიდენტის აზრით, ხელშეკრულება მას დიდ დახმარებას გაუწევს საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროს.

რუსეთი არ თანმხდება ვაშინგტონის წინადადებას. ის იურიდიულ დოკუმენტს მოითხოვს.

მოკლედ შეგახსენებთ, რაზეა კამათი. ამერიკა ათავსებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს - რუმინეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, თურქეთში, თან აცხადებს, რომ სისტემები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, რომ მიზანი არის ერთი - ირანის რაკეტებიდან ევროპის დაცვა.

დარწმუნების მიზნით ვაშინგტონი სთავაზობს მოსკოვს, საკუთარი თვალით იხილოს ეს სისტემები. ვაშინგტონის განმარტებით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში შემავალი ამერიკული რაკეტები Standard Missile-3 პატარა რაკეტებია, რომელთა წონა არ აღემატება 2 ტონას, რაც ტექნიკურად ვერ განახორციელებს რუსული სტრატეგიული რაკეტების განეიტრალებას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელენ ტაუშერი ამას წინათ აცხადებდა - „სისტემა, რომელსაც ჩვენ განვალაგებთ ევროპაში, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია ეს დავაფიქსიროთ ქაღალდზე“, თუმცა იქვე დაუმატა, რომ ამერიკა მზად არ არის, შექმნას იურიდიული დოკუმენტი. ტაუშერის განცხადებით, 1, 2, 3, 4 ფაზას არ შეუძლია რუსული სტრატეგიული რაკეტების დაჭერა.

რუსი ექსპერტების მიხედვით, „იჯისის“ სისტემა, დამჭერი რაკეტებით SM-3, იმოქმედებს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების წინააღმდეგ, ე.ი. ირანული რაკეტების, მაგრამ თვით ამერიკელთა მიერ გამოცხადებული SM-3 Block B და C მოდერნიზაციის შემთხვევაში მესამე და მეოთხე ფაზაზე უკვე შეიქმნება რუსეთის საფრთხე. თუ რა შედეგამდე მივლენ მხარეები, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ანტიირანული ისტერია, რომელმაც დასავლეთი მოიცვა, სახეზეა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან, დასავლეთის აზრით, ირანზე თავდასხმა გამართლებული იქნება.

რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში? ყოყმანის გარეშე უნდა ვივარაუდოთ - ისეთ პოზიციას, რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა ანუ სააკაშვილი, თვალის დაუხამხამებლად, დაეთანხმება ვაშინგტონის მოთხოვნას, გამოიყენოს საქართველოს აეროდრომები, ირანზე საჰაერო იერიშის მიტანისათვის.

ღმერთმა დაგვიფაროს მოვლენების ამგვარი განვითარებისგან, მაგრამ ივანიშვილის მიერ წყალშეყენებული სააკაშვილი რას არ მოიმოქმედებს საკუთარი სკამის გადასარჩენად.

სულ ახლახანს სააკაშვილი დაბეჯითებით სთხოვდა ვაშინგტონს ანტისარაკეტო სისტემის თურქეთის ნაცვლად საქართველოში განთავსებას. ჩვენდა საბედნიეროდ, ვაშინგტონმა თავი აარიდა ამ წინადადებას - გაღიზიანებული რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

რაც შეეხება ირანს - მისთვის მოვლენების ამგვარი განვითარება უცხო არ იქნება, თუმცა მიიჩნევს, რომ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს, რამეთუ მას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ირანი რეგიონის და არა მარტო რეგიონის მძლავრი სამხედრო ძალაა. მასთან ჭიდილი მარტივი საქმე არ არის. ირანი საპასუხო ნაბიჯებსაც გადადგამს ისრაელის, სპარსეთის ყურეში განლაგებული აშშ-ს სამხედრო ფლოტის და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთა ტერიტორია იქნება გამოყენებული ირანზე საჰაერო იერიშისთვის.

ირანზე თავდასხმა უკიდურესად დაძაბავს ახლო აღმოსავლეთის ვითარებას. სრული შესაძლებელია კონფლიქტი გასცდეს რეგიონს და სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო ცივი გონებით განიხილავს თავისსავე ანგარიშს და ობიექტურ რეკომენდაციებს მისცემს აშშ-ს, ევროკავშირს და მთელ მსოფლიოს, მით უმეტეს, როდესაც ირანის ხელისუფალთა არაერთი განცხადებით, ირანი არ ამზადებს და არასდროს არ დაამზადებს მასობრივი განადგურების იარაღს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"