ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.11.2011
პროექტი ივანიშვილი: კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს

ბ.ივანიშვილის პიროვნებისა და პოლიტიკური პერსპექტივების მიმართ ინტერესი საქართველოში არ ცხრება. ეს ინტერესი დროის განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებრიობას აღელვებს, გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტმა დაუსვა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს.

– ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები ბიძინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს, ზოგადად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიით სარგებლობს. რამ გამოიწვია საზოგადოების მხრიდან მისდამი ასეთი დამოკიდებულება, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ დღემდე ივანიშვილზე საკმაოდ მწირი ინფორმაციები არსებობდა?

– ინფორმაციის სიმწირე არ ნიშნავს ინფორმაციის არარსებობას. ის, რაც იყო ცნობილი, აბსოლუტურად დადებით ინფორმაციას წარმოადგენდა – ქართველი კაცი, რომელიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა და თავისი ნიჭის წყალობით მოიპოვა უზარმაზარი სიმდიდრე, შემდეგ კი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, სამშობლოში დიდი ქველმოქმედება გასწია, უამრავ ადამიანს დაეხმარა, დაეხმარა სახელმწიფოს, ეკლესიას. ივანიშვილს გარკვეული მითები დაუკავშირდა, სოფელი ჭორვილა სამაგალითო, ლამის საოცნებო ადგილად იქცა გაღატაკებულ ქვეყანაში. ამიტომაც შემთხვევით არ შეურჩია ივანიშვილმა მომავალ საზოგადოებრივ მოძრაობას სახელი – „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ინფორმაციის სიმწირეს, ამ ფაქტორმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ივანიშვილის მითოლოგიზაციას. ის გარემოება, რომ ივანიშვილი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში და ტელეეკრანებზე, მას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა, მის ნაცვლად მისი ნამოღვაწარი „ღაღადებდა“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე სააკაშვილის პარპაშითა და ოპოზიციის უუნარობით გათანგულ საზოგადოებაში დადებითი ემოციები და ეიფორიაც კი გამოიწვია.

– ივანიშვილი საქართველოს მთავარ უბედურებად სააკაშვილს მიიჩნევს, თუმცა არაფერს ამბობს მის გუნდზე, რაც ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს...

– სააკაშვილის გარეშე მისი ეგრეთ წოდებული „გუნდი“ არაფერს წარმოადგენს, ამიტომ სავსებით სწორია, რომ ივანიშვილის მთავარი სამიზნე სააკაშვილია. გარდა ამისა, ძირითადი პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ეკისრება პრეზიდენტს, რომელზეც არის მორგებული კონსტიტუცია და რომლის ხელშია კონცენტრირებული უზარმაზარი უფლებები. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ივანიშვილი „გუნდის“ წევრებს საერთოდ არ ახსენებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ზომიერებაა საჭირო და ივანიშვილმა თავი არც უნდა გაუყადროს ვიღაც წუგზარ ნიკლაურებს და აკუკი მინაშვილებს. რა თქმა უნდა, მიშიკოც დიდი თავგასაყადრებელი პიროვნება არ არის, მაგრამ მას პრეზიდენტის პოსტი აქვს უზურპირებული, მის გარშემო მხოლოდ ორი–სამი ძლიერი ფიგურაა, დანარჩენები კი წვრილფეხა ტაკიმასხარები არიან. ყველა მათგანს, სააკაშვილის ჩათვლით, საბოლოო ჯამში ინტელექტის დეფიციტი აერთიანებს, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ წინ სერიოზული ცვლილებები გველის. თუმცა ცხოველური ინსტინქტების დონეზე რაღაცას მაინც გრძნობენ და გამწარებულები ხავიან და ილანძღებიან.

– რამდენად სწორია ივანიშვილის გადაწყვეტილება იმ პარტიებთან მიმართებაში, რომლებთანაც ის თანამშრომლობას აპირებს?

– ქართული პოლიტიკა ღარიბია პროდუქტიული და პერსპექტიული ადამიანური რესურსებით. ამიტომ არჩევანი დიდი არ არის. უფრო მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ივანიშვილს ესმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობა და მათთან თანამშრომლობაზე არანაკლებ აქცენტს აკეთებს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ივანიშვილმა საკუთარი პარტიის შექმნის იდეა გააჟღერა. ეს სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. უნდა იყოს ერთი მთავარი ძალა, რომლის გარშემო გაერთიანდებიან და ითანამშრომლებენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები. მაგრამ ჯერ გაუგებარია, რამდენად მოემზადა ივანიშვილი ამ ურთულესი სამუშაოს განსახორციელებლად. კიდევ გავიმეორებ, მთავარი დეფიციტი ქართულ პოლიტიკაში ადამიანური რესურსია, ამ დეფიციტს ივანიშვილი მთელი თავისი მილიარდებით ვერ ამოავსებს, ქმედითუნარიანი პარტიის შექმნა ძალზე რთულია, მაგრამ უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი და ჩამოყალიბდეს ასეთი ძალა. ივანიშვილი აღარ იქნება „ჰაერში გამოკიდებული“, მას ექნება მტკიცე დასაყრდენი. რა თქმა უნდა, მოქალაქეობის წართმევა მისთვის უდიდესი იურიდიული წინაღობაა. 19 ოქტომბერს ჩვენი ინსტიტუტის საიტზე დავწერე, რომ მოქალაქეობის არქონის პირობებში (მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოქალაქეობა მის მეუღლესაც წაართვეს) ივანიშვილმა თავისი აქტივების ნაწილი უფროს ვაჟს უნდა გადაუფორმოს, რათა შესაძლებელი იყოს პოლიტიკაში მისი ფულის ლეგალური მიმოქცევა და საერთოდ, პარტიის არსებობა. ეს ელემენტარული რამ არის. გამიხარდა, როდესაც ვნახე, რომ ივანიშვილმა სწორედ ამის შესახებ ისაუბრა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა; მან განაცხადა, რომ აპირებს თავისი უფროსი ვაჟის ფორმალურ ჩართვას პოლიტიკაში, რათა პარტიის დაფინანსების საკითხი გადაწყდეს. ეს მისასალმებელი ფაქტია, რადგან შვილზე ძვირფასი ადამიანისთვის არაფერია ამქვეყნად და აღნიშნული ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო მეტად „მიაბამს“ ქართულ პოლიტიკაზე, კიდევ უფრო გაამძაფრებს მის პასუხისმგებლობის გრძნობას ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც მან ასე თამამად აიღო.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს ხელმოწერების შეგროვება მოსახლეობაში, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ხელმეორედ მინიჭებასთან დაკავშირებით. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ 200 ათასი ხელმოწერა მოგროვდება (რაც სავსებით რეალურია) და საკითხი სარეფერენდუმოდ მომწიფდება, ეს უკვე იქნება არჩევნების მოგება არჩევნების გამოცხადებამდე. ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი სასამართლოებში მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრების პროცესიც (მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი), ყველა ფრონტზე უნდა იქნას მიტანილი მძლავრი შეტევა.

– ივანიშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს ქუჩაში გამოსვლას და წარმატებას არჩევნების გზით მიაღწევს, დღევანდელი საარჩევნო გარემო თუ იძლევა ამის საშუალებას?

– ივანიშვილი არ აპირებს 5–10–15 პროცენტის განსხვავებით არჩევნების მოგებას. ის სავსებით რეალურად იმედოვნებს (ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე), რომ მას მხარს დაუჭერს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი. შეიძლება, 80 პროცენტზე მეტმაც მისცეს ხმა. ამგვარი სახალხო მხარდაჭერის ფონზე შეუძლებელია არჩევნების შედეგების გაყალბება. ივანიშვილს აქვს რეალური შანსი, რომ დღევანდელ არადემოკრატიულ ვითარებაშიც კი დამანგრეველად დაამარცხოს ნაცმოძრაობა, აღგავოს ეს საზიზღარი ორგანიზაცია პირისაგან მიწისა. ამისათვის აუცილებელი იქნება ქმედითუნარიანი პარტიული ბირთვი, საოლქო და საუბნო დონის საარჩევნო კომისიებში ერთგული და ენერგიული წარმომადგენლების მივლინება, რომლებიც არ შეუშინდებიან ვიღაც ერთუჯრედიან გამგებელს თავისი „პატრულიანად“ და ხელს არ მოაწერენ ყალბ ოქმზე. არჩევნები ხომ ძირითადად ამ ოქმების საშუალებით ყალბდება და არა ურნებში ჩაყრილი ფიქტიური ბიულეტენებით. ოქმების გაყალბების მცდელობის ფაქტების მასობრივი გამომზეურება კი შეარყევს რეჟიმს. საერთო–სახალხო უკმაყოფილების ფონზე ეს იქნება დენთის კასრთან ასანთით თამაშის ტოლფასი. ამიტომ იმაზე ვიშვიში, რომ არადემოკრატიული საარჩევნო გარემოა ქვეყანაში, თავის გასამართლებელად არ გამოდგება. ივანიშვილმა უნდა მოახდინოს საპროტესტო ელექტორატის მტკიცედ და საბოლოოდ დარწმუნება, რომ მისი გადაწყვეტილება, შეცვალოს სააკაშვილის რეჟიმი, ურყევია და რომ რაიმე გარიგება ხალხის ზურგს უკან (ან ღიად, როგორც ეს ოპოზიციის ნაწილმა გააკეთა თავის დროზე) გამორიცხულია. მაშინ ივანიშვილი არჩევნებს ტრიუმფით მოიგებს. მე უფრო იმას ვშიშობ, რომ ივანიშვილმა თავის მომხრეებთან ერთად გზადაგზა რაიმე არსებითი ხასიათის შეცდომები არ დაუშვას და ხალხის რწმენა მის ძალებში არ შეარყიოს. თუმცა ჯერ–ჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, თუ არ ჩავთვლით მისი მოქალაქეობის საკითხის მოუგვარებლობას.

– ფიქრობთ თუ არა, რომ ივანიშვილი რუსეთ–ამერიკის პროექტია, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს?

– ჩვენ ვარაუდების ქვეყანა ვართ, ივანიშვილთან დაკავშირებით უკვე ბევრი ეგზოტიკური აზრი მოვისმინე, მაგრამ პირადად მე ვარაუდებს ფაქტების საფუძველზე ვაგებ. რა თქმა უნდა, ფაქტების გარეშეც რაღაცა შეიძლება სწორად ივარაუდოს ექსპერტმა, მაგრამ ამ ვარაუდის უტყუარ ფაქტად გასაღება მაინც არ შეიძლება.

თქვენს ამ კითხვასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილის ფიგურა მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს ერთდროულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და რუსეთისთვისაც, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ორ ამ სახელმწიფოს შორის „გადატვირთვის“ პროცესი გრძელდება. ივანიშვილი კომპრომისებზე და ბალანსზე აკეთებს აქცენტს. ასევე უტუარია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მიზნები აინტერესებს უცხოეთს, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელთა მისვლა რომელიმე პიროვნების, თუნდაც მეტად წარმატებულის, სახლში უპრეცენდენტო მოვლენაა და ბუნებრივია, ეს შემთხვევით არ მოხდა. ზოგადად ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში, რომ აშშ–ის და მთლიანად დასავლეთის გავლენა უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე კლებულობს, ამიტომ რუსეთის ზედმეტი გაღიზიანება სააკაშვილის ტიპის პროვოკატორების საშუალებით უკვე ნაკლებად აქტუალურია, განსხვავებით 2003–2009 წლების მდგომარეობისაგან. მხოლოდ ამის გამო შეიძლება, პრიორიტეტი მიანიჭონ ივანიშვილს, თორემ სხვა შემთხვევაში სააკაშვილს დასავლეთი არ დათმობდა. მაგრამ მე დაბეჯითებით მოვუწოდებ ჩვენს ხალხს: ნუ ვიქნებით იმის შემყურენი, რას იტყვიან უცხოეთში, საქართველოს ბედი ჩვენს ხელთ არის. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონს სულაც არ უნდოდა თავისი ერთგული მოკავშირის მუბარაქის დათმობა ეგვიპტეში, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ერთ კვირაზე მეტ ხანს აშშ–ის ოფიციალურ პირებს არ განუცხადებიათ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნის შესახებ, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ეგვიპტელი ხალხი არ ცხრება და მისი ნება მტკიცეა, მაშინვე „ხალხის მხარე“ დაიჭირეს და დაუყოვნებლივ „აღმოაჩინეს“, რა „კორუმპირებული“ და „ადამიანის უფლებების დამრღვევი“ ყოფილა ეს მუბარაქი. ამერიკელებმა ისე მოიცილეს იგი, თითქოს მთელი 30 წლის მანძილზე მასთან კი არა, სულ სხვა ვინმესთან თანამშრომლობდნენ. ასევე მოუვა სააკაშვილსაც, თუ ჩვენი ხალხი ბოლომდე მტკიცედ იდგება და სწორედ საკუთარ ძალებში არ შეიტანს ეჭვს.

– არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, ეს რამდენად მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს ხელისუფლებას?

– ეს „ვა–ბანკზე“ წასვლა იქნება ხელისუფლების მხრიდან. ერთი მხრივ, მისთვის მომგებიანი ჩანს, არჩევნების გადმოწევა, რადგან ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის იურიდიული საკითხები მოუგვარებელია, მას პარტია არ გააჩნია, ხოლო ოპოზიციასთან კოორდინირებული ქმედებები არ დაწყებულა. ეს ვითარება, ალბათ, სულ მცირე, მომავალი წლის თებერვლამდე არსებითად არ შეიცვლება. ამიტომ ხელისუფლებამ რომ გადმოსწიოს არჩევნები ამ ვადამდე, იგი აშკარად უპირატესობაში იქნება. მაგრამ მეორეს მხრივ, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მიიღოს, რადგან არჩევნების ხელოვნური გადმოწევა იქნება აშკარად მიუღებელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამიტომ დიდი იქნება მღელვარებების ტალღის აგორებისა და დაუმორჩილებლობის მსგავსი სიტუაციის წარმოქმნის შანსი, ხელისუფლებისთვის გაურკვეველი პერსპექტივებით.

ესაუბრა შორენა გონგლაძე(გაზეთი „ახალი თაობა“, 10 ნოემბერი, 2011 წ.)
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"