ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.11.2011
ბ.ივანიშვილის შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

სასტუმრო „მერიოტში“ გამართულმა შეხვედრამ, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორიც ესწრებოდა, გარკვეული სუბიექტური შთაბეჭდილებები დატოვა და ზოგიერთ საკითხზე წარმოდგენა შექმნა.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის სახით საქმე გვაქვს პიროვნებასთან, რომელსაც აშკარად ძალუძს როგორც აკადამიურ საზოგადოებაზე, ისე ფართო მასებზე შთაბეჭდილების მოხდენა – პირველ რიგში, ელემენტარული კომუნიკაბელობის, აზრის მოსმენისა და მოსმენილიდან დასკვნების გამოტანის საშუალებით. ივანიშვილს აინტერესებდა დამსწრე საზოგადოების აზრი და ხედვა საარჩევნო სტრატეგიასთან, სამართლიანი არჩევნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან და ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით. სიმართლე რომ ვთქვა, ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე ბევრი არაფერი თქმულა (ორიოდე გამონაკლისის გარდა), რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს პრაქტიკული თვალსაზრისით, მაგრამ ივანიშვილი ცდილობდა, ყოველი დასმული შეკითხვისთვის ამომწურავად ეპასუხა, ხოლო გამომსვლელთა მიერ გამოხატული მოსაზრებები უფრო დეტალურად დაეზუსტებინა, ეს მოსაზრებები გარკვეულ სისტემურ ჩარჩოებში მოექცია.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გულწრფელი იყო თავის ამგვარ ქმედებებში ბატონი ივანიშვილი, მით უმეტეს, აღვნიშნე, რომ პრაქტიკაში გამოსადეგი ბევრი არაფერი თქმულა, მაგრამ თავისთავად ასეთი მიდგომა, როდესაც რამდენიმე მილიარდიანი ქონების პატრონი პოლიტიკოსი უშუალო დიალოგში შედის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებთან, თითოეულ მათგანს ხაზგასმული ყურადღებით უსმენს, ადეკვატურად იღიმის, ხოლო როდესაც რაიმე აზრი აშკარად მიუღებელია, ამასაც ამბობს, მაგრამ ისე, რომ არავინ გაანაწყენოს, სწორედ პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ნიშან–თვისებაა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ სავსებით მართებულად გაამახვილა ყურადღება ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე (შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელმოწერების შეგროვება მოსახლეობაში, მისთვის მოქალაქეობის კვლავ მინიჭებასთან დაკავშირებით, მაღალი ტემპით მიმდინარეობს). თუმცა ქალბატონმა კაკაბაძემ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი პესიმისტური გრძნობა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს თავისი უფროსი ვაჟის უტას ჩართვა სურს პოლიტიკაში, ვინაიდან მას თავად არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ნანა კაკაბაძის თქმით, საჭიროა, თავად ბიძინა ივანიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და არა მისმა ვაჟმა.

ევრაზიის ინსტიტუტი უკვე 19 ოქტომბერს წერდა (იხ. ბმული), რომ მოქალაქეობის ფორმალური არქონა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა მისი ჩამორთმევის პოლიტიკური სარჩული, სერიოზული პრობლემაა ივანიშვილისთვის, მაგრამ არამოქალაქე ბიძინა ივანიშვილის (მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მის მეუღლესაც წაართვეს ქართული პასპორტი) პოლიტიკური მოღვაწეობის დაფინანსების ლეგალიზება შეიძლება უტა ივანიშვილისთვის აქტივების ნაწილის გადაფორმებით. დღეს გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბატონი ბ. ივანიშვილი პრაქტიკულად იმავეს ამბობს (ალბათ მან ჩვენგან დამოუკიდებლად მიაგნო ამ ელემენტარულ გამოსავალს). ძნელი წარმოსადგენია, ადამიანს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა რას შეუძლია დაუკავშიროს, თუ არა საკუთარ შვილს?! ამიტომ გაუგებარია ნანა კაკაბაძის რეპლიკა. პირიქით, თუკი ბატონი ბიძინა თავის ვაჟს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში თუნდაც ფორმალურად, დაფინანსების „გასათეთრებლად“, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს ისევ თავად მას.

რა თქმა უნდა, პარალელურად აუცილებელია ყველა იურიდიული ზომის გატარება, რათა უკანონობა აღმოიფხვრას და ბ.ივანიშვილს დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრას რაც შეეხება, იმედია, ბატონი ბიძინა მომავალში უფრო საქმიან ფორმატში გააგრძელებს ამ ტიპის კონსულტაციებს.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"