ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
21.11.2011
„პროფესიონალი“ ჟურნალისტების „ჩალიჩი“

ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციაზე იმდენი დაიწერა, რომ არ ღირს ამასთან დაკავშირებით მკითხველის ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება - უპირველესად იმიტომ, რომ პრეს-კონფერენციის მხილველი, როგორც ერთი, შეთანხმდა - რა თავხედი (ცხადია ყველას არ ეხება) ჟურნალისტები გვყოლია. მეორეც - ხელისუფლება და სახელისუფლებო ჟურნალისტიკა ტყუპის ცალებია.

თუ რომელ ჟურნალისტებზეა ლაპარაკი, გაშიფრვა არ სჭირდება - ესენია „პირველი არხი“-ს, „რუსთავი-2“-ის, “იმედის“, შიგადაშიგ „კავკასიის“, აგრეთვე ბეჭვდითი მედიის: „ტაბულის“, „24 საათის“, „რეზონანსის“, „ალიას“... ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

არიან თუ არა ისინი ჟურნალისტები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით? ცხადია არა - ისინი ნაციონალური გუნდის წევრები არიან - ხან ჟურნალისტიკაში, ხან დიპლომატიაში, ხან სახელმწიფო კანცელარიასა და პრეზიდენტის აპარატში. მათი „პროფესიონალიზმი“ ერთი საზომით იზომება - სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მაამებლობა.

ნაცთა გუნდში მიღებულია პრინციპი „ხელი ხელს ჰბანს“. წარმატებით შეასრულებ დავალებას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობასაც გამოჰკრავ ხელს. გაიხსენეთ „რუსთავორელი“ „ჟურნალისტის“ ტაბატაძის თავბრუდამხვევი კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი დიპლომატიური ნოვაციაც ცნობილია - სამსახურში შორტებით და ბოტასებით სიარული, ამერიკულ ყაიდაზე ფეხების სამუშაო მაგიდაზე შემოწყობა. ეს, ის ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ „აღზრდას“ ყოველწუთიერად გვახსენებდა ამ ბედნიერი არხის ეკრანიდან - „ვოშინგტონ“, „ვოშინგტონის“ ძახილით.

არანაკლები „ჟურნალისტური“ გზა გაიარა რუსთავმანქანის შემქმნელმა კიწმარიშვილმაც - ამერიკა, შემდეგ რუსეთში ელჩობა, ამჟამად „ოპოზიციონერობა“ და სხვა. ასე, რომ ჟურნალისტობა“ საამური სამომავლო ცხოვრების ტრამპლინია, თუმცა ანაზღაურების თვალსაზრისით, მათი ანაზღაურება ისედაც საამურია.

სახელისუფლებო ჟურნალისტური „გუნდის“ ჩამოყალიბება გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყო „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით. სწორედ მათი პირმშოა ტელეკომპანია „რუსთავი-2“. იმჟამინდელი ჟურნალისტებიდან ბევრი შემორჩა ამ დარგს, ბევრიც „დამსახურებისთვის“ „მაღლა გადაიყვანეს“.

გაიხსენეთ გასული საუკუნის ცხოვრების პერიპეტიები და ცენტრისა და ავტონომიების დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, თბილისსა და ბათუმს, თბილის-სოხუმს, თბილის-ცხინვალს შორის ძიძგილაობის ტემპერატურა შეუდარებლად დაბალი იქნებოდა, ჟურნალისტიკა რომ ყოფილიყო ობიექტური, მართალი, საქმეში ჩახედული და არა მიკერძოებული, ცრუ, ცილისმწამებლური, უკმეხი და თავხედური.

ეს ის ჟურნალისტიკაა, რომელიც აჭარის ლიდერს, აბაშიძეს ხან თურქეთის ფაშად, ხან რუსეთის გენერლად მოიხსენიებდა, ხშირად საქართველოს ერთიანობის მტრად და აჭარის თურქეთთან ან რუსეთთან შემაერთებლად. ივანიშვილის პინგვინს მიუქარავს - ისეთი ჟივილ-ხივილი და დამცინავი სიუჟეტები იყო მიძღვნილი ასლანის არწივზე, ძაღლსაშენსა და თხების ფერმაზე, ასლანის სამხედრო კატარღებსა და უშუქობაში ჩაძირული საქართველოს გაჩახჩახებულ ბათუმზე.

ეს ის ჟურნალისტიკაა, რომელიც ქოქოლას აყრიდა ბათუმის ოპერასა და ბავშვთა ოპერას, საბალეტო დასს, სიმფონიურ ორკესტრს და სხვა. ამ ჟურნალისტიკამ აქცია ასლან აბაშიძე და მისი ოთხი თვის შვილიშვილი ნარკოტრეფიკერად, ნარკოტიკების გამსაღებლად და ა.შ.

ეს ის ჟურნალისტიკაა, რომელიც ღვარძლით და ცეცხლზე ნავთის დასხმით წერდა აჭარის მიერ თბილისში წარმომადგენლობის გახსნაზე - საელჩო გახსნაო. არადა ფედერალური მოწყობის ქვეყანაში მსგავსი, ჩვეულებრივი რამ არის. თვალი შევავლოთ გერმანიის მაგალითს.

და ბოლოს ყბადაღებული ფულის გადმორიცხვა-არ გადმორიცხვა, შევარდნაძის გუნდის ახალგაზრდული ფრთა და მისი ჯიბის ჟურნალისტიკა ერთ ქოქოლას აყრიდა აბაშიძეს - ფული არ გადმორიცხაო, არადა, რაც გადმორიცხა ცენტრმა საკუთარი კუჭის ბედნიერებას მოახმარა.

გაიხსენეთ „ჟურნალისტ“ ყანდიაშვილის ტელეეკრანიდან ყროყინი - „თქვენ რომ პენსიებსა და ხელფასებს არ ღებულობთ, სულ აბაშიძის ბრალია!“. რომელი ერთი ჩამოვთვალო, თითქმის 17-წლიანი პერმანენტული ლანძღვა-გინებიდან?

ასე, რომ ძვირფასო საზოგადოებავ, სწორედ თქვენი დამალობანას თამაშის წყალობით გვყავს „სასიქადულო“ ჟურნალისტიკა. ამათგან მეტის ღირსია ქვეყანა. ეს ის კატეგორიაა, ვინც ქართველს აძულებს აფხაზს, ოსს, რუსს, ირანელს და კიდევ ბევრ სხვას.

რა არ დაწერა და თქვა ამ ჟურნალისტიკამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, მათ ლიდერებზე, იმ სიტყვებში ყველაზე ლმობიერი სიტყვა „მარიონეტი“ იყო. ვერადა ვერ მოაშორა ამ ორ ყოფილ ავტონომიას ეპითეტი „ეგრეთ წოდებული“.

რასაც ხელისუფლება აკლებს, ლანძღვის თვალსაზრისით, ჟურნალისტიკა ავსებს. ის „სახელმწიფოს“ სადარაჯოზეა - გესლითა და ღვაძლით სავსე.

ცალკე თემაა რუსეთი და ქართული ჟურნალისტიკა. ამ თემის განხილვისას სახელმწიფო და არასახელმწიფო ჟურნალისტიკას შორის არსებული საზღვარი იშლება. რუსეთის ლანძღვა-გინება ორივესთვის მისაღებია. აქ ერთიც და მეორეც, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს.

ეს თემა ლეიტმოტივად გასდევდა ივანიშვილის საათნახევრიან პრეს-კონფერენციას, მე ვიტყოდი მთლიანად ივანიშვილის შემოქმედებას მას შემდეგ, რაც ეს პიროვნება სერიოზულ საფრთხედ მოევლინა ხელისუფლებას, ხოლო ხალხს - მხსნელად.

მოკირკიტე „ჟურნალისტები“ რას არ „ჩალიჩობდნენ“ ამ საკითხში ივანიშვილის გაშავებისთვის, ხან ლებედიო, ხან ხოდორკოვსკიო, ხან ცხინვალის ომიო, ხან მამათმავლობაო, ხან ნატოო და სხვა. საათნახევრიანი „ომის“ შემდეგ ჟურნალისტობამ ის პასუხი მიიღო, რაც უნდა მიეღო. დიახ! რუსეთთან უნდა დალაგდეს ურთიერთობა. დიახ! ომი საქართველომ დაიწყო. დიახ! აფინანსებდა ელცინის საარჩევნო კამპანიას. დიახ! გვინდა ნატოში, მაგრამ ვინ მიგვიღებს. . . და ასე შემდეგ.

პრეს-კონფერენციის კომენტირებისას ნაცთა დამკვრელური ძალა, წიკლაურის სახით (წიკლაური რომ ეყოლებათ დამცველად, კარგად იქნება მათი საქმე?), რა გზით არ ცდილობდა ივანიშვილის დაწიხლვას, ყმაწვილმა ბალავაძემ კი განაცხადა - „ბევრი პოლიტიკური ძალა ახსოვს, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ასეთი ღია არაფერი უნახავს“. მისი განმარტებით, ქართული საზოგადოება ფულზე, განსაკუთრებით რუსულ ფულზე არ იყიდება.

ყმაწვილ დეპუტატს შევახსენებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ნაციონალურ ხელისუფლებას სწორედ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნი ფული ასულდგმულებდა. სწორედ ივანიშვილის ფულით ანუ რუსეთში ნაშოვნი ფულით გაიმაგრა ძირ-ფესვი სააკაშვილმა და სააკაშვილებმა, მათ შორის წიკლაურებმა, ბალავაძეებმა, ოჩიაურებმა. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რამეთუ დაუნახავების, არაობიექტურების რაოდენობა ამ პატარა ქვეყანაში, ნაცთა წყალობით და ხელშეწყობით, ასტრონომიულია.

როგორც ჩანს, ნაციონალებმა მხოლოდ დღეს გაიგეს სოროს-ივანიშვილის ჭეშმარიტება და ის, რომ მათი დამფინანსებელი არა საყოველთაოდ აღიარებული თაღლითი სოროსი ყოფილა, არამედ სულით-ხორცამდე ქართველი, ქართველობააყრილი ივანიშვილი, და რახან მხოლოდ დღეს გაიგეს სინამდვილე ხომ არ აჯობებდა პროტესტის ნიშნად მიღებული „რუსული“ ფულის უკან დაბრუნება? დააბრუნეთ ბიძიებო „რუსული“ ფული, თორემ მისი სუნი გამოგიყვანთ წირვას.

ცხინვალის ომის ივანიშვისეულმა შეფასებამ დიდი ჟივილ-ხივილი გამოიწვია ნაცებში. ეს როგორ თქვაო, გაჰყვიროდნენ ისინი. სამი წელი გავიდა ამ ომის შემდეგ, მაგრამ დღესაც ბევრმა არ იცის სინამდვილე სწორედ ჟურნალისტების წყალობით. სამი წელია ჟურნალისტიკა ტვინს უბურღავს ხალხს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და თუ საქართველომ უპასუხა, მეტი გამოსავალი არ ჰქონდა.

ამ „სიმართლეს“ თესს ჟურნალისტიკა ხალხში. შედეგიც სახეზეა - მტერი რუსეთი, მტერი პუტინი, ახლა კი მტერი ივანიშვილი - რუსეთში ნაშოვნი ფულით. არავინ ამბობს ვიღაც შარანგიაზე, ვიღაც ბენდუქიძეზე, ვიღაც . . . არც იმას ამბობს შარანგია რუსულ ფულს, ქართულს რომ უმატებს სამარშრუტო ტაქსებიდან - ეს არ ითვლება, ვინაიდან სააკაშვილის ინტერესია. ბენდუქიძეზე თქვენც კარგად იცით.

დიახ, ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვნა, ისევე, როგორც ბრიტანულმა, ამერიკულმა, ფრანგულმა ნავთობკომპანიებმა, მსხვილმა დასავლურმა ფირმებმა. დიახ! რუსეთი უკიდგანო სიმდიდრეა, ამასთანავე დიდი ბაზარი, სადაც მოხვედრა ნებისმიერი ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი ბიზნესისათვის ოცნებაა.

ყველა ქვეყანა ისწრაფვის რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება-გაფართოებისკენ, გარდა იშვიათი გამონაკლისისა - ეს საქართველოა. საქართველოს ხელისუფალთა წყალობით, მათი გამონათქვამების შედეგად - „ფეკალს ვასმევთო“ და რაც მთავარია, უხარისხო პროდუქციის გამო, რუსეთმა აკრძალა ქართული პროდუქციის შეტანა თავის ბაზარზე.

იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ამბავმა დიდ საგონებელში ჩააგდო მიხეილი და მისი გუნდი? მსგავსი არაფერი, პირიქით. დღეს, როდესაც გაჩნდა რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელების შეტანის რაღაც ნიშნები, პირველი მტერი სააკაშვილია. მისი მოწოდებით, ქართველმა მეწარმემ უნდა დაივიწყოს რუსული ბაზარი. საქართველომ უნდა დაივიწყოს რუსეთი და არა მარტო დაივიწყოს, საკუთარ თავში ქუდზე კაცმა უნდა განავითაროს ცნება, რომ რუსი მტერია, დამპყრობელია, არადემოკრატიული ქვეყანაა, ოკუპანტია და სხვა.

რუსეთის დავიწყებაში ლომის წილი ჟურნალისტიკაზე მოდის. ისე, როგორც რუსეთისგან მტრის ხატის შექმნაში. ხელისუფალთა მცდელობას - ხალხს მეთოდურად ჩაუნერგოს მეორე ხალხისადმი სიძულვილი, საერთაშორისო სამართლით დასჯადია, ისევე, როგორც ამ საქმის პროპაგანდისტი ჟურნალისტიკა.

ანტირუსულ პოლიტიკას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში მიმართავს საქართველოს სამი ხელისუფლება, ცუდად უბრუნდება ქვეყანას. ამ პოლიტიკამ დააშორა ორი მართლმადიდებელი ერი ერთმაეთს, გამოიწვია ომი, დააკარგვინა ტერიტორიის 20%, გააწყვეტინა ყოველგვარი კავშირები, მათ შორის დიპლომატიურიც. სადამდე?

არც ამერიკასთან, არც ევროკავშირთან და არც სანატრელ სინგაპურთან ჩახუტება უშველის საქართველოს, ვიდრე არ გამოსწორდება რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე არ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა, ვიდრე არ აღორძინდება ეკონომოკურ-კულტურული კავშირები.

რა არის ამაში გასაკვირი ან დასაძრახი? ივანიშვილის სურვილი პრაგმატიზმით, საქმის ცოდნით არის გამოწვეული და არა პოპულიზმით. პოპულიზმი, რომ ნდომოდა თავისუფლად იტყოდა რუსეთი აგრესორია და მასთან არასდროს მექნება ურთიერთობაო.

და კიდევ ერთი ასეთი მომენტი. ქართველი ჟურნალისტები წამდაუწუმ გაჰკივიან რუსეთის არადემოკრატიულობის შესახებ. ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, „რუსის ბარაბანს“ იმდენი არ მოხვედრია, რასაც რუსი ჟურნალისტები ურტყამენ საკუთარ ხელისუფლებას, მათ შორის რუსული სამთავრობო არხები.

დღე ისე არ ჩაივლის, მწვავე სიუჟეტი არ მომზადდეს ამა თუ იმ სფეროსთან, ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. ოღონდ ერთია - იქაურ, თუნდაც რეაქციულ ჟურნალისტიკას არ ახასიათებს ისტერიული წიკვინი, სექსს დახარბებული ჟურნალისტების, განსაკუთრებით ქალების მიკროფონის ფალოსივით ხელში ტრიალი.

იქაური კითხვა-პასუხის აკადემიურობა ნათელყოფს, თუ რა დონეზეა არადემოკრატიული რუსეთი და რა დონეზეა „ძალიან დემოკრატიული“ საქართველო. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილის საქართველოს „დემოკრატიულობის“ ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე პუტინის რუსეთის?

დღე ისე არ ჩაივლის, სამივე „რუსთავმა“ პირველ ან მეორე სიუჟეტად არ გაუშვას „საზიზღარი“ რუსეთის შესახებ სიუჟეტი. ხანდახან ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს საბჭოთა კავშირში ცხოვრობ და არა დამოუკიდებელ ქვეყანაში. მიზანი მარტივია - დამშეული, ღატაკი, აგრესორი რუსეთის წარმოჩინების მცდელობა.

სინამდვილე კი სხვაა - რომ არა რუსეთის მიერ შექმნილი ბარიერები, მთლიანი თუ არა ნახევარი საქართველო რუსეთში გადასახლდებოდა და იმ მილიონს შეუერთდებოდა, რომელიც თითქმის ოცი წელია იქ ცხოვრობს, იქ ნაშოვნი „რუსული ფულით“ კვებავს აქ დარჩენილ ოჯახს. რომ არა ეს „რუსული ფული“, საქართველოში დარჩენილი მოსახლეობა დიდი ხანია სულს განუტევებდა.

რუსეთიდან ყოველწლიურად შემოსული ფული საქართველოს მთლიანი ბიუჯეტის თუ არა ნახევრის ტოლია. რატომ არავინ ყვირის ამ „რუსულ ფილზე“? ქართულ ჟურნალისტიკას იქნებ ერთხელ მაინც გახსენებოდა ამ ფულის ამბავი და ისიც, რომ იქ მცხოვრებ ქართველობას, აქაურთა უსაფუძვლო ლანძღვა-გინებით უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებთ.

რუსეთი ედემის ბაღი არ არის, არც ფინეთია და არც ძველი ევროპა, მაგრამ სწორედაც რომ ედემია დსთ-ს წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთათვის. ეს ის ადგილია, სადაც შრომით ფულის შოვნა შეიძლება, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე - სადაც ფულს მხოლოდ „ნაციონალები“ შოულობენ.

ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციამ არა მარტო ქართული ჟურნალისტიკის უსახობა და უზრდელობა გამოავლინა, არამედ საზოგადოების ახალგაზრდული ფენის გაუზრდელობა. მის ყოველდღიურ სიმტკიცეს ხელს უწყობს ნაციონალური მოძრაობისა და მისი ბელადების უსწავლელობა, ფუქსავატობა, ქორფა ასაკში დიდი ფულისადმი ტრფიალი, სკამისთვის ბრძოლა, სხვა მანკიერება.

პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილმა ბრძანა, თავი და თავი სააკაშვილიაო. ამ ნათქვამით მას არ უნდოდა ეთქვა ის მწარე სინამდვილე, რომ პრობლემა არა მარტო ერთ პიროვნებაშია, არამედ მრავალში. ეს მრავალი ტოლს არ უდებს თავის ბელადს.

„დამოუკიდებელი“ საქართველოს პრობლემა არა მარტო სიღარიბეში, არადემოკრატიულობაში, გაუტანლობაშია, არამედ არაობიექტურობაში, თვითკრიტიკის უქონლობაში და რაც მთავარია, დაუნახაობასა და უმადურობაში.

რკინის ნერვები და მოთმინება უნდა ჰქონდეს ამ მანკიერებათა გამოსწორების მსურველ ადამიანს. რკინის სიმტკიცეს ვუსურვებ ყველას, ვინც ამას მოინდომებს, ამჟამად ასეთი ივანიშვილია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"