ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.10.2011
უნიჭო პროვოკაცია ირანის წინააღმდეგ

ორიოდე კვირის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა „სენსაციური“ ინფორმაცია გაავრცელა: თურმე ამერიკის კონტრდაზვერვის ორგანოებმა დააკავეს ირანული წარმოშობის მოქალაქე, ვინმე მანსურ არბაბსიარი, რომელიც, ირანის სპეცსამსახურის დავალებით გეგმავდა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას.

ამასთან, ამერიკელების მტკიცებით, ამ საზარელი ტერაქტის საქმის კურსში იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა და „ზოგ-ზოგიერთები“ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ ვითომდა დაგეგმილი „ტერაქტის“ დეტალები გაახმაურა, დასავლეთშიც კი ბევრ ექსპერტს და ჟურნალისტს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.

ირანელებმა რატომღაც გადაწყვიტეს საუდის არაბეთის ელჩის მოკვლა მექსიკური ნარკოკარტელის ხელით განეხორციელებინათ, რისთვისაც „აგენტმა“ არბაბსიარმა ვიღაც გაურკვეველ პიროვნებას ბანკის საშუალებით 100 000 დოლარი გადაურიცხა. ეს პიროვნება ნარკოკარტელში ჩანერგილი ამერიკელი აგენტი აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანა იხსნა ვერაგი ისლამისტების შემოტევისგან.

ამ ისტორიაში უამრავი კურიოზული მომენტია. დავიწყოთ იქიდან, რომ ვერავინ ახსნა, რაში დასჭირდა ირანს აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლა, ან რა მოგება უნდა ენახა ამით. სრულიად გაუგებარია, რატომ ცდილობდა ამის გაკეთებას ირანის პროფესიონალური სპეცსამსახური ნარკოკარტელის საშუალებით, სადაც, როგორც ცნობილია, უამრავი ფედერალური აგენტია ჩანერგილი. გარდა ამისა, თავად ნარკოკარტელს არაფერში სჭირდება ასეთ სახიფათო თამაშებში მონაწილეობა, მით უმეტეს მილიონნახევარი დოლარის გულისთვის (აშშ-ს მტკიცებით, ამდენს შეჰპირდა არბაბსიარი მექსიკელებს).

ასევე გაუგებარია, როგორ შეეძლო პროფესიონალ აგენტს ნიუ-იორკის ბანკიდან საბანკო გადარიცხვების საშუალებით ეწარმოებინა საქმეები დაქირავებულ მკვლელებთან, მაშინ როცა ცნობილია, რომ 10 000 დოლარზე მეტი გადარიცხვების მონიტორინგი ხდება.

ბოლო დღეებში კიდევ არაერთი საეჭვო დეტალი გახმაურდა, აღმოჩნდა, რომ „აგენტი“ მანსურ არბაბსიარი ანტიირანული ორგანიზაციის „სახალხო მოჯაჰედების“ წევრი ყოფილა. ამასთან, ნაცნობები მას ახასიათებენ, როგორც კეთილ, მაგრამ მოუწესრიგებელ ადამიანს, ვინც უარს არასოდეს ამბობდა, „ჩაერტყა“ (მუსლიმისთვის კი ეს აკრძალულია) და ა.შ.

საბოლოოდ, თვით დასავლური პრესის ნაწილმაც კი ფაქტიურად მასხრად აიგდო ამერიკული მხარის მტკიცებები „შეთქმულების“ შესახებ, რადგან მათში არანაირი ლოგიკა არ იკვეთება.

თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე. რაც უნდა აბსურდული იყოს ეს ბრალდებები ირანის მისამართით, ისინი თავის საქმეს ნაწილობრივ მაინც ასრულებენ. როგორც ცნობილია, აშშ-ს სახელმწიფოს განკარგულებაშია მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა. ამ მანქანას მუდმივად სჭირდება მომარაგება ანტიირანული მასალებით. როგორც ჩანს, ამერიკელები დიდად არ დაგიდევენ ამ მასალების ხარისხს, მთავარია, რომ ბრალდებების ნიაღვარი უწყვეტად მოედინებოდეს და ამით მსოფლიო საზოგადოების ცნობიერებაში ნელ-ნელა იქმნებოდეს მტრის ხატი ირანისგან. როგორც მესამე რაიხის ინფორმაციის მინისტრი გებელსი ამბობდა, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებს მას ხალხი. აშშ-მ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა გებელსური პროპაგანდა დაუპირისპიროს ირანის მზარდ გავლენას საინფორმაციო სივრცეში. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი პროპაგანდისტული შეტევები აშშ-ს მხრიდან უახლოეს დღეებში და თვეებში ისევ განმეორდეს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"