ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.10.2011
ივანიშვილის მოლოდინში

2011 წლის 12 ოქტომბერს, ქართულ პრესაში ბიძინა ივანიშვილის მეორე საჯარო მიმართვა გამოქვეყნდა. მას წინ უძღოდა ნაციონალების სასაცილო და პანიკური მცდელობები ივანიშვილისთვის უკანა რიცხვით გაეფორმებინათ მოქალაქეობის ჩამორთმევა და ასე გამოეთიშათ ის მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროცესიდან.

ორიოდე სიტყვით შევეხოთ ამ საკითხს. თუ სააკაშვილი წავა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, მოქალაქეობის არქონის საბაბით, არ მისცემს საშუალებას, შექმნას საკუთარი პარტია და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში, მაშინ თავად ეს არჩევნები, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, სერიოზულად დადგება ეჭვის ქვეშ. იმ პირობებში, როცა ივანიშვილმა „მასირებული ცეცხლი“ გაუხსნა ფსევდოოპოზიციურ პარტიებს (ამაზე ქვემოთ), სააკაშვილისთვის და მის ირგვლივ შემოკრებილი ვიწრო გუნდისთვის ძალზე ძნელი იქნება იმ არჩევნების „მიყიდვა“ მსოფლიოსთვის, საიდანაც მისი ძირითადი და ერთადერთი კონკურენტი, მოქალაქეობის არქონის აბსურდული საბაბით, ჩამოცილებული იქნება. თვით სააკაშვილის მხარდამჭერებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სულ უფრო გაჭირვებით ახერხებენ მოძებნონ ე.წ. დემოკრატიის ელემენტები დღევანდელი მმართველობის სისტემაში, ხოლო ივანიშვილის ამგვარი გამოთიშვა პოლიტიკური პროცესებიდან უკვე პირდაპირი და შეუნიღბავი დიქტატურის დამამტკიცებელი საბუთი გახდება. ამას ვეღარ უშველის სახელგატეხილი და „გაფარჩაკებული“ ფსევდოოპოზიციის მონაწილეობა ფარსში, სახელად არჩევნები.

ახლა რაც შეეხება თავად მიმართვას და მასში ჩადებულ საყურადღებო მომენტებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გრძელდება ფსევდოოპოზიციური პარტიების მხილება და დღის სინათლეზე გამოყვანა. თუკი ივანიშვილი გააგრძელებს ამ პროცესს, ხოლო მის მიერ მომავალში შექმნილი საინფორმაციო საშუალებები პროფესიულად და პირუთვნელად გააშუქებენ ფსევდოოპოზიციის საქმიანობას, პრაქტიკულად არავითარი შანსი ამ ბიუჯეტიდან ნაკვებ პარტიებს აღარ ექნებათ. მათი გამოჩენა სახელისუფლებო ან ფსევდოოპოზიციურ არხებზე მხოლოდ სიცილს გამოიწვევს, ასე რომ თავად მარიონეტების მამოძრავებელი რეჟისორები გადამალავენ მათ, ადრე თუ გვიან.

ამასთან, ბ-ნმა ბიძინამ საკმაოდ ჭკვიანური სვლა გააკეთა, როცა ფსევდოოპოზიციური პარტიის ცალკეულ წევრებს არ მოუჭრა გზა მასთან სათანამშრომლოდ და სავარაუდოდ, მის მომავალ პარტიაში გასაწევრიანებლადაც. თუ ეს პროცესი დაიძრა, ეს ნიშნავს სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ფსევდოპარტიების თანდათანობით ნგრევას და გაქრობას პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც ამჟამინდელ ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზულად დაასუსტებს.

მაგრამ ივანიშვილი არ შემოიფარგლა მხოლოდ ფსევდოოპოზიციური პარტიებით. მის წერილებში, განსაკუთრებით მეორეში, უკვე პირდაპირ ჩამოთვლილია ის ფსევდოოპოზიციური მედია-საშუალებები და ექსპერტ-პოლიტოლოგები, რომლებიც თავიანთი იწილო-ბიწილოს ტირაჟირებით მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს. გავიმეორებთ, თუ ამ მიმართულებითაც გაგრძელდა მუშაობა ბ-ნ ივანიშვილის მიერ, ესეც სერიოზული დარტყმა იქნება ნაცხელისუფლების მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სივრცეზე, რომელიც დიდწილად სწორედ ამ ფსევდოოპოზიციურ პერსონაჟებზე დგას.

ძალზე საინტერესოა ივანიშვილის მიერ ნაცხელისუფლების შიდა სამზარეულოს გამოტანა დღის შუქზე. განსაკუთრებით ის პასაჟი, რომელიც ეხება გიგა ბოკერიას მხრიდან ქართული ჯარის ცხინვალში შეყვანის სურვილს, ჯერ კიდევ 2007 წელს. საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომელზეც არავინ კამათობს, რომ გიგა ბოკერია საქართველოში ამერიკული პოლიტიკის და პოლიტიკური წრეების ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და იდეური მხარდამჭერ-დასაყრდენია. იმ ფაქტის გამომზეურება, რომ სწორედ ყველაზე პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი იყო ცხინვალის ავანტურის იდეური სულისჩამდგმელი, და ამზადებდა მას ჯერ კიდევ 2007 წელს (შესაძლოა, ბევრად ადრეც), პირდაპირ მიუთითებს აშშ-ს როლზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში.

ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ სწორი აქცენტები დასვა ბევრი მიმართულებით. მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. არავინ იცის, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მაგრამ, ჩვენი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა სასარგებლო იქნება შემდეგ შემთხვევაში:

1) თუ ეს ახალი მოთამაშე რეალურ მიზნად დაისახავს (რაც განაცხადა კიდეც), ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას და არა ე.წ. 20-პროცენტიანი პარტიის შექმნას, რომელიც ნაციონალების შემდეგ მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. ამ შემთხვევაში ეს სააკაშვილის ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ამავე დროს, ცხადია. რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის დანამატად არის ქცეული, და მას არ შეუძლია 2001-2002 წლებში დაბრუნება, როცა ეს პარტია „ოპოზიციის“ როლში არსებობდა. შესაბამისად, „ნაცების“ დამარცხება არჩევნებზე ავტომატურას ნიშნავს ამ პარტიის დაშლას და ისტორიის სანაგვეზე მისთვის ადგილის მიჩენას.2) თუ ბ-ნი ბიძინა ბოლომდე მიიყვანს ყველა ჯურის ფსევდოოპოზიციონერის და სულგაყიდული პოლიტიკანის, ასევე ჟურნალისტების მხილების საქმეს. აუცილებელია, ამ ფსევდოოპოციური პარტიების და მას-მედიათა საშუალებების მთლიანი „ჩარეცხვა“ (სააკაშვილის ტერმინი რომ ვიხმაროთ). თუ ეს არ მოხდა, და ფსევდოოპოზიციონერთა ჯირითი ისევ გაგრძელდა, ივანიშვილის სიტყვები ჰაერზე დარჩება და ეს მის მიმართ ნდობას საგრძნობლად შეარყევს.3) აუცილებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინოს ინიცირება მსჯელობისა, თუ როგორ მოხდეს მომავალში ზნეობის ნორმების დეგრადაციის შეჩერება, რამაც კატასტროფიული ხასიათი მიიღო. პირველ რიგში, საუბარია სატელევიზო ეთერიდან იმ ყოვლის წამლეკავი სიბინძურის და დამაჩლუნგებელი პროდუქციის ამოღებაზე, რომლითაც მოსახლეობა ყოველდღე იწამლება. ამ მიზნის მიღწევა შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ხელისუფლების შეცვლა. შესაბამისად, რთულიც.

მხოლოდ ამ სამი ძირითადი პირობის შესრულების შემთხვევაში, შეგვიძლია მსჯელობა წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე, ვინმესთან ურთიერთობების დალაგებაზე, ქვეყნის განვითარებაზე და სხვა მაღალ მატერიებზე. სხვა შემთხვევაში, ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში მხოლოდ გაელვებად დარჩება და კიდევ უფრო გააძლიერებს სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო მოსახლეობას საბოლოოდ ჩაძირავს შიშის და დეპრესიის მორევში.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"