ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
16.10.2011
შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე რეკორდულ ზღვარს აღწევს

ადამიანები აშშ-ში სულ უფრო ღარიბი ხდებიან. ერთი მხრივ, ფინანსური კრიზისის დაწყების მომენტიდან, სახელმწიფოს სოციალური ხარჯები გაიზარდა, გახშირდა გადასახადებისაგან გათავისუფლების პრაქტიკა, და როგორც შედეგი, გაიზარდა სახელმწიფო დეფიციტის მოცულობა.

 

მაგრამ მაინც, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ, ამერიკელთა შემოსავლების საშუალო დონემ დაიწია და მოიმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და უმუშევრობის პირობებში ცხოვრობენ.

 

ამერიკელთა თითქმის ნახევარი, უფრო ზუსტად, მათი 48,5 პროცენტი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომელშიც მისი მინიმუმ ერთი წევრი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდა. ეს ისტორიული რეკორდია. 34 პროცენტზე მეტი ცხოვრობს ოჯახებში, სადაც სარგებლობდნენ ან სარგებლობენ საკვები პროდუქტების ტალონებით, სოციალური დახმარებით, ბინის ქირაზე დარიცხვებით ან ღარიბთათვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების პროგრამა "Medicaid"-ით. ჯერ კიდევ 2008 წლის მესამე კვარტალში ყოველივე ეს ეხებოდა აშშ მოსახლეობის მხოლოდ 44,4 პროცენტს, ხოლო 1983 წელს, როდესაც ამგვარი სტატისტიკა პირველად იქნა შედგენილი, აღნიშნული მაჩვენებელი 30 პროცენტის ფარგლებში იმყოფებოდა. რეცესიისა და უმუშევრობის ზრდის შედეგად სულ უფრო მეტი ამერიკელი გაღარიბდა, მაგრამ მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა სოციალური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას.

 

 

თუკი გავითვალისწინებთ აშშ იმ მოქალაქეთა წილს, რომლებიც საერთოდ არ იხდიან გადასახადებს, მაშინ დინამიკა ამ ციფრებშიც აისახება. ყველა ამერიკული ოჯახის 46,6 პროცენტი 2011 წელს არ გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს; ჯერ კიდევ 2007 წელს მათი რიცხვი 40 პროცენტზე ქვევით იყო. ხელფასზე შემოსავლის დაქვითვისგან ამ დროს მხოლოდ 18,1 პროცენტია გათავისუფლებული.

 

 

ახალი მონაცემები სავარაუდოდ რესპუბლიკელთა არგუმენტებს გააძლიერებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ სახელმწიფო ხარჯები და დავალიანება შემცირდეს გადასახადების გაზრდის გარეშე. მოცემულ მომენტში სახელმწიფო ვალი შეადგენს 14 ტრილიონ 856 მილიარდ დოლარს. ბ.ობამას მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დავალიანება 4 ტრილიონზე მეტით გაიზარდა. რესპუბლიკელები ბლოკავენ ობამას მისწრაფებას, გაზარდოს გადასახადები მდიდრებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც წელიწადში 250 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. დემოკრატთა სენატორებმა ალტერნატივის სახით მოამზადეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების ზრდას 5,6 პროცენტით მათთვის, ვინც წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რათა დაფინანსდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა.

 

 

ამ შემთხვევაშიც არგუმენტად გამოიყენება ის, რომ აშშ საგადასახადო შემოსავლები ძირითადად შედგება მდიდარი და შეძლებული მოქალაქეების მიერ გამომუშავებული ფულისაგან. მაგრამ ამგვარი გათვლების დროს ივიწყებენ ხოლმე, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადს, ისევე, როგორც სხვა სამომხმარებლო გადასახადებს ყველა იხდის, ეს კი ღარიბთა და ნაკლებად შეძლებულთა ხარჯების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. ხოლო კონსერვატორებისა და ეკონომიკური ლიბერალების მიერ შეპირებული თუ განხორციელებული საგადასახადო შეღავათებისგან მათ, ვისაც არ გააჩნია გადასახადები, ბუნებრივია, არაფერი რჩებათ. მხოლოდ სახელმწიფო დავალიანება იზრდება.

 

ფლორიან რიოტცერი,

Telepolis.deაგრეთვე იხ. უახლესი სტატისტიკური მონაცემები: "მშიერ ადამიანთა რიცხვი შეერთებულ შტატებში პროცენტულად სამჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში"

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"