ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.10.2011
ევროკავშირის სამიტი ვარშავაში და სარკოზის ვიზიტი კავკასიაში
ვარშავაში გამართულმა ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნებთან პარტნიორულმა სამიტმა ქართული მედიისა და პოლიტიკოსების მიხედვით, წარმატებით ჩაიარა.

ვარშავაში მყოფი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტები სულმოუთქმელად გვიყვებოდნენ ამ „ეპოქალური“ მოვლენის შესახებ და მასში მონაწილე საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის მოლაპარაკებებზე. ერთ-ერთმა წუთნახევარში ისიც მოახერხა, სააკაშვილის გვარი 4-ჯერ ეხსენებინა.

ფაქტობრივი პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვოიაჟებთან დაკავშირებით, საზოგადოებას არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს - მიიჩნევს რა მას უშედეგო დროის და ფულის კარგვად ან გასართობ ღონისძიებად. საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად ხელისუფლება მედიის, განსაკუთრებით ელექტრონულის მეშვეობით სისტემატური პრესის ქვეშ ამყოფებს საზოგადოებას - დაწვრილებით უყვება რა პრეზიდენტის „ღრმადშინაარსიან“ მოგზაურობებზე.

სააკაშვილის ამასწინანდელი ვიზიტი ნიუ-იორკში და მისი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა არა მარტო ყველა დროის საუკეთესო სიტყვად შეფასდა, ცხადია ქართული ტელეკომპანიების მიერ, არამედ უაღრესად წარმატებულ ვიზიტადაც, რომლის დროს სააკაშვილმა 50 შეხვედრა გამართა.

რატომღაც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს ხელის ჩამორთმევა მოლაპარაკება ჰგონია. რა გაეწყობა, ძალაუფლება მათია და ხელის ჩამორთმევაც მოლაპარაკებად აღიქმება, ისე, როგორც ჩავარდნილი ამერიკული სიმინდის პროგრამა - წარმატებულად. სიმინდის ავკარგიანობაზე რომ სახელმწიფო ამდენ ენერგიას ხარჯავს, რას გააკეთებს სააკაშვილის ვოიაჟების სარგებლანობის დასამტკიცებლად?

მიუხედავად იმისა, თუ რა შეფასებას აძლევს ქართული მედია ვარშავის სამიტს, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მას უფრო მეტად პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, ვიდრე ეკონომიკური. მიზანი მარტივი და შორსმიმავალია - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების - უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ევროკავშირის გავლენის ქვეშ მოქცევა, იქ რუსეთის როლის შემცირება.

კარგა ხანია ევროკავშირი ცდილობს სავაჭრო პროექტებით, ფინანსური დახმარების გაწევით, ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებით თავისი სიტყვა თქვას რეგიონში, სადაც განსაკუთრებული აქტიურობით და გავლენით გამოირჩევა აშშ-ი, ნაკლებით - რუსეთი და თურქეთი. შეძლებს ბრიუსელი დასახული მიზნის შესრულებას - ძნელი წარმოსადგენია იმ მძიმე ეკონომიკურ-ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ევროკავშირში აქვს ადგილი.

სამიტის დროს ითქვა ა.წ. ბოლოს სავაჭრო ურთიერთობებისთვის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში.

მოლაპარაკების დაწყება სულაც არ ნიშნავს ვაჭრობის დაწყებას და ეს რომ ასეც იყოს, რა პროდუქციით ხიბლავს საქართველო ევროპას? თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმედი აქვს, ძნელად დასაჯერებელია არასტანდარტულმა პროდუქციამ განებივრებული ევროპელის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, თანაც ეს ბაზარი კარგა ხანია გაჯერებულია არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროდუქციით, არამედ სხვა ქვეყნების, მათ შორის ისრაელის.

საქართველოს ეკონომიკა არათუ ევროპული ბაზრის, მეზობელი ქვეყნების ბაზრების მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს. ასე, რომ თუ ევროკავშირისთვის სამიტი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, საქართველოსთვის მას PR-ს ხასიათი აქვს.

რომ იტყვიან - მელა კვდებოდა და თავი საქათმეში მიჰქონდაო, - სწორედ ევროკავშირზეა ნათქვამი. ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისი კარგა ხანია მძვინვარებს ევროკავშირის ქვეყნებში. ჯერ ირლანდიის კრიზისმა შეანჯღრია ევროკავშირი, ეხლაა და საბერძნეთი იქცა გადაულახავ აქილევსის ქუსლად.

ერთ წელზე მეტია ამ ქვეყანის კრიზისი ბრიუსელისთვის სერიოზული თავსატკივარია. მილიარდობით გამოყოფილ თანხებს სასურველი შედეგი არ მოაქვს. არანაკლები პრობლემებია პორტუგალიაში, იტალიასა და ესპანეთში. წაიბორძიკეს ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებულმა საფრანგეთმა და გერმანიამ. ბოლო ორი თვის ეკონომიკური ტემპის მონაცემები გაცილებით ჩამოუვარდება დაგეგმილ 4-ს და გაჭირვებით აღწევს 1.5%-ს.

გერმანელ პოლიტიკოსთა აზრით, წარუმატებლობა საბერძნეთის დონორობით არის გამოწვეული. ევროკავშირის ქვეყნებიდან საბერძნეთს ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას გერმანია უწევს, რამაც თავისთავად გამოიწვია გერმანელთა უკმაყოფილება, რაც ადგილობრივ არჩევნებში კანცლერ მერკელის პარტიის დამარცხებით დამთავრდა.

მიუხედავად ამისა მერკელი მხარს უჭერს საბერძნეთის დახმარების პროგრამას, რაც არა მარტო ამ ქვეყნის გადარჩენის, არამედ თვით ევროკავშირის და ევროს გადარჩენის საწინდარია.

რა არ ითქვა საბერძნეთის მიმართ, მათ შორის ევროკავშირიდან და ევროს ზონიდან გასვლაც, მაგრამ საბერძნეთის გარიცხვა თავისთავად გახდება სხვა წარუმატებელი ქვეყნებისთვის საგანგაშო ნიშანი და არა მარტო მათთვის, არამედ ძველი ევროპისთვისაც.

მერკელის პოზიციას იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, რომელმაც ელისეის სასახლეში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ პაპანდრეუსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საბერძნეთს არა მარტო მორალურად, არამედ ეკონომიკურად და არ მიატოვებს მას ბედის ანაბარად.

მძიმე ვითარებაა ესპანეთში, სადაც უმუშევრობამ 25% გადააჭარბა, ამ მხრივ მას არც პორტუგალია და არც იტალია ჩამორჩება. სამივე ქვეყანა ვალდებულია მიიღოს ანტიკრიზისული, ანტისოციალური პროგრამა, რაც თავისთავად გამოიწვევს სოციალური ხარჯის შემცირებას, უმუშევრობის გაზრდას, სხვა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას.

ასეთ ფონზე მხოლოდ უდიდესი ოპტიმიზმით შეპყრობილს ან სულელს შეუძლია იფიქროს, რომ რომელიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მათ შორის საქართველოს გააწევრიანებენ ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფალთა ტელეოპტიმიზმი მხოლოდ ერთით არის განპირობებული და ეს ერთი ხალხისთვის თვალში მტვრის გვარიანი შეყრაა.

საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზული ეკონომიკური ჩავარდნების ფონზე, ისღა დარჩენია პერმანენტულად ატყუოს მოსახლეობა ნათელი მომავლით. ამ პროცესში არც სულელური განცხადებებია გამორიცხული, ვინაიდან გამოუცდელ გოგო-ბიჭებს, ხელისუფლებაში მოკალათებულებს მიშას ტყუილი სიმართლე ჰგონიათ.

მსგავსი შეინიშნება არაპროფესიონალ, უვიც ჟურნალისტიკაში, იმათში, ვინც კუდში დაჰყვება პრეზიდენტს. მისი პათოსი მარტო მიშიკოს ხიბლით არ არის გამოწვეული. ის უვიცობის ნაყოფიცაა. ეს, რომ ასე არ იყოს ასე აგზნებულად, თანაც დაბეჯითებით არ მოატყუებდა ხალხს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი ნატო არ არის, იქ შესვლისათვის უამრავი დავალებაა შესასრულებელი, სწორედ ის რაც ბრიუსელმა დაგვისახა. ისე, როგორც ნატოს მიერ მოცემულ დავალებებს, ევროკავშირის დავალებებსაც საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ ასრულებს.

საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული, სოციალურ-ფინანსურ-ეკონომიკური პარამეტრებით, ცხოვრების წესით დამთავრებული საქართველო ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ისევე, როგორც ნატოს.

შესაძლებელია თუ არა საქართველოს კანონების ევროკავშირთან ჰარმონიზაცია? ცხადია შესაძლებელია, თუმცა ამას მრავალწლიანი პროფესიონალური მუშაობა სჭირდება, უაღრესად გამოცდილი მოხელეების და ექსპერტების და რაც მთავარია ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინება. ამ მხრივ საქართველო ურჩი მოსწავლის როლშია.

ევროკავშირის გზა გაცილებით რთული და ეკლიანია, ვიდრე ნატოსი. მაშ რით არის გამოწვეული დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის ნიკ კლეგის განცხადება - ყოფილი საბჭოელების ევროკავშირში სავარაუდოდ შესვლის თაობაზე? ქართულმა ტელევიზიებმა „ყოფილი საბჭოელების“ ნაცვლად მხოლოდ საქართველო ახსენა, რაც თავისთავად ტყუილია.

კლეგის სიტყვები რიტუალურია და გულის გაკეთებას ემსახურება. ის შორს არის რეალობისგან.

ცნობისათვის, იმასაც მოგახსენებთ, რომ ბრიუსელი არათუ გაფართოებაზე ფიქრობს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში შეყვანაზეც ნანობს, მაგრამ რა გაეწყობა - ფაქტი სახეზეა.

და კიდევ ერთი მომენტი, რაც, ჩემის აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა დანარჩენი - პოლიტიკური. საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს არა მარტო რუსეთთან, არამედ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან. მას, თურქეთის გარდა არც ერთ მეზობელთან არ აქვს დელიმიტირებულ-დემარკირებული საზღვარი.

საქართველო პრობლემებიანი ქვეყანაა. ასეთის ევროკავშირში მიღება ბრიუსელისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რასაც მიეძღვნა ვარშავის სამიტი, დიდი ვერაფერი შეღავათია ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს პროგრამა განხორციელდება თუ არა, არავინ იცის. მეორეც, რაც ვარშავაში ითქვა იყო მარტივი - ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წლის ბოლოს დაიწყებაო. მოლაპარაკება და არა ვაჭრობა.

ვარშავის სამიტის შემყურეს უნებლიედ დაებადება კითხვა - მაშინ, როდესაც ევროკავშირში კრიზისი მძვინვარებს, რა თავში იხლის ევროპა ახალ ინიციატივებს?

ევროკავშირი ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს პოლიტიკური მოსაზრებით ყოფილ საბჭოელებს გაეარშიყოს და ეს არშიყი კრემლთან ვაჭრობისთვის გამოიყენოს.

პოლიტიკურ არშიყს ჰგავს ევროკავშირის მძიმეწონიანი წევრის, საფრანგეთის პრეზიდენტის კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ვიზიტიც, თუმცა ამ არშიყში სარკოზის პირადი სურვილებიცაა ჩაქსოვილი. უპირველესად, ის, რაც მომავალი წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

სარკოზის მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბახის საკითხის მოგვარებაში საფრანგეთის ხმა გამოკვეთილი უნდა იყოს, გარდა ამისა რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაში. რამდენად და რა ხარისხით შეძლებს სარკოზი ამ საკითხების მოგვარებას - დრო და რუსეთის პოზიცია გვიჩვენებს.

ყარაბახის საკითხის მოწესრიგებაში რუსეთი პირველობას არავის დაუთმობს, მათ შორის არც პარტნიორ საფრანგეთს. რაც შეეხება საქართველოს - რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ამ ზაფხულს განაცხადა, რომ საფრანგეთ-რუსეთის შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთმა პირნათლად შეასრულა და თუ ეს განმარტება არ აწყობს საფრანგეთს, ეს მისი საქმეა.

სარკოზისთან დაკავშირებით საქართველოში ორი განსხვავებული მოსაზრებაა. ერთის მიხედვით, სარკოზი მხსნელია. მან გადაარჩინა საქართველო რუსული ტანკებისგან და თბილისის აღებისგან. მეორის მიხედვით, სარკოზი დამაქცევარია - ის, რომ არა, რუსები შემოვიდოდნენ თბილისში და დაამხობდნენ სააკაშვილის მმართველობას.

საფრანგეთის გააქტიურება კრემლის მიერ მთლად პოზიტიურად არ აღიქმება, თუმცა ამან არ შეიძლება დაღი დაასვას ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას. სიტყვა პარტნიორული არც შემთხვევით და არც გადაჭარბებულად არ არის ნახსენები, რამეთუ სარკოზის პრეზიდენტობის დროს მიიღო საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთობებმა ახალი სტიმული.

დე გოლიდან დაწყებული ორი ქვეყნის ურთიერთობა ყოველთვის კონსტრუქციული იყო. საფრანგეთის პრეზიდენტები გამოირჩეოდნენ ჭარბი ევროპულობით. მათ ნაკლებად ხიბლავდათ ამერიკა. სარკოზის დროს ვითარება შეიცვალა, თანაც კარდინალურად, მან აშშ-ი სტრატეგიულ პარტნიორად აღიარა, უფრო სწორად - დიდ ძმად, თუმცა ამით მან შეძლო რუსეთის განაწყენების თავიდან არიდებაც. დღეს ორივესთან არსებობს დაბალანსებელი ურთიერთობა, რასაც სარკოზი წარმატებით არეგულირებს.

2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატი სარკოზი მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთს ავტორიტარიზმისკენ გადახრისთვის, ჩეჩნეთის ამბებისთვის, ენერგეტიკის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევისთვის, მაგრამ პრეზიდენტად გახდომის შემდეგ წინამორბედებზე მეტად განამტკიცა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა.

სარკოზის წინამორბედები, სოციალისტი მიტერანი და გოლისტი შირაკი, რომლებმაც მრავალი წელი დაჰყვეს ელისეის სასახლეში, სხვა პოლიტიკური ეპოქის წარმომადგენლები იყვნენ. ორივენი დაიბადნენ და ჩამოყალიბდნენ მეორე მსოფლიო ომამდე. მათზე გარკვეული დაღი დაამჩნია ცივმა ომმა, აგრეთვე ინდოჩინეთისა და ალჟირის კოლონიალურმა ომებმა. მათი შეხედულებები ყალიბდებოდა ისტორიული გამოცდილებიდან.

სარკოზი ახალი პოლიტიკური ეტაპია, ახალი თაობის წარმომადგენელია, პოლიტიკოსისთვის ჭარბი დინამიურობით გამორჩეული, რაც ხშირად აბნევს პარტნიორს. 2007 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სარკოზიმ განაცხადა, რომ კავშირს წყვეტს წარსულთან და იწყებს ყოვლისმომცველ რეფორმებს.

მისი ლოზუნგი იყო - „ბევრი ვიმუშაოთ და ბევრი გამოვიმუშაოთ“. სოციალისტებმა თავის დროზე ჯერ 39 საათამდე შეამცირეს სამუშაო კვირა, შემდეგ - 35 საათამდე, მაგრამ ამან არ გაზარდა დასაქმება. სარკოზიმ სხვა გზა გამოიგონა - გადასახადების და სახელმწიფო ხარჯების შემცირება, მათ შორის სოციალურ სფეროშიც. მიზანი იყო კერძო სექტორისთვის ინვესტიციების გაიოლება, ეკონომიკური ზრდის ტემპის აწევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სარკოზიმ ვერ შეძლო დასახული მიზნების მიღწევა, რაზეც სერიოზულად იმოქმედა მსოფლიო კრიზისმა.

საფრანგეთმა გადალახა რეცესია, მაგრამ ეკონომიკის ზრდის ტემპს ვერაფერი მოუხერხა. ის არ აჭარბებს 1.5%-ს, რაც არ იძლევა წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უდიდესი მონაპოვარი იყო ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა: პენსიები, ჯანდაცვა, მრავალშვილიანთა დახმარება. ცნობისათვის, დღეისათვის საფრანგეთი ირლანდიასთან ერთად ევროკავშირის ლიდერია მოსახლეობის ზრდის ტემპით.

სარკოზის სოციალური პროგრამა ბევრ კითხვას აჩენს. მიუხედავად საზოგადოებისა და პროფკავშირების მასობრივი პროტესტებისა, სარკოზიმ შეძლო საპენსიო ასაკის 60-დან 62-წლამდე გაზრდა. ის იძულებული იყო სხვა არაპოპულარული ღონისძიებებიც გაეტარებინა, რამაც გაანაწყენა ამომრჩეველი. გამოკითხვის მიხედვით, სარკოზის რეიტინგი 22-23%-მდე შემცირდა.

არაპოპულარულია სარკოზის პროგრამა არალეგალურ იმიგრანტებთან დაკავშირებით. პროგრამის მიხედვით, ასეთთა რაოდენობა ყოველწლიურად 30-40 ათასით უნდა შემცირდეს. წელს საფრანგეთმა რუმინეთიდან შესული 30 ათასი ბოშა გააძევა. იმიგრანტთა საერთო რაოდენობა 10%-ს შეადგენს. მათი დიდი ნაწილი - 3.5-4 მილიონი ჩრდილო აფრიკის არაბული სახელმწიფოებიდანაა. დაპირისპირება მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სისტემატურად იზრდება, რასაც კარგად იყენებს ულტრამემარჯვენე პარტია.

ლიბიის მოვლენებმა და სარკოზის კატეგორიულმა გადაწყვეტილებამ კადაფის წინააღმდეგ იერიშის მიტანის თაობაზე გარკვეული ქულები შესძინა მას. ახალი ქულების შეძენას ემსახურება მისი ვიზიტი კავკასიის ქვეყნებში. მოუტანს თუ არა ეს ვიზიტი პირად წარმატებას, მომავალი წლის აპრილში გამოჩნდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"