ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
12.10.2011
ბანკირთა „ოქროს“ მდუმარება და ახალი სავალუტო-საფინანსო სისტემის შექმნის შანსი

მიმდინარე წლის აგვისტოში, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ვენესუელის პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა თითქმის რევოლუციური გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არა მხოლოდ საკუთრივ ვენესუელისათვის აქვთ დიდი მნიშვნელობა, არამედ პერსპექტივაში მთელი მსოფლიოსათვის.

ჩავესმა მეტალურგიის, ნავთობის და საბანკო სექტორებთან ერთად ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების სფეროს ნაციონალიზაცია მოახდინა. გარდა ამისა, ჩავესმა განკარგულება გასცა, ვენესუელას კუთვნილი ყველა ოპერატიული სავალუტო რეზერვი, ისევე როგორც ოქროს რეზერვები, გადატანილ იქნას ევროპული და ამერიკული ბანკებიდან ვენესუელაში და ვენესუელასადმი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი. ამ დღეებში კი რუსეთიდან მოვიდა ცნობა ფინანსთა მინისტრ კუდრინის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

რატომ ვახსენეთ ეს ფაქტები ერთად, სტატიის ბოლოში იქნება გასაგები, მაგრამ თავიდან საკითხის პრეისტორიას შევეხოთ.

ეკონომისტმა პაველ ბიკოვმა, რომელიც რუსულ ჟურნალ „ექსპერტს“ წარმოადგენს, ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც ოქროზე ფასების ზრდა დაიწყო, გამოაქვეყნა საინტერესო სტატია "Деньги в последней инстанции" ("Эксперт" от 16.9.2002), რომელშიც რომელშიც აშშ ეკონომიკური და პოლიტიკური ხელმძღვანელობის საფასო პოლიტიკა ოქროსთან მიმართებით შედარებულ იქნა ომთან, ამასთან ამერიკისთვის პესიმისტური შეფასებით – სტატიის ქვესათაური: „აშშ ოქროსთან ომს აგებს“.

შეერთებული შტატების ეკონომიკის წამყვანი როლი მსოფლიოში, როგორც ცნობილია, განისაზღვრება ამერიკული ვალუტის – დოლარის დომინირებული მდგომარეობით. ოქრო დოლარის ალტერნატიული უნივერსალური საგადასახადო საშუალებაა, რომელზეც აშშ-ს არ შეუძლია, ჰქონდეს მონოპოლია, განსხვავებით საკუთარი ვალუტისაგან, რომელსაც თავად ბეჭდავს. ამიტომ აშშ დაინტერესებულია ოქროზე რაც შეიძლება, დაბალი ფასითა და ამ ძვირფას მეტალზე სტრატეგიული კონტროლით. ამგვარი კონტროლის უზრუნველყოფა მათ შორის ხდება იმით, რომ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის დაფიქსირება დოლარში ხდება. მაგრამ ეს არასაკმარისი იქნებოდა. დღეს უკვე ცხადია, რომ აშშ ახორციელებდა მიზანმიმართულ პოლიტიკას ოქროს წინააღმდეგ, საამისოდ კი იყენებდა სხვადასხვა სახის მაქინაციებს, მათ შორის, ტყუილს. ყოველივე ეს აღწერილია პაველ ბიკოვის სტატიაში, შესაბამისი წყაროების მოხმობით. ამ სტატიის წაკითხვა დაინტერესებულ მკითხველებს შეუძლიათ ქვევით, მიმაგრებულ ფაილში.

gold-2002

ასე, „ექსპერტის“ ჟურნალისტთან საუბარში, მოცემულ სფეროში ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე საკვანძო მომენტი აღნიშნეს. საფინანსო კომპანია Donald & Co.-ს კვლევების დირექტორი ჯონ ბრიმლოუ: „ცენტრალური ბანკები ბევრ ოქროს იძლეოდნენ სესხად, მაგრამ თავიანთ ბალანსებში ამას არ ასახავდნენ. გამოდიოდა, რომ ქაღალდზე ოქროს რაოდენობა მეტია, ვიდრე სინამდვილეში. აი მაგალითად, მე მაქვს ასი ტონა ოქრო, აქედან ათი ტონა გავასესხე, მაგრამ ბალანსში დავტოვე რიცხვი ასი... ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ოთხმოცდაათიან წლებში ცენტრალური ბანკებისგან მთლიანობაში ნასესხები იქნა 15 ათასი ტონა ოქრო, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე ეს ბაზრის მონაწილეების მიერ ოფიციალურად არის აღიარებული“. GATA (Gold-Anti-Trust-Action – „ოქროს მონოპოლიის წინააღმდეგ“)-ს პრეზიდენტი ბილ მერფი: „ოქროს ბაზრის მანიპულირებას ახდენდნენ საინვესტიციო ბანკები Goldman Sachs, J.P.Morgan Chase, Citibank და Deutsche Bank აშშ მთავრობის წამყვანი მონაწილეობით, რომელიც ამ მიზნებისთვის იყენებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ გაცვლითი კურსების სტაბილიზაციის სპეციალურ ფონდს“ (Eхchange Stabilisation Fund, ESF).

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოქროს ბაზრის მანიპულაციის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აშშ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმპორტზე და ძლიერი დოლარი უზრუნველყოფს შიდა ფასების ზრდის უფრო ნელ ტემპებს და დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ინფლაციას კონტროლირებადს ხდის. აშშ-მ შეძლო, მრავალი აზიური ბანკისათვის „შეეტენა“ ქაღალდის დოლარები ოქროს ნაცვლად, აზიური ბანკების რეზერვებში ცოტა ოქროა, სამაგიეროდ ბევრია დოლარი (ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე ეს ასე იყო). ეს მოხდა იმიტომ, რომ 1990-იანი წლებისა მანძილზე და 2000-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონმა რადიკალურად დააგდო ოქროს ფასი და ბევრმა ბანკმა და საინვესტიციო ფონდმა ამერიკული დოლარი უფრო მიმზიდველ აქტივად ჩათვალა ინვესტირებასა და საკუთარი რეზერვების ფორმირებაში.

მაგრამ, როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც იხდება ფარდა, რომლის მდიდრულად მორთული ფასადი დასავლური ბანკების მითიურ „საიმედოობასა“ და „ლიკვიდურობას“ ასახავს, ხოლო მის მიღმა არც თუ სახარბიელო სინამდვილეს ფარავს. ამერიკელი ფინანსისტების მცდელობების მიუხედავად ოქროს ფასმა ზრდა დაიწყო და შეიძლება ითქვას, ფასი ავარდა კიდეც, დასავლური ეკონომიკები და ფინანსები 2008 წლის კრიზისის დასაწყისის შემდგომ სტაბილურობისგან შორს იმყოფება, სულ ახლახანს კი გაირკვა, რომ ოქროს რეზერვების არსებობა შეერთებულ შტატებში საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ჩინეთის კუთვნილი ოქროს პარტიის ნაცვლად ამ ქვეყანაში ფორტ კნოქსიდან გაგზავნილ იქნა მოოქროვილი ვოლფრამი (ამ თემასთან დაკავშირებით იხ. არც თუ ისე კარგი, მაგრამ მაინც თარგმანი რუსულ ენაზე ფრიად საინტერესო ინგლისურენოვანი სტატიისა "Fake gold bars in Bank of England and Fort Knoх", ბმული ორიგინალზე იქვეა). ეს სხვა არაფერია, თუ არა აფერისტობა სახელმწიფო დონეზე.

*    *    *

ყველა ეს არგუმენტი საკმარისზე მეტი საფუძველია, რათა გავიგოთ – ჩავესი სავსებით მართებულად მოითხოვს ვენესუელის ოქროს დაბრუნებას. ყველაფერს კი პოლიტიკური ფაქტორებიც დავუმატოთ. დასავლეთს ძალზე უყვარს, პირველსავე ხელსაყრელ მომენტში „დიქტატორული რეჟიმების“ აქტივების თავის ბანკებში გაყინვა. ლიბია და მუამარ კადაფი არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლია. კადაფისგან განსხვავებით, ჩავესს ჯერ არ ემუქრება ასეთი ბედი, მაგრამ ვინ იფიქრებდა ორიოდე წლის წინ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ლიბიაში? კადაფიმ ზედმეტად მჭიდროდ დაუკავშირა თავისი ქვეყნისა და საკუთარი თავის ბედი დასავლეთს, რომელთანაც შერიგებას ეძებდა და ამას თითქოს მიაღწია კიდეც. ეს უპრინციპობა და პოლიტიკური ახლომხედველობა ზედმეტად ძვირი დაუჯდა მასაც და მის ქვეყანასაც.

მაგრამ ჩავესი მუქარის ქვეშ კადაფის საპირისპირო მიზეზით შეიძლება, რომ აღმოჩნდეს – იგი ცდილობს (და მას ეს გამოსდის), ვენესუელაში დასავლური ნეოკოლონიალიზმის ნარჩენები მოსპოს, როდესაც ოქროს მომპოვების სფეროს ნაციონალიზაციას აცხადებს. ვენესუელის მთავრობამ უკვე მოასწრო კანადური კომპანია Chrystalleх International–ის იძულება, სახელმწიფოსთვის დაეთმო ლას კრისტინასის საბადო (ამჟამად ვენესუელაში ოქროს მოპოვებით დაკავებულია ვენესუელის სახელმწიფო კომპანია, რუსული ფირმა "Русоро" და კუბური ფირმა Geominsal. ყველა მათგანს გარანტირებული აქვს მუშაობის გაგრძელება). Chrystalleх-მა განსახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. საქმე ამჟამად განიხილება მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საინვესტიციო დავების არბიტრაჟში, სხვა თექვსმეტ საქმესთან ერთად, რომლებშიც უცხოური კომპანიები კომპენსაციებს ითხოვენ. ზოგიერთი ექსპერტი იმის მიზეზს, თუ რატომ მოითხოვა ჩავესმა ოქროს დაბრუნება, სწორედ ამ დავებში ხედავს. თუკი მსოფლიო ბანკი გადაწყვეტილებას ვენესუელის მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოიტანს, ხოლო ჩავესი უარს იტყვის კომპენსაციის გადახდაზე, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა თუ შეერთებულ შტატებში დეპონირებული ოქროს რეზერვები შეიძლება, რომ გაყინულ იქნას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩავესს ალბათ ესმის ის, რაც სხვებს ესმით. პ.ბიკოვი წერს და ციტატაც მოჰყავს: „შესაძლოა, ოქრო მართლაც აღარ წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ და მომგებიან საფინანსო აქტივს. მაგრამ იგი რჩება იმ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად, რომელზე კონტროლის შემთხვევაშიც შეიძლება მაკროეკონომიკური პირობებით მანიპულირება. აი რას წერს ამის შესახებ პიტერ ჰემბროუ, კომპანიიდან Pit Hambrow & Mining: ‘ოქროს ბაზარს ძალზე გრძელი ისტორია აქვს. უნდა გვახსოვდეს ოქროს წესი: წესებს ადგენს ის, ვინც ფლობს ოქროს’“.

*   *   *

მაგრამ ვენესუელის მიერ ოქროს მთელი მარაგის დაბრუნება არც თუ ისე ცხადად გამოიყურება. ჰუგო ჩავესის მიერ ამა წლის აგვისტოში თავისი გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ შესაბამისი ანგლო–ამერიკულ–კანადური ბანკების წარმომადგენლებმა, რომელ ბანკებშიც ინახება (უნდა ინახებოდეს) ვენესუელის ოქროს რესურსები 211 ტონის ოდენობით, უარი განაცხადეს „უოლ სტრიტ ჯორნელის“ კორესპონდენტისათვის კომენტარის გაკეთებაზე. არა მხოლოდ ამ მიზეზით უჩნდებათ ექსპერტებს შეკითხვა – მიიღებს კი ვენესუელა, მსოფლიოში ოქროს მარაგების ერთ–ერთი მსხვილი მფლობელი, თავის ოქროს, რომელიც ოდესღაც დასავლურ საინვესტიციო ფონდებს ასესხა? საიტი gold.ru ამასთან დაკავშირებით წერს: „ნაკლებად სავარაუდებელია, რომ ვენესუელის ოქრო დევს [იმ ბანკების] საცავებში, [რომლებმაც ეს ოქრო ისესხეს] და ელის ვენესუელაში გასაგზავნად ატვირთვას. ბევრად უფრო მოსალოდნელია, რომ ოქრო უკვე დიდი ხანია სხვა ბანკებზე გაასესხეს, რომლებმაც, თავის მხრივ, იგი გაყიდეს. ამრიგად, ამ ოქროს უდიდესი ნაწილი დანაწევრებულია და ბანკებს დასჭირდებათ სერიოზული ძალისხმევა საიმისოდ, რომ კვლავ შეკრიბონ ვენესუელის ოქროს ეს ნაწილი“. თუმცა ამავე საიტზე განთავსებულ მეორე სტატიაში ნათქვამია, რომ „ზუსტად უცნობია, ვენესუელის ოქრო ცალკე ფიზიკური სახით ინახება თუ მომთხოვნის სახელზე გაფორმებული ვექსელების სახით“, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. კარაკასის მიზანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, გასაგებია: უზრუნველჰყოს საკუთარი საფინანსო უსაფრთხოება მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილობის წინაშე და თავი დაიზღვიოს მსოფლიო ბანკის ტიპის დასავლეთის ჯიბის ინსტიტუტების მხრიდან სანქციების შემოღების შემთხვევისათვის. ამას დავუმატოთ ოქროზე ფასების ზრდის ტენდენციაც – ბანკ Unicredit-ის პროგნოზების თანახმად, „ოქროზე ფასების ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივა არ დგას რისკის ქვეშ. ჩვენ ავწიეთ 2012 წლის ჩვენი საკურსო მიზანი 1700-იდან 1800 დოლარამდე ერთ უნცია ოქროზე“ – იტყობინება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ ინტერნეტ-ვერსია. მაგრამ ახლა, სექტემბრის ბოლოს, პროგნოზები ყვითელი მეტალის ფასთან დაკავშირებით მისი კიდევ უფრო მეტი გაძვირებისკენ შეიცვალა, 20 სექტემბრის გაზეთი „დი ველტ“ საფინანსო სააგენტო Bloomberg -ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ 2011 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია ოქროს გაძვირება 2 ათას დოლარზე მეტად, ხოლო ევროპულმა ბანკებმა პირველად ბოლო ოცი წლის მანძილზე დაიწყეს იმაზე უფრო მეტი რაოდენობის ოქროს შესყიდვა, ვიდრე ყიდიან. რუსეთმა ბოლო წლებში ასევე გაზარდა თავისი ოქროს მარაგი (თუმცა მოპოვების დიდი მასშტაბების ფონზე მას ოქროს მფლობელთა სიაში შედარებით მოკრძალებული მერვე ადგილი უჭირავს, ხოლო 2009 წელს პირველ ათეულშიც ვერ შევიდა).

მაგრამ წმინდა ეკონომიკური და „თავდაცვითი“ ხასიათის პოლიტიკური მომენტების გარდა ჩავესს, შესაძლოა, ამოძრავებს მისი იდეური მისწრაფება, დაასუსტოს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა. ამაში საიტის gold.ru სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან: „ჩავესის ქმედებებს სხვა დაფარული აზრი აქვს. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2009 წელს 212 ტონა ოქრო მიჰყიდა სხვა ცენტრალურ ბანკებს, ამ ოქროს ფიზიკური გადაცემის გარეშე, ვექსელების სახით, რაც გაყიდვის მთავარი წინაპირობა იყო. ინდოეთმა, მავრიკიმ და შრი ლანკამ იყიდეს აღნიშნული ოქრო და ახლა ისინი, სავარაუდოდ, შეშფოთებულნი არიან თავიანთი ოქროს ბედზე. საინტერესოა, რომ ინდოეთი და შრი ლანკა აგრეთვე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ШОС) წევრები არიან, რომელიც ჩინეთმა და რუსეთმა ზენაციონალური აზიური ეკონომიკური სივრცის ჩამოსაყალიბებლად დააფუძნეს. ძალზე მნიშვნელოვანია ამ კავშირის გაგება. შანხაის ორგანიზაციის მონაწილეთა ცენტრალური ბანკებიდან თიტქმის ყველა მათგანი ამჟამად აქტიურად შეისყიდის ოქროს, ფარულად თუ აშკარად. ამიტომაც ჰუგო ჩავესის ქმედებები შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც კოორდინირებული ეკონომიკური შეტევა დასავლეთზე, და არა მხოლოდ როგორც შემთხვევითი მოვლენა“ (ეს ვარაუდი ძლიერდება კიდევ იმით, რომ ჩავესმა განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, დასავლეთიდან გამოსატანი ოქროს ნაწილი გადატანილ იქნას „მეგობრულ ქვეყნებში“, მათ შორის, შანხაის ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებში – რუსეთსა და ჩინეთში).

*   *   *

ერთია ჩავესის სურვილი, მეორე – რეალური შესაძლებლობები, დასავლეთს და კაპიტალისტურ სისტემას ზიანი მიაყენო. ვენესუელა თუმცა ეკუთვნის ოქროს მარაგების უმსხვილეს მფლობელთა რიცხვს, როგორც ეს ზემოთაც აღინიშნა, მაგრამ ეს რაოდენობა (სულ დაახლოებით 366 ტონა, შესაბამისად მე-15 ადგილი მსოფლიოში ოქროს სახელმწიფო მარაგების მიხედვით) ვენესუელის ხელში არ არის საკმარისი მსოფლიო ბაზრების დესტაბილიზაციისთვის. თუმცა მეორეს მხრივ ვენესუელამ უკვე მოახდინა გავლენა ოქროზე ფასების შემდგომი ზრდის თვალსაზრისით, ხოლო დასავლეთისათვის მთავარი საფრთხე მდგომარეობს შექმნილ პრეცედენტში, რომელსაც შეუძლიათ სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძონ (იხ. ზემოთ), რასაც რეალურად ძალუძს ბოლო მოუღოს დასავლური ბანკების დომინირებასა და დოლარის ჰეგემონიას. მთავარი კითხვა ახლა არის – შეძლებენ თუ ვერა დასავლური ბანკები, დროულად შეაგროვონ კარაკასის მიერ მოთხოვნილი ფიზიკური ოქროს მოცულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნდობა საბოლოოდ იქნება დაკარგული და ფიზიკური ოქროს ყველა მფლობელი მოისურვებს მის უკან დაბრუნებას. ასეთი სცენარი კი, როგორც ცნობილია, სასიკვდილო განაჩენია ნებისმიერი ბანკისა და ნებისმიერი საბანკო სისტემისათვის.

*   *   *

მივაპყროთ მზერა რუსეთს და ფინანსთა მინისტრ კუდრინის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მნიშვნელობას. თუკი ეს საკადრო ცვლილება განპირობებულია უმაღლესი რუსული ხელისუფლების სურვილით, კორექტივები შეიტანოს თავის კურსში და შეეცადოს საინტეგრაციო პროცესების დაჩქარებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, როგორც დოლარის ჰეგემონიაზე აგებული დასავლური სისტემის ალტერნატივის ფარგლებში, იგი ყოველმხრივ მისასალმებელია. რუსეთის სტრატეგია პრინციპულად მართებულია – საფინანსო სექტორი არ ითმენს მკვეთრ ნაბიჯებს და არ ღირს მოვლენების ხელოვნურად ფორსირება, მაგრამ კუდრინის მსგავსი იდეოლოგიზირებული ფინანსისტების ხელში, რომლებიც დარწმუნებულნი არიან დოლარის უალტერნატივობაში, დასავლური საფინანსო-ეკონომიკური სისტემის თვითკმარობაში და რუსეთს განიხილავენ, როგორც მხოლოდ ამ სისტემის რიგით შემადგენელ ნაწილს, სწორი სტრატეგია დიდი ალბათობით გადაიქცეოდა ფორმალობად, დეკლარაციად განზრახვათა შესახებ. საინტეგრაციო პროცესები ევრაზიულ სივრცეში უსასრულობამდე გაიჭიმებოდა. ახლა კი არის შანსი, რომ რუსეთმა თავის საგარეო–ეკონომიკურ პოლიტიკაში დასვას სხვა აქცენტები, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ არ შეიძლება, ერთი ადამიანი ყოფილიყო დაბრკოლება საამისოდ და მსგავსი საკითხები არ წყდება მხოლოდ საკადრო გადაწყვეტილებების საშუალებით.

ამგვარ ხედვას პრინციპში ეთანხმება პაველ ბიკოვიც, რომელმაც ევრაზიის ინსტიტუტისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ კუდრინის ამოსავალი წერტილი იყო თეზისი, რომ რუსეთს უბრალოდ არ სჭირდება ფინანსური დამოუკიდებლობა, იგი წარმოადგენს საერთო საფინანსო სისტემის ნაწილს, ხოლო „ნამდვილი“ ვალუტა მხოლოდ დასავლური შეიძლება, იყოს. კუდრინმა რუსეთის ფედერაცია მიაბა სავალუტო სისტემას, ამ დროს იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ოქროს. სახელმწიფოს პირველი პირები ერთს ამბობდნენ, მაგრამ შემდეგ, ქვევით, იმავე კუდრინის დონეზე, სხვა რამ კეთდებოდა. ბ-ნი ბიკოვი ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთში პოტენციურ ლიდერებს, რომლებსაც შეუძლიათ ეკონომიკაში რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ იგი ევოლუციურ განვითარებას ემხრობა.

მეორეს მხრივ არსებობს ჰუგო ჩავესის მაგალითიც – გადამჭრელი მოქმედებების მაგალითი. ალბათ რუსეთმა რაღაც უნდა აირჩიოს ევრაზიული პროექტების განხორციელების ამჟამინდელი ზედმეტად ნელი ტემპებისა და დასავლეთზე ჩავესის ბლიც–შეტევებს შორის. მოკავშირეები ამ საქმეში არიან – იგივე ირანი, მთავარია – უარი არ ითქვას მათზე დასავლელი „მეგობრების“ საამებლად.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"