ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
20.09.2011
“აგერ არის გერმანია და აგერა ვართ ჩვენ!” - ისევ "ვიკილიქსის" მასალების შესახებ

ევრაზიის ინსტიტუტმა თავისი შეფასება უკვე მისცა საიტ "ვიკილიქსის" მოღვაწეობას, საქართველოს მაგალითზე. გამოქვეყნებული მასალების ზოგიერთი დეტალის ანალიზს ნანა დევდარიანი შეეცადა, სპეციალურად ევრაზიის ინსტიტუტის საიტისათვის.

* * *

სკანდალურად ცნობილ ვიკილიქსს, რომელსაც თავიდანვე დიდი მოლოდინები დაუკავშირდა, დღეს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ წარსულიდან წამოღებული ექსკლუზივების ყულაბა, რომელიც თანამედროვე მედიისთვის ერთგვარი ახალი საინფორმაციო სააგენტოს ფუნქციას ასრულებს. ისევე, როგორც ნამდვილი ყულაბიდან, მისი ჭრილიდან შედარებით მცირე ზომის მონეტების გადმოყრა ხერხდება. დანარჩენის ნახვისთვის ალბათ, ბავშვობაში კარგად აპრობირებული "ყულაბის დამსხვრევის" პროცედურაა აუცილებელი. სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყულაბა უკვე ვიღაცამ გატეხა, ყველა მსხვილი მონეტა ამოიღო და წვრილი ხურდით შეავსო.

მინელდა სკანდალი ჯულიან ასანჟის ირგვლივ, აღარც მის მოხალისე კორესპონდენტებს ერჩის ვინმე, მაგრამ ყოველდღე ვრცელდება ახალი დოკუმენტები, რომელთა მასივში რაიმე სასარგებლოს დაძებნა სულ უფრო რთულდება. 4, 3 ან ორი წლის წინანდელი ამბები აშშ-ს საელჩოს ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" დაუვიწყარი პერსონაჟების მიერ შუაცეცხლთან მეორე მსოფლიო ომის სამხედრო თეატრის ანალიზი. "აგერ არის გერმანია და აგერა ვართ ჩვენ!" – ამბობს ილარიონი და ჯოხით ხაზს ავლებს ნაცარში.

ჩვენც ავიღოთ ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე დოკუმენტი და ვეცადოთ, გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე.

"ჩეხი დიპლომატები 2008 წლის აგვისტოში მოითხოვდნენ საქართველოში სამშვიდობო ძალები შეეყვანათ. გაეროში, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო მისიის საგანგებო ელჩის, ვერონიკა კუხინოვა-შმიგალოვას იფორმაციით, ჩესები მხარს უჭერდნენ ნატოს ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნდათ, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მიიღებდნენ. ანალოგიური პოზიცია ეკავათ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს. მათ გადარწმუნებას გერმანია ცდილობდა".

"აგერ არის გერმანია და აგერა ვართ ჩვენ!"

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საფრანგეთი პოლონეთს და შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შეწყვეტით ემუქრებოდა, თუ ისინი რუსეთ-საქართველოს ომის გამო მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას მხარს დაუჭერდნენ. 2008 წლის ნოემბერში შვედმა დიპლომატმა იოჰან ფრისელმა ამის შესახებ ამერიკელ კოლეგას, რობერტ სილვერმანს აცნობა. როგორც კი რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვა გადაწყდა, შვედეთს და პოლონეთს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორები იყვნენე, მწვანე შუქი მისცეს. საფრანგეთი, გერმანია და იტალია კონფლიქტის ყველა ეტაპზე ცდილობდნენ რუსეთის მიმართ ევროკავშირის რეაქცია შეემსუბუქებინათ".

რა გავიგეთ ამ დოკუმენტებიდან? ერთის მხრივ ის, რომ პოლონელები ჩეხებთან ერთად საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანას მოითხოვდნენ, ხოლო მეორეს მხრივ, - პოლონელები შვედებთან ერთად მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერდნენ. საფრანგეთი კი თურმე პოლონელებს აიძულებდა, ხელი არ შეეშალათ ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის. განა ეს ყველაფერი 2008 წელსაც არ იყო ცნობილი? საფრანგეთის პოზიცია პრაქტიკულად იმთავითვე ნათელი გახდა, როცა "სარკო-სარკომ" რუსეთს 5-პუნქტიანი შეთანხმების პირობების დაცვა მოუწონა და განაცხადა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანაო!

ერთადერთი, ვისაც ხელს აძლევს დღეს ამ დოკუმენტების ტირაჟირება, აშშ ადმინისტრაცია და მიხეილ სააკაშვილია. სიტყვა "ერთადერთი" აქ სწორედაც ერთ მთლიანობას აღნიშნავს: ვამბობთ აშშ, - ვგულისხმობთ სააკაშვილს და პირიქით. მათ ხელს აძლევთ დღეს იმის პედალირება, რომ საქართველოს ერთი "პატრონი" ჰყავს ამერიკის სახით, ხოლო სარკოზი, რომელმაც ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს სახელით აგვისტოს ომში ჩაერია, სულაც არ არის საქართველოს მეგობარი.

ირანთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ ბევრი გაოცებას ვერ მალავდა აშშ-ს "სტრატეგიული პარტნიორის" - მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების გამო. აქვე ვიტყვი, რომ პირადად ჩემი აზრით, ირანთან ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოსთვის კარგის მეტი არაფრის მომტანია. აქ ჩვენ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოტივებსა და პოლიტიკურ კონტექსტზე ვსაუბრობთ. ვნახოთ, რას გვაუწყებს ამის შესახებ ვიკილიქსი.

საქართველოში აშშ ელჩის, ჯონ ბასის მიერ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლის ავღანეთსა და პაკისტანში, - რიჩარდ ჰოლბრუკისადმი (ღმერთმა აცხონოს, იგი სააკაშვილს იმაში მაინც გამოადგა, რომ მისი ხსოვნის საღამოზე პრეზიდენტი ობამა მოიხელთა სურათის გადასაღებად) გაგზავნილ წერილში საქართველო-ირანის ურთიერთობებზე ნათქვამია: "საქართველო ირანთან ურთიერთობების აწყობას ცდილობს. თბილისი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას ირანის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მზად არის, ეს საკითხები უშუალოდ ირანელების წინაშე დააყენოს. თუმცა ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ ჩქარობს. საქართველო ჯერ კიდევ აწყდება თეირანის მხრიდან მრისხანებას რამდენიმე წლის წინ ირანელი იარაღის კონტრაბანდისტები შეერთებული შტატებისთვის გადაცემის გამო. ამასთანავე, საქართველოს არ შეუძლია გაუუცხოვდეს გავლენიან მეზობელს და მთავარ სავაჭრო პარტნიორს, მით უმეტეს მაშინ, როცა თბილისი ცდილობს განდგომილი რეგიონების შემდგომი აღიარება თავიდან აიცილოს".

"აგერ არის გერმანია და აგერა ვართ ჩვენ!"

გამოდის, რომ ჯონ ბასს გულწრფელად სჯერა – საკითხები, რომელთაც თავად აშშ ყველა დონეზე აყენებს ირანის წინაშე და ვერ წყვეტს, ახლა სააკაშვილმა უნდა დააყენოს "უშუალოდ ირანელების წინაშე". სწორედ სააკაშვილმა, რადგან ყველგან, სადაც გამოყენებულია ნაცვალსახელი "ის", საინფორმაციო სააგენტოები ფრჩხილებში "თბილისს" ურთავენ, მაგრამ გასაგებია, რომ "ის" – სწორედ სააკაშვილია და არა "თბილისი". ერთი სიტყვით, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირების გორდიას კვანძი სწორედ სააკაშვილმა უნდა გადაჭრას.

აღარაფერს ვიტყვით ზესახელმწიფოს საელჩოსთვის სრულიად შეუფერებელ უზუსტობაზე: ირანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი არც მაშინ ყოფილა და, ჯერჯერობით არც დღესაა. საქართველოს უმთავრეს სავაჭრო პარტნიორთა პირველი სამეული ასე გამოიყურება: თურქეთი (587,3 მილიონი დოლარი, საქართველოს საგარეო საქონელბრუნვის 16,7%), აზერბაიჯანი (369,4 მილიონი დოლარი, 10,5%), და უკრაინა (340, 8 მილიონი დოლარი, 9,7%). ამ სამეულს კი გერმანია, ჩინეთი და თავად აშშ მოსდევს. განა ამ მონაცემების ფონზე აშშ-ს ელჩის არგუმენტები სარწმუნოდ გამოიყურება?

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა, აშშ-ს ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ 2007 წელს ვაშინგტონში გაგზავნილ წერილს წარმოადგენს. მას წერილში ვანო მერაბიშვილის სიტყვები მოაქვს: "არა მგონია, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. რუსეთის უმთავრესი მიზანი სტატუს-კვოს შენარჩუნებაა. 2014 წლისთვის ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარება ქართველებისთვის მიუღებელი ახალი ამბავია". მერაბიშვილის ინფორმაციით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების მხარდაჭერა მოეპოვებინა სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებისთვის, კრემლმა მილიარდობით დოლარი დახარჯა. მისივე თქმით, რუსები სოჭში, აფხაზეთთან ახლოს მიწების შესყიდვას დაიწყებენ, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის.

აქაც ირკვევა, რომ "ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე" მერაბიშვილი სულაც არ ყოფილა ამგვარი. ის ვერ ხედავს რეალურ საფრთხეს და რაღაც ქიმერებს დასდევს. სამაგიეროდ, ვიკილიქსის სხვა დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევრაზიისა და ევროპის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, დენიელ ფრიდს უთხრა: "მართალია, ზოგჯერ სააკაშვილი ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ სისულელეებს არ ჩაიდენს".

სააკაშვილის ბევრი სისულელე აქაც "ჩამოიწერა"; გამოდის, რომ ის მხოლოდ თავს აჩვენებს ასეთად, სინამდვილეში კი ბრძენი და შორსმჭვრეტელია. ნუღარ შევჩერდებით იმაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ვიკილიქსის პუბლიკაციებმა ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია მოახდია. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბურჯანაძე, მისი ამერიკელებთან "დამსმენი" ალასანია, გაჩეჩილაძე, რომელსაც "როცა გინდა, იყიდი" და სხვები იმგვარად არიან აშშ-ს ელჩის მიმოწერაში წარმოდგენილი, რომ ამომრჩევლის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. აქ საკითხავი მსოლოდ ის არის, რატომ სჯერა ქართულ ოპოზიციას აშშ-ს მხარდაჭერისა, თუმცა "ექვსეული" თავდაჯერებით ამტკიცებს, რომ მათ ვითარებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიტანეს გარდატეხა. თუ სიტუაცია ამერიკელების დამოკიდებულებაში შეიცვალა, ეს თავს არ დამალავს, ჩვენ კი კვლავ წარსულის ექსკლუზივებს მივუბრუნდეთ.

2007 წლის 26 სექტემბერს ჯონ ტეფტი ვაშინგტონს წერს: "თუ ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლა უკვე დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო, მის მიერ სააკაშვილზე თავდასხმის ფორმამ შოკში ჩააგდო ქართული პოლიტიკის დიდი ხნის მიმომხილველებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ან უარვყოთ ოქრუაშვილის მიერ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდებების მართებულობა, ჩვენ მაინც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ ვფლობთ არავითარ ინფორმაციას პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით. ამასთან, ვიცით, რომ ოქრუაშვილის რამდენიმე ბრალდება ფარსია. ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში ამერიკული მხარის მონაწილეობამ დაადასტურა, რომ ჟვანიას ცხედარი გარდაცვალების შემდეგ ტრანსპორტირებული არ ყოფილა".

ამ წერილის თანახმად სააკაშვილის ხელისუფლება პატარკაციშვილის და ჟვანიას დაღუპვაში უბრალო ყოფილა. თავი დავანებოთ იმას, რომ მთელი ეს ტირადა უფრო ქართული საზოგადოების გასაგონად ნათქვამს ჰგავს, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ოფიციალური გამოძიება ჟვანიას ცხედარის ტრანსპორტირების ვერსიას საერთოდ არ განიხილავდა? იქნებ ბატონი ტეფტი რაიმე ჩვენთვის უცნობი გამოძიების შესახებ წერს? ყოველ შემთხვევაში, სხვა დისკრედიტირებულ ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ოქრუაშვილიც მატყუარად და არასანდო პიროვნებად არის გამოყვანილი.

თინა ქეიდენაუსთან შეხვედრის ამსახველი დოკუმენტის მიხედვით კი სააკაშვილი იმ ლიდერად არის წარმოჩენილი, რომელიც საკუთარ კადრებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს თვით აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის წინაშეც კი შეუპოვრად იცავს! საუბარია ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე, რაც ქეიდენაუსთვის გაუგებარი აღმოჩნდა ახალაიას "ცუდი წარსულის გამო ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით". მას შემდეგ 2 წელი გავიდა და, რთული წარმოსადგენია, ამერიკის საელჩომ არ იცოდეს ახალაიას ასეთივე "ცუდი აწმყოს შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით", მაგრამ იგი კვლავაც თავდაცვის მინისტრია.

ვიკილიქსის თავშესაქცევზე დიდხანს შეიძლება საუბარი. გარდა ინფორმაციული ნაკადისა, იგი თვალნათლივ ატარებს პოლიტიკურ კომპონენტსაც, რომლის დანახვა ძალიან არ უნდა გინდოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში დაშვებული ვერც ერთი სერიოზული შეცდომა აშშ-ს ძველ და ახალ ელჩებს ვერ შეემჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, ამ "კონფიდენციალურ" დოკუმენტებში თქვენ ამას ვერ ნახავთ.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"