უკრაინა და ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავალი

უკრაინა და ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავალი

  უკრაინის აქტუალური მოვლენების ანალიზი ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში

- ინტერვიუ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან, გაზეთი „ახალი თაობა“ (16.4.2014).

უკრაინაში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია  შესაძლოა თუ არა უფრო ღრმა დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

- ეს ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე ომის გამოცხადებას ნიშნავს, ომს საკუთარ ხალხთან. ჩვენი ინტერვიუ რომ გაზეთში დაიბეჭდება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად უფრო დიდი მსხვერპლი იქნება რეგისტრირებული, ვიდრე ამ მომენტისთვის არის. კიევის ხელისუფლებამ უკვე გადაისროლა აღმოსავლეთისაკენ მძიმე ტექნიკა და არმიის შენაერთები. ფაქტობრივად, უკრაინაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომლის ლოკალიზება ჯერ კიდევ არ არის გვიან, თუკი მხარეები გონს მოეგებიან.

  როგორც უკრაინის მთავრობა აცხადებს, ტერორისტების უკან რუსეთი დგას, ამ ბრალდებას კი ოფიციალური მოსკოვი უარყოფს...

- უკრაინის დღევანდელი მთავრობა თავად ეყრდნობა ტერორისტულ ძალებს. საინტერესოა, ვინ დგას „მემარჯვენე სექტორის“ უკან? ვინ ჩაიყენეს სამსახურში უკრაინელმა ოლიგარქებმა? ალბათ უფრო დასავლეთისკენ უნდა ვეძებოთ ტერორისტების რეალური მფარველები, ეს იგივე ხალხია, რომელიც თავად უკრაინის ახალ ხელისუფლებას მფარველობს.

  რუსეთი, თავის მხრივ,, რა თქმა უნდა, დახმარებას აღმოუჩენს აღმოსავლეთი უკრაინის ხალხს, რადგან საქმე ეხება რუსი და რუსულენოვანი ადამიანების ინტერესებს, რომელთა დამონებას ლამობს კიევი. დონბასელები ელიან რუსული რეგულარული ჯარების შესვლას მათ ტერიტორიაზე, მაგრამ მოსკოვი ამას არ აკეთებს, იგი პირველ რიგში დიპლომატიურ დახმარებას აღმოუჩენს აღმოსავლეთს და სპეცსამსახურებიც, რაღა თქმა უნდა, აქტიურად იმუშავებენ, რაც აბსოლუტურად გასაგები მომენტია, ნებისმიერი სხვა სახელმწიფო რუსეთის ადგილზე ანალოგიურად მოიქცეოდა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის მოვლენებისადმი რუსეთი გულგრილი არ დარჩება, რადგან ნატოსთან ურთიერთობის მეტად სავალალო გამოცდილება არსებობს - რუსეთი არაერთხელ მოატყუეს, ნატოც გაფართოვდა აღმოსავლეთით და რამდენჯერმე მცდელობაც იყო, მოსკოვში დასავლეთიდან მართული ოპოზიციის ხელით სიტუაცია არეულიყო. ამიტომ რუსეთი დასწრებაზე იმოქმედებს, მიიღებს პრევენციულ ზომებს და უსიამოვნებას თავისი ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადაიტანს. ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე უკრაინის რადიკალური პროდასავლური ხელისუფლებაა, რომელმაც ძალადობრივი გზით განდევნა ქვეყნიდან აბსოლუტურად კანონიერი პრეზიდენტი იანუკოვიჩი და ესეც არ იკმარა, მეორე დღესვე დისკრიმინაციული კანონი მიიღო რუსული ენის წინააღმდეგ. შესაბამისად, რუსეთის რეაქცია არ არის გასაკვირი და თუ უკრაინის ხელისუფლება შეეცდება, ძალით დაიმორჩილოს დონბასელი ხალხი, რუსეთისგან ღია ჩარევაც არ იქნება გამორიცხული.

- გადაწყდა, რომ ევროკავშირი უკრაინაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დასახმარებლად მისიას გაგზავნის, ეს კიდევ უფრო ხომ არ დაამძიმებს ვითარებას?

- გააჩნია, თავად ეს მისია რა მისიით იქნება გაგზავნილი - გამოჩნდება, რამდენად რეალურად სურს ევროკავშირს, დაეხმაროს მთელ უკრაინელ ხალხს და არა მხოლოდ მის პროდასავლურ ნაწილს. მე საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ მსგავს მისიებს, ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში არის შეერთებული შტატების დანამატი. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს არ ჰყავს პოლიტიკოსები, არამედ ჩინოვნიკები. აბა რა პოლიტიკოსია ვან რომპეი ან ქეთრინ ეშტონი, პირდაპირ სასაცილოა, რომ ამ უბადრუკ ჩინოვნიკებს ასეთი მასშტაბის პრობლემებთან უწევთ შეჭიდება. რა თქმა უნდა, პუტინი მათ ყველა ფრონტზე მოუგებს.

   არსებობს თუ არა რეალურად ომის დაწყების საფრთხე და რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს?

- როგორც მოგახსენეთ, სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია და რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებაც ძალზე რეალურია. პარადოქსულად ჟღერს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ რეალურად ასეა: თუკი რუსეთი რეგულარული ჯარებით ჩაერთვება პროცესებში, მსხვერპლი ნაკლები იქნება. გაცილებით დიდი მსხვერპლის მოწმენი გავხდებით, თუკი კიევის მიერ გამოგზავნილ შეიარაღებულ ფორმირებებსა და დონბასელ მოხალისეებს ერთმანეთს პირისპირ შეატოვებენ. რუსეთს არ სურს დონბასის შემოერთება, ოფიციალურმა მოსკოვმა ნათლად და მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: უკრაინაში მშვიდობა და სტაბილობა უნდა სუფევდეს, რაც ქვეყნის ფედერალიზაციის გარეშე შეუძლებელია. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, სავსებით რეალისტურია. უკრაინის აღმოსავლეთი გეოგრაფიულად, მენტალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად - რუსეთთან არის დაახლოებული და მისგან თითქმის არ განსხვავდება, ამიტომ დონბასში მიუღებელია „ზაპადენცების“ და ბანდერას მოტრფიალეთა მიერ აღებული კიევის დიქტატი. დონბასს სჭირდება გარანტია, რომ ადგილობრივთა ცხოვრების წესში უხეშად არავინ ჩაერევა კიევიდან, ასევე უნდა გამოირიცხოს უკრაინის გადასვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-სტრატეგიულ ორბიტაზე. სწორედ ფედერალიზაცია მისცემს საშუალებას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს, რომ თავი ამ მხრივ დაცულად იგრძნონ. მეორეს მხრივ კი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული იქნება. მაგრამ კიევს არ სურს დათმობებზე წასვლა და ებღაუჭება უნიტარული უკრაინის იდეას, რომელიც მთლიანად პროდასავლური იქნება. ეს, რა თქმა უნდა, აწი გამორიცხულია.

- ტიმოშენკომ ღიად მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, ვინ შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში?

- არც არავინ. ტიმოშენკოს აფიორების დრო დასრულდა, ახლა იგი ერთი რიგითი, უსუსური ქალია. მას შეუძლია, ისევ დაიწნას თმა და უკრაინული ნიღბით იაროს, მაგრამ ეს მას არ უშველის. უკრაინის გამო რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს. რუსეთთან ომი ყველასათვის გამანადგურებელი იქნება.

 -  საქართველოს რა საფრთხეები ექმნება ამ შემთხვევაში?

- საქართველოს „დავითას“ საფრთხე ექმნება მხოლოდ, ანუ: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეინარჩუნებს ტაქტს და რუსეთთან დარეგულირებისკენ აღებულ კურსს არ გადაუხვევს, რუსეთი ჩვენთვის საფრთხე არ იქნება. მხოლოდ ზედმეტი ჩარევა უკრაინის საქმეებში შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას. ასევე მიუღებელია გამომწვევი განცხადებების გაკეთება, რომ საქართველო „არ გადაუხვევს“ ნატოსა და ევროკავშირის კურსს. ბოდიში, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ქუჩის დონე. და რადგან ქუჩის დონეა, ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩევ: როდესაც დაიწყებენ მტკიცებას და ფიცს, ნატოს და დასავლური ინტეგრაციის კურსს არ გადავუხვევთო, ზედ „ჩემი დედაც“ დააყოლონ, ალბათ ასე უფრო შეაშინებენ პუტინს.

 ამ ეტაპზე რუსეთთან მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლება ევროკავშირი, რამდენად ზარალდება რუსეთი და რა შედეგს მიიღებს ასევე სანქციის მონაწილე ქვეყნები?

- რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები გამოხატულებაა დასავლეთის უძლურებისა. რა თქმა უნდა, ვერანაირი სანქციები რუსეთის სწრაფვას, იყოს უსაფრთხოდ და არ დაუშვას სადმე ჩერნიგოვში და ლუგანსკში ნატოს ბაზების განთავსება, ვერ შეაჩერებს. სანქციები უფრო ევროპას დააზარალებს, ვიდრე რუსეთს. ამერიკა შედარებით მეტად არის დამოუკიდებელი რუსეთისგან, მაგრამ სტრატეგიულად ევროპის დასუსტება მასაც არ უნდა აწყობდეს, რადგან ევროპაა მისი მთავარი მოკავშირე. შესაბამისად, სანქციებს განვიხილავ, როგორც შიდა მოხმარების პროდუქტს - აჩვენონ საკუთარ მოსახლეობას, რომ რაღაცას მოიმოქმედებენ.

  რაც შეეხება საქართველოს, როგორც ხელისუფლება პროგნოზირებს ნაციონალები არეულობისთვის ემზადებიან, ნაციონალები კი ქვეყანაში მე-5 კოლონის გაძლიერებაზე საუბრობენ, რაშიც პირდაპირ ადანაშაულებენ ევრაზიის ინსტიტუტს...

- ეს არის ჩვენს ქვეყანაში გამეფებული უწიგნურობისა და დილეტანტიზმის მორიგი გამოვლინება. ჯერ ერთი, ჩვენს ინსტიტუტს რატომღაც შეარქვეს „ევრაზიული კავშირი“, რაც ნონსენსია. ევრაზიული კავშირი იქნება ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოებს გააერთიანებს და იგი ჯერ არ არსებობს. მე გახლავართ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ეს არის ქართული არასახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც 2009 წელს დაარსდა და მთელი ამ ხნის მანძილზე სააკაშვილის ბინძურ რეჟიმსა და მის ანტირუსულ, სინამდვილეში კი - ანტიქართულ პოლიტიკას ებრძოდა. ჩვენ ამას მაშინაც ღიად ვაკეთებდით და ახლაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ: ვხვდებით მოსახლეობას რეგიონებში, ვაწყობთ სემინარებს, დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს, ვაქვეყნებთ ანალიტიკურ სტატიებს, ვცდილობთ, გავაღრმავოთ ურთიერთობები რუს პოლიტოლოგებთან და გარკვეულად პოზიციები შევაჯეროთ... ეს არ არის „მეხუთე კოლონა“ - გადაშალონ ენციკლოპედიები და ნახონ, რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინი და საიდან წამოვიდა. ზოგიერთმა სულელმა იმაშიც დაგვდო ბრალი, რომ ჩვენ „ნაციონალები“ გვაფინანსებენ, და ეს მაშინ, როდესაც ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი შოთა აფხაიძე სააკაშვილის რეჟიმმა სამ წელიწადზე მეტ ხანს აყურყუტა ციხეში, და რომ არა ხელისუფლების ცვლილება 2012 წლის ოქტომბერში, კიდევ წელიწადნახევარი უნდა მჯდარიყო.

ჩვენ არც მომავალში დავმალავთ ჩვენს პოზიციას და ხალხს სათქმელს ღიად ვეტყვით. საოცარი ენთუზიაზმია ჩვენთან შეხვედრებზე რეგიონებში, განსაკუთრებით შიდა ქართლში. უამრავი მხარდამჭერი გვყავს არა როგორც ორგანიზაციას, არამედ როგორც გარკვეული იდეების მატარებელ ადამიანებს. აი სწორედ ეს აცოფებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მოშურნეც ბევრი გაგვიჩნდა - ჩვენ შევძელით ის, რაც ბევრმა ვერ შეძლო. მე უფრო ამაზე მწყდება გული, რომ „აქეთა“ ფლანგიდან გვიტევენ, თორემ „ნაცმოძრაობა“ რომ მტერია და მას უნდა ვებრძოლო, ეს ვიცი და მშვიდად აღვიქვამ.

- და ბოლოს, რამდენად სწორია ქვეყნის საგარეო კურსი ?

- ჯერ-ჯერობით ხელისუფლების საგარეო კურსი მისაღებია იმ გაგებით, რომ იგი იცავს ოქროს შუალედს და მაქსიმალურად წელავს დროში მტკივნეულ ალტერნატივას - ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის კურსი თუ ევრაზიულ პროექტში მონაწილეობა. თუმცა ბევრი შეუსაბამობაა და დილეტანტიზმი, რასაც მე ვხედავ. რუსეთთან უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, მაშინ უფრო იოლი იქნება დიალოგი ე. წ. საზღვრის გადმოწევის თემაზეც და ყველა სხვა პრობლემაზეც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ პრეზიდენტმა ობამამ ღიად განაცხადა ის, რაც უკვე ყველამ ვიცით. ხელისუფლების ყურადღებას უკრაინის გამოცდილებაზეც გავამახვილებდი: იანუკოვიჩის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მისი მთავრობა ხალხს ევროინტეგრაციას მომხიბვლელად უხატავდა, ფაქტობრივად შეცდომაში შეყავდა უკრაინის მოსახლეობა. შემდეგ, როდესაც იანუკოვიჩმა თავის მიერვე გაპიარებულ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა, ამან ხალხის დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. არადა, ეს ხელშეკრულება უკრაინისთვის ეკონომიკურად წამგებიანი იყო და ამიტომ თქვა უარი უკრაინის პრეზიდენტმა. მე კი გეტყვით, რომ როდესაც გაირკვევა, რომ საქართველოსთვისაც წამგებიანია ევროპასთან ასოცირება, მერე გვიანი იქნება უკან შემობრუნება. გამოდის, რომ ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულება უნდა მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავად იყო ამ ხელშეკრულების პროპაგანდისტი. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ჯერ კიდევ ვერ შედგა.

 

 

ესაუბრა შორენა გონგლაძე