შსს-ში „ნაციონალებს“ აგენტურა ჰყავთ? - ღია მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს

შსს-ში „ნაციონალებს“ აგენტურა ჰყავთ? - ღია მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს

ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს

  ბატონო მინისტრო,

  მოგმართავთ გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ თქვენდამი დაქვემდებარებულ სამინისტროში „ნაციონალების“ მომხრე ელემენტები ეწევიან საბოტაჟს და ინფორმაციები მიაქვთ სააკაშვილისადმი დაქვემდებარებულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში.

  საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს: ამა წლის 28 მარტს ოფისში გვესტუმრა „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ სახელით. ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი დაინტერესდა არასახელმწიფო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ საქმიანობით, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ჟურნალისტი და ოპერატორი მთელი დღის მანძილზე იწერდნენ ინტერვიუებს ჩემთან, ასევე ჩემს კოლეგებთან - შოთა აფხაიძესა და ირაკლი ყიფიანთან. გადაღება მეორე დღესაც გაგრძელდა. მომზადდა სიუჟეტი და ამ სიუჟეტის ამსახველი მოკლე ანონსი „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა 29 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. თუმცა 30 მარტის საღამოს, გადაცემა „პოსტსკრიპტუმმა“ დაანონსებული რეპორტაჟი, რომელსაც „მეხუთე კოლონა“ ერქვა და ამ „მეხუთე კოლონად“ მე და ჩემი კოლეგები მოვიაზრებოდით, აღარ გაუშვა ეთერში.

  ჩემი ეჭვი შსს-ში „ნაციონალების“ აგენტურის მოქმედებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: სიუჟეტი მზად იყო ეთერში გასაშვებად, რადგან მას მთელი ორი დღის განმავლობაში აანონსებდნენ, ეს იხილა უამრავმა ადამიანმა. გვაქვს ამ ანონსის ჩანაწერიც, როგორც ნივთმტკიცება. მაგრამ შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: 30 მარტს დღისით, ტელეფონით დამიკავშირდა ჩემი ახლო მეგობარი, პროფესიით იურისტი და მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ არაკორექტულად დაანონსებული რეპორტაჟი სათაურით „მეხუთე კოლონა“ შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის და იურიდიულად მე შემეძლო ტელეკომპანიის ამგვარი უტაქტო ქმედება სასამართლოში გამესაჩივრებინა. მე დავეთანხმე მეგობარს და ვუთხარი, რომ აზრად მქონდა კიდეც სარჩელის აღძვრა, მაგრამ ვმერყეობდი, ხოლო ახლა, მას შემდეგ, რაც მან მე დამირეკა, უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეჩივლა „რუსთავი 2“-ისათვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მეგობარმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ მე პროცესის მოგების კარგი შანსი მაქვს. გადავწყვიტეთ, რომ შევარჩევდით ადვოკატს. ისიც ითქვა, რომ მოგებულ თანხას ქველმოქმედებაზე დავხარჯავდით.

  ამ საუბრიდან ორი-სამი საათის შემდეგ ტელეფონზე შეტყობინება გამომიგზავნა ირაკლი ყიფიანმა, რომელშიც იგი დანანებით ამბობდა, რომ „მეხუთე კოლონად“ მოგვნათლეს. მე მას მივწერე: „სწორედ მაგაში შეცდა რუსთავი-2, ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიგებთ, აუცილებლად გადმოწერე გადაცემა ინტერნეტიდან!“ ამ საუბრის და მიმოწერის შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაქრა ანონსი „მეხუთე კოლონაზე“ (ცოტა ხნით იგი კიდევ იყო ინტერნეტში) და 21:00 საათზე, გადაცემის დაწყებისას, ეს ანონსი ასევე აღარ გამოჩენილა. გადაცემა „პოსტსკრიპტუმმა“ სიტყვა აღარ დაძრა „მეხუთე კოლონაზე“, ევრაზიის ინსტიტუტის შესახებ რეპორტაჟი საერთოდ არ გასულა ტელეეთერში.

 ალბათ თქვენც გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ დაემთხვა ჩემს კერძო საუბრებში გაჟღერებული მუქარა „რუსთავი 2“-ის მიმართ ამ ტელეკომპანიის უეცარ „გაკორექტულებას“. მე პირდაპირ ვამბობ: ჩემი და ჩემი კოლეგების სატელეფონო საუბრები და მიმოწერა კონტროლდება თქვენი სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს - გვისმინონ და იკითხონ, რამდენიც უნდათ. მე, მაგალითად, სპეციალურად არ ვცვლი ჩემს ტელეფონს, რომელიც ლამის ნახევარმა საქართველომ იცის. პრობლემა უფრო ისაა, რომ თქვენს სამინისტროში სავარაუდოდ ჩაბუდებულნი არიან სააკაშვილის დამქაშები. ჩემგან არ გესწავლებათ, რეალურად ვის ეკუთვნის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და რა საქმეს ემსახურება იგი. ვვარაუდობ და ირიბად ვამტკიცებ კიდეც, რომ „პოსტსკრიპტუმის“ ავტორს უშუალოდ ჩემს მიერ ჩემს მეგობრებთან სატელეფონო საუბრებში გაჟღერებული გადაწყვეტილება აცნობეს და ყური აუწიეს კიდეც - ვინაიდან, ვიმეორებ, ადგილი ჰქონდა პირდაპირ შეურაცხყოფას ტელევიზიის მხრიდან, „რუსთავი 2“ ვერასოდეს დაასაბუთებს ჩვენს „მეხუთე კოლონობას“ და სასამართლო პროცესს პირწმინდად წააგებს. ამ გზით კი სააკაშვილის პროპაგანდისტული იარაღი გადაარჩინეს სასამართლო პროცესს.

  ჩვენი ხელისუფლების და მთლიანად საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებშია, ბოლომდე გაწმინდოთ შსს ორგანოები „ნაციონალების“ ნარჩენებისაგან, რასთან დაკავშირებითაც წარმატებებს გისურვებთ.

 

პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი