საპროტესტო აქცია თბილისში პოლონეთის საელჩოსთან

საპროტესტო აქცია თბილისში პოლონეთის საელჩოსთან

  ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ევრაზიის ინსტიტუტისა და ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის“ ცალკეული წარმომადგენლების სახით,

27 იანვარს – ოსვენციმის ნაცისტური სიკვდილის ბანაკის გათავისუფლების დღეს მშვიდობიანი აქცია გამართეს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობასთან. ასეთი აქციის მიზეზი გახდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გ. სხეტინას განცხადება მითიური „უკრაინლების“ შესახებ, რომლებმაც თითქოს გაათავისუფლეს ოსვენციმის ტყვეები.

  გამომსვლელებმა მიტინგზე აღნიშნეს, რომ ქართველები დიდი პატივისცემით არიან განწყობილნი პოლონეთის მიმართ და მინისტრ სხეტინას საწინააღმდეგოც არაფერი აქვთ, მაგრამ ასევე საჭიროა, პატივი ვცეთ დღევანდელი ქართველების ეროვნულ გრძნობებს, რომელთა მამები და პაპები იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ და ათავისუფლებდნენ ოსვენციმის ბანაკს მრავალ სხვა ერებთან, და არა მხოლოდ უკრაინლებთან ერთად.

   აქციის მონაწილეებმა ყველაფერთან ერთად ისიც აღნიშნეს, რომ გერმანელი ნაცისტები ებრაელებს, პოლონელებს და მათთვის მიუღებელ სხვა ხალხებს ხშირად არაგერმანელთა ხელით ანადგურებდნენ. ამგვარი ბინძური შემსრულებლებიდან ყველაზე უფრო ცნობილია სტეპან ბანდერა, რომელმაც მშვიდობიანი პოლონელების ხოცვა–ჟლეტა მოაწყო და რომელიც დღევანდელ უკრაინაში ბევრისათვის ეროვნულ გმირად მიიჩნევა. ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეკრებილებს წარუდგინეს როგორც საბჭოთა ჯარისკაცების მიერ ოსვენციმის გათავისუფლების ამსახველი ფოტომასალა, ისე ბანდერელი ჯალათების მიერ მშვიდობიანი პოლონელების დახოცვის სურათები. „ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ პროგრესული პოლონელები, რომლებსაც ახსოვთ საკუთარი ისტორია“.

   საპროტესტო აქცია შემდეგი ლოზუნგებით წარიმართა: „უკრაინის ფრონტი ბანდერელები არ გეგონოთ“, „ბანდერა ებრაელებისა და პოლონელების მკვლელია“, „ოსვენციმი ქართველებმაც გაათავისუფლეს“, „საბჭოთა არმია = მრავალეროვანი არმია“.

   აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა – გ. რცხილაძემ და ტ. გაგნიძემ პოლონეთის ელჩს წერილი გადასცეს, რომლის ტექსტსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

 

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს

 ბატონ გჟეგოჟ სხეტინას

 

თბილისი, 27 იანვარი, 2015 წ.

 

        ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო,

 

        ნება მოგვეცით, თქვენი ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაპყროთ: თქვენმა გახმაურებულმა ინტერვიუმ, რომელშიც თქვენ ეხებით სიკვდილის ბანაკ ოსვენციმ–ბირკენაუს გათავისუფლების ისტორიას, პროტესტის გრძნობა გამოიწვია არა მარტო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებში, არამედ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხა ქვეყნების მოსახლეობაშიც, იმ ხალხში, რომელმაც დაამარცხა და რამდენიმე ათეული წლით გაანადგურა ნაციზმი ევროპაში.

       ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გაკვირვება გამოიწვია თქვენმა გამონათქვამებმა უკრაინის ფრონტისა და ვიღაც უკრაინელების შესახებ, რომლებმაც თითქოს საკონცენტრაციო ბანაკის „კარები გააღეს“. არ ვიცით, რომელი ისტორიული წყაროებით ხელმძღვანელობდით ბატონო მინისტრო, მაგრამ  გვინდა შეგახსენოთ, რომ მრავალეროვნული წითელი (საბჭოთა) არმიის რიგებში და მათ შორის უკრაინის ფრონტის შემადგენლობაშიც რუს, ბელორუს, უკრაინელ და მრავალ სხვასთან ერთად ჩვენი მამები და პაპები – ქართველებიც იბრძოდნენ. შესაძლოა, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან პროცენტული შეფარდებით იმ ომში უფრო მეტი ქართველი მონაწილეობდა, ვიდრე უკრაინელი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნაციზმზე გამარჯვება თანაბრად ეკუთვნით როგორც უკრაინელებს, ისე ქართველებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ხალხებს. იგივე ეხება კონკრეტულად ოსვენციმის გათავისუფლებასაც.

    ჩვენ ძლიერ გვეამაყება, რომ ევროპა ფაშიზმისგან გაათავისუფლა იმ მრავალეროვნულმა არმიამ, რომლის რიგებში ჩვენი დიდი წინაპრებიც  იყვნენ. ამ არმიას პოლონელი პატრიოტებიც ეხმარებოდნენ. სიმბოლურია, რომ გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ბერლინში, რუსმა და ქართველმა ჯარისკაცებმა – ეგოროვმა და ქანთარიამ აღმართეს. გთხოვთ, რომ გახსოვდეთ ეს ფაქტები.

    ასევე გთხოვთ არ დაივიწყოთ ის მხეცობები, რომელიც უკრაინელმა ფსევდოპატრიოტებმა, რეალურად კი სტეპან ბანდერას ფაშისტებმა ჩაიდინეს პოლონელების მიმართ. სამწუხაროდ, უკრაინული ფაშიზმის რეციდივები კვლავ გახშირდა დღეს, იმ დიდი გამარეჯვებიდან 70 წლის შემდეგ. ამ რეციდივების წაქეზება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის მიერ კარგს არაფერს მოუტანს არც უკრაინელებს, არც პოლონელებს და არც ევროპის სხვა ხალხებს.

 გულწრფელი პატივისცემით დიდი პოლონელი ხალხისა და პირადად თქვენს მიმართ:

 

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის სახელით – გულბაათ რცხილაძე

ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის“ სახელით – ტარიელ გაგნიძე

 

ფოტო– და ვიდეომასალა: