რუსოფობიის დაძლევისა და ისტორიის ობიექტურად შეფასებისათვის

რუსოფობიის დაძლევისა და ისტორიის ობიექტურად შეფასებისათვის

 საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელი წლებიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დადებითი ცოტა რამ თუ დაწერილა ქართულ ისტორიოგრაფიაში.

სამწუხაროდ, სამეცნიერო წრეებიდან პირველ ყოვლისა სწორედ ისტორიკოსები აღმოჩნდნენ იმ ურა-პატრიოტთა ავანგარდში, რომლებიც, კონიუნქტურას აყოლილნი, ხალხს რუსეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდნენ და ორმხრივ ურთიერთობებში მხოლოდ ნეგატიურ მომენტებს ეძებდნენ, აბუქებდნენ ამ ნეგატივებს და ხშირად ცრუობდნენ კიდეც. ქართველი ისტორიკოსების ის ნაწილი კი, რომელიც ამ სიყალბეში არ მონაწილეობდა, მხოლოდ დუმილით შემოიფარგლებოდა, ნაცვლად იმისა, რომ წინ აღსდგომოდა დუჟმორეული ნაციონალიზმის შეჭრას ისტორიულ მეცნიერებებში. რაც მთავარია, ეს ტენდენცია ისტორიკოსებს შორის დღესაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიმსხვრა ტაბუ რუსეთთან მიმართებით - საზოგადოებრივი აზრი მთლიანად შემობრუნებულია რუსეთთან დაახლოების იდეის სასარგებლოდ, ხალხი ეჭვის თვალით უყურებს ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ „საზოგადო მოღვაწეს“, რომელიც კვლავინდებურად ანტირუსული რიტორიკით ცდილობს საკუთარი „პატრიოტიზმის“ წარმოჩენასა და ადგილის დამკვიდრებას.

    სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი „სამი საუნჯე“ (მთ. რედაქტორი - გრიგოლ რუხაძე) უკვე რამოდენიმე წელია, დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიისა და თანამედროვეობის ობიექტურ გააზრებას. თუ არ ჩავთვლით პერიოდულ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალს „ისტორიული მემკვიდრეობა“, ასეთი სახის მოღვაწეობით საქართველოში დღემდე არავინ არის დაკავებული. მეტიც, წმინდა სამეცნიერო ხასიათის ჟურნალებს შორის „სამი საუნჯე“ ერთადერთია, რომელიც რეგულარულად აშუქებს საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი ისტორიის ასპექტებს და, რაც მთავარია, ისტორიისა და თანამედროვეობის ანალიზს უქვემდებარებს პრაქტიკულ მიზანს - საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენასა და ჰარმონიზაციას. ნებისმიერი კვლევა, ანალიზი არ წარმოადგენს მეცნიერებას, თუკი იგი საბოლოო ჯამში პრაქტიკულ შედეგზე არ არის ორიენტირებული. „სამი საუნჯე“ ამ პრინციპს იცავს და ცდილობს, სამეცნიერო თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავების აუცილებლობის დასაბუთებას და საამისოდ კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას. ამიტომაც, ჟურნალში ადგილი ეთმობათ როგორც ისტორიკოსებს და პოლიტოლოგებს, ისე სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების წარმომადგენლებს.

     ამჟამად რედაქციამ შეკრიბა ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ბოლო წლებში ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები და ისინი ცალკე, დამატების სახით გამოსცა. ეს 600-გვერდიანი წიგნი აერთიანებს სხვადასხვა დროის ოცამდე ავტორის სხვადასხვა ნაშრომს - გამოკვლევებს, სტატიებს, პუბლიკაციებს. „სამი საუნჯის“ დამატების სახელწოდება თავისთავად მიუთითებს მის შინაარსზე: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობანი: ისტორია და თანამედროვეობა“. ვინაიდან ქართულ-რუსული ურთიერთობების უახლესი ისტორიის მანძილზე დასავლეთის (პირველ ყოვლისა, აშშ-ის) ჩარევა აშკარაა და ეს ჩარევა კვლავ გრძელდება, ჟურნალის რედაქციას ამ მომენტზეც აქვს ყურადღება გამახვილებული - კრებული შეიცავს ამ თემასთან დაკავშირებულ პუბლიცისტური ხასიათის წერილებსაც (მაგალითად, თემურ მირიანაშვილის „ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს“). საკუთრივ კრებული იწყება ისტორიული დოკუმენტით - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან არსებული სინოდის 1943 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, რომლის შედეგადაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

     ფრიად ყურადსაღებია მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის წერილების ციკლი „საქართველოს გზა“, რომელშიც ქრისტიანული და დასავლური ფასეულობები ურთიერთგამიჯნული და ერთმანეთთან საფუძვლიანად არის შედარებული. საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის გააზრებაც მეუფე იოანეს მიერ სწორედ ამ საფუძველზეა გაკეთებული. მამუკა ცუხიშვილი მკითხველს ორ კვლევაში წარმოუდგენს გამოჩენილ ისტორიულ პიროვნებებს - პეტრე ბაგრატიონსა და მიხეილ ვორონცოვს. კრებულის ისტორიული ბლოკი შედგება ასევე საბჭოთა პერიოდის ქართველი მკვლევარის, პროფ. ვალერიან მაჭარაძის მიერ შეკრებილი დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი თეზისებისაგან, რომლებიც მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება. თავის დროზე ვ. მაჭარაძემ უდიდესი შრომა გასწია და დიდი ღვაწლი შეიტანა ქართულ ისტორიულ მეცნიერებებში აღნიშნული დოკუმენტების თავმოყრითა და კომენტირებით. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოება აწ განსვენებული ვალერიან მაჭარაძის ნაშრომებს არ იცნობს და ქართულ ისტორიოგრაფიაშიც ამ ავტორის ღვაწლი მთლიანობაში ჯეროვნად არ არის დაფასებული. მკითხველი ბევრ რამეს შეიტყობს აღნიშნულ დოკუმენტებთან გაცნობის შემდეგ, რომელთა ნაწილი „სამმა საუნჯემ“ საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა.

     ისტორიულ ბლოკში სხვა არანაკლებ საინტერესო მასალებია თავმოყრილი, მაგალითად, ილია მაისურაძის „მესხური ხალხური ზეპირსიტყვიერება თურქ დამპყრობთა ბარბაროსობაზე“, მარინა ბულეიშვილის „საქართველოს სამღვდელოება რუსეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობაში“, გვანცა კოპლატაძის „სამცხე-ჯავახეთის საათაბაგო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში“ და ა.შ. კრებულში ცალკე ბლოკად არის მოთავსებული უკრაინული „მაიდნის“ თემატიკა, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ამ თემას პროფესორ ვალერიან დოლიძისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის შოთა აფხაიძის ანალიტიკური მასალები ეძღვნება.

     აუცილებლად ყურადსაღებია ევრაზიის ინსტიტუტის გამოკვლევა, 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით. პასუხები ეცემა უმთავრეს კითხვებს: „ვინ იყო დაინტერესებული ომის გაჩაღებით?“, „ვინ ისარგებლა აგვისტოს ომის შედეგებით?“, „სურდა თუ არა რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება?“, „რატომ გადადგა რუსეთმა ეს ნაბიჯი?“ „ვინ იყო დაინტერესებული რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის გაჩაღებით და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებით?“, „ვინ დაიწყო ომი?“, „ითხოვს თუ არა რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის აღარებას?“, „მოხდება თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?“ - აი ამ შეკითხვებზე არის გაცემული დოკუმენტებზე, უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიტიკური პასუხები, რომელთაც დღევანდელი ფსევდოქართული მასმედია ჩქმალავს და საზოგადოებას უმალავს.

   კრებულში კიდევ მრავალი საინტერესო მასალაა განთავსებული, რომლებთანაც გაცნობის რეკომენდაციას ვიძლევით. ნოდარ ლომოურის, გრიგოლ რუხაძის, თინა იველაშვილის, გულბაათ რცხილაძის, ზურაბ ცუცქირიძის, იოსებ არჩვაძის და სხვათა ნამუშევრები უთუოდ მიიპყრობს ინტელექტუალი და კრიტიკული მკითხველის ყურადღებას.--