რუსეთის პოზიცია უკრაინის შესახებ იდეალურ წერტილს უახლოვდება

რუსეთის პოზიცია უკრაინის შესახებ იდეალურ წერტილს უახლოვდება

როგორც ჩვენს პროგნოზში იქნა აღნიშნული, რუსეთს აქვს რეალური შანსი, უკრაინაში მომხდარი ანტირუსული გადატრიალებიდან სარგებელი მოიპოვოს,

მთელი უკრაინის მასშტაბით ანტიფაშისტური ძალების მხარდაჭერისა და, ამავდროულად, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გზით. სწორედ ეს ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო დღეებში.

 პრეზიდენტ პუტინს უკვე აქვს ოფიციალური უფლებამოსილება, შეიარაღებული ძალები გამოიყენოს ბანდფორმირებების წინააღმდეგ, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. უკრაინის ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, რუსეთმა იგი, განსხვავებით დასავლეთის ლიდერებისაგან, არ „გადააგდო“. უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გამოხატავენ მზადყოფნას, „მაიდანელი“ ლიდერების მხარეს იომონ, ხოლო რუსეთი თავის გავლენას აძლიერებს როგორც ყირიმში, ისე მთელ აღმოსავლეთ უკრაინაში.

 სიმფეროპოლში, ხარკოვში, დონეცკში და სხვა ქალაქებში სახელმწიფო დაწესებულებების შენობებიდან უკრაინული დროშის მოცილება და მის აცვლად რუსეთის დროშის გამოჩენა, ერთი შეხედვით, ბანალური სეპარატიზმია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო ცენტრალურ ხელისუფლებაში უკანონოდ მოსული ფაშისტების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტია. რუსეთი არ აპირებს, მიიერთოს ტერიტორიები ან აღიაროს ისინი დამოუკიდებლად, კრემლმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით - კიევში კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღსდგეს და ამოქმედდეს 21 თებერვალს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება.

 ოფიციალური მოსკოვის პოზიციის იდეალურობა შემდეგში მდგომარეობს:

 მოსკოვს რომ „ჩაეყლაპა“ უკრაინაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენდა მის იმიჯზე, ხოლო პრეზიდენტ პუტინს სერიოზულად აღარ აღიქვამდნენ მეზობელ სახელმწიფოებში, ბელარუსიის და ყაზახეთის ჩათვლით, ისევე, როგორც საკუთრივ რუსეთში. ევრაზიის კავშირის პროექტი კი დასამარებული იქნებოდა. მეორეს მხრივ, სეპარატიზმის გაღვივება და გადაჭარბებული საბრძოლო ქმედებები იმავე მეზობელ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ განაწყობდა, რუსებს დაუწყებდნენ ყურებას, როგორც საფრთხეს. ამიტომ კრემლის ახლანდელი პოზიცია - სიმტკიცის დემონსტრირება, აღმოსავლეთისათვის საქმით დახმარების გაწევა (და არა მხოლოდ ყირიმის დახმარება - ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ყირიმი არასაკამრისი კომპენსაცია იქნებოდა კიევის ანტირუსული გადატრიალების სანაცვლოდ), ამავდროულად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით, ოპტიმალურად მიგვაჩნია. რუსეთისთვის ლუზერისა და დამპყრობლის იმიჯის თავსმოხვევას ცდილობდნენ, ახლა კი ყველა წინაპირობა არსებობს, რუსეთმა გაიმყაროს განმათავისუფლებელის იმიჯი უკრაინაში.

 ქართველ მკითხველებს შევახსენებთ: 2013 წლის 30 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთში სეპარატიზმის საჯაროდ მოწოდებისათვის სასჯელის შემოღების შესახებ. რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში შეუმჩნეველი დარჩა და ჩვენ მის ანალიზს ისევ დავუბრუნდებით, მაგრამ მოცემულ ეტაპზე მოკლედ უკვე შეიძლება, აღვნიშნოთ, რომ რუსეთი თავად არ არის დაინტერესებული სეპარატიზმში, როგორც მოვლენაში. ამაზე ჩვენ ყურადღება არაერთხელ გაგვიმახვილებია. რუსეთი არ აღიარებს ყირიმსაც, თუკი მას ამას არ აიძულებენ, როგორც აიძულეს პროვოკატორებმა, თავის დროზე ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“.

 

გულბაათ რცხილაძე