ნატოს გააქტიურება შიდა ქართლში - დამატებითი საფრთხე საქართველოსთვის

ნატოს გააქტიურება შიდა ქართლში - დამატებითი საფრთხე საქართველოსთვის

   სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ხვდება და ვერ აღიქვამს ნატოს საქართველოში გააქტიურების არსსა და მიზანს.

განსაკუთრებით სათუთად მოსაპყრობია კონფლიქტის ზონა შიდა ქართლში. როგორც ჩანს, ე. წ. „ნატოს კვირეულის ფარგლებში“ გახსნილი ნატოს „სანფორმაციო ცენტრი“ რეგიონში ანტირუსული განწყობების ხელოვნურად წახალისებას შეეცდება. აშშ-ის საინფორმაციო რუპორის - „რადიო თავისუფლების“ დაგეშილი წარმომადგენლები უკვე არ მალავენ, რომ ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა რეგიონში ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო და სწორედ ამ შედეგების განეიტრალება სურთ ახლა ანუ, სხვა სიტყვებით, ხალხის კვლავ ანტირუსულად მოწამვლა.

   გთავაზობთ ერთ ციტატს აშშ-ის მიერ ოფიციალურად დაფინანსებული „თავისუფლების“26 ოქტომბრის გადაცემიდან „დღის საუბრები“, სადაც ამერიკის პროპაგანდისტები მსჯელობენ:

-    „რატომ არის გორში ევრაზიული კავშირის მომხრეების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი?“

-    „ამას გამოკითხვებიც ადასტურებს, განსაკუთრებით გორის მიმდებარე სოფლებში, ოკუპაციის ზონაში, ძალიან გააქტიურდა ასე ვთქვათ, ევრაზიული მოძრაობის წარმომადგენლების შეხვედრები, ადგილზე ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრები, თქვენ წარმოიდგინეთ ჰუმანიტარული ტვირთებიც კი  ჩააქვთ მიკროავტობუსებით, ხსნიან სოფლის ცენტრში, მოსახლეობას ეძახიან, იკრიბებიან და იწყებენ აგიტაციას ევრაზიული კავშირის სიკეთეებისა, ეუბნებიან, რომ ამ მავთულხლართებს მოაშორებენ როგორც კი საქართველო გახდება ევრაზიული კავშირის წარმომადგენელი და რუსეთთან გააღრმავებს ურთიერთობას. მცირე მიტინგებს მართავენ. ნატოსა და ევროკავშირზე რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ ამ ყველაფერზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან უნდა გაძლიერდეს მუშაობა“.

   ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც „ევრაზიულ მოძრაობასთან“ თეორიულად შეიძლება იქნას ასოცირებული და ამავე დროს გორის რაიონის სოფლებში ჰუმანიტარული აქციები აქვს მოწყობილი, ეს არის ჩვენი ორგანიზაცია - ევრაზიის ინსტიტუტი, რომელმაც განახორციელა პროექტი „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“. სამწუხაროდ, რეგიონის მოსახლეობას ძალიან უჭირს და ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ ზღვაში წვეთად გამოიყურება. დიახ, ჩვენ ვესაუბრებით და კვლავაც გვექნება ურთიერთობა ჩვენს ხალხთან, რომლის ურყევი სურვილი არის რუსეთთან საქართველოს დამეგობრება. რაც შეეხება რომელიმე სამხედრო ან პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანებას, ჩვენ ყველაზე ადრე გამოვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს „ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ შესაძლო დესტრუქციულ მუშაობას მეტად სათუთად მოსაპყრობ რეგიონში.

 

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა