მკაფიო სიტყვები ორთოდოქსი რაბინისგან: „სტეპან ბანდერა თვითკმარი ნაცისტი იყო“

მკაფიო სიტყვები ორთოდოქსი რაბინისგან: „სტეპან ბანდერა თვითკმარი ნაცისტი იყო“

 საქართველოში ევრაზიის ინსტიტუტის მოწვევით იმყოფებოდა ორთოდოქსი ებრაელი რაბინი – ხასიდი, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ბრწყინვალე მცოდნე, იგაელ იეჰუდი,

რომელიც ამჟამად ბელორუსიაში ცხოვრობს. მან ლექციები წაიკითხა ქართული აკადემიური საზოგადოებისათვის. ლექციების თემა იყო მეორე მსოფლიო ომი და, განსაკუთრებით, უკრაინის მძიმე წარსულის ფაშისტური ეპიზოდები, უკრაინისავე სავალალო აწმყოს ჩათვლით.

   რაბინმა იეჰუდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ უკრაინაში “ეროვნულ გმირად“ შერაცხულ სტეპან ბანდერას, გავრცელებული პროპაგანდის საპირისპიროდ, არასოდეს უბრძოლია გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ასევე, რომ ბანდერა მივიჩნიოთ ჰიტლერის უბრალო „კუდად“, დანამატად. „ბანდერა თვითკმარი ნაცისტი იყო“ - ამბობს ებრაელი რაბინი.

   საბჭოთა კავშირის როლს მეორე მსოფლიო ომში იგაელ იეჰუდი ცალსახად აფასებს: „როგორც იმ ერის შვილი, რომელსაც ნაციზმი ჰპირდებოდა ამოწყვეტას და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია ამ საქმეში, ნაციზმს მივიჩნევ აბსოლუტურ ბოროტებად. იმ ძალებს, რომლებმაც დაამხეს ნაცისტური რაიხი, მივიჩნევ აბსოლუტური სიკეთის მიერ მოვლენილ ძალებად. ნებისმიერი მცდელობა, გათეთრებულ იქნან ნაცისტები, ნებისმიერი მოწოდება, უფრო კეთილგანწყობილად შევხედოთ მათ, ვინც ნაცისტებს ჩემი ხალხისა და სხვა ხალხების გენოციდის განხორციელებაში ეხმარებოდნენ, ჩემს მიერ ვერანაირად ვერ იქნება გაზიარებული“ - განაცხადა მან სპეციალურ ბრიფინგზე.

   სტუმარმა ლექციებზე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებში ნაცისტური იდეოლოგიის მიზეზებსა და რეციდივებზე, აბრაამული რელიგიების ფასეულობების წინააღმდეგ მიმდინარე შემოტევასა და რელიგიურ-ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პერსპექტივებზე. იგაელ იეჰუდიმ ასეთი ტერმინიც შესთავაზა საზოგადოებას - „ორთოფობია“, რომელიც ყველა ტრადიციული რელიგიისა და ამ რელიგიებიდან გამომდინარე მორალისა და ფასეულობების წინააღმდეგ სიძულვილსა და ბრძოლას გულისხმობს.  

   მან აღნიშნა, რომ როდესაც ნაციზმის სულისკვეთებაზეა ხოლმე საუბარი, „საჭიროა აღინიშნოს, რომ ნაციზმი არსებობდა არა მხოლოდ გერმანელ ხალხს შორის, სადაც ნაციზმმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიცვა“. იეჰუდიმ გაიხსენა 1941 წლის ივლისის ლვოვის მოვლენები:

 „ებრაელების ხოცვამ ლვოვში ორ ეტაპად ჩაიარა: 1941 წლის ივლისის პირველ დღეებში და იმავე წლის ივლისის ბოლოს. პირველი ხოცვა-ჟლეტა გერმანელების ტაშის ფონზე მიმდინარეობდა. ბანდერულ ჯარებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გერმანელებს ისე ხვდება, როგორც განმათავისუფლებლებს და საკუთარი ინიციატივით ახორციელებს ებრაელების ამოწყვეტას. ბანდერელები ახდენდნენ ამის დემონსტრირებას, მაგრამ არა გერმანელების დავალებით. ეს სრულიად მათი საკუთარი ინიციატივა იყო“ - განაცხადა მან.

  მისივე თქმით, ლვოვში იმჟამად დაახლოებით 4 ათასი ებრაელი დაიღუპა, მაგრამ უკრაინაში არავინ ფიქრობს ამ დანაშაულებების გამო ბოდიშის მოხდას:  

 „ეს მოქმედებები დღემდე არც ერთ უკრაინულ ხელისუფლებას არ დაუგმია, არც პარტიებს, არც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში არავინ გამოსულა ამ ნაცისტური მხეცობების დასაგმობად. ამ მხრივ უკრაინა გერმანიას ჩამორჩება. გერმანიაში გერმანელების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ფაქტები ჩამოთვლილია, დასახელებული და დაგმობილი. უკრაინაში კი არაფერი ამდაგვარი არ ხდება“ - აღნიშნა რაბინმა.

   იეჰუდის აზრით, დღესდღეობით არსებობს „მეოთხე რაიხის“ საფრთხე:

   „დასავლური იმპეროფაშიზმი, რომელიც სულ ახალ და ახალ ქვეყნებსა და ხალხებს იპყრობს და მას გლობალიზმს უწოდებენ, გვევლინება ნაცისტურ რაიხში წარმოშობილი იდეების პირდაპირ გაგრძელებად“ - ამბობს იეჰუდი.

   რაბინს მიაჩნია, რომ ეს მოვლენა ეფუძნება დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლურ-სლავურ, მართლმადიდებელ სამყაროს შორის დაპირისპირებას.

   რაბინი იგაელი იეჰუდი წარმოშობით ბელარუსიდან არის, ამჟამად, როგორც აღვნიშნეთ, ბელარუსში ცხოვრობს, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ისრაელში და ისრაელის მოქალაქეა.

   ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

   „ყოველივე ის, რაც თქვენ მოისმინეთ, მორწმუნე ებრაელი ადამიანის მიერ ითქვა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით ჩვენი მედასავლეთეები ცდილობენ, ფაშისტები ჰუმანისტებად წარმოაჩინონ, ოღონდ კი ყველაფერში რუსეთის დემონიზაცია მოახდინონ და ჩვენს ხალხებს შორის ხელოვნური განხეთქილება შეიტანონ. ამიტომ საჭიროა იმის შეხსენება, რომ ნაციზმსა და ფაშიზმს ამაზრზენი სახე აქვს. დღევანდელი უკრაინა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი კი არა, საშინელი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.

  ჩვენ სპეციალურად არ მოვიწვიეთ რუსეთის მოქალაქე ებრაელები, არამედ ისრაელის მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია რუსეთის ხელისუფლებისაგან. ამიტომ ვერავინ დაგვწამებს ტენდენციურობას. ასეთი ადამიანის ნათქვამი კიდევ უფრო მეტი დაფიქრების საბაბი უნდა გახდეს ჩვენთვის.

   აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო რაბინ იეჰუდის უდიდესი კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ, ისევე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და ტრადიციული მუსლიმების მიმართ. იგაელ იეჰუდი სამი აბრაამული რელიგიის - ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის ჰარმონიული თანაარსებობისა და დასავლური ნეოწარმართობის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების გულწრფელი მომხრეა“.

სურათზე:

ა) გულბაათ რცხილაძე და იგაელ იეჰუდი მეუღლესთან, ანჟელა რაზლუცკაიასთან ერთად (სასტუმრო „ვერე პალასი“, თბილისი).

ბ) იგაელ იეჰუდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (თბილისი).

ბმულები: "Благовест-инфо", "Новости-Грузия", "НьюсРу.ком-Религия"

ვიდეო: იგაელ იეჰუდის ინტერვიუ.