ქობულეთში აჭარის განმათავისუფლებლების ახალი მონუმენტი ეკურთხა

ქობულეთში აჭარის განმათავისუფლებლების ახალი მონუმენტი ეკურთხა

 როგორც გასული წლის აგვისტოში დავაანონსეთ, ქობულეთის რაიონში, ბობოყვათ-ციხისძირის მიჯნაზე,

1878 წლის იანვრის ციხისძირის ბრძოლებში დაღუპული რუსი და ქართველი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერთა ძალებით დამონტაჟდა მონუმენტი და საინფორმაციო ბანერი.

მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთი-ბათუმის ტრასასა და ზღვას შორის, არსებობდა საძმო სამხედრო სასაფლაო, შესაბამისი მონუმენტით, რომელიც დროთა განმავლობაში განადგურდა და დაიკარგა (ანალოგიური სასაფლაო და მონუმენტი იმავე ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში არსებობს, რომელიც ასევე ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ძალებით შეკეთდა).

   დღესდღეობით რთული ამოცანაა, დადგინდეს საძვალეების ზუსტი ადგილ-მდებარეობა, მით უფრო შეუძლებელია, აღდგეს ძველი სასაფლაო, მაგრამ ყველაზე მცირედი მაინც გაკეთდა: ძველი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა მონუმენტი, რომელიც თაობებს შეუნახავს ხსოვნას აჭარის განმათავისუფლებლების გმირობაზე, იმაზე, რომ ეს გმირები იქვე, ქობულეთის მიწაზე განისვენებენ. 1878 წლის 18 იანვარს ციხისძირის შტურმი რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ბოლო სისხლისმღვრელი ეტაპი იყო. ამ ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაასრულა ბალკანეთის ქრისტიანი ხალხების გათავისუფლება, წარმოიშვა ბულგარეთის სამეფო, ხოლო ოსმალეთის იმპერიის ბატონობას ევროპის კონტინენტზე, კონსტანტინეპოლის და ადრიანეპოლის გამოკლებით, წერტილი დაესვა. ამავე ომის შემდგომ აღსდგა საქართველოს ისტორიული საზღვრები, როდესაც რუსულმა არმიამ დაიკავა აჭარა და ტაო-კლარჯეთი. 

 ქობულეთისა და აჭარის მოსახლეობა სიხარულით შეეგება ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივას ყოფილი სასაფლაოს მახლობლად მონუმენტის დადგმის თაობაზე. ამჟამად, 23 თებერვალს, მოხდა ამ მონუმენტის კურთხევა და დაღუპული მეომრების სულების მოხსენიება. ღვთისმსახურება ჩაატარა მამა დანიელ სოლომონიძემ, მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდნენ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი დუგლას ზამთარაძე, იურისტები სოსო ქორიძე და რეზო რომანაძე, პროფესორი, ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძე, ეკონომისტი თამაზ დარჩიძე, გაზეთ „აჭარა P.S.“-ის მთავარი რედაქტორი ჯემალ მეგრელიძე, ჟურნალისტი ნუგზარ ჟორდანია, ფერმერი, მეწარმე, გოჩა ტიკარაძე, სოფ. ხუცუბნის მკვიდრნი ოთარ და იმედა თხილაიშვილები, მეწარმე მურად გოგიტიძე, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი, ვიცე-პოლკოვნიკი გივი ვანიშვილი, ქობულეთის საკრებულოს წევრები გია თავდგირიძე („ქართული ოცნება“), ზვიად ფუტკარაძე („ქართული ოცნება“) და ხვიჩა გამარჯობაძე („ბურჯანაძე-დემოკრატები“).

 ცერემონიალის დასრულების შემდეგ შედგა შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს წევრთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მიქელაძესთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა გულბაათ რცხილაძეს და მონუმენტის დადგმაში მონაწილე ყველა პიროვნებას პატრიოტული წამოწყებისათვის. გამოითქვა სურვილი, რომ ევრაზიის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღოს ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული დიდი სამამულო ომის დროინდელი მონუმენტებისა და სასაფლაოების აღდგენა-რესტავრაციაში. ფრაქციის თავმჯდომარე სიამოვნებით დათანხმდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის წინადადებას, ბობოყვათში გახსნილი მონუმენტის ჯვარზე დამონტაჟდეს განათება.

  ევრაზიის ინსტიტუტი ეცდება, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ მონუმენტებსა და სასაფლაოებს. ამ პროექტის განხორციელებას ევრაზიის ინსტიტუტი საქართველოს ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ცენტრალურ საბჭოსთან ერთად აპირებს.

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური