გონება ირაციონალური კონფრონტაციის წინააღმდეგ

გონება ირაციონალური კონფრონტაციის წინააღმდეგ

 «ცივი ომის» დასრულების შემდეგ მსოფლიოში ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა, მაგრამ ამ ცვლილებების პარალელურად,

გამოვლინდა საკმაოდ უარყოფითი ტენდენციებიც, რომლებსაც შეუძლიათ გადახაზონ ის მიღწევები, რომლებიც გამომდინარეობს ორ სისტემასა და ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის კონფრონტაციის დასრულებიდან. გაირკვა, რომ გლობალურმა კონფრონტაციამ, რომელიც, როგორც 1990-იან წლებში ჩანდა, თითქოს ისტორიის კუთვნილება გახდა, მხოლოდ სახე იცვალა და სხვა ფორმები მიიღო, მაგრამ არ გამქრალა.

  ნატოს ავიაციის მიერ იუგოსლავიის დაბომბვა და ამ სახელმწიფოს შემდგომი დაშლა, სერბეთისაგან კოსოვოს მხარის ჩამოშორება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში «ფერადი რევოლუციების» მოწყობა, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული აქტები, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციით ამერიკული ჯარების ლაშქრობა ავღანეთში და არასანქცირებული – ერაყში, სისხლიანი «არაბული გაზაფხული» ეგვიპტეში, ლიბიასა და სირიაში, «ხუთდღიანი ომი» საქართველოსა და რუსეთს შორის, 2014 წლის ტრაგიკული მოვლენები კიევში, მის მიერ ყირიმზე კონტროლის დაკარგვითა და დონბასში სრულმასშტაბიანი ომის აღმოცენებით, ამერიკული/დასავლური სანქციები ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ, შეერთებული შტატების «სავაჭრო ომი» ჩინეთთან და ევროკავშირთან – გლობალური ხასიათის უმწვავესი პრობლემების მხოლოდ ნაწილია, რომელთა წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდა ბოლო ოცი წლის მანძილზე.

    დღესდღეობით ოთხი ძირითადი პოლიტიკური პოლუსი აცხადებს პრეტენზიას «ზესახელმწიფოს» სტატუსზე. ესენია აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი. მაგრამ, განსხვავებით «ცივი ომის» ეპოქისაგან, ისინი, განსაკუთრებით – ამერიკა და რუსეთი, საერთაშორისო სისტემის საკმაოდ არაპროგნოზირებადი სუბიექტები არიან, რაც მთელ პლანეტას სამომავლოდ დიდ უსიამოვნებებს უქადის. ზესახელმწიფოებს ეყოთ გონიერება და პასუხისმგებლობა 1960-იანი წლების დასაწყისში, როდესაც შეანელეს კარიბის კრიზისში გადაზრდილი დაძაბულობა, ვინაიდან მსოფლიო ბირთვული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. იმ მომენტიდან ვითარება მსოფლიოში უფრო უსაფრთხო გახდა, რადგან ბირთვული ომის გლობალური საფრთხის გაცნობიერებამ ზესახელმწიფოებს უბიძგა, დაემყარებინათ კონტროლი ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებებზე, ასევე წასულიყვნენ განტვირთვის გზით, თუმცა «ცივი ომი» და მისი თანმხლები რეგიონული კონფლიქტები სრული ძალით გრძელდებოდა 1990-იანი წლების დასაწყისამდე. მაგრამ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ზესახელმწიფოთა შორის «ცივი ომის» და შეიარაღებათა შეჯიბრის მდგომარეობას, არანაკლები რისკებით, ვიდრე კლასიკური «ცივი ომის» ეპოქაში.

    სწორედ საქმის ამგვარი ვითარებაა მიუღებელი მშვიდობისმოყვარე ქვეყნებისა და მათი ლიდერებისათვის. მაგრამ რაოდენ ცოტანი არიან თანამედროვე მსოფლიოში ისინი, ვინც მზად არიან, ღიად გააკრიტიკონ ზესახელმწიფოები და მოუწოდონ მათ კაცობრიობისა და მათი საკუთარი ხალხების წინაშე პასუხისმგებლობის გამოვლენისაკენ. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გამოსვლა «აზია-ევროპის» ფორუმის სამიტზე, 2018 წლის 19 ოქტომბერს, საერთაშორისო მასშტაბის მშვიდობისმყოფელი ლიდერის ქცევის ერთ იშვიათ მაგალითს წარმოადგენს. ნურსულთან ნაზარბაევმა ამჟამინდელი ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირება ზემოთ ნახსენებ კარიბის კრიზისს შეადარა და აქვე აღნიშნა რუსეთის საზღვრებთან ნატოს საზღვრების მოახლოებიდან მომდინარე საფრთხე. პრეზიდენტმა მოუწოდა შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, შეიკრიბონ ერთად, რათა განიხილონ ის მწვავე საკითხები, რომელთა მოგვარებაც არ ხერხდება. ამ საკითხებს შორის ნაზარბაევმა განსაკუთრებით გამოჰყო კონფრონტაცია სირიასა და უკრაინაში, ასევე მასობრივი განადგურების იარაღისა და ტრანსნაციონალური ტერორიზმის გავრცელების შესაძლებლობა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარების კიდევ უფრო მეტად გაუარესების საფრთხე.

 აქცენტები უდავოდ სწორად არის დასმული. უახლოეს წარსულამდე ფრიად სტაბილური სირია და, განსაკუთრებით, უკრაინა, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არენად იქცნენ. ეს «არენა» უზარმაზარ რადიუსში ახდენს გავლენას მეზობელ და არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე. ასე, სირიის კონფლიქტში, აშშ-ისა და რუსეთის გარდა, ჩართულები არიან თურქეთი, ირანი, ისრაელი, იორდანია, საუდის არაბეთი, ყატარი, ევროკავშირი..., ხოლო უაღრესი დაძაბულობა რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებში და დონბასში მიმდინარე ომი ნეგატიურ გავლენას ახდენს დსთ-ს, ოდეკაბეს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოზე, ასევე პოლონეთზე, ბალტიისპირა და სხვა ევროპულ ქვეყნებზე. დაძაბულობაში ცხოვრობს თითქმის მთელი ევროპა ისევე, როგორც რუსეთი; ემოციები გახურებულია, მიმდინარეობს ურთიერთბრალდებები საშინაო საქმეებში ჩარევასთან, სიცრუის პროპაგანდასთან, «ჰიბრიდულ ომთან» და სხვა ამგვარი არაკეთილი საქმეების ჩადენასთან დაკავშირებით. თითქოს აღარავის აინტერესებს განვითარებისა და სტაბილობის გლობალური ამოცანები.

  დიალოგის გასამართ პლატფორმად ნაზარბაევის შემოთავაზება ითვალისწინებს ფორუმს «აზია-ევროპა», აგრეთვე, ასტანის პლატფორმას, რომელმაც თავისი ეფექტურობა დაამტკიცა სირიის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში. ყაზახეთის ლიდერი ზესახელმწიფოთა ლიდერებს მიმართავს მისთვის დამახასიათებელი საქმიანი ტონითა და კონკრეტიკით, და არა ლამაზი სიტყვების სათქმელად. დიალოგის აუცილებლობას იგი ამტკიცებს რაციონალური მოსაზრებებით, მის მოტივებში ratio – გონებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასე, ნაზარბაევი შეახსენებს, რომ ხალხთა კეთილდღეობისათვის აუცილებელია ვაჭრობის განვითარება და აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარე ყაზახეთი ხელს უწყობს აზიური და ევროპული ქვეყნების ასე საჭირო თანამშრომლობას ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ტერმინალების მშენებლობის მეშვეობით.

    სამწუხაროდ, ისტორია სავსეა ისეთი ფაქტებით, როდესაც ომებისადმი და კონფლიქტებისადმი ირაციონალური სწრაფვა გონებაზე ანუ მშვიდობიან და შემოქმედებით პოლიტიკაზე უფრო ძლიერია, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია იმის შანსები, რომ ნაზარბაევს ყურს დაუგდებენ მისი სიტყვების ადრესატები.

 

გულბაათ რცხილაძე