დვანში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

დვანში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

  კვირას, 6 ოქტომბერს, სოფელ დვანში, სადაც რუსი სამხედროები საბჭოთა დროს რუკაზე არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აბამენ,

მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, ამჯერად ქართველი სტუდენტობა გამოხატავს თავის პოზიციას ლოზუნგით - „არა მცოცავ ოკუპაციას!“.

   ევრაზიის ინსტიტუტი ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი ყველა წევრისათვის, ისევე, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისათვის, კატეგორიულად მიუღებელია რუსული მხარის ქმედებები. გასაგებია, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ და მასთან ხელშეკრულება დადო, რომლის საფუძველზეც მოსკოვი ვალდებულია, დაეხმაროს ცხინვალის ხელისუფლებას „საზღვრის“ მოწყობაში. მაგრამ საზღვრის მოწყობა 21-ე საუკუნეში მავთულხლართებით, მოძველებული მეთოდია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პირობით საზღვარზე არანაირი საფრთხე არ არსებობს - არც სამხედრო, არც ტერორისტული, არც იმიგრაციის... აშკარაა, რომ მავთულხლართების გაბმა არ არის რუსული სახელმწიფოსა და ოსი ხალხის ჭეშმარიტ ინტერესში, ამით ხდება ვითარების დაძაბვა და ზარალდება მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა, რომელიც ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი და მოძმე რუს ერთან დაახლოების მომხრეა.

  ამიტომ, ევრაზიის ინსტიტუტის წევრები ვუერთდებით მოთხოვნათა იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს, არ იქნას დაშვებული მავთულხლართების გაბმა ქართული მოსახლეობის ინტერესის საზიანოდ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, ნუ აჰყვება ემოციებს და დაფიქრდეს: რატომ დაიწყო პირობითი საზღვრის დემარკაცია მიმდინარე, 2013 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი საბოლოოდ მთავრდება? ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია, რათა გამოირიცხოს საქართველოსა და რუსეთის დაახლოება?

  ევრაზიის ინსტიტუტისათვის დანამდვილებით არის ცნობილი რუსული პოლიტიკური წყაროებიდან, რომ საზღვრის დემარკაცია არ არის რუსეთის ინიციატივა. დემარკაცია კატეგორიულად მოითხოვა ცხინვალის ხელისუფლებამ. კავკასიის საკითხებში ჩახედულმა ყველა რუსმა სპეციალისტმა იცის, თუ როგორმა შიშმა შეიპყრო გარკვეული წრეები მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ეწვია რუსეთს და მის უმაღლეს ხელისუფლებას შეხვდა. შესაბამისად, ე. წ. საზღვრის დემარკაცია ამ გარკვეული წრეების პროვოკაციად უნდა შეფასდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმას. ეს არ ამართლებს რუსულ მხარეს,  მაგრამ შესაბამის ახსნას უძებნის მის ქმედებებს.

  გამომდინარე ყოველივე ამიდან, ევრაზიის ინსტიტუტი მოუწოდებს ქართველ სტუდენტებს, საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებასთან ერთად, დაგმონ ცხინვალის ომის დაწყებაში დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმი, მოითხოვონ დამნაშავეთა დასჯა, რომელთაც ამ უბედურებამდე მიიყვანეს საქართველო. გარდა ამისა, აუცილებელია, დაისვას ომში დაზარალებულ ოჯახთა კომპენსაციების საკითხი - როგორც ქართველი ლტოლვილების, ისე ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეთა რიგებში, ეროვნებისგან დამოუკიდებლად. ეს მოთხოვნები, რომლებიც თვითკრიტიკასა და რეალობის ობიექტურ გააზრებას ემყარება, კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ერთიანობის იდეას.

 

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა