„არ დაიჯეროთ, რომ ეს არ იყო ჩვენი გამარჯვება!“ - ვეტერანების დარიგება ახალგაზრდობას

„არ დაიჯეროთ, რომ ეს არ იყო ჩვენი გამარჯვება!“ - ვეტერანების დარიგება ახალგაზრდობას

 2 მაისს, წითელი არმიის მიერ ბერლინის აღების დღეს, თბილისში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა

შიდა ქართლიდან ლტოლვილი ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია, რომლებმაც მანამდე მონაწილეობა მიიღეს სემინარში - „რატომ არის 9 მაისი გამარჯვების დღე საქართველოსთვის“.

   ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა „9 მაისი“, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ორგანიზება გაუკეთა ამ ღონისძიებას. მოსწავლეების წინაშე წარსდგნენ დიდი სამამულო ომის ნამდვილი ვეტერანები - ტარას იჩქითიძე და შოთა ბუაძე. ახალგაზრდები ყურადღებით უსმენდნენ ვეტერანებს, რომლებიც რეალურ სამხედრო ისტორიას ჰყვებოდნენ. „არ დაიჯეროთ, როდესაც თქვენ გეუბნებიან, რომ საქართველოსთვის იმ საშინელი ომის არიდება შეიძლებოდა, არ დაიჯეროთ, რომ 9 მაისი ჩვენი გამარჯვება არ არის!“ - ასეთი დარიგება მისცეს ვეტერანებმა ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლებს. მათ მოუთხრეს ახალგაზრდებს ნაცისტების მიერ ჩადენილი მხეცობების კვალზე, რაც ვეტერანებმა ფრონტზე საკუთარი თვალით ნახეს. შოთა ბუაძეს, რომელიც უკვე თითქმის 91 წლისაა, აქამდე არ ავიწყდება გერმანელების მიერ დანახშირებული სოფლები ჩრდილო კავკასიაში - ასეთი ხვედრისგან იქნა გადარჩენილი საქართველო, საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობის, მათი გმირობისა და ამ ხალხების ლიდერის, წესით და რიგით, მთელი საქართველოსათვის საამაყო - იოსებ სტალინის სიბრძნის წყალობით. ასეთია ვეტერანების პოზიცია, არტილერისტ შოთა ბუაძისა და სნაიპერ ტარას იჩქითიძისა, რომელმაც 56 გერმანელი „გამოიყვანა მწყობრიდან“.

   ღონისძიების ორგანიზატორებმა წაიკითხეს მოსწავლე-უფროსკლასელების მიერ მომზადებული თხზულებებიდან ციტატები. აღნიშნულ იქნა, რომ მათ მუშაობაში არავინ ჩარეულა, ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად მოამზადეს მოხსენებები, სხვა ინფორმაციებთან ერთად, ეყრდნობოდნენ რა სემინარზე მიღებულ ინფორმაციებს. „9 მაისის გამარჯვებამ 1945 წელს კაცობრიობის ისტორიაში ახალი გმირული თავგანწირვისა და თავდადების ფურცელი დაბადა, ხოლო თანამედროვე ადამიანებს მოგვცა  სწორი ცხოვრების და მოღვაწეობის გეზი. 9 მაისი გახდა ახალი ერების, სახელმწიფოების დაბადების და განვითარების საწინდარი მე–20 საუკუნეში“ - წერს თორნიკე როშნიაშვილი. თავის მხრივ, თენგიზ კოზმანაშვილი, დევნილი ცხინვალის რეგიონიდან, დედის მხრიდან წარმოშობით აფხაზი, აღნიშნავს: „ამ ომში, რომელიც 1945 წლის 9 მაისს გამარჯვებით დასრულდა, ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ომში 700 ათასამდე საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ბრძოლის ველზე დაეცა. მათ შორის ეთნიკური აფხაზები და ოსებიც იყვნენ. მათ ყველამ ერთად შესწირეს თავი იმას, რომ ფაშიზმს არ გაემარჯვა“.

   ხოლო ფიქრია ქრისტესიაშვილის თხზულებიდან წაკითხულმა ციტატმა შეკრებილი საზოგადოების განსაკუთრებული ემოციები და აპლოდისმენტები გამოიწვია: „ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ გმირები, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ. არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანების ეროვნებას, მაგრამ საქართველოში რუსი ჯარისკაცების ძეგლები ააფეთქეს,  პატივს მათ სართოდ არ მიაგებენ. რუსეთში კი, მოსკოვის ჩათვლით, დღესაც დგას ქართველი მებრძოლების ძეგლები, რუსები  ძველებურად აღნიშნავენ ამ გამარჯვების დღეს და ჩვენც, ქართველებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ ჩამოვრჩეთ რუსებს და  ეს გამარჯვება და შესაბამისად აღვნიშნოთ ხოლმე“...

   სიტყვით ასევე გამოვიდნენ: დიდი სამამულო ომის ვეტერანთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე ბატონი რევაზ ნაცარიშვილი და ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელი ბატონი ტარიელ გაგნიძე.

   ღონისძიების დასასრულს, ჯგუფ „9 მაისის“ წარმომადგენელმა, ქეთევან მაისურაძემ, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან ერთად, სემინარის მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები, აგრეთვე თითოეულ მათგანს (სულ 30 მოსწავლეს), საჩუქრების სახით წიგნები (რუსი კლასიკოსების ქართულენოვანი თარგმანები) და ვაუჩერები, რომელთა საშუალებით მათ ზაფხულში შეეძლებათ, თბილისის პოპულარული აქვა-პარკის, „ჯინო პარადაიზის“ მონახულება. ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მადლიერებით აღნიშნა, რომ „ჯინო პარადაიზის“ მენეჯმენტი სიამოვნებით დათანხმდა, გაენახევრებინა ვაუჩერების ბიზნეს-პაკეტის ფასი, რითაც უდიდესი სიხარული მოუტანა ახალგაზრდა ლტოლვილებს.

   დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მოწაფეებმა ყვავილებით შეამკეს საბჭოთა კავშირის გმირის, კონსტანტინე ლესელიძის ბიუსტი, რომლის სახელობის ქუჩას, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, პროვოკაციულად შეუცვალეს სახელი. სხვათა შორის, ორგანიზაციამ „9 მაისი“ თბილისის მერიაში და საკრებულოში შეიტანა მოქალაქეთა ხელმოწერები მოთხოვნით, დაუბრუნდეს ქუჩას კონსტანტინე ლესელიძის სახელი.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

P.S. მალე შემოგთავაზებთ ჩვენი პარლამენტარების მოსაზრებებს 9 მაისთან და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით