„ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ არის, მათ შორის ქართველი - აფხაზისთვის“

„ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ არის, მათ შორის ქართველი - აფხაზისთვის“

ასტამურ ცვიჟბას (აფხაზი ჟურნალისტების ჯგუფის კოლექტიური მეტსახელი) შეკითხვებს პასუხობს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე

- გაზეთი „Абхазский Меридиан» (ნოემბერი, 2013 წ.).

- საქართველოში უჩვეულო დრო დადგა - მხედველობაში მაქვს ურთიერთობები ნაცლიდერებსა და ხალხს შორის. მანამდე, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, საქართველო იყო მკვეთრად გამოხატული ბელადიზმის ქვეყანა. ჯერ „შავწინდიანი“ ქალები სკანდირებდნენ „ზვიადი, ზვიადი“, შემდეგ ეგზალტირებული ბრბო მუხლებზე იჩოქებდა და ევედრებოდა ედუარდ შევარდნაძეს, არ დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობა, მერე კი საზოგადოება აღტაცებული იყო „ახალგაზრდა, მაღალი, ლამაზი“ სააკაშვილით... და აი, ბიძინა ივანიშვილმა კი არ დაიწყო ძალაუფლებასთან ჩაბღაუჭება, არამედ დაპირება გასცა და შეასრულა: წავიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ახლა საქართველოს ფორმალურად მეთაურობს რეალურ ძალაუფლებას მოკლებული პრეზიდენტი და ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი პრემიერ-მინისტრი. რა იქნება, თქვენი აზრით, მომავალში? ხომ არ გახდება საქართველო სახელმწიფოდ, სადაც პირში კი არ შეჰყურებენ მორიგ ბელადს, არამედ ცხოვრობენ ისე, როგორც ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში, „კანონის დიქტატურაზე“ დაყრდნობით?

თუ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მითითებას მისცემს ბიძინა ივანიშვილი თავის „ფავორიტებს“? ვინ იქნება ის: ქართველი დენ სიაოპინი? როგორია თქვენი ხედვა ქართული სახელმწიფიოებრიობის განვითარებასთან დაკავშირებით?

 

- ბელადიზმი დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის. ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ბევრი მაგალითია, როდესაც არის მოთხოვნილება ე.წ. „ძლიერ ხელზე“. ამ სივრცეში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო „ჩამოყალიბებული დემოკრატიით“. საქართველო თითქოს გათავისუფლდა ბელადიზმის ქუჩურ-ვულგარული ფორმისგან. მაგრამ ბელადიზმის ელემენტი ქართულ პოლიტიკაში მაინც რჩება ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რადგან ახალი პრეზიდენტის მარგველაშვილის და პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ქმედითუნარიანობა დიდწილად დამოკიდებულია ივანიშვილის პირად ავტორიტეტზე.  თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ თავად ივანიშვილი ხაზგასმით ემიჯნება ერთგვარი ეროვნული ლიდერის (ბელადის) როლს და ცდილობს, შექმნას თვითკმარი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შეეძლება ფუნქციონირება ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის ქარიზმის მიუხედავად. 

 ბიძინა ივანიშვილის ეს გულწრფელი მისწრაფება ამავე დროს არ გამორიცხავს მის აქტიურ ზეგავლენას ქვეყნის ხელმძღვანელების პოლიტიკურ კურსზე, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. გამოცდილება, საერთაშორისო კავშირები და ასევე, ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობები ქართულ სახელმწიფოს, მის განვითარებას სჭირდება, განსაკუთრებით, სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დამანგრეველი შედეგების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოზე ექსპერიმენტებს ატარებდა ცხრა წლის განმავლობაში. ჩვენს სახელმწიფოს დიდი ზიანი მიადგა (გარეგნული გაძლიერების მიუხედავად), როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო ასპარეზზე. ივანიშვილი და მისი გუნდი, რომელიც შედგება რაციონალური და პრაგმატული ადამიანებისგან, ყველაზე შესაფერისი ვარიანტია ქართული სახელმწიფოს მდგომარეობის სტაბილიზაციის და გამყარებისთვის, მრავალი წლის ბელადიზმის შემდეგ. 

 

- აფხაზეთში აგერ უკვე ნახევარი წელია, ბობოქრობენ შიდაპოლიტიკური ვნებები, რესპუბლიკის აღმოსავლეთ რეგიონში კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც არ უშვებს ორმაგ (აფხაზურ და ქართულ) მოქალაქეობას პასპორტების გაცემის დროს. როგორ აღიქმება და რა კომენტარებს იწვევს ეს შიდააფხაზური პოლემიკა ქართულ საზოგადოებაში? ჩვენთან აღწევს ცალკეული ეგზოტიკური გამონათქვამები. მაგალითად, ახლახანს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ ქართულ პრესაში განაცხადა, რომ აფხაზეთში ტარდება პასპორტიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ქართველების პასპორტებში ეროვნება „აფხაზის“ ჩაწერას. არაფერი საერთო რეალობასთან, ამას, რა თქმა უნდა, არ აქვს. ხოლო საიტ „ჩვენი აფხაზეთის“ ინფორმაციის სათაურის მიხედვით, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული სტანისლავ ლაკობა, თურმე, გამოდიოდა „გალელი ქართველების იძულებითი პასპორტიზაციის“ წინააღმდეგ. ანუ, ლაკობა თითქოსდა გალელების დასაცავად გამოდის, ხოლო ანქვაბი მათ აძალებს აფხაზური პასპორტების აღებას... როგორ აფასებენ სიტუაციას ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები?

 

- ამ სიტუაციას საქართველოში არ გამოუწვევია მძაფრი რეაქცია, წამყვანი პოლიტიკოსების დამოკიდებულება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ საკმაოდ მშვიდია. თბილისში ვარაუდობენ, რომ გალის რაიონის მოსახლეობის დისკრიმინაცია არ შედის აფხაზი ხალხის ინტერესებში, რადგან ეს ფაქტი აფხაზურ საზოგადოებას ცუდი სახით წარმოაჩენდა მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა როგორც თავად აფხაზეთს, ისევე რუსეთს. პირადად მე მივიჩნევ, რომ ჩვენ ყველანი, როგორც აფხაზები, ისე ქართველები, უნდა გამოვიდეთ ეთნიკური ნაციონალიზმის ტყვეობიდან და ვიპოვოთ საერთო ფასეულობები, ვიაზროვნოთ ცივილიზაციური სივრცეების, და არა ცალკეული ეთნოსების, მასშტაბით. 21-ე საუკუნეში ეთნიკური ნაციონალიზმი უპერსპექტივო ანაქრონიზმია და მოძველებული იდეოლოგიის გაგრძელება. მინდა ხაზი გავუსვა: მე არ გამოვდივარ ანტიეროვნული კოსმოპოლიტიზმის მხარდასაჭერად, არამედ ინტერნაციონალიზმის მომხრე ვარ, კულტურულ-ცივილიზაციური ღირებულებების ერთიანობის საფუძველზე. ადამიანი ადამიანისთვის მგელი არაა, მათ შორის ქართველი - აფხაზისთვის და პირიქით.

 

- 22-ე ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე სოჭში სამ თვეზე ნაკლები დარჩა. ჩვენში დიდი ხანია, უყვართ ერთ ასეთ თემაზე მსჯელობა. პატარა მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს მეთაური რუსებმა, წესით, უნდა მიიწვიონ გახსნის ან დახურვის ცერემონიალზე დასასწრებად. საქართველოსთან რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აღუდგენია, მაგრამ საქართველო, როგორც ჩანს, არ მოახდენს თამაშების ბოიკოტირებას, და მათი უსაფრთხოების დაცვის საქმეში დახმარებაც კი ითავა. და თუ სოჭში ჩავა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (რის შესახებაც ის საჯაროდ საუბრობდა), ან შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილი, თეორიულად შესაძლებელია მათი შეხვედრა ალექსანდრე ანქვაბთან. რაიმე ისეთი, მოულოდნელ-იმპროვიზირებული, რუსული მხარის კარნახით. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრის შესაძლებლობას და აზრს?

 

- ამგვარი შეხვედრა ძალზე სასარგებლო და სასურველი იქნებოდა. მოკლე, ძალდაუტანებელი შეხვედრა, ხელის ჩამორთმევით და რამდენიმე ზოგადი, კეთილგანწყობის გამომხატველი ფრაზის გაცვლით. ეს სასარგებლო იქნებოდა სამივე მხარისთვის - აფხაზეთის, საქართველოს და რუსეთისთვის. აფხაზეთს სურს, საქართველოსგან მიიღოს ძალის არგამოყენების გარანტიები, საქართველოს კი პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება უნდა. ცხადია, ამ მიზნების მისაღწევად, მხარეებს შორის ურთიერთნდობის მინიმუმი უნდა არსებობდეს. მსგავსი შეხვედრა მშვენიერი შესაძლებლობაა, დამყარდეს ნდობის ატმოსფერო და გადაიდგას პირველი ნაბიჯი პირდაპირი დიალოგისკენ. ამ შემთხვევაში რუსეთის სარგებელიც აშკარაა - ის კვლავ ხდება მშვიდობისმყოფელი და ხელს უწყობს არასტაბილურობის ზონის გადაქცევას სტაბილურობის ზონად, თავისი სამხრეთის საზღვრების სიახლოვეს.

 მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო ასევე უნდა შეეცადოს, დააჩქაროს ურთიერთობების დალაგება თავად რუსეთთან, ამავე დროს, ეს გააკეთოს ისე, რომ აფხაზებს და ოსებს არ გაუჩნდეთ განცდა, თითქოს რუსეთი და საქართველო მათ ზურგს უკან აწარმოებენ გარიგებას. საქართველოს არ სჭირდება ფარული პოლიტიკა, პირიქით, მან უნდა დაადასტუროს და ღიად აჩვენოს თავისი გულწრფელი და კეთილი ზრახვები აფხაზი და ოსი ხალხების მიმართ - მხოლოდ ასე შეიძლება თანხმობის მიღწევა და განვითარებისთვის პირობების შექმნა როგორც საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში.

 სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯერ ისევ რჩება მხოლოდ კეთილ სურვილებად. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, მზად არის თუ არა აფხაზეთის პრეზიდენტი თუნდაც მოკლე, მაგრამ შეხვედრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან, მზად არის თუ არა რუსეთი ამგვარი ინიციატივებისთვის და მართლა გაემგზავრება თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი სოჭში. თუმცა, ამის იმედი არსებობს.