ქვეყანათმცოდნეობა

რუსეთი

რუსეთი რევოლუციის მოლოდინში

2000-იანი წლების დასაწყისის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების უშუალო მონაწილე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, აანალიზებს

რუსეთი და ამერიკული სცენარი ახლო აღმოსავლეთში

ტუნის-ეგვიპტის რევოლუციებით გამოწვეული დაბნეულობა დასავლეთმა გადალახა და წარმატებით მოექცა არაბული უკმაყოფილების სათავეში, გახდა რა ამ უკმაყოფილების მთავარი ინსპირატორიც.

ფინანსური კრიზისი ბელარუსში და რუსეთი - ოლიგოკრატიული ინტერესი სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ

საფინანსო კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წელს ბელარუსი მოიცვა და გამოიხატა უცხოური ვალუტების დეფიციტში, რამაც, როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და სხვა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია,

რუსეთი და ჩინეთი: ისტორიული ხელშეკრულება ენერგეტიკის დარგში მზადაა, მაგრამ...

სავარაუდოდ მიმდინარე წლის 10 ივნისს რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ისტორიულ ხელშეკრულებას რუსეთიდან ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.

რუსეთი და ჩინეთი: ისტორიული ხელშეკრულება ენერგეტიკის დარგში მზადაა, მაგრამ...

მედვედევი და პუტინი: განსხვავებულ იდეოლოგიათა კონკურენცია?

როგორც დასავლური, ისე რუსული ლიბერალური მასმედია მუდმივად აკეთებს აქცენტს პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის რეალურ თუ გამოგონილ დაპირისპირებაზე. რა ნაირ-ნაირ სათაურებს არ იგონებენ ჟურნალისტები თავიანთი მასალებისათვის, რომლებშიც აღწერენ იატაკქვეშა ბრძოლას 2012 წლის არჩევნების წინ, თუმცა ამგვარი დაპირისპირების დაწყებაზე თუ არა, მის შესაძლებლობაზე პრაქტიკულად უკვე 2008 წელს მედვედევის ინაუგურაციისთანავე ალაპარაკდნენ.

ამასთან, მედვედევი წარმოჩენილია, როგორც პუტინთან შედარებით უფრო ლიბერალი და პროდასავლური, რეფორმებისადმი მიდრეკილების მქონე პოლიტიკოსი, მას უკავშირებს გარკვეულ იმედებს დასავლურად განწყობილი რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მედვედევი და პუტინი ორი განსხვავებული პიროვნებაა, თავიანთი ცხოვრებისეული შეხედულებებითა და პრიორიტეტებით, ისევე როგორც საკუთარი მმართველობის სტილით. სხვა სიტყვებით, მათ მიდგომებში განსხვავებები გარდაუვალი იყო და არ იყო მოულოდნელი, რომ ამგვარ განსხვავებებს ადგილი აღმოაჩნდა. ეს ეხება არა მხოლოდ მედვედევსა და პუტინს, არამედ ნებისმიერ სხვა “ტანდემს” - ყოველ ცალკეულ პოლიტიკოსს, როგორც თვითკმარ პიროვნებას, ხომ საკუთარი “ხელწერა” აქვს.

მაგრამ რამდენად არსებითია სხვაობები მედვედევის მიდგომას, ერთის მხრივ და პუტინის მიდგომას შორის, ცენტრალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით? არის სტრატეგიასა და ტაქტიკაში არსებული ეს განსხვავებები იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლებოდეს, მათ ვუწოდოთ იდეოლოგიური განსხვავებები?

ამასთან, არ უნდა დავკავდეთ საკითხით, თუ რომელი მათგანი გახდება რუსეთის მორიგი პრეზიდენტი, ჩვენი ინტერესის ობიექტია ის, თუ რამდენად რადიკალურად განსხვავებული რეალობა შეიძლება წარმოიშვას რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მედვედევის პრეზიდენტობის გაგრძელების შემთხვევაში იმასთან შედარებით, თუ რა ვითარება იქნება პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების შემთხვევაში.

ამ საკითხის გასარკვევად არ არის საჭირო თეორიული განსჯა და ძიებანი, საკმარისია, ოდნავ უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ მედვედევისა და პუტინის დამოკიდებულებას სახელმწიფო პოლიტიკის ზოგიერთი საკვანძო საკითხისადმი.

მედვედევი და პუტინი პრაქტიკულად ერთიანი არიან შემდეგ პუნქტებთან დაკავშირებით:

- ძლიერი ცენტრისა და სახელისუფლებო ვერტიკალის შენარჩუნება, რესპუბლიკებისა და მხარეების მეთაურთა დანიშვნა კრემლის მიერ, მათი კონტროლი უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით. სახელმწიფო მოწყობის ეს მოდელი ადრეული ვლადიმერ პუტინის მიერ არის შექმნილი, მედვედევიც მთლიანად იზიარებს პუტინის სისტემას, რუსული სახელმწიფოებრიობისთვის ამ, მართლაც და, გადამწყვეტ საკითხში. ამის შესახებ მან გასულ დღეებში პირდაპირ განაცხადა სკოლკოვოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე;

- დასავლეთის მიერ თავს მოხვეული “დემოკრატიზაციის”, განსაკუთრებით კი “ფერადი რევოლუციების” მიუღებლობა როგორც საკუთრივ რუსეთის, ისე დსთ-ს ფარგლებში. აღნიშნულ საკითხში პუტინთან მედვედევის სოლიდარობის გამოვლენად შეიძლება, სხვა მოვლენებთან ერთად, მივიჩნიოთ 2008 წელს ცხინვალში სააკაშვილის ქმედებებზე ცალსახა რეაქცია და პირადად სააკაშვილთან შერიგების შესაძლებლობის გამორიცხვა;

- მედვედევისთვის, ისევე როგორც პუტინისთვის, მიუღებელია ამერიკული სარაკეტო თავდაცვის პროგრამა რუსეთის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, დასავლეთთან თანამშრომლობა ბევრ საკითხში, ნატო-სთან თანამშრომლობის ჩათვლით - მისი აღმოსავლეთით გაფართოების გარეშე, იმდენადვე ახასიათებს მედვედევის პოლიტიკას, რამდენადაც პუტინისას, თუნდაც მედვედევის განცხადებები და მოქმედებები, გარეგნულად, შესაძლოა, უფრო “პროდასავლურად” აღიქმებოდეს;

- მედვედევს არანაირი სურვილი არ გამოუხატავს, წავიდეს პუტინის წინააღმდეგ ხოდორკოვსკის საქმეში, რომელიც უკვე დიდი ხანია, რუსეთის ხელმძღვანელობის პრინციპულ პოზიციად იქცა;

- რუსეთი მედვედევის პრეზიდენტობის დროს თავის თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც დემოკრატიული, ლიბერალური, ამ აზრით “ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან” არაფრით განსხვავებული ძალისა. რუსეთი მხოლოდ თავის პოტენციალსა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მას სურს, რომ მსოფლიოში მას ანგარიში გაუწიონ, მაგრამ არ სურს, დასავლეთთან კონფრონტაციის მდგომარეობაში იმყოფებოდეს იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით - მისი ოფიციალური იდეოლოგია “ანტისტალინური”, ზომიერად ნაციონალისტურია, დასავლური აზროვნების წესის ფარვატერშია მოქცეული. მაგრამ ყოველივე ამას ადგილი ჰქონდა პუტინის პრეზიდენტობის დროსაც. ისტორიის ქექვა ტაქტიკური მოსაზრებებით, როგორც მაგალითად, კატინის გამო ბრალის “აღიარებაა”, ისევე, როგორც მცდელობები, საბჭოთა პერიოდის ყველა ნეგატივი გადაბრალებულ იქნას “სტალინის რეჟიმზე”, ხოლო “სტალინის რეჟიმის” მიღწევები მიეწეროს აბსტრაქტულ და დეპერსონიფიცირებულ “ხალხს”, მედვედევის პრეზიდენტობის დროს გაკვირვებას არ იწვევს, ვინაიდან სწორედ პუტინმა, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, თავის თავში ვერ იპოვა ძალები და პრინციპულობა, გადაეხვია ხრუშჩოვულ-გორბაჩოვულ-ელცინური კურსიდან უახლესი ისტორიის იდეოლოგიური შეფასების საკითხში. სწორედ პუტინი, როდესაც იგი არჩეულ იქნა პრეზიდენტად, ეწვია ალექსანდრე სოლჟენიცინს სახელმწიფოს მიერ მისთვის ჩუქებულ აგარაკზე და, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მას ეკითხებოდა აზრს რუსეთის წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემის გარშემო. იმავე პუტინმა მხარი დაუჭირა სასკოლო პროგრამებში სოლჟენიცინის ნაწარმოებების შეტანას და “ტოტალიტარიზმის” ისტორიის სწავლებას. იმის მაგალითები, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობდა “სტალინის რეჟიმისგან” დისტანცირებას არსებული კონიუნქტურის სასარგებლოდ, კიდევ ბევრია, თუმცა იგი არასოდეს დაშორებია რადიკალურად კონსერვატულ პოზიციას, ლიბერალურის მიმართულებით. მაგრამ მედვედევზეც არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი მკვეთრად გადაიხარა ლიბერალური შეფასებისკენ და საერთოდ ხაზი გადაუსვა რუსეთის ისტორიის საბჭოთა პერიოდს და ამ გზით შეეცადა, დაემსხვრია რუსული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ჩამოყალიბებული იდეოლოგიური შეხედულებები;

- რამდენადაც შეიძლება ვივარაუდოთ, მედვედევის “მოდერნიზაცია” არანაირად არ გულისხმობს რუსეთში პუტინის პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბებული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვას, ქონების გადანაწილებას და ა. შ.;

- ბელორუსიის ლიდერის ლუკაშენკოს მიმართ მედვედევს დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც პუტინს - ხარვეზებიანი, პრობლემური, რაც პრაქტიკაშიც პოულობს ასახვას - რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებული ურთიერთობები დღეს, ისევე როგორც უწინ, გასაუმჯობესებელია;

- კურილის კუნძულების პრობლემასთან დაკავშირებით მედვედევი, სულ ცოტა, ისეთივე “დერჟავნიკია”, როგორც პუტინი, თუ უფრო მეტი არა.

 

პრეზიდენტ მედვედევის პოლიტიკურ კურსსა და პრეზიდენტ, ამჟამად კი პრემიერ-მინისტრ პუტინის პოლიტიკურ კურსს შორის პრინციპული სხვაობები მართლაც რომ ცოტაა. მასმედია სპეკულირებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ უთანხმოებაზე, დიდი ხმაური უცხოურ მედიაში ატყდა ლიბიის პრობლემის განსხვავებული შეფასების გამო მედვედევისა და პუტინის მხრიდან… მაგრამ ყოელივე ეს თუკი ვარგა იმის ინდიკატორად, რომ მოქმედ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კულისებს მიღმა მიმდინარეობს ბრძოლა (რაც ასევე ფრიად საეჭვოა), ასეთი ფაქტები მაინც არანაირად არ მოწმობს მათ შორის სიღრმისეულ იდეოლოგიურ სხვაობებზე. პრეზიდენტ მედვედევის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ მას და პუტინს ბევრი საერთო აკავშირებთ (“ჩვენ გვაქვს საერთო - იურიდიული განათლება, ჩვენი ფასეულობებიც ძალიან ახლოა ერთმანეთთან. ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თანამედროვე, ეფექტური, კარგად გამოიყურებოდეს, ხალხი ცხოვრობდეს ნორმალურად, მიიღებოდეს გონივრული და განხორციელებადი გადაწყვეტილებები, უზრუნველყოფილი იყოს უფლებები, გვქონდეს დივერსიფიცირებული თანამედროვე, მოდერნიზებული ეკონომიკა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად თანხვედრი პოზიციები გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია, რადგან ჭეშმარიტება უნდა იბადებოდეს გარკვეული პოზიციების ურთიერთშეხების, ხანდახან ერთმანეთთან დაპირისპირების შედეგად. ეს წინსვლის საფუძველია”), საკმაოდ გულახდილად ჟღერს. ის, რომ პუტინი “მოდერნიზაციის” “თანდათანობით” განხორციელებას უჭერს მხარს, ხოლო მედვედევი უფრო დაჩქარებულ ტემპებს ემხრობა (მედვედევი: “როგორც მე გავიგე, იგი ამბობს, მას მიაჩნია, რომ მოდერნიზაცია - ერთგვარად მშვიდი, თანდათანობითი მოძრაობაა, მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შანსები და ძალები, რომ ეს მოდერნიზაცია განვახორციელოთ უფრო სწრაფად, ყოველივე იმისათვის ზარალის მიყენების გარეშე, რაც უკვე გაკეთდა, და ამ გზით კარგ შედეგს მივაღწიოთ”) - მხოლოდ სიტყვების აბსტრაქტული თამაშია.

 

გაცილებით უფრო სერიოზული სხვაობების აღმოჩენა მედვედევისა და პუტინის მიდგომებს შორის შეიძლება ირანის საკითხის გარშემო. პუტინის საპრეზიდენტო მმართველობის დროს ორმხრივი ურთიერთობები გაცილებით უფრო დინამიურად და პერსპექტიულად ვითარდებოდა. რატომ გამოვყოფთ ირანის საკითხს: რუსეთ-ირანის თანამშრომლობა გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ევრაზიული ფრონტის ჩამოსაყალიბებლად ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დასავლეთის გავლენის ზრდის საწინააღმდეგოდ. ამას წინათ პროირანულ საიტზე ირან.რუ ერთ სტატიაში შემდეგი აზრი გამოითქვა: “ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელმძღვანელებიდან ბოლო 30 წლის მანძილზე ერთადერთი იყო, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა რუსეთისა და ირანის ერთობლივი ინტერესები, თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის მეთოდები. სწორედ მის დროს გაჟღერდა თეზისი, რომ ირანისა და რუსეთის კავშირი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს”.

 

ყოველივე ეს მართლაც ასეა, მაგრამ არ შეიძლება დაგვავიწყდეს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტ პუტინს შეერთებულ შტატებში ურთიერთობების ქონა მოუწია ჯორდ “დაბლიუ” ბუშის ადმინისტრაციასთან, რომელიც ახორციელებდა ძალზე ხისტ და გამომწვევ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც საკმაოდ აშკარას ხდიდა რუსეთის ინტერესებს. პუტინის ცნობილი “მიუნხენური სიტყვა” 2007 წელს, რომელიც გამოირჩეოდა დასავლეთის მიმართ უპრეცენდენტოდ კრიტიკული ტონითა და შინაარსით, წარმოთქმულ იქნა მძიმე საერთაშორისო ფონზე. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდი ბუშის ეპოქის ჩასვენებამდე ცოტათი ადრე დასრულდა - 2008 წლის დასაწყისში (ობამა არჩეულ იქნა იმავე წლის ბოლოს). მედვედევს პრაქტიკულად ახალი თანამდებობის დაკავებისთანავე მოუხდა ობამასთან თანამშრომლობა (ამ მომენტამდე იყო მოკლე, მაგრამ მედვედევისთვის მძიმე გამოცდის პერიოდი - აგვისტოს ომი საქართველოში). ობამას ადმინისტრაციამ მუშაობის დაწყებისთანავე გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობებში “გადატვირთვის” შესახებ, რამაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გარკვეული (გარეგნული) გაუმჯობესება გამოიწვია. ირანი ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, გახდა რუსულ-ამერიკულ კულისებსმიღმა მოლაპარაკებებში დიპლომატიური ვაჭრობის საგანი. მაგრამ ეს არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ სუბიექტურ მიზეზებს და ყოველივე დავიყვანოთ “მედვედევის ფაქტორზე”. ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ იმოქმედებდა პუტინი მის ადგილზე, ასევე უცნობია, აუნთებდა თუ არა მედვედევი მწვანე შუქს გაეროს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, ობამას ადგილზე ბუშის გუნდის რომელიმე “შევარდენი” რომ მჯდარიყო. ასევე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმის თაობაზე, რამდენად შეიცვლება რუსეთის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ირანთან მიმართებით, თუკი ობამა საბოლოოდ არ გაითვალისწინებს მოსკოვის ინტერესებს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის საკითხში და დაიწყებს “ლიბიის სცენარის” განხორციელებას, დავუშვათ, სირიაში.

 

გვიხდება კონსტატაცია, რომ რუსეთის საგარეო და ნაწილობრივ თვით საშინაო პოლიტიკის მომავალი მიმართულება არა მხოლოდ და არა იმდენად შემდეგი პრეზიდენტის პერსონაზეა დამოკიდებული - “მედვედევი ან პუტინი”, არამედ ამერიკულ სტრატეგიაზე: თუკი ეს სტრატეგია აშკარად ხისტი და წნეხისებური იქნება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის შესაბამისი რეაქცია. თუმცა აშშ-ის ჭეშმარიტი ინტერესების შენიღბვა რუსეთის მიმართ მუდმივად არ გამოვა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია “გადატვირთული” ურთიერთობების გარკვეული გაგრილება. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს გაგრილება ახლო მომავალში იმაზე უფრო სერიოზული ხასიათის ვერ იქნება, ვიდრე ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის ეპოქაში. ხოლო კითხვა, თუ “ტანდემიდან” რომელია უკეთესი რუსეთისთვის - ჩვენი შეხედულებით, ნაკლებად სარგებლიანია ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ითქვა, უფრო კონკრეტულად: მედვედევსა და პუტინს, როგორც პოლიტიკოსებს შორის, პრაქტიკულად არანაირი არსებითი იდეოლოგიური სხვაობა არ არსებობს. პირობითი დაყოფა მედვედევის “პროგრესის პარტიასა” და პუტინის “სტაბილურობის პარტიას” შორის სულაც არ ასახავს ფასეულობით-იდეოლოგიურ განსხვავებებს მათ შორის, არამედ სხვაობებს მმართველობის სტილსა და ტაქტიკურ მიდგომაში, ასევე ორი ლიდერის გარემოცვის პარტიკულარისტულ ინტერესებს.

მაგრამ სუბიექტური ფაქტორის სრული იგნორირება - “მედვედევი ან პუტინი” - მაინც არ შეიძლება. თვით ერთი და იმავე სტრატეგიის ფარგლებში ამ ფაქტორთან დაკავშირებული სხვაობები შეიძლება გარკვეულწილად განმსაზღვრელი მნიშვნელობისაც კი აღმოჩნდეს. ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში უფრო სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს პუტინის, როგორც უფრო “ხისტი” მმართველის იმიჯი, რომელსაც თანამედროვე “ერის მამობაზეც” კი შეუძლია პრეტენზიის ქონა, ან უფრო “ფლექსიბელური” და “თანამედროვე” მედვედევის იმიჯი. მაგრამ მოცემულ ეტაპზე მეტად რთულია, ამთავითვე იქნას გამოცნობილი, თუ რომელი სიტუაცია იქნება უფრო მეტი - ისეთი, რომელშიც მედვედევია უფრო ეფექტური თუ პუტინი.

 

გულბაათ რცხილაძე

რუსულ-ამერიკული ურთიერთობები, როგორც თვითმიზანი ანუ აი-აი-„ვალდაი“!

ცნობილი რუსი პოლიტიკური კომენტატორი მიხაილ ლეონტიევი, როგორც ჩანს, მართალი იყო, როდესაც ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინს შორის გამართული საპრეზიდენტო დუელის წინ ამბობდა, რომ რუსეთის

ნატო-ს სურს რუსეთი

რუსული ინტერნეტ-რესურსი Russia.ru ავრცელებს რუსი ექსპერტების დისკუსიას რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის მიმდინარე ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

რაც კარგია ამერიკისთვის, რუსეთისთვის მომაკვდინებელია

რუსეთი იქცევა ყოველგვარი საღი გონებისა და გეოპოლიტიკური ლოგიკის საწინააღმდეგოდ, როდესაც უერთდება ამერიკის სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

Quo vadis, Russia?

აშშ-ში ხელისუფლების პრეზიდენტად ბარაკ ობამას მოსვლისა და რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” გამოცხადების შემდეგ ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის აშკარად

რუსულ-გერმანული გლობალური დათბობა. დიმიტრი მედვედევსა და ანგელა მერკელს ერთმანეთის პროტონებისა და ნეიტრონების დონეზეც კი ესმით...

ლიკა ერთობელი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

აშკარაა, რომ, გერმანიის ფედერალურ კანცლერს ძალიან უყვარს რუსეთი. მისი ვიზიტი სანკტ-პეტერბურგში, 2009 წლის 2 მარტს, ბოლო შვიდი თვის მანძილზე რიგით მეხუთე იყო. ვიზიტების “გეოგრაფიით” ქ-მა მერკელმა უკან ჩამოიტოვა ბ-ნი სარკოზი, რომელიც უშუალოდ რუსეთის დედაქალაქს სტუმრობს ხოლმე, ქ-ნი ანგელა კი ამ ვიზიტამდე ერთი თვით ადრე სოჭშიც ბრძანდებოდა. მართალია, პრეზიდენტ მედვედევისა და კანცლერ მერკელის ყველა შეხვედრა თემატიკით ძალიან წააგავს ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში აღსანიშნავია მოვლენით, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ ორივე ქვეყნის ენერგომაგნატები. სახელმწიფოთა ლიდერების თანდასწრებით “გაზპრომის” მეთაურმა ალექსეი მილერმა და უმსხვილესი კერძო ევროპული ენერგოკონცერნის “E.ON”-ის მმართველობის თავმჯდომარემ ვულფ ბერნოტატმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ-რუსული ნავთობის საბადოს ათვისებაში გერმანული კომპანიის მონაწილეობის შესახებ. მილერმა ამ გარიგებას “ძალიან მომგებიანი” უწოდა.

“"გაზპრომისათვის”, როგორც კომპანიისთვის, რომელიც გერმანიაში გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, მოპოვების სფეროში თანამშრომლობა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან ევროპაში მუშაობის პრინციპულად ახალ ფაქტორს წარმოადგენს” - განაცხადა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ალექსეი მილერმა. მისი აზრით ეს გარიგება ადასტურებს, რომ რუსული გაზის დარგი მთლიანად გახსნილია უცხოური კომპანიებისათვის, მოპოვების სფეროს ჩათვლით.

ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების გარდა უმნიშვნელოვანესი იყო მოლაპარაკებები ეკონომიკის ენერგოეფექტურობისა და ჯანდაცვის მოდერნიზაციის სფეროებში მუშაობის გააქტიურების თვალსაზრისით. მხარეები შეთანხმდნენ განახორციელონ რამოდენიმე ერთობლივი პროექტი უმაღლესი ტექნოლოგიების განხრით. მაგალითად, გადაწყდა შეიქმნას ნეიტრონებისა და პროტონების შესწავლის ევროპული ცენტრი…

“დღეს გფრ აღნიშნავს გერმანიის ერთიანობის ეროვნულ დღესასწაულს. რომ არა ორი გერმანიის გაერთიანება, მე კანცლერი ვერ ვიქნებოდი” - გაიხუმრა ქ-მა მერკელმა. ალბათ, სწორედ ამიტომ მისი ვიზიტის პროგრამაში ერთერთ მთავარ პუნქტად, საბჭოთა კავშირის ერთადერთ პრეზიდენტთან, მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრა იყო (რომელსაც ლომის წილი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში). სამწუხაროდ მერკელი მხოლოდ მოკითხვის გადაცემას დასჯერდა… ბოლო მომენტში გორბაჩოვი არ ჩამოვიდა. და მაინც, დანგრეული კედლის ხატება არ სტოვებდა ორატორებს. “ჩვენთან ხშირად საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა ბერლინის კედლის კვლავ შემოვლება გერმანიის ირგვლივ, მაგრამ თანამედროვე სამყაროში იზოლირება შეუძლებელია” - განაცხადა ქ-მა კანცლერმა. ბ-ნი მედვედევი დაეთანხმა და რუსეთთან მიმართებაში ხშირად გაჟღერებული ბრალდებების გასანეიტრალებლად დასძინა: “როგორც შეუძლებელია ბერლინის კედლის აღდგენა, ასევე შეუძლებელია “ცივი ომის” დაბრუნება”.

სახელმწიფოთა ლიდერები კვლავაც საუბრობდნენ მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე, კავკასიის მოვლენებზე და ენერგომატარებლებზე. მაგრამ მიუხედავად ხშირი მოლაპარაკებებისა და ეკონომიკური ურთიერთობების არნახული აღმავლობისა (საქონელბრუნვა წლის შედეგების მიხედვით რეკორდულ 60 მილიარდ დოლარს აღწევს), ჭეშმარიტად კარგ დამოკიდებულებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ქ-მა მერკელმა დასახა რუსეთისა და ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ დიალოგის წარმატებით განახლების შესაძლებლობა ჟენევის კონსულტაციებზე (ახალი ხელშეკრულების საფუძველზე), სადაც დაგეგმილი იყო საქართველოს სტატუსისა და რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვა ამ რეგიონში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

პრეზიდენტ მედვედევის აზრით რუსეთს ბრალი არ მიუძღვის მსოფლიოში სიტუაციის გაუარესებაში. რუსულ-გერმანულ საზოგადოებრივ ფორუმზე «Петербургский диалог» მედვედევმა განაცხადა: “ჩვენ შევეჯახეთ სიტუაციას, როდესაც ადგილი აქვს მსოფლიო არენაზე ქულების ჩაწერის მცდელობას… თვალთმაქცობითა და უგუნურობით. უინსტონ ჩერჩილი ამბობდა “თუ ჭეშმარიტება მრავალწახნაგოვანია, სიცრუე მრავალხმიანია””.

კანცლერმა მერკელმა კი დააზუსტა: “კავკასიის კრიზისთან მიმართებაში ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს. რუსეთის რეაქციას ვაფასებთ, როგორც არაპროპორციულს”! პრინციპში, ორივე მხარეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. მედვედევმა ფორუმის გერმანელი თანათავმჯდომარის ლოტერ დე მეზიერის სახუმარო ფრაზაც კი მოიშველია, “როგორი ცხარეც არ უნდა იყოს კამათი, მთავარია მხარეებმა შემდგომ ერთად ივახშმონო”. “ვახშამამდე ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ერთად ვისადილებთ” – განუცხადა მედვედევმა მერკელს.

მაგრამ მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებაა ისეთ საკვანძო საკითხში, როგორიც ახალი მსოფლიო არქიტექტურაა. მერკელის აზრით, მოქმედი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და გაეროს ქმედითუნარიანობის გაძლიერების თანავდროულად, აუცილებელია მსოფლიო არქიტექტურის ახალი მექანიზმების შექმნა. მედვედევმა კი შეახსენა კოლეგას, რომ ეს მოსაზრება ჯერ კიდევ მათი პირველი შეხვედრის დროს გამოთქვა (ამა წლის ივნისში, ბერლინში). მან წამოაყენა წინადადება ევროპის ყველა სახელმწიფოსათვის სავალდებულო ახალი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების დადების შესახებ: “ჩვენ გვსურს, ამ შეთანხმებას არსობრივად ჰქონდეს თავისუფლების კუნძულის დატვირთვა, უკვე არსებულ ინსტიტუტებთან ალიანსში”. თავის მხრივ, კი ქ-მა მერკელმა მას “ნატო”-სა და რუსეთს შორის ურთეირთობის გააქტიურება შესთავაზა, რაზეც მედვედევმა განაცხადა, რომ კონკრეტული წინადადება გადასცა გერმანულ მხარეს, მაგრამ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და განხილვა სამომავლოდ გადადო.

დიმიტრი მედვედევმა გამოთქვა მოსაზრება აშშ-ს პასუხისმგებლობის შესახებ მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან მიმართებაში: “ერთი ეკონომიკის დომინირების ხანა, თუნდაც ყველაზე განვითარებულის და მძლავრის, ისევე როგორც ერთი ვალიუტისა, ამოიწურა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მსოფლიოში უფრო სამართლიანი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების ფორმირებაზე. არცერთ ეკომონიკას არ ძალუძს აიღოს თავის თავზე მეგარეგულიატორის ფუნქცია, რათა ერთის პრობლემა ნებისმიერ მომენტში არ გახდეს სხვა დანარჩენთა პრობლემაც”. დაბოლოს, რუსეთიდან გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის - «Северный поток» მშენებლობის თემასთან მიმართებაში მხარეებმა მოახდინეს სრული ურთიერთგაგების დემონსტრირება.

ბოლო წლებში რუსეთსა და ევროკავშირს (ისევე როგორც რუსეთსა და გერმანიას) შორის ვაჭრობამ და ეკონომიკურმა თანამშრომლობამ ძირეული განვითარება განიცადა. ისინი უკიდურესად დაინტერესებულნი არიან ერთმანეთით და მჭიდრო თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ფრიად მნიშვნელოვანია. რუსეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, ხოლო ევროკავშირში ან არაა, ან ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ იგი ფლობს ტექნოლოგიებს, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია რუსული ეკონომიკის მოდერნიზაციისათვის. თანამშრომლობის უპრეცენდენტო დონე რუსეთისა და გერმანიის ბანკებს შორის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგების დასაძლევად იმის მაჩვენებელია, თუ ურთიერთქმედების რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ორივე მხარეს. არსებული პოტენციალის გამოყენება გაცილებით გაადვილდება, თუკი შესაძლებელი გახდება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა და უახლოეს მომავალში ახალი საბაზისო ხელშეკრულების დადება რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

ახლა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახლო წარსულსაც გადავხედოთ: 2007 წლის მონაცემებით გერმანია რუსეთის #1 ეკონომიკური პარტნიორია. გერმანული ექსპორტი წლის პირველ ნახევარში 33,2%-მდეა გაზრდილი და 12,8 მილიარდ ევროს აღწევს. ეს იმ დროს, როდესაც ინვესტიციები კვიპროსიდან, ჰოლანდიიდან და ლუქსემბურგიდან (1-3 ადგილები) უმეტესწილად რეპატრიირებულ კაპიტალს წარმოადგენენ.

გერმანული ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და, ამავდროულად, ძირითადი უპირატესობაა რუსეთში ფრიად სერიოზული დარგობრივი დივერსიფიკაცია. ურთიერთქმედების დიაპაზონი ვრცელდება კვების პროდუქტების და ტანსაცმლის მეწარმეებზე, გამომცემლობებზე, ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებასა და საადვოკატო ფირმებზე, საცალო ვაჭრობის საწარმოებზე, IT-ტექნოლოგიებზე, ასევე უმსხვილეს ენერგეტიკულ და მანქანათმშენებლობის კონცერნებზე, დაზგებისა და დანადგარების მწარმოებლებზე, სამშენებლო ფირმებსა და საშენი მასალებით მომმარაგებლებზე, აგრეთვე ქიმიური წარმოების მრავალრიცხოვან კომპანიებსა და ლოჯისტიკაზე, მომსახურეობის სფეროს საწარმოებზე.

რუსეთის სტაბილიზაციის ფონდში 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 141 მილიარდი დოლარი აღირიცხებოდა, ხოლო ვალიუტისა და ოქროს სახით - 425 მილიარდი დოლარი. სახელმწიფო უდიდესი სახსრების დაბანდებას ახორციელებდა ეკონომიკის საზოგადოებრივად ღირებულ დარგებში. მაკროეკონომიკური სიტუაცია რუსეთში რუსულ-გერმანული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ბუნებრივია, აქედან სარგებელს გერმანელი მეწარმეები და იმპორტიორებიც იღებდნენ: გერმანული ეკონომიკა რუსეთში კარგად იყო წარმოდგენილი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მართალია გერმანული ინვესტიციები ნაკლებდინამიურად იზრდებოდნენ რუსეთში ინვესტიციების საერთო ნაკადთან შედარებით (რომელიც 2007 წლისთვის საშუალოდ 40%-ით გაიზარდა 2006 წელთან შედარებით), გერმანულ ციფრობრივ მაჩვენებლებში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება დაბანდებები წარმოების საშუალებებში და გრძელვადიანი ინვესტიციები (მაგალითად, ცოტა ხნის წინ, რუსეთში 2010 წლამდე ინვესტირების სურვილი გამოთქვა “Deutsche Post”-ის შვილობილმა კომპანიამ - “DHL”-მა, 250 მლნ. ევროს ოდენობით, ხოლო “E.ON Ruhrgas” -მა განაცხადა, რომ ენერგოკომპანიის “ОГК-4” 4,1 მილიარდ ევროდ ღირებული აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.)

როცა გერმანიაში განიხილავენ რუსული ბაზრის გრანდიოზულ პოტენციალს, რა თქმა უნდა, გულისხმობენ განვითარების პროცესში უშუალო მონაწილეობას. მაგრამ ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად ფსიქოლოგიაცაა. ამის დადასტურებას თითქმის ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს საფონდო ბირჟებზე. მეწარმე ან მენეჯერი ემოციურ დონეზე უნდა ენდობოდეს ბაზარს, რომელზეც გასვლას აპირებს. ბოლო წლებში რუსული ეკონომიკა იმდენად კონსოლიდირებული გახდა, რომ განვითარების სოლიდური საფუძვლი შეიქმნა უახლოესი მომავლისთვისაც. მაგრამ რუსეთი კვლავ რჩება რთულ ბაზრად, რომლის დაპყრობა მხოლოდ მოთმინებით, გაგებითა და მოქნილობით შეიძლება.

2008 წლის თებერვალში რუსეთში გერმანიის ეკონომიკური წარმომადგენლობის თავმჯდომარემ, მიხაელ ხარმსმა ჟურნალ “დიპლომატში” გამოთქვა თავისი მოსაზრება გერმანიის და რუსეთის ეკონომიკური კავშირების პერსპექტივის შესახებ: “ჩემი პროგნოზი ასეთია - რუსეთი გერმანიისთვის კვლავ რჩება უმთავრეს თუ არა, განმსაზღვრელ ბაზრად მაინც ”.

2008 წლის ოქტომბრის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგში შედგა მედვედევისა და მერკელის შეხვედრა გერმანულ-რუსული სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში. მართალია, მოლაპარაკებებს ამძიმებდა აგვისტოში ცხინვალის რეგიონის ირგვლივ განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის სავალალო შედეგები, მაგრამ რუსეთმა და გერმანიამ ასეთ მძიმე დღეებშიც კი შეინარჩუნეს სტრატეგიული პარტნიორობა... გასაგებია, თუ რატომ უწოდებენ გერმანიას ხშირად “რუსეთის ადვოკატს”.

ანდრეას შოკენჰოფფის აზრით, რომელიც გერმანიის ბუნდეხსტაგის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა და გერმანულ-რუსული საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორი გერმანიის ფედერალურ მთავრობაში, ახლა ხელსაყრელი მომენტია იმისათვის, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი ტიპის ურთიერთობებს ჩაეყაროს საფუძველი - ეს მწვავე აუცილებლობაა იმ მრავალრიცხოვანი გამოწვევების გამო, როგორებიცაა ფინანსური კრიზისი, ავღანეთში არსებული არასტაბილურობა, იმის რეალური საშიშროება, რომ ირანის ხელში ატომური ბომბი აღმოჩნდეს, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების ტენდენცია, კლიმატის არასასურველი ცვლილებები და ტერორიზმი.

შოკენჰოფფი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონში მთავრობის შეცვლით მათ ქვეყნებს ასეთი გამოწვევებისადმი პრაგმატულად მიდგომის საშუალება მიეცათ, რომ ასეთი მიდგომა არ გამორიცხავს პრობლემებზე და უთანხმოებებზე ღიად და შესატყვის ტონალობაში საუბარს, რომ რუსეთის ურთიერთობაში გერმანიასა და ევროკავშირთან ასევე აუცილებელია “გადატვირთვა”, რადგან ევროპა და რუსეთი მჭიდრო ურთიერთკავშირშია: “ჩვენი პრობლემები უნდა გადავჭრათ არა ერთმანეთის საწინააღმდეგო, არამედ თანმხვედრი ქმედებებით. რუსეთის გიგანტური ეკონომიკური სიძნელეები, ხარვეზები სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, კორუფციისა და ბიურიკრატიის მაღალი დონე - ყოველივე ამის შესახებ აუცილებელია ერთმანეთთან საუბარი, საუბარი ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი რუსეთით, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება დაფუძვნებული”.

სწრაფმზარდი მსოფლიო კრიზისის ფონზე, ინვესტიციების სტრუქტურის ანალიზი ააშკარავებს მათ ფაქტიურ ხასიათს. სწორედ ამიტომ, ექსპერტების ერთმა ნაწილმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყება მოითხოვა ახალი საბაზისო ხელშეკრულების თაობაზე იმ მოსაზრებით, რომ მოლაპარაკებების განახლებისა შემდგომი გაწელვა ორივე მხარეს აზარალებს. ექსპერტთა მეორე ნაწილმა კი, კონცენტრირებულმა არსებულ ვითარებაში უმთავრესზე - განვითარებადი მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დაძლევაში ძალისხმევის გაერთიანებაზე, პირიქით, მიზანშეწონილად მიიჩნია მოლაპარაკებების გაყინვა უკეთესი დროის დადგომამდე.

ექსპერტებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს ევროკავშირის ცვალებადი როლი თანამედროვე მსოფლიოში. ერთნი მიმართავდნენ ბრიუსელს და, პირველ რიგში, კი ბერლინს რათა მათ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აეღოთ საერთაშორისო არენაზე და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე, მეორენი კი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ უკვე კარგა ხანია დადგა დრო რუსეთი განთავისუფლდეს სახიფათო ილუზიებისაგან: არასოდეს არც ევროკავშირი და არც გერმანია არ ითანამშრომლებენ რუსეთთან აშშ-ს წინააღმდეგ. მოსკოვმა უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ასეთი მიდგომა უპერსპექტივოა, არარეალურია და უსარგებლო.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობაზე შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა ტრანზიტისა და მოწოდების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების ახალი საერთო წესები. ამავდროულად, განსაკუთრებით, რუსულ-უკრაინული გაზის კონფლიქტის შემდეგ, გერმანიასა და ევროკავშირში სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები რუსეთზე “ენერგოდამოკიდებულებისგან” განთავისუფლების შესახებ.… მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი კვლავ გაზის მთავარი მიმწოდებელია, ხოლო გერმანია რუსული ენერგომატარებლების (ძირითადად ბუნებრივი გაზის) მთავარი გადამტანი პუნქტის როლს ასრულებს ევროპაში. ზემოთხსენებული შოკენჰოფფის აზრით, გაზის უთანხმოებამ შელახა რუსეთის - როგორც საიმედო მიმწოდებლის და უკრაინის - როგორც ბუნებრივი გაზის საიმედო სატრანზიტო ქვეყნის იმიჯი ევროპაში: “ჩვენ არ ვართ ცალსახად დამოკიდებული რუსეთის გაზზე. დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რუსული გაზი, მაგრამ რუსეთსაც ვჭირდებით, როგორც კლიენტი-იმპორტიორი, რომელიც მიწოდებაზე საერთაშორისო საბაზრო საფასურს იხდის. რუსეთისთვის აუცილებელია როგორც ჩვენი ტექნოლოგიები მისი ენერგეტიკული დარგის მოდერნიზაციისთვის, ასევე ჩვენი ინვესტიციებიც. ამიტომ უნდა გაფართოვდეს თანამშრომლობა, ამისათვის კი ერთ მხარეს მოეთხოვება იყოს საიმედო მიმწოდებელი, მეორეს კი - საიმედო შემსყიდველი”.

ახლა გადავხედოთ მოვლენათა თანმიმდევრობას: ევროსაბჭოს რიგგარეშე სესია, გაჟღერებული არაერთგვაროვანი შეფასებები, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების განმეორებითი შეხვედრა რუსეთსა და ევროკავშირს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების ფორმატში, ურთიერთვალდებულებების დაზუსტება, სამხედრო ნაწილების გამოყვანა ე.წ. “ბუფერული ზონებიდან” რუსეთის მიერ, რეგიონში ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსება, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა, რუსეთ-ევროკავშირს შორის ნიცაში 14 ნოემბერს უმაღლეს დონეზე შეხვედრის პერსპექტივები.

რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ბიფურკაციის წერტილშია. კავკასიაში განვითარებული მოვლენების შემდგომ მრუდი შეიძლება წავიდეს როგორც ზევით, ასევე ქვევით. ყველაფერი თავად მხარეებზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ახლა იღება ახალი “შესაძლებლობების ფანჯარა”, რომელსაც ყველა წინა ცდაზე “ორმხრივი ქარი” ხურავდა,… რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობას თითქოს ავბედითობა სდევნიდა!

როგორ აისახა რუსულ-ქართული კრიზისული სიტუაცია ურთიერთობის დათბობაზე რუსეთსა და გერმანიას შორის? თითქოს რა მარტივი ფრაზაა “კრიზისის შემდგომ”. მაგრამ მისი გაშიფვრა სხვადასხვაგვარად შეიძლება: როგორც იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელზეც კავკასიის მოვლენები უდავოდ სრული სერიოზულობით აისახა, ან როგორც დასტური იმისა, რომ კრიზისი წარსულს ჩაბარდა და უფრო აქტუალურმა მოვლენებმა საერთაშორისო ურთიერთობების პერიფერიებზე გადასწია? თუ როგორც დამაიმედებელი გამოხატულება იმისა, რომ კრიზისი დაძლეულია, ყველა წამყვანმა საერთაშორისო მოთამაშემ შესაბამისი დასკვნები გააკეთა და “ქვების შეგროვების”, ურთიერთობების ახლებურად წარმართვის დრო დადგა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და ევროკავშირს, აგრეთვე, რუსეთსა და გერმანიას შორის?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შტაინმაიერმა აშშ-ს მოუწოდა მიიღოს დიმიტრი მედვედევის წინადადება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განახლების შესახებ. ცნობილია, რომ შტაინმაიერმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა გერმანიის კანცლერის პოსტზე. სავსებით შესაძლებელია, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტთან მუშაობა, არა როგორც მინისტრის, არამედ, სახელმწიფოს მეთაურის რანგში მოუწიოს. გერმანია ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთი მთავარი მოკავშირეა ევროპაში, ამიტომ, შტაინმაიერმა გადაწყვიტა გააცნოს ბარაკ ობამას მისი შეხედულებები სამომავლო პოლიტიკაზე. როგორც ტექსტიდან ჩანს, ეს არის რაციონალური და რეალისტური წარმოდგენები, რომლებშიც ასევე აისახება გერმანულ-რუსული ურთიერთობების მეგობრული ხასიათი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს მიიღოს მედვედევის წინადადება ევროპის უსაფრთხოების სისტემის განახლების შესახებ, ასევე აღნიშნავს “ნატო”-ს ახალი ორიენტაციის აუცილებლობას.

ვინაიდან გერმანია ენერგეტიკულ სფეროში მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთიდან მოწოდებულ ენერგორესურსებზე, დევიზი “ტექნოლოგია ენერგომატარებლების სანაცვლოდ და სტრატეგიული თანამშრომლობა” არცთუ უიმედოდ ჟღერს, ასევე რუსეთი ფრიად დაინტერესებულია გერმანული ინვესტიციებით. გერმანიის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის მრავლისმომცველი შიდა ბაზარი. აქედან გამომდინარე, ამ ორი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის არსებობს ოპტიმიზმის რეალური საფუძველი. და ეს ოპტიმიზმი დაფუძვნებულია არა მოკლევადიან კონიუქტურაზე, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობების გრძელვადიან თანხვედრაზე.

შესაბამისად, გერმანია მზადაა აქტიურად დაუჭიროს მხარი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მანამდე კი, ეკონომიკურ სფეროში პარტნიორულ ურთიერთობებზე სრულფასოვანი შეთანხმება ნაკლებად შესაძლებელია. ასევე, მომსახურეობის საერთო ბაზრის შექმნისა და მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის, აუცილებელია ადმინისტრაციული ბარიერების დაწევა, გარანტიები ინვესტიციებისათვის, აქტივების გაცვლის პროცედურების გამარტივება, სამართლებრივი უზრუნველყოფა საწარმოო ქსელების შექმნისათვის, ასევე. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე და ა. შ.

ქ-ნ მერკელის მიერ 19 მარტს გამოთქმული ეჭვები ამერიკის შეერთებულ შტატებთან “ტრანსატლანტიკური კონფლიქტის” საშიშროების შესახებ (ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამის მასშტაბების თაობაზე) აშკარად ეხმიანება რუსეთისა და გერმანიის დაახლოვებას. მაშინ კანცლერმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ “დიდი ოცეული” უნდა გახდეს “დადებითი ფსიქოლოგიური სიგნალი და არა ბრძოლის არენა ეკონომიკის სტიმულირებისთვის განუხორციელებელი გეგმების ირგვლივ”.

2009 წლის 31 მარტს ლონდონში მიმავალი მედვედევი მოკლევადიანი ვიზიტით ბერლინში შეჩერდა. აქ “დიდი ოცეულის” შეკრებისა და “ნატო”-ს საიუბილეო საგაზაფხულო სესიის წინ რუსი სტუმარი ქ-მა ანგელა მერკელმა მიიღო. მათი დისკუსია ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული. მერკელმა და მედვედევმა კიდევ ერთხელ განაცხადეს მათი პოზიციების სიახლოვის შესახებ “ოცეულის” ლონდონის სამიტის წინ. ასევე არსებითად იდენტური იყო გერმანიისა და რუსეთის მოსაზრებები საერთაშორისო ფინანსური სისტემის მოდერნიზაციის საკითხზე: “ჩვენ ნამდვილად ძალიან მსგავსი აღქმები გვაქვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორი პოზიციები უნდა დავიცვათ ამ შეხვედრაზე. ”ოცეულის” ფორმატმა დასაბამი უნდა მისცეს დიდ საქმეს - ახალი ფინანსური არქიტექტურის შექმნას” - განაცხადა მედვედევმა პრესკონფერენციაზე კანცლერთან წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ. მერკელმა კი გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი მსოფლიო “არქიტექტურის” ფარგლებში საჭიროა გამკაცრდეს ფინანსური პროდუქტების, ბაზრებისა და სერვისების რეგულირება და აღნიშნა, რომ ორივე ლიდერი ლონდონში “დაახლოვებული პოზიციებით და მოლოდინებით” გაემგზავრება.

გერმანული ეკონომიკის აღმოსავლურ კომიტეტში «Времена новостей»-ს კორესპონდენტს შეატყობინეს, რომ დაგეგმილია ასევე პრეზიდენტ მედვედევის შეხვედრა გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან., რომელშიც ქ-ნი ანგელა მერკელიც მიიღებს მონაწილეობას. შეხვადრაზე მიიწვიეს ენერგეტიკული სფეროს, საავტომობილო და ფოლადჩამომსხმელი მრეწველობის მენეჯერები. მედვედევი შეხვდა გერმანული ბიზნესის ლიდერებს, მათ შორის “ E.ON AG”-ის და “Siemens AG”-ის თავმჯდომარეებს, ვულფ ბერნოტატს და პეტერ ლეშერს. ლონდონში ასევე შედგა მისი მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის პრემიერმინისტრებთან - გორდონ ბრაუნთან და კევინ რადდთან, ჩინეთის პრეზიდენტთან - ჰუ ძინტაოსთან.

“დიდი ოცეულის” სამიტმა გარკვეულობა შეიტანა მიმდინარე მსოფლიო კრიზისის დაძლევის სტრატეგიაში. სტრატეგია ფრიად მარტივია: ფედერალური სარეზერვო სისტემის “ბეჭდვითი დაზგა”, იაფი კრედიტები საბანკო სისტემისათვის, ამას დამატებული, ფინანსური სახსრების ამოქაჩვა “გაზულუქებული” ქვეყნებისაგან, იმ დროს, როცა სხვებმა აქტიურად გამოლიეს საკუთარი რესურსები, თანაც ვალის სახით. და შედეგი - კრიზისის ტრანსფერი აშშ-დან მის საზღვრებს გარეთ.

გერმანული გაზეთის "Handelsblatt"-ის მონაცემებით, რუსეთი და გერმანია განიხილავენ ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყების შესაძლებლობას, ნომინირებულს ევროში. ახლა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ვაჭრობა დოლარებში წარმოებს. ნავთობით ვაჭრობის გადაყვანა დოლარიდან ევროზე აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია რუსეთის ფედერაციის ერთერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოში. როგორც გაზეთი აღნიშნავს, რუსეთის “დუმა” უახლოეს მომავალში მიავლენს თავის წარმომადგენლებს გერმანულ მხარესთან ზემოხსენებულ საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად - ამ ორი ქვეყნის საფონდო ბირჟების თანამშრომლობის გაძლიერების კონტექსტით. Oეს იდეა ასევე დაკავშირებულია გერმანიის მცდელობასთან შეამციროს მისი დამოკიდებულება OPEC-ის ქვეყნებისაგან ნავთობის მიწოდებაზე.

აღსანიშნავია, რომ, თუ ადრე ახალი საბირჟო ინსტრუმენტისათვის სავაჭრო მოედნად სახელდებოდა ჰანოვერის ბირჟა, სავარაუდოდ, მალე ამ ფუნქციას ალბათ “European Energy Exchange” ლეიფციგში და “Eurex” ფრანკფურტში შეასრულებენ. ახლა კი ძირითად სავაჭრო მოედნებად მიიჩნევა ლონდონის “IPE “ და ნიუ-იორკის “NYMEX“. გერმანული ბანკებიც დაინტერესებულნი არიან ნავთობის ფიუჩერსების გამოყენებით, მაგრამ არა მიწოდების, არამედ რისკების მართვის სფეროში. განსაკუთრებით, ბანკებში კაპიტალის საკმარისობაზე ბაზელის კომიტეტის მხრიდან საბანკო მეთვალყურეობის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ფინანსურმა მრჩეველმა, კრისტოფერ შმიდტმა აღნიშნა: “არ შეიძლება ხანძრის ჩაქრობა ბენზინით, არსებული კრიზისი წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში კომპანიებსა და მომხმარებლებზე იაფი კრედიტების ჩამორიგებით. ახლა კი ეს კრედიტები საერთოდ გაუფასურებულია”. შმიდტის აზრით, ამის შედეგად უკვე 2015 წლისთვის უკვე ისეთ კრიზისს მივიღებთ, რომელთან შედარებითაც არსებული კრიზისი ზომიერად მოგვეჩვენება (the Financial Times). ნიშნავს თუ არა ლონდონის სამიტის გადაწყვეტილებები, რომ ამერიკა ამ კრიზისიდან გამოვა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ხარჯზე და განვლილი “ოცეულის” სამიტები - ესაა მიმდინარე მსოფლიო კრიზისზე პასუხისმგებლობის გადანაწილება ქვეყნების უფრო ფართო წრეზე? დავეთანხმოთ ამ პოზიციას?........ მაგრამ ის, რომ რუსეთსა და გერმანიას, ისევე როგორც დიმიტრი მედვედევსა და ანგელა მერკელს “ერთმანეთის პროტონებისა და ნეიტრონების დონეზეც კი ესმით” აშკარად თვალშისაცემია…